2014 წლის 17 ოქტომბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სამჯერ გაისროლეს. ყოფილმა ქმარმა 33 წლის ლექტორს სტუდენტების თვალწინ ორჯერ ესროლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
დაჭრილი მაკა წივწივაძე ექიმებმა ვერ გადაარჩინეს.
სტუდენტი ქეთევან ფხალაძე ხედავდა როგორ ეძებდა მაკა წივწივაძეს ყოფილი მეუღლე ნახევარი საათი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა: "მაკა წივწივაძემ რუსთავის პოლიციას 22 სექტემბერს მიმართა და განაცხადა, რომ ქმარი მასზე ფიზიკურად ძალადობდა. ქმარმა მაშინ ბოდიში მოიხადა და პირობა დადო, რომ მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდებოდა. ოთხი დღის შემდეგ მაკა წივწივაძემ კვლავ მიმართა პოლიციას, ამჯერად დიდუბე-ჩუღურეთის განყოფილებას, მიზეზი კი მუქარის წერილები იყო, რომელსაც მეუღლე უგზავნიდა. 29 სექტემბერს პოლიციაში დაიბარეს ლაშა მაღრაძე, გააფრთხილეს რომ მის მიმართ გატარდებოდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები“.
2014 წლის 25 ივლისს, 19 წლის სალომე ჯორბენაძე ყოფილმა მეუღლემ ზესტაფონის პარკში, აღმაშენებლის ქუჩაზე მოკლა.
ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა, 25 წლის სერგი საცერაძემ ყოფილი მეუღლის მკვლელობისთვის სამსახურეობრივი იარაღი გამოიყენა.
„მე ვიმსახურებ სასჯელს, მაგრამ - სამართლიანს,“ -- აღნიშნა საცერაძემ
„პოლიციელის სტატუსმა და მედიის მხრიდან ქალთა მიმართ ძალადობის აქტიურმა გაშუქებამ დაამძიმა ჩემი სასჯელი. მე არასდროს მიმიყენებია ჩემი მეუღლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა. ეს არ იყო წინასწარ განზრახული მკვლელობა და მე ის მიყვარს დღემდე.“
2012 წლის 29 ივლისს მოსკოვის პროსპექტზე მდებარე პარკში გამვლელმა ქალმა ტელეფონის ზარის ხმა გაიგონა. მობილურს დიდხანს არავინ პასუხობდა. დაეჭვებულმა ქალმა პარკის სიღრმეში გარდაცვლილი ქალის სხეული იპოვა. ჟუჟუნა ინაშვილი 28 წლის იყო, როდესაც ის საკუთარმა ყოფილმა ქმარმა, 33 წლის ლაშა მიფჩუანმა მოკლა.
მკვლელობამდე მან ყოფილ ცოლს სცემა და შემდეგ ქვის დარტყმით მოკლა.
„მიყვარდა და იმიტომ მოვკალი“ - უთხრა მიფჩუანმა სასამართლოს.
მსხვერპლის დედა, თამარ ინაშვილი ამბობს, რომ ჩხუბი, ყვირილი და ცემა მისი შვილის ოჯახში იშვიათი არ იყო. ზოგჯერ ჟუჟუნას მთვრალ ქმართან გამკლავებაში მეზობლებიც კი ეხმარებოდნენ. 10-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, საბოლოოდ, ჟუჟუნამ განქორწინება გადაწყვიტა. მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო იძულებული გახდა ორი მცირეწლოვანი ქალიშვილი დედამთილთან დაეტოვებინა.
პოლიციის სამმართველოს ინსპექტორი მაია ჯავახიშვილი, სანადირო თოფით მოკლეს.
მას 19 წლის სანდრო მეტრეველმა ესროლა. შემთხვევა თელავში 2015 წლის 30 დეკემბერს მოხდა.
პოლიციის კაპიტანი სასიკვდილო ჭრილობით საავდმყოფოში მიყვანის თანავე გარდაიცვალა სანადირო თოფი (მვკვლელობის იარაღი) 19 წლსი ბიჭის ოჯახში ინახებოდა.