ავტორი: მაკა გოგალაძე
43 წლის ლელა ავლოხაშვილი მეუღლემ 2015 წლის 6 თებერვალს, დილით ნაქირავებ ბინაში გარდაცლილი იპოვა. შემთხვევა თბილისში, კლდიაშვილის ქუჩაზე მოხდა. "დილით ადრე დავბრუნდი სახლში, ტელევიზორი ჩართული დამხვდა, ლელა ტელევიზორის წინ იჯდა. შევეხმიანე, რომ არ მიპასუხა მივუახლოვდი და უკვე ცივი იყო, გარდაიცვალა" - იხსენებს მეუღლე, სარაფ ნურიევი.
მეგობარის თქმით, ავლოხაშვილს ქრონიკული ასთმა აწუხებდა. შემთხვევამდე ერთი დღით ადრეც იყო ექიმთან და წამლებიც იყიდა. ავადმყოფობა იქნებოდა გარდაცვალების ერთადერთ მიზეზად განხილული, რომ არა შემდეგი გარემოება - 6 თებერვლის ღამეს გარდაცვლილის სახლიდან ფული და ოქროს ნივთები დაიკარგა. "ახლახანს შეიძინა ოქროს სამკაულები, მოიტანა და გვაჩვენა," - იხსენებს "დეზერტირების ბაზარში" ავლოხაშვილის დახლის გვერდით მოვაჭრე ქალბატონი - "ფულიც ქონდა მოგროვებული და გვთხოვდა ინტერნეტით დასაგირავებელი ბინის მოძებნაში მომეხმარეთო. მაგრამ ჩვენ არ ვიცოდით ფულს სად ინახავდა". ავლოხაშვილის ქმარი ადასტურებს, რომ ოჯახის დანაზოგი და ოქროს ნივთები სახლში ჰქონდათ შენახული.
მეუღლისგან განსხვავებით, მეზობლები არ იზიარებენ მკვლელობის ვერსიას. "ეს ძველი სახლია და პატარა გაფაჩუნებაც ისმის. ლელა დილით ადრე დგებოდა და ყოველთვის სიფრთხილეს იჩენდა რომ არ გავეღვიძებინეთ. ჩვენს თავზე ცხოვრობდა და კიბეზე ჩამოსვლის დროს მაინც გვეღვიძებოდა"- იხსენებს გარდაცვლილის მეზობელი - "შემთხვევის ღამეს არაფერი გაგვიგია."
აღნიშნულ შემთხვევაზე საქმე აღიძრა ჩუღურეთის რაიონის პოლიციის განყოფილებაში. "მე ვენდობი გამოძიებას, მაგრამ უკვე თითქმის ოთხი თვე გავიდა და ჯერ კიდევ არ არის ექსპერტიზის დასკვნა" - ამბობს გარდაცვლილის მეუღლე - "ვიცი რომ დაკავებულია ქალი, სახელად მანჯელა - მთავარი ეჭვმიტანილი ". ნურიევი იხსენებს ქალბატონს, რომელიც მეგობრობდა გარდაცლილ ლელა ავლოხაშვილთან და ხშირდ სტუმრობდა ოჯახს. მხოლოდ მისი დაპატიმრების შემდეგ გაირკვა, რომ ეჭვმიტანილი არასწორი სახელით გაეცნო მსხვერპლს, ატყუებდა რომ ეთნიკური ოსია. "მისი ქცევა ყოველთვის საეჭვოდ მეჩვენებოდა და ლელას ვთხოვდი მისგან თავი შორს დაეჭირა" - ამბობს ნურიევი.
გამომძიებელი გელა მარახველიძე საქმეს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებს. საქართველოს სისხლის სამართლის 115-ე ეს მუხლი 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადების მიხედვით პირველადი დათვალიერებისას გვამს ძალადობის კვალი არ აღმოაჩნდა.
გარდაცვლილი ლელა ავლოხაშვილი სარაფ ნურიევთან ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებოდა. მას ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი პირველი ქორწინებიდან, რომლებთანაც ურთიერთობა გაყრის შემდეგ აღარ ჰქონია. მსხვერპლს სხვა ახლო ნათესავები საქართველოში არ ჰყავდა. მისი გვამი ძმამ რუსეთის ქალაქ ვლადიკავკაზში გადაასვენა და იქ დაკრძალა.