ავტორი:რუსუდან ტაველიშვილი
2017 წლის 10 აპრილს, თბილისიდან 220 კმ–ში ასპინძის რაიონში 35 წლის მანუჩარ ზაზაძემ თავის 27 წლის მეუღლეს, თეონა ბერიძეს, დანა 15–ჯერ ჩაარტყა მუცლის არეში.
ქალი ადგილზევე გარდაიცვალა.
მკვლელობა ღამის 1 საათზე მოხდა.
მათ ორ შვილს – 8 და 5 წლის ბიჭებს ამ დროს ეძინათ.
მკვლელობის მთავარი მოწმე მსხვერპლის და, თეა ბერიძე არის.
თეონას თავისი დისთვის მანამდე უთქვამს: „ამაღამ ჩემი ქმარი შინ არ იქნება, მარტო დარჩენის მეშინია და ღამე ჩემთან გაათენე.“
ზაზაძე ბორჯომიდან შუაღამისას მაინც დაბრუნდა. მთვრალი იყო. ცოლს უთხრა, „წამოდი სამზარეულოში, ლუდი დავლიოთ“.
თეონა გაჰყვა, მან კი კარი ჩაკეტა.
თავიდან ხმადაბალა საუბრობდნენ, მაგრამ მალე ჩხუბის ხმა გამოდიოდა.
თეას დის დახმარება უნდოდა, მაგრამ ვერ შეეძლო.
როდესაც ცოლი მოკლა, ზაზაძემ თეას ფიზიკური დაზიანება მიაყენა, რამდენჯერმე ხელი დაარტყა თავისა და სხეულის არეში და გაიქცა.
“მეზობელთან წავედი სასწრაფო დახმარებისა და პოლიციისთვის რომ დამერეკა, მალე მოვიდნენ, მაგრამ ჩემი და უკვე გარდაცვლილი იყო,“ -- ამბობს თეა.
ზაზაძე სხვა კაცის გამო ეჭვიანობდა.
როდესაც ცოლი მოკლა, ნაჯახს დაავლო ხელი და მის მოსაკლავად წავიდა, მისივე სალხში.
კაცი შინ არ დახვდა და ნაჯახით მისი მამა დაჭრა.
ამ ყველაფრის შემდეგ, როდესაც შინ ბრუნდებოდა, ირგვლივ პოლიცია დაინახა, ჩაბარდა და დანაშაული აღიარა.
საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 11–108 და 117–ე მუხლებით იძიებდნენ (განზრახ მკვლელობა ოჯახური ძალადობის ნიადაგითა და მძიმე დაზიანება).
ზაზაძეს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
„საშნელი კაცი იყო, ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული, – ამბობს მეზობელი მარიამ მექოშვილი, – სულ ეჩხუბებოდა და ხშირად სცემდა ცოლს“.
„თეონას არაფრის შეცვლა არ შეეძლო. მისი ქმარი ყველაზე ეჭვიანობდა, ყოველგვარი ფაქტისა და მიზეზის გარეშე. მისი მეთვალყურეობის გარეშე, ამ ქალს არსად წასვლა არ შეეძლო. როდესაც ბავშვები ბაღში მიჰყავდა, მაშინაც კი აედევნებოდა ცოლს, იმალებოდა და უთვალთვალებდა“.
„ყველანი ვეუბნებოდით თეონას, წამოდი, თავი დაანებე შენს ქმარს“, მაგრამ ხშირად გვიმეორებდა, სადაც არ უნდა წავიდე, მომაგნებს და მომკლავს. ახლა რა ხდება – ამ ორ მცირეწლოვან ბავშვს თავზე დაექცა მთელი ცხორება.“
თეონას შვილები ახლა ისევ ასპინძაში, თეონას დედასთან, მამასთან და დასთან ცხოვრობენ.
„ცოლ–ქმრის კონფლიქტი პირდაპირ ბავშვების თვალწინ მიმდინარეობდა. მთელი ასპინძა მათ გადარჩენას ცდილობდა. დედაჩემიც გვერდში ედგა თეონას, დედამთილიც მუდამ ცდილობდა თეონა შვილისგან დაეხსნა, მაგრამ დედამთილი მალევე გარდაიცვალა. ზოგჯერ წავიდოდა ხოლმე სახლიდან თეონა, მაგრამ ხომ იცით, როგორც ხდება მერე, ქმარი მოდის, გეხვეწება, რომ მეტად ეს აღარ განმეორდება, რომ ბავშვებთან ყოფნა სურს და ასე რიგდებოდნენ ისინიც“ – ამბობს მექოშვილი.
თეონა თავისი შვილის ფეთქებადი ხასიათის შესახებ დედამთილმაც გააფრთხილა. ეს მაშინ მოხდა, როცა დაქორწინებას აპირებდნენ.
თეონა 16 წლის იყო, მისი ქმარი – 24 წლის.
ჯერ კიდევ ახლად შეუღლებულები იყვნენ, როცა ზაზაძემ ოჯახური კონფლიქტები დაიწყო. მას თავად უნდა გადაეწყვიტა, რას ჩაიცვამდა თეონა, რომელ მეგობარს შეხვდებოდა და რომელს არა, როგორ ფოტოებს გადაიღებდა. სამსახურის შოვნასაც უკრძალავდა.
თეონამ იცოდა იმ ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც ქალთა უფლებებს იცავენ, მაგრამ ეშინოდა, რადგან არ იცოდა, ქმარს როგორი რეაქცია ექნებოდა.
თეონას დის თქმით, ზაზაძის მამაც ალკოჰოლდამოკიდებულია. ცოლს ისიც სცემდა.
როდესაც ზაზაძე წამოიზარდა, დედასთან ჩხუბი თვითონაც დაიწყო.
ბერიძის თქმით, ზაზაძის მამამ რამდენჯერმე სცადა ბავშვებთან მიახლოვება, შვილიშვილები კი ცდილობენ მოერიდონ.
ბერიძის თქმით, ზაზაძე ქურდობისთვის, თავდასხმისა და მარიხუანას მოხმარებისთვის ყოფილა დაჭერილი. თუმცა, ამ დანაშაულების გამო მას მხოლოდ ჯარიმას აკისრებდნენ.
ზაზაძემ რამდენჯერმე სცადა ალკოჰოლისთვის თავის დანებება, მაგრამ ამაოდ.
როდესაც ფხიზელი იყო ჩვეულებრივ ადამიანს ჰგავდა, მაგრამ როცა სვამდა, ყველას ემუქრებოდა. შეიძლება გონიც დაეკარგა. ბორჯომში შენობების რეაბილიტაციაზე მუშაობდა. რამდენჯერმე სცადა ძმასთან ერთად გაეყო სამუშაო, მაგრამ იჩხუბეს.
მისი ძმა ბორჯომში ცხოვრობს თავის ოჯახთან ერთად. მათი კიდევ ერთი ძმა საზღვარგარეთაა.
ბერიძე იხსენებს, რომ ზაზაძემ ერთხელ ცოლს უთხრა: „ მალე მოკვდები, იცოდე. წადი, მამაშენს უთხარი, კუბო უკვე მოგიმზადოს. " ბერიძის თქმით, პოლიციაში დარეკეს, მაგრამ არაფერი შეცვლილა. "ზაზაძე მხოლოდ გააფრთხილეს და მეორედ აღარ დაინტერესებულან, თუ როგორ განვითარდა მოვლენები ამ ოჯახში. ბავშვებს მეურვე ახლა თეონას მამაა. ბავშვები შოკიდან დიდხანს ვერ გამოდიოდნენ. სხვა ადამიანებთან ვერ ურთიერთობდნენ და, როცა კი ასეთ სიტუაციაში მოხვდებოდნენ, აგრესიულები ხდებოდნენ’’.
ერთხელ უფროსმა ბიჭმა დეიდას უთხრა: „როცა გავიზრდები, მამას მოვკლავ.“
მათთან მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი ფსიქოლოგი მუშაობს.
„ძალიან მეცოდება ჩემი და და ყველა ის ქალი, რომლებიც ასე უსამართლოდ შეეწირნენ, არავის აქვს სიცოცხლის წართმევის უფლება. მკვლელები მკაცრად უნდა დაისაჯონ, რათა დასრულდეს ქალთა მიმართ ძალადობა“ -- ამბობს თეა.