ფემიციდი

მკვლელობიდან თვითმკვლელობამდე

მიხეილ დარასელია

ფოტო:კახეთის საინფორმაციო ცენტრი https://www.youtube.com/watch?v=pNiLYuneEck

ბოდბისხევი, სიღნაღის რაიონი, კახეთი, 2015 წლის 19 მარტი.

27 წლის ლალი ბალიაშვილი, როგორც სოფელში ამბობდნენ, მისმა თაყვანისმცემელმა, 36 წლის გიორგი (გოგიტა) გელაშვილმა მოკლა.

თვითონ გელაშვილი მკვდარი იპოვნეს იმ ადგილიდან ერთ კილომეტრში, სადაც მოკლა ლალი მოკლა.

საბოლოო ექსპერტიზის დასკვნით, ქალს მკვლელმა თოფი თავში სამჯერ ესროლა, შემდეგ კი ტყვია პირდაპირ მარცხენა ლოყაში მოახვედრა.

შემთხვევის ადგილი, სადაც გელაშვილმა ლალის თავში სამჯერ ესროლალალი ბალიაშვილის მოკვლის შემდეგ, გელაშვილი მეგობრის სახლში წავიდა და თავი საჯინიბოში იმავე თოფით მოიკლა.

ბოდბისხევის უფროსი თაობის მცხოვრებლები ამბობენ, რომ თოფის გასროლის ხმა ბავშვებმა გაიგეს, ზოგიერთს ეგონა, მანქანის ბორბალი გასკდაო, როცა მიირბინეს შემთხვევის ადგილას, მოკლული ქალი ნახეს, მკვლელი კი ვეღარსად შენიშნეს.

„საშნელი ხმა იყო, ბოსტანში ვმუშაობდი, როცა დავინახე მეზობლები მორბოდნენ კივილით, ვიღაცამ ქალი მოკლაო“, - იხსენებს პაპუნა სოლოღაშვილი.

ლალი ბალიაშვილი და გიორგი გელაშვილი ერთად მუშაობდნენ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სამხედრო ჩაწერისა და რეკრუტირების სერვის-ცენტრში, სპეციალისტის პოსტზე.

ლალი ბალიაშვილილალიმ ამ სამუშაო ადგილზე შვიდი წელი გაატარა.

კოლეგების გადმოცემით, ის საყვარელი, სანდო და გულწრფელი ადამიანი იყო.

გიორგი სამსახურიდან მკვლელობამდე ოთხი თვით ადრე წასულა.

კომისარიატის თანამშრომლები მასაც აღწერენ, როგორც მშვიდობიან, წყნარ ადამიანს, რომელზეც ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ღვარძლიანი, ანდა ბოროტმოქმედია.

გიორგი მარტო ცხოვრობდა, ჰყავს ძმა, რომელიც თავის ცოლთან და შვილებთან ერთად ცალკე ცხოვრობს.

ლალის დედა იხსენებს, რომ გელაშვილი ლალის მოსვენებას არ აძლევდა და გამუდმებით ცოლობას თხოვდა. ლალის ოჯახი ძალიან დარდობდა შვილზე და სწორედ ამიტომ დედამ, მაია ჯანყარაშვილმა სიღნაღის დეპუტატს - გელა გელაშვილს მიმართა (დეპუტატი გელაშვილი გარდაცვლილ გელაშვილს არაფრით ენათესავება).

ლალი ბალიაშვილის დედის თქმით, გელაშვილი კომისარიატის კედლებზე ლალის შესახებ შეურაცხმყოფელ ტექსტებს წერდა, ეხებოდა მის რეპუტაციას, ხმას უვრცელებდა, რომ ლალი მეძავია.

კომისარიატის კედელი, სადაც გელაშვილი ლალის შეურაცხმყოფელ ტექსტებს ტოვებდა

ლალი სიღნაღში ცხოვრობდა, მაგრამ მანქანის მართვის გაკვეთილებზე სოფელ ბოდბისხევში დადიოდა, რაც მისი სახლიდან არც თუ ძალიან შორია.

იმ დღეს მართვის გაკვეთილზე ტაქსით წავიდა. ლალი ორი წლით ადრე ქმარს გაეყარა. განქორწინება ოფიციალურად აგვისტოში გაფორმდა, რის შემდეგაც ყოფილი ქმარი იძულებული გახდა ბავშვის საჭიროებებისთვის თანხა გადაეხადა.

მათი გოგონა 3 წლისაა. ფხოველიშვილი სიღნაღის პოლიციის ყოფილი თანამშრომელია. ბალიაშვილის ნათესავების თქმით, ყოფილი ქმარი - ვასილ ფხოველიშვილი - ლალის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრეც ემუქრებოდა.

ლალი პოლიციაში წავიდა, მაგრამ მისი საჩივარი არ მიიღეს.

სავარაუდოდ ამის მიზეზი ბესო ფხოველიშვილია - სიღნაღის პოლიციის უფროსის მოადგილე და ლალის ყოფილი მეუღლის - ვასილ ფხოველიშვილის ძმა.

გარდაცვლილი ქალის ნათესავები იმასაც ვარაუდობენ, რომ გელაშვილს თავი არ მოუკლავს, ის მოკლეს.

როგორც ბალიაშვილის ოჯახის წევრები ამბობენ, ყოფილი ქმარი ლალის ბავშვის წართმევით ემუქრებოდა. ამის შესახებ ლალიმ 2014 წელს თქვა ხმამაღლა და სიღნაღის პოლიციაში განცხადება შეიტანა.

ლალის ოჯახის თქმით, პოლიციამ არაფერი არ მოიმოქმედა, რის გამოც ბალიაშვილმა საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გადაიტანა.

ლალი ბალიაშვილის ნათესავები

ლალის ნათესავები იხსენებენ, რომ შემაკავებელი ორდერის მიღების შემდეგ ვასილმა მუქარები შეწყვიტა, მაგრამ მალევე მას შემდეგ, რაც ბალიაშვილმა ყოფილი ქმრის სახლიდან თავისი ნივთების წაღება მოითხოვა, მუქარები განახლდა.

უცნაურია, რომ ლალის ტელეფონის ნომერი ხშირად ხვდებოდა შეხვედრებისა და პაემნებისთვის განკუთვნილ ვებ საიტებზე, რის გამოც მას ხშირად ურეკავდნენ უცნობები, ზოგიერთი მათგანი მუქარით სავსე შეტყობინებასაც უტოვებდა.

ბალიაშვილის ნათესავები ამბობენ, რომ ვებსაიტზე მისი ტელეფონის ნომერი ვიღაცამ დადო, აღწერაში კი ეწერა: „ახალგაზრდა ქალი ურთიერთობის მიზნით გაიცნობს მამაკაცს“.

„მახსოვს, ლალი საშინლად ბრაზდებოდა, როცა უცხო კაცი დაურეკავდა და ურთიერთობას შესთავაზებდა“, - იხსენებს ხათუნა ბეჟაშვილი.

ლალი ერთხელაც წავიდა პოლიციაში და საჩივარი შეიტანა, მაგრამ შედეგი არც ამ საჩივარს მოჰყოლია.