ფემიციდი

ბელა ძამსაშვილის მკვლელობა

ავტორი: მარიამ ალიხანაშვილი

2014 წლის 6 მარტს რუთავში კიდევ ერთი ფემიციდი მოხდა.

განქორწინებიდან რამოდენიმე თვის შემდეგ, 51 წლის ოლეგ შუბითიძემ მრავლობითი ჭრილობა მიაყენა ყოფილ მეუღლეს, 37 წლის ბელა ძამსაშვილს.

დანაშაულის ჩადენის შემდეგ, გაქცევის ნაცვლად, მან დაჭრილის დახმარება სცადა და პოლიციასა და სასწრაფოს გამოუძახა.

შუბითიძე ადგილზევე დააკავეს, ძამსაშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მარცხნიდან ოლეგ შუბითიძის საცხოვრებელი კორპუსი, ხოლო მარჯვნივ, კორპუსი სადაც ბელა ძამსაშვილი ქირაობდა ბინას. რუსთავი, XI მიკრო.

განაჩენი ოლეგ შუბითიძეს რუსთავის საქალაქო სასამართლომ გამოუტანა.

საქმე #1-252-14 მოსამართლე მაკა გველესიანმა განიხილა.

განზრახ მკვლელობისთვის სასჯელი სისხლის სამართლის კოდექსის 118-108 მუხლების თანახმად, თავისუფლების 7-დან 15 წლამდე ვადის აღკვეთით განისაზღვრება.

სასამართლომ განაჩენის გამოტანისას გაითვალისწინა, რომ: “ოლეგ შუბითიძე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ხასიათდება დადებითად და არ არის ნასამართლევი, უნდა შეეფარდის სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას და დამნაშავის რესოციალიზაციას.”

სასამართლოს გადაწყვეტილებით შუბითიძეს 7 წელი და 6 თვე პატიმრობა  შეეფარდა. სასჯელის 5 წელი უკვე გასულია.

ნინო (ელვირა) შუბითიძე, ოლეგ შუბითიძის მული ამბობს, რომ არსებობს იმედი მისი ვადაზე ადრე გათავისუფლების, შინაგან სამინისტროს ახალი ელექტრონული სამაჯურების პროგრამის საფუძველზე.

ნინო შუბითიძემ მკვლელობის მიზეზებზე არ ისაუბრა, მაგრამ დაადასტურა, რომ მომხდარ ტრაგედიამდე რამდენიმე თვით ადრე ცოლ-ქმარი ერთმანეთს დაშორდა.

“მე არ ვიცი ამბის დეტალები,” -- თქვა მან --  “მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ოლეგს ნამდვილად არ მოსწონდა და აწუხებდა ის ფაქტი, რომ ყოფილმა ცოლმა გვერდით კორპუსში იქირავა ბინა. ძალიან ანერვიულებდა ბელას ცხოვრების სტილი და ის ჭორები, რაც მის შესახებ დადიოდა. ის განაგრძობდა ზრუნვას თავის ოჯახზე. მარკეტში გამყიდველი გაფრთხილებული ყავდა, რომ პროდუქტები ბელასთვის ნისიად გაეტანებინათ და მერე თვითონ გადაუხდიდა. ჩემი მაზლი ძალიან კარგი და მზრუნველი მამაა. ბავშვები ყოველთვის დადიან პაემნებზე მასთან ციხეში და ხანდახან, როცა შესაძლებლობა ეძლევათ რჩებიან კიდეც მასთან. მათ ძალიან უყვართ მამა.”

შუბითიძე და ძამსაშვილი 2004 წელს დაქორწინდნენ და ერთად ცხოვრობდნენ რუსთავში 2013 წლის ნოემბრამდე.

მათ ერთი საერთო შვილი ჰყავთ, ხოლო პირველი ქორწინებიდან ძამსაშვილს ქალიშვილი ჰყავს, ხოლო შუბითიძეს ქალ-ვაჟი.

მისი პირველი მეუღლე სიმსივნით გარდაიცვალა, როცა მათი გოგონა ჯერ ისევ ახალშობილი იყო.

ამჟამად ოლეგ შუბითიძის კუთვნილ პატარა ბინაში, მძიმე სოციალურ პირობებში, ერთად რვა სული ცხოვრობს.

ნონა შუბითიძის თქმით, ის და მისი მეუღლე მეურვეობენ ოლეგის შვილებს და ზრუნავენ მათზე. მხოლოდ უფროსი ვაჟი ცხოვრობს დამოუკიდებლად, რომელიც უკვე სრულწლოვანი და დაოჯახებულია. გარდაცვლილის ქალიშვილს კი ბებია ზრდის, ბელა ძამსაშვილის დედა. მან შვილის სიკვდილის შემდეგ შვილიშვილი თან წაიყვანა სოფელში, საგარეჯოს რაიონში.

კორპუსის შიგნით, შესასვლელს ოლეგ შუბითიძის სახლამდე მივყავართ, სადაც ახლა მისი ძმის ოჯახი და ასევე ოლეგის ორი შვილი ცხოვრობს.

საქართველოში მომხდარ ფემიციდის სამ საქმესთან დაკავშირებით “ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა ცენტრმა” (EHRAC) პარტნიორ ორგანიზაციებთან, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან” (საია) და კავშირ “საფართან” ერთად, მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს (CEDAW). სამივე შემთხვევაში დაზარალებულთა მიერ ოჯახში ძალადობის ფაქტზე პოლიციაში დახმარების თხოვნით არაერთხელ შევიდა განაცხადი. ამის მიუხედავად, სამივე შემთხვევა პარტნიორთა მიერ ქალთა სიცოცხლის ხელყოფით დასრულდა.

სარჩელში ყურადღება გამახვილებულია საზოგადოების აზროვნებაში ღრმად გამჯდარ პატრიარქალურ მიდგომებზე და კულტურულ სტერეოტიპებზე, რომლებზე დაყრდნობითაც რეაგირებდა პოლიცია და ასევე ბელა ძამსაშვილის ის გარშემომყოფები, რომლებიც მასზე ძალადობას პირად საქმედ აღიქვამდნენ.

მას ყველა ურჩევდა, რომ ოჯახში ძალადობა მიეღო მეუღლის როლის შემადგენელ ნაწილად.

EHRAC-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით ბელა ძამსაშვილის მკვლელობამდე შეტყობინება ოთხჯერ შევიდა.

ერთ-ერთი ზარი მისი მკურნალი ექიმისგან იყო, რომელმაც ქმრის მიერ ნაცემს მკურნალობა აღმოუჩინა.

ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მშობიარობის შემდეგ დაიწო 2007 წელს.

ქმარმა დაიწყო მისი გაკონტროლება და მისი ცხოვრების სტილის კრიტიკა. 2013 წლიდან ქალი ცალკე გადავიდა საცხოვრებლად, თუმცა ყოფილი ქმარი კვლავ განაგრძობა მასთან ვიზიტებს და ყოველ ჯერზე ეჩხუბებოდა.

სამართალდამცავმა ორგანიზაციებმა არაფერი მოიმოქმედეს ბელა ძამსაშვილის დასაცავად.

პროკურატურის ინფორმაციაზე დაყრდნობით, 2014 წელს ფემიციდის შემთხვევების რიცხვი ყველაზე მაღალი იყო. ოცდათხუთმეტი ქალი მოკლეს, აქედან ოჯახში ძალადობის მოტივით სულ 19 შემთხვევაა, მათ შორის ერთ-ერთი ბელა ძამსაშვილია.