ფემიციდი

„მამა, ჩემი შვილების გულისთვის მზად ვარ, მოვკვდე“

ულკარ ნათიქიზი

2016 წლის 30 ოქტომბერს, სოფელ ქაბალაში, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოდან ოთხსაათიან სამანქანო გზაზე მდებარეობს, საბინა ვერდიიევა საკუთარ სახლში მოკლეს.

მკვლელობიდან რამდენიმე საათში საბინას მეუღლე, ხაიალ ვერდიიევი ეჭვმიტანილის სტატუსით დააკავეს. საბინას მეზობლებისა და ნათესავების მტკიცებით, მოკლულ ქალს თავის უბანში, ქაბალას ამ პატარა ქურთულ დასახლებაში, ყველა იცნობდა, როგორც სერიოზულ, ჩუმ და მშვიდ ადამიანს.

„19 წლის იყო საბინა, როცა გადაწყვიტა, რომ დაოჯახების დრო დადგა, – ამბობს საბინას დედა სევდა ჯაბაროვა, – სოფელში ასეა, 18 წელს რომ ქალი გადააბიჯებს, უნდა გათხოვდეს. თუმცა, ჩემს ქალიშვილს სიყვარული არ აინტერესებდა. საბინა სულ იმეორებდა, რომ ისეთი ქმარი სურდა, რომელიც მასზე და მის მომავალ შვილებზე იზრუნებდა“.ხაიალ ვერდიევისა და საბინა ვერდიევას ქორწილი. 2010 წელი.

ჯაბაროვას თქმით, ისინი ენათესავებიან ოჯახს, რომლებიც იმ პერიოდში ესტუმრნენ და ვაჟისთვის საბინას ხელი სთხოვეს დედ–მამას. დედა იმასაც დასძენს, რომ ამ ოჯახს იცნობდნენ, მაგრამ არც იმდენად კარგად.

ოთხწლიანი ქორწინების შემდეგ, ერთ დღესაც, საბინა დედასთან მივიდა და გაუმხილა, რომ ქმარი მას ცოლ–ქმრობის პირველივე დღეებიდან სცემდა.

საბინას მამის, მაზაჰირ ჯაბაროვის თქმით, მის ქალიშვილს ცალკე სახლში გადასვლა სურდა. მისი თქმით, საბინა სულ უმეორებდა მამას, რომ თავის ქმართან ბედნიერად იცხოვრებდა, რომ არა საკუთარი დედა და მამა, რომლებიც ყველაფერში ერეოდნენ. „არადა, ჩვენს ქალიშვილს ხშირად ვერ ვხედავდით. თუმცა, როცა ვხვდებოდით, საბინა ბევრს არაფერს გვეუბნებოდა. მერე კი, როცა საბინამ გოგონა გააჩინა, ოჯახში ძალიან ცუდად დაუწყეს მოპყრობა – ათვალწუნების მიზეზი ის იყო, რომ ბიჭი არ ეყოლა. ვფიქრობ, რომ ჩემს გოგონას ადამიანივით საერთოდ არ ექცეოდნენ“.

საბინა ვერდიევას დედა სევდა ჯაბაროვამოგვიანებით საბინამ მეორე ბავშვიც გააჩინა და მშობიარობის დროს წარმოქმნილი ინფექციის გამო კინაღამ გარდაიცვალა. პრობლემები სახლში კიდევ უფრო თვალნათელი გახდა.

ჯაბაროვის თქმით, ქმრის ოჯახში საბინას სცემდნენ და სახლში ცხოვრებასაც კი უკრძალავდნენ, ამიტომ საბინა იძულებული იყო ძროხებისა და ცხვრების სადგომში გაეთია ღამეები.

მამის თქმით, საბინას ავადმყოფობაც უფრო გამწვავდა. ქალს მაღალი, 40 გრადუსამდე სიცხეები აწუხებდა. „ექიმებთან წაიყვანეს, მაგრამ უკეთესობა არ ემჩნეოდა, გადავწყვიტე, ჩავრეულიყავი. გავბრაზდი და ჩემი გოგო სხვა ექიმთან წავიყვანე. ფული სულ არ მქონდა, ამიტომ ბანკიდან 1000 მანეთი (დაახლოებით 595 აშშ დოლარი) ვისესხე. „სამი თვის განმავლობაში მე ვუვლიდი საბინას. მთელი ეს დრო ბავშვების ნახვის უფლება არ ჰქონდა, ქმრის ოჯახი ამის უფლებას არ აძლევდა. საბინა ამას საშინლად განიცდიდა. სულ იმეორებდა, რომ შვილების გარეშე ცხოვრება არ შეუძლია.

ერთხელაც ვუთხარი: შვილო, არც გაკითხავენ და არც გაბრუნებენ უკან, არც ბავშვების ნახვის უფლებას გაძლევენ. შენი ბედი საერთოდ არ აღელვებთ, რატომ გინდა, მაინც უკან დაბრუნდე? საბინამ პირდაპირ მიპასუხა: ბავშვების ნახვა მინდა, მამა. ვიცი, ეგ ყველაფერი, მაგრამ თუ მოვკვდები, ჩემი შვილების გულისთვის მოვკვდები კიდეც.

ერთ დღეს, სამსახურიდან რომ დავბრუნდი, საბინა წასული დამხვდა“. „იანვრის ერთ ღამეს, გარედან გაურკვეველი ხმები შემომესმა, – იხსენებს საბინას მამა, – გავედი გარეთ და დავინახე, რომ ჩემი სახლის წინ ბაღში გოგონა იწვა. მისკენ დავინახე, სახეს დავაკვირდი და უცებ ვიცანი, რომ ჩემი საბინა იყო. სახე სულ სისხლიანი ჰქონდა, ცხვირი გატეხილი. ექიმები გამოვიძახეთ და მოვიდნენ. მათ პოლიცია გამოიძახეს და როცა პოლიციამ ჰკითხა საბინას, თუ ვინ გააკეთა ეს ყველაფერი, საბინამ უპასუხა: „დავეცი“. ამ ამბიდან ათი თვის თავზე, საბინა მოკლეს.

როგორც საბინას დეიდა, მეთანეთ მურადოვა იხსენებს, 30 ოქტომბრის საღამოს, მეზობლებმა უთხრეს, რომ საბინა დილის შვიდ საათზე მოკლეს, თუმცა, მშობლებმა ამის შესახებ მხოლოდ 11 საათზე გაიგეს. „უამრავი პოლიციელი შეიკრიბა საავადმყოფოს წინ, – ამბობს მურადოვა, – ჩემმა ქმარმა ხაიალის ძმა და ბიძაშვილიც დაინახა საავადმყოფოს ეზოში, დაუყვირა მათ, მაგრამ ხაიალის ნათესავები გაექცნენ, გაერიდნენ“.

სოფელი, სადაც საბინა ვერდიევა ცხოვრობდაჯაბაროვი თავისი ქალიშვილის მკვლელობის დღეს ასე აღწერს:

„მინდორში ვიყავი, ცხვრებს ვყარაულობდი, უცებ ჩემი ერთი ნათესავი მოვიდა და მითხრა, რომ დაუყოვნებლივ სახლში უნდა წავსულიყავი. სასწრაფოდ წავედი კიდეც, მაგრამ გზაში ვამჩნევდი, რომ ყველა უცნაურად მიყურებდა. მივედი თუ არა, ჩემმა ცოლმა კივილი ატეხა: „მაზაჰირ, საბინა მოკლეს, ჩვენი შვილი ცემით მოკლეს!“ საბინას დეიდამ ექიმებს უთხრა, რომ მშობლების თანხმობა დასჭირდებოდათ გვამის ექსპერტიზაზე. საბინას ბიძამ სარდარ ჯაბაროვმა ექსპერტიზის ოთახში შესვლაც სცადა, სამედიცინო ექსპერტ აიდინ ხასმამადოვთან დასალაპარაკებლად, მაგრამ არ შეუშვეს. აზერბაიჯანული კანონის მიხედვით „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“, გვამის გაკვეთას ექიმები გარდაცვლილის სიკვდილის მიზეზის დასადგენად და დაავადებათა დიაგნოსტირებისთვის იყენებენ. ეს სტანდარტული საგამოძიებო პროცესია და მის ჩასატარებლად ოჯახის ნებართვა ოფიციალურად საჭირო არ არის.

საბინას ბიძა ჩვენთან საუბარში ასეთ კითხვას სვამს: თუ ხაიალს საბინა არ უყვარდა, რატომ არ დააბრუნა მშობლების სახლში, ასე არ ჯობდა მის მოკვლას? საბინას ოჯახის მტკიცებით, ქალი ფეხმძიმედ იყო, როცა მოკლეს.

ამის შესახებ მისმა მულებმაც იცოდნენ. ოჯახის გადმოცემით, ორმა სამედიცინო ტესტმაც დაადასტურა საბინას ფეხმძიმობა. დედის გადმოცემით, საბინა სიცოცხლის ბოლო თვეს, თავის ქმართან ერთად მშობლების სახლში ხშირად მიდიოდა.

ცხვარს გავყიდი და საბინას აბორტისთვის საჭირო ფულს მივცემო, ეუბნებოდა სიდედრ–სიმამრს სიძე. „ხშირად ჩვენთან არ მოდიოდნენ, მაგრამ ბოლოს როცა მოვიდნენ, ხაიალმა მითხრა, რომ საბინა ფეხმძიმედ იყო, არადა, სამი შვილი უკვე ჰყავდათ და რომ კიდევ ერთი აღარაფერში სჭირდებოდათ. ამიტომაც აპირებდა ცხვრის გაყიდვას და საბინასთვის ფულის მიცემას აბორტის გასაკეთებლად“.

მიუხედავად ამისა, სამედიცინო ექსპერტმა განაცხადა, რომ საბინა ფეხმძიმედ არ იყო.

საბინა ვერდიევას მამა მაზაჰირ ჯაბაროვი„როცა ჩემმა ცოლმა ეს გაიგო, კივილი ატეხა: ჩემს შვილს აბორტი გაუკეთეს! ბავშვი წაგლიჯეს! – იხსენებს საბინას მამა, – ეს ყველაფერი აბორტის ფულის გამო მოხდა. საბინას ფული სჭირდებოდა აბორტისთვის, მაგრამ ქმრის ოჯახს ამ ფულის მიცემა არ სურდა. ამიტომ მოკლეს ჩემი გოგონა“.

სამედიცინო ექსპერტმა ხასმამადოვმა მოკლულის ოჯახს სიკვდილის დამადასტურებელი დოკუმენტი გადასცა, თუმცა ამ დოკუმენტში „სიკვდილის მიზეზი“ არ განუმარტია.

საბინას მამის თქმით, ეს სერტიფიკატიც მის ოჯახს შვილის გარდაცვალებიდან მხოლოდ 40 დღის შემდეგ მისცეს.

„სიკვდილის ცნობის რეგულაციის შესახებ“ აზერბაიჯანული კანონის 4.9 მუხლის მიხედვით, როგორც იურიდიულ, ისე სამედიცინო დოკუმენტებში მითითებული უნდა იყოს გარდაცვალების მიზეზი, ზუსტი დრო, თარიღი და ლოკაცია.

„როცა ჩემი გარდაცვლილი ქალიშვილი ვნახე, მის გარეგნობაში რაღაც ძალიან მეუცნაურა, – იხსენებს საბინას მამა, – შეხედავდი და ვერაფრით იტყოდი, რომ ქმარმა მოკლა. როგორ შეიძლებოდა ასეთი სიმშვიდე ჰქონოდა სახეზე მოკლულ ქალს? მტკიცებულებები საერთოდ არ მაქვს. თქვეს მხოლოდ ის, რომ ხაიალი ემუქრებოდა. არ მჯერა ამის, არ ჰგავს ეს მკვლელობა გაგუდვას. როცა საბინას სხეული დავათვალიერე, ჭრილობები შევნიშნე კისერზეც, ზურგზეც და მთელ ტანზეც. სამედიცინო ექსპერტმა მითხრა, რომ ეს იარები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ანალიზისისთვის სისხლის სინჯები აიღო სხეულიდან“.

მეჩეთში საბინას დეიდამ განბანა მოკლულის სხეული.

მისი თქმით, საბინას ისეთი ჭრილობები ეტყობოდა ზურგზე, თითქოს, ვიღაცამ ნიჩბით სცემა.

„ამოვიცანი ის გაჭრილი ადგილები, რაც სამედიცინო ექსპერტმა გააკეთა. გაჭრილები ჰქონდა ზურგზე, მუცელზე, კისერზე. როცა ამოვაბრუნე, საბინასთვის კისერი რომ მომებანა, სისხლი წამოუვიდა, თან იმდენი, რომ ვერ შევუჩერეთ. სამედიცინო ექსპერტმა დოლბანდები დაადო ამ ჭრილობებზე, მაგრამ თუ კისერზეც მანვე გაჭრა, რატომ არ დაადო დოლბანდები იქაც?“.

საბინას 6 წლის გოგონას ჰკითხეს, დაინახა თუ არა მან, რაც დედას შეემთხვა. „თვალები დავხუჭე“, – თქვა ბავშვმა. „ჩვენს შვილიშვილებს ვერ ვხედავთ, – ამბობს საბინას მამა, – (მისი ქმრის ოჯახი) გვიმალავს ბავშვებს. არადა, ბავშვები ცუდ პირობებში ცხოვრობენ, ვიცი. თუმცა რაღაც ორგანიზაციების წარმომადგენლები მირეკავენ და მეუბნებიან, რომ არ უნდა ვიდარდო, რადგან ჩემს შვილიშვილებს ისინი ნახულობენ და ბავშვები კარგად არიან. როგორ შეიძლება, რომ კარგად იყვნენ? მამამ დედა მოუკლათ და როგორ? ბავშვები ფსიქოლოგთან არიან წასაყვანები“.

მსხვერპლის ოჯახი ამბობს, რომ ბავშვების საკითხის შესახებ შეხვდნენ გაბალას სოციო–პოლიტიკური და ჰუმანიტარული საკითხების კურატორს, ოსმანოვა ატაიას, რომელმაც მათ უთხრა, რომ ბავშვები მეორე ბებია–ბაბუასთან რჩებიან იმ მიზეზით, რომ იმ ოჯახს მეტი შესაძლებლობა და ფინანსები აქვს.

საბინას მამის თქმით, მისი შვილის მეუღლე ბაქოში, მასტაგას რაიონში მდებარე რესპუბლიკის #1 ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სახლი, სადაც საბინა ვერდიევა გათხოვებამდე ცხოვრობდაადამიანის უფლებათა დამცველი იურისტი, სამედ რაჰიმოვი, რომელიც ოჯახს ეხმარება, ამბობს, რომ თავდამსხმელს ამ გზით სასჯელისგან განარიდებენ. თუ დაუმტკიცებენ, რომ მკვლელობის ჩადენის მომენტში არ იცოდა, რას აკეთებდა, რადგან შეურაცხადი იყო, შესაძლოა, ციხეში არც წავიდეს.

„ორი პრობლემა იჩენს თავს, – ამბობს იურისტი, – პირველი, თუ თავდამსხმელმა არ იცოდა, რას აკეთებდა მკვლელობის ჩადენის მომენტში, მაშინ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში უნდა დარჩეს გამოჯანმრთელებამდე. განკურნების შემდეგ სასამართლო მას სასჯელს არ გამოუტანს. თუმცა, თუ თავდამსხმელი ვერ ხვდება თავის საქციელს ქალის მოკვლის შემდეგ, უნდა წავიდეს ფსიქიატრიულ კლინიკაში და განიკურნოს, მაგრამ განკურნების შემდეგ, სასამართლომ უნდა დასაჯოს ის. თუ ამ გზას სასამართლოსგან განრიდებისთვის გამოიყენებენ, ამით ყველას ცუდ მაგალითს მისცემენ. ხალხი იფიქრებს, რომ შეუძლიათ მოკლან ვიღაც, შემდეგ გადაუხადონ ფული ვინმე გავლენიანს და სასჯელი თავიდან აირიდონ. შეიძლება ეს ყოველივე მსხვილ კორუფციულ ინციდენტადაც იქცეს. შეიძლება თავად პროკურორიც მოისყიდონ სასჯელის ასარიდებლად“.

თუმცა, რესპუბლიკის #1 ფსიქიატრიული საავადმყოფოს მთავარმა ექიმა აგაჰესენ რესულოვმა ოფიციალურ პასუხში, რომელიც წერილობით გამოგვიგზავნა, აღნიშნა, რომ ხაიალ ვერდიიევი მათ კლინიკაში პაციენტად გაფორმებული არ არის.

ახლა ამ შემთხვევას აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტრო იკვლევს. „ხაიალი მსუბუქი სასჯელით ვერ უნდა გავიდეს ფონს, – ამბობს მსხვერპლის მამა, – თუ ასე მოხდება, საბინას თავს დატრიალებული უბედურება შეიძლება კიდევ ბევრჯერ სხვა ქალებზეც განმეორდეს. სხვა ცოლები, სხვა დედები დახოცონ, სხვა ბავშვები დარჩნენ ობლად“.

ოჯახის, ქალებისა და ბავშვების საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის მიხედვით, 2016 წელს ოჯახურ ძალადობას 29 ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. 2015 წელს იმავე მიზეზის გამო 32 ქალი დაიღუპა.