ფემიციდი

ალკოჰოლისა და ეჭვიანობის ნიადაგზე ქმარმა ცოლი მოკლა

ავტორი: თათია შაიშმელაშვლი

ნელი სონიძე მეუღლესთან ერთად35 წლის ნელი სონიძე მეუღლემ მოკლა. დანა მას ყელში მოხვდა და გადარჩენა შეუძლებელი გახდა. 2016 წლის 13 აპრილს, თბილისში, ვარკეთილის რაიონში, ელდარის ქუჩაზე მდებარე დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში, სანდრო ღვინიაშვილმა მეუღლეს დანა ყელში ჩასცა.

ქალი ადგილზევე გარდაიცვალა. პოლიციამ სანდრო ღვინიაშვილმა დააკავა 108–ე მუხლის შესაბამისად, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ქმარმა დანაშაული აღიარა და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გამოძიების თანახმად, მკვლელობის მოტივი ეჭვიანობა იყო.

42 წლის ღვინიაშვილისთვის ეს პირველი ნასამართლეობა არ არის, ხულიგნობის ბრალდებით, რაც სხვა მამაკაცებთან ხელჩართულ ჩხუბს უკავშირდებოდა, ის სხვა და სხვა დროს სამჯერ იყო ნასამართლევი. სანდრო და ნელი ხუთი წლის ცოლ–ქმარი იყვნენ. მათ სამი წლის გოგონა ჰყავდათ, თუმცა ნელის ასევე ჰყავდა შვილები წინა ორი ქორწინებიდან. მისი უფროსი (15 წლის) და უმცროსი შვილები ბებიასთან ცხოვრობენ, შუათანა (7 წლის) კი მეუღლის ოჯახში იზრდება.

ორივე ოჯახი კახეთიდანაა. თვითონ წყვილი შვიდი წლის განმავლობაში დევნილთა დასახლებაში ცხოვრობდა, რადგან სახლი არ ჰქონდათ და არა იმიტომ, რომ მართლა დევნილები იყვნენ. ნელი დროდადრო სუვენირებს ჰყიდდა, სანდრო კი ინჟინერ–ტექნიკოსად მუშაობდა.

64 წლის მეზობლის, ციცო ღონღაძის გადმოცემით, ცოლ–ქმარი ხშირად ჩხუბობდა, რადგან ნელის სმა უყვარდა: „ამ მიზეზით ქმარი ხშირად ეჩხუბებოდა მას. ქალი ხშირად სვამდა და კაცი ამას ვერ პატიობდა. რაც შეეხება სანდროს, მშრომელი ბიჭი იყო, ნელის დედა ახლა კი ამტკიცებს, სანდრო არ მუშაობდაო, მაგრამ ეგ ტყუილია. საშინელებაა, როცა ცოლს სმა უყვარს. მკვლელობაზე ლაპარაკი ზედმეტია, მაგრამ ცოლი სანდროს ნამდვილად არ უვარგოდა“.

მკვლელობა შუათანა შვილის თვალწინ მოხდა. 76 წლის მეზობელი, ვენერა მილაძე ამბობს, რომ იყვნენ სხვა თვითმხილველებიც, უბრალოდ, პროცესის შეჩერება ვერავინ შეძლო. „ყველაფერი რამდენიმე წუთში მოხდა. არც ერთი არ იყო სასიამოვნო ადამიანი, მაგრამ კაცი ცოლს ვერაფრით აპატიებს, თუ ის მსმენლია. ეგეც რომ არა, ნელი ოჯახის ქალივით არ იქცეოდა. ზოგჯერ მუშაობდა კიდეც და შემოსავალიც ჰქონდა, მაგრამ ოჯახური ცხოვრება არ მოსწონდა. ერთად რამდენიმე წელს იცხოვრეს, მაგრამ ერთმანეთს ვერაფერი გაუგეს, ვერ მიეჩვივნენ, ამიტომაც ყველაფერი ასეთი დანაშაულით დასრულდა“. – ამბობს მელაძე. ~

მსხვერპლის დედა, 62 წლის როზა სანოძე აღიარებს, რომ მისი ქალიშვილი ხშირად სვამდა, მაგრამ ამტკიცებს იმასაც, რომ „სანდრო ფსიქოპატი“ იყო: „თითქმის ყოველდღე ჩხუბობდნენ მწარედ. ჩემი სიძმე სამჯერ იყო ნასამართლევი. ის ნელისთვის მესამე ქმარი იყო. თავიდან ყველაფერი კარგად იყო, თითქოს, კარგი ურთიერთობა ააწყვეს, ჩემი ქალიშვილი კაცივით მუშაობდა, მეტალს აგროვებდა და აბარებდა. თავიდან მეც მათთან ერთად ვცხოვრობდი და ვხედავდი, რომ სულ ჩხუბობდნენ. ერთხელ ჩემმა სიძემ ხელი მე მომტეხა. ყვიროდა და ნელის კიცხავდა, მეგობარზე ეჭვიანობდა. ნელი კი მაინც არ გაყრია მას, არ უნდოდა, ხალხს ამაზე ჭორაობა დაეწყო“.

მსხვერპლის დედა დასძენს, რომ მისი სიძე სულ მოკვლით ემუქრებოდა მის ქალიშვილს და ბოლოს ასეც ქნა. „ჩემი შვილი ხშირად სვამდა და სანდროც, ამის გამო, ეჩხუბებოდა.

"ჩემი გოგო ქალა–ბიჭა იყო. მეზობლის კაცებთან ერთად უყვარდა სმა, ზოგჯერ მარტოც სვამდა ხოლმე, მაგრამ ჭკუიდან არასდროს გადასულა, მეოჯახე ქალი იყო. იმ დღეს სანდრო შეზარხოშებული იყო და ვერ ხვდებოდა, რას გააკეთა. ცოლს ეზოში ელოდებოდა. როცა ნელი დაბრუნდა, არც უყვირია, არც უჩხუბია, უბრალოდ მოკლა. ეს იყო ცოლის წინასწარი განზრახვით მკვლელობა. ჭრილობა ნელიმ ყელში მიიღო, არტერია გადაეხსნა და იქვე გარდაიცვალა“.

ნელის დედა ამტკიცებს, რომ სანდროს ოჯახი თავიანთ შვილს ხელს არ აფარებს: „ჩემი სიძის ნათესავებთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს. მამამისი ამბობს, რომ სანდრო ციხიდან გამოსაშვები კაცი არ არის. როცა გამოვა, დარწმუნებული ვარ, რომ სხვებსაც მოკლავს“.

სონიძის მტკიცებით, სანდროს დედას თავისი შვილის ცოლი არ მოსწონდა და სურდა, გაყრილიყვნენ.

„რადგან ნელის ორი შვილი ჰყავდა ორ სხვა ქმართან, სანდროს დედას არ სურდა, რომ მის შვილს ასეთი ცოლი ჰყოლოდა, ერთად ყოფილიყვნენ. მან ისიც თქვა, რომ უმჯობესია სანდრო ციხეში იჯდეს, ვიდრე ასეთ ქალთან იცხოვროს“.

ბრალდებულის დედა მაია ღვინიაშვილი უარყოფს ამ ფაქტს და ამბობს, რომ რძალთან შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა. მაია ღვინიაშვილი, პირიქით, საკუთარ ვაჟს აკრიტიკებს.

„არავის აქვს უფლება, სხვისი შვილი მოკლას, თუ თავის ცოლს ვერ აიძულა, შეცვლილიყო, უნდა გაყროდა მას. ორი ქმარი გაეყარა ნელის და ჩემმა შვილმა რაღაზე მოკლა? აჯობებდა, გაჰყროდა. თუმცა, ერთმანეთი უყვარდათ. სანდროს უბრალოდ ის უნდოდა, ნელის რომ ნაკლები ესვა. არაფერს ეუბნებოდა, ნელის მხოლოდ სახლში, ან მეგობრებთან ერთად რომ დაელია, მაგრამ ის სვამდა ყოველდღე და სანდროს ამის მიღება არ შეეძლო. ნელის ახლო ურთიერთობა ჰქონდა თავისი ერთ–ერთი მეგობრის ყოფილ ქმართან.

ერთხელაც ნელიმ დაურეკა მას და ერთად დალევა შესთავაზა, კაცმა უთხრა, არაყს გიყიდი, მაგრამ ერთად ვერ დავლევთ, მე არ მცალიაო, მოგვიანებით მაინც შეხვდნენ ერთმანეთს და ნელი მანქანაში ჩაუჯდა. ჩემი ვაჟი საგურამოში მუშაობდა, მაგრამ შინ იმ დღეს ადრიანად დაბრუნდა. ნელის რამდენჯერმე დაურეკა, მაგრამ მან არ უპასუხა. მიხვდა, რომ ნელი სვამდა.

ნელის დედაც და მეც იქვე ვიყავით, სანდროს გვერდით და დავიზაფრე, რადგან ვიცოდი, რომ სანდროს ჯიბეში დანა ედო. ელექტრიკოსია და დანა სულ თან დააქვს, სულ სჭირდება.

ნელი და მისი მეგობარი სახლში ტაქსით დაბრუნდნენ. როცა სანდრომ ტაქსი დაინახა, მანქანისკენ გაიქცა. მე არ დამინახავს, მაგრამ თვითმხილველები ამბობენ, რომ ჯერ სანდრომ ცემა დაუწყო თავის ცოლს, ამ დროს მანქანიდან ნელის მეგობარი გადმოვიდა და სანდროს შეჩერება სცადა, მაგრამ სანდრო კიდევ უფრო გაღიზიანდა და მოკლა ცოლი. შემდეგ მისი მეგობრის მოკვლაც სცადა, მაგრამ მეზობლებმა შეაჩერეს. სანდრო სწორედ მასზე ეჭვიანობდა. სასწრაფო დახმარების და პოლიციის მანქანები უმალ ადგილზე გაჩნდნენ, მაგრამ ნელის გადარჩენის შანსი არ არსებობდა. რაც შეეხება ჩემს შვილს, წინააღმდეგობა არ გაუწევია, თავისით ჩაბარდა პოლიციას“.

სანდროს დედა ფიქრობს, რომ ეს არ იყო წინასწარი განზრახვით შესრულებული მკვლელობა, მას უბრალოდ ცოლის შეშინება სურდა:

„სანდრომ ნელის ძმასაც უთხრა, რომ სურდა, მხოლოდ ყურზე მიეყენებინა ჭრილობა და რომ ცოლი უბრალოდ შემოაკვდა. ნელისთვის მითქვამს კიდეც, რომ მისი საქციელის გამო, სანდრო კვლავაც ციხეში მოხვდებოდა – ჩემი შვილი სამჯერ არის მანამდე ნასამართლევი, ნელისთანაც ყოველდღე ჩხუბობდა, მაგრამ მაინც ვერ წარმოვიდგენდი, ამის გაკეთება თუ შეეძლო. ჩემს შვილს ამ მკვლელობას ვერასდროს ვაპატიებ. ის ახლა უკვე მკვლელია და არ აქვს მნიშვნელობა იმას, ნელი ღალატობდა თუ არა. თუმცა კი დარწმუნებული ვარ, რომ არ უღალატია, გიჟდებოდა სანდროზე, მისი ერთადერთი პრობლემა სმა იყო. ალკოჰოლის გარეშე უბრალოდ არ შეეძლო, ეცხოვრა“.

ბრალდებულის მამის, კაკო ღვინიაშვილის თქმით, მისი შვილის საქციელი ამაზრზენია და რომ მას არავითარი უფლება არ ჰქონდა, ჩაედინა ის, რაც ჩაიდინა:

„ნელი ჩვეულებრივი, მეოჯახე ქალი არ იყო, – ამბობს კაკო ღვინიაშვილი, – ამიტომაც კამათობდნენ ხშირად. სანდრომ ცოლი ხომ მოკლა და რაღაც გაგებით ამ საქციელით თავიც მოიკლა. ჩემი რძალი ძალიან მიყვარდა, სულ ვეუბნებოდი, სახლში დაელია და არა გარეთ, სხვა კაცებთან ერთად, მაგრამ მას ასეთები არ ადარდებდა“.

კაკო ღვინიაშვილის თქმით, ნელიმ იცოდა, რომ მალე მოკვდებოდა და მეზობელს სთხოვა, მის შვილებზე ეზრუნა.

ნელი სონიძე შვილებთან ერთადნელის უფროსი შვილი იხსენებს, რომ ცოლ–ქმარი ყოველდღე ჩხუბობდა და დასძენს, რომ სანდრო დედამისს მოკვლით წინა ღამითაც დაემუქრა: „ყოველ წვრილმანზე ჩხუბობდნენ. არც ერთს არ შეეძლო უკან დახევა. ის სულ უმეორებდა, მოგკლავო და ამბობდა, რომ ამისთვის ექვსი წლით ჩაჯდება. ეს აზრი სანდროს აკვიატებული ჰქონდა. დედაჩემი მასთან განქორწინებაზე სულ ფიქრობდა, მაგრამ გადაწყვეტილებას ვერ იღებდა, იცოდა, რომ ოჯახს ამით კიდევ უფრო გააღიზიანებდა – ეს ხომ მისი მესამე ქორწინება იყო. თანაც, სანდრო მართლა ძალიან უყვარდა და გაყრა არც უნდოდა“.

ნინო ამბობს, რომ მკვლელობის მომენტში შინ არ იყო: „დეიდაჩემთან ვიყავი წასული და როცა იმ საღამოს შინ დავბრუნდი, მკვლელობა უკვე მომხდარი იყო“. ნელი თავის მშობლიურ სოფელ უჯარმაში გადაასვენეს და იქ დაკრძალეს. სანდრო კი ამ ეტაპზე იღწვის, რომ სასჯელი შეუმსუბუქონ. მისი ადვოკატის, ნუგზარ დათუკიშვილის თქმით, სააპელაციო სასამართლომ, სასჯელის შემსუბუქებაზე უარყოფითი გადაწყვეტილება გამოიტანა, ამიტომ ახლა სარჩელის შეტანას უზენაეს სასამართლოში აპირებენ.

ადვოკატი სასამართლო მოსმენას ერთ თვეში ელოდება. საქართველოში ფემიციდის შემთხვევები მატულობს. უმეტესწილად, ოჯახში ძალადობა ალკოჰოლისა და ნარკოტიკის მოხმარებასთანაა კავშირში. ალკოჰოლი უარყოფით გავლენას ახდენს მომხმარებლის აღქმის, სურათის გამთლიანებისა და ინფორმაციის გადამუშავების უნარებზე.

ზოგიერთი კვლევის მიხედვით, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების შედეგად, მომხმარებელს შესაძლოა შეექმნას გადამეტებული წარმოდგენა საკუთარი ძალაუფლებისა და სხვებთან უპირატესობის შესახებ. ასევე, ზოგიერთი კვლევა იმასაც ამტკიცებს, რომ ნივთიერებაზე დამოკიდებულება ზრდის აგრესიული რეაქციების მაჩვენებელსაც.