ავტორი: ლიკა ერისთავი
“შენ რომ მე თავი დამანებო, ისე დაგამახინჯებ, ხმით გიცნონ, მაგრამ შემოხედვა ეზარებოდეთ.” -- იური ჩახვაშვილი ასე მიმართავდა თავის მეუღლეს ნათელა (დილარი) ჯიქურაშვილს, 50 წლის წინ, ქორწინებისთანავე.
73 წლის ჩახვაშვილმა სასტიკად მოკლა 68 წლის ჯიქურაშვილი, კახეთის რაიონ სოფელ დარჩეთში, 2014 წლის 18 ოქტომბერს.
მან დაზიანებები ცოლს კისრისა და ყელის არეში მიაყენა.
მსხვერპლის დის, მაული გილიგაშვილის თანახმად, მოკლულს თითები ძვლებამდე ჰქონდა ჩაჭრილი დანით, რადგან თავდაცვას ცდილობდა.
ყელის გამოჭრის შემდეგ მას ჭრილობა დანით გულამდე ჰქონდა მიყენებული.
“მანამდე ძალადობრივი ფაქტები ხდებოდა ხოლმე აქ, მაგრამ მკვლელობა არასოდეს მომხდარა,” -- თქვა ოჯახის მეზობელმა, მაია ქიტოშვილიმა.
“ეს ქალი რომ ვნახე, პროზექტურის შემდეგ, ისე გამიქვავდა გული, რომ ერთი ცრემლიც არ ჩამომვარდნია. ის თეთრი, სველი და შეკერილი იყო”-- იხსენებს მეზობელი.
მსხვერპლის დისა და მეზობლის თანახმად, 5 წლის განმავლობაში ნათელა დიაბეტით იყო დაავადებული, რის გამოც მას თითები ჰქონდა მოკვეთილი და მუხლებში ძალა წართმეული.
ის ორი ჯოხით დადიოდა, დაუძლურებული იყო.
მაული გილიგაშვილის მიხედვით, ნათელას სახლი ჰქონდა ორთაჭალაში, რომელიც მშობლების ფულით შეიძინა.
მას ადგილი ჰქონდა ნაქირავები, სადაც მზესუმზირას, თხილსა და კევებს ყიდდა.
ჯიქურაშვილის დის მიხედვით, მკვლელობის დღეს თბილისიდან დედა და შვილი, 50 წლის რომანოზ ჩახვაშვილი ჩავიდნენ დარჩეთში.
ჩახვაშვილმა ცოლ-შვილს ვაშლის დაკრეფაში დახმარება სთხოვა, მაგრამ სოფელში ჩასულებს ხილი უკვე დაკრეფილი დახვდათ.
ჩახვაშვილი ნასვამ მდგომარეობაში იყო, რის გამოც მათ ჩხუბი დაიწყეს. რომანოზი დეიდის სახლში წავიდა.
დაახლოებით, ერთ საათში, რომანოზს მეზობელმა დაურეკა და უკან დაბრუნება სთხოვა, თუმცა მკვლელობის შესახებ მისთვის არ უცნობებია.
უკანა გზაზე “პოლიციელებმა სახლში შესვლის საშუალება არ მოგვცეს,” -- იხსენებს გილიგაშვილი.
სასამართლო განაჩენის თანახმად, მკვლელობის შემდეგ, ჩახვაშვილმა დანაშაული აღიარა.
მკვლელობის აღსრულების შემდეგ სოფლის მაღაზიასთან გაჰყვიროდა „ჩემს ცოლს ყელი გამოვჭერი, წამოდით, ნახეთ!“
მეზობლებს უთხრა, რომ დაერეკათ პოლიციაში, რის შემდეგაც პოლიციამ ის დააკავა.
მაული გილიგაშვილის თანახმად, ისინი ძალიან გაჭირვებულ ოჯახში გაიზარდნენ, ხოლო ჩახვაშვილი პედაგოგთა ოჯახიდან იყო.
იური ჩახვაშვილი 22 წლის, ხოლო ნათელა ჯიქურაშვილი 18 წლის იყო, როდესაც ისინი დაქორწინდნენ.
მსხვერპლის და ამბობს, რომ ჩახვაშვილმა სასმელის მოხმარება ადრეული ასაკიდანვე დაიწყო. ის მძღოლად მუშაობდა და მაული გილიგაშვილის თქმით, მეუღლეს ხშირად თმებით საწოლზე აბამდა, სანამ გარეთ გავიდოდა.
“ჩემი და ძალიან უთქმელი გოგო იყო და არ ამბობდა ჩვენთან ქმრის მხრიდან ძალადობის შესახებ, ალბათ, დაშინებული იყო,” --ამბობს გარდაცვლილის და და დასძენს, რომ ჩახვაშვილი ბავშვობიდან თავიანთ ვაჟს, რომანოზსაც ემუქრებოდა.
“უყვარდა ადამიანების წვალება და წამება, ”-- ამბობს გილიგაშვილი და იხსენებს შემთხვევას, როდესაც იური ჩახვაშვილმა შვილიშვილს კნუტი გამოსტაცა ხელიდან და მის თვალწინ მოახრჩო.
2015 წლის 25 ივნისს, თელავის რაიონულმა სასამართლომ, მოსამართლე მარინე ცერცვაძის გადაწყვეტილებით, იური ჩავაშვილს 12 წლით თვისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სისხლის სამართლის კოდექსის, 11-108 მუხლით.
სასამართლოს განაჩენის თანახმად, ამ საქმეში შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გამოკვეთილა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის ნათია სონღულაშვილის განცხადებით, მკვლელობისთვის სასჯელი 7-დან 15 წლამდეა.
დამამძიმებელი გარემოებების შემთხვევაში კი სასჯელი შეიძლება 17-20 წელი ან სამუდამო პატიმრობა იყოს.
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, 2014 წელს ოჯახში ძალადობის შედეგად 17 ქალი, მათ შორის ნათელა (დილარი) ჯიქურაშვილი, გარდაიცვალა.