ფემიციდი

ადრეული ქორწინების ადრეული დასასრული

ავტორი: სულინ ბაღიროვი

 ადრეული ქორწინების ადრეული დასასრული

„რამდენჯერმე ვუთხარი, მაგრამ არ მომისმინა, – ამბობს 20 წლის გუნაი ისაიევას დედა. ისაიევა ქმარმა 2016 წლის ივლისში მოკლა. მკვლელობა თბილისში, ფონიჭალას დასახლებაში მოხდა. ისაიევას დედას თავისი საყვარელი ქალიშვილის ტრაგიკული აღსასრულის შესახებ წინათგრძნობა მაშინვე გაუჩნდა, როცა ის ნოვრუზ ნოვრასოვის ცოლი გახდა.

 ნოვრუზმა ცოლს ყელი გამოჭრა, როცა ქალს მამამისის სახლში ეძინა. ის მის ოთახში 13 ივლისის შუადღეს შეიპარა და მკვლელობა ჩაიდინა. მეორე ოთახში მსხვერპლის ძმას ეძინა, ბებია კი ტელევიზორს უყურებდა. მსხვერპლის ძმა იხსენებს, რომ დაჭრილი გუნაი მაინც წამოდგა ფეხზე და ჭრილობაზე ხელმოკიდებული მეორე ოთახში გამოვიდა, თუმცა, რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.

დანაშაულის ჩადენის შემდეგ ნოვრასოვი პოლიციის ადგილობრივ განყოფილებაში გამოცხადდა და მკვლელობა აღიარა. რამდენიმე ხნის შემდეგ მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

მსხვერპლის დედა იხსენებს, რომ მთელი ამ ქორწინების განმავლობაში, ქმარმა გუნაის რამდენჯერმე სცემა, მომხდარა ისეც, რომ ცოლი მამის სახლში გვიან ღამითაც გაუბრუნებია. მიუხედავად იმისა, რომ ძალადობის მსგავსი შემთხვევები ხშირად მეორდებოდა, გუნაი მაინც უარს ამბობდა, დაკავშირებოდა პოლიციას.

„ჩემს ქალიშვილს თავისმა სიყვარულმა თვალები ჩაუქრო და ჩაუმუქა, ეს იყო პასუხი მისი ქმრის დაუნდობელ ძალადობას და აგრესიაზე“, – ამბობს დედა და დასძენს, რომ გუნაი და ნოვრუზი ოფიციალურად ცოლ–ქმარი არ იყვნენ იმ მიზეზით, რომ გუნაი მასთან საცხოვრებლად 13 წლის ასაკში გაიქცა. პირველი შვილი 14 წლისამ გააჩინა. მეორე – 19 წლისამ. ბავშვები, რომლებიც ახლა 5 და 3 წლის არიან, თავიანთი მამის მშობლებთან ცხოვრობენ და ბაღში დადიან.

გუნაის დედა ამბობს, რომ სიძის ოჯახთან აღარავითარი კავშირი აღარ აქვს, ამიტომ ბავშვების ახლანდელი მდგომარეობის შესახებ არაფერი იცის. ის დასძენს, რომ ბავშვების მოვლაზე პასუხისმგებლობის აღება ახლა არც უნდა, მაგრამ მათი აღზრდა რამდენიმე წელიწადში უფრო გაუიოლდებოდა.

ნოვრასოვის მამა, ვასიფი ამბობს, რომ მის შვილს ამ დანაშაულის ჩადენა გუნაის საქციელმა აიძულა. მისი თქმით, ცოლ–ქმარს შორის სულ იყო დაპირისპირება, ისაიევა კი ყველას მიმართ აგრესიას იჩენდა. დამნაშავის მამის თქმით, ის თავის ვაჟს ეუბნებოდა, რომ გაყროდა ცოლს, მაგრამ მას ეს არ სურდა. ვასიფის გადმოცემით, მისმა ვაჟმა სასამართლოში დაუფარავად განაცხადა, რომ მის ცოლს რომანი ჰქონდა თურქ კაცთან, რომელიც საქართველოში სავაჭრო საქმეებზე წლებია დადიოდა: „ნოვრუზმა მოსამართლეს უთხრა, რომ მან გუნაის თურქის მესიჯი უპოვნა და ასევე ტელეფონის ეკრანზე მისი ფოტოებიც ნახა“.

მამა იმასაც დასძენს, რომ სოფელში რძლის რომანის შესახებ ჭორაობდნენ კიდეც და ეს იყო მიზეზიც იმისა, თუ რატომ არ იჩენდა ინტერესს სასამართლო პროცესის მიმართ გუნაის მამა. მამა არ აღიარებს იმას, რომ მისი ვაჟიც რთული ქცევებით გამოირჩევა.

ნოვრუზს ეპილეფსია 5 წლის ასაკში დაუდგინეს, მოგვიანებით კი აგრესიული ქცევა ჩამოუყალიბდა, რაც, აღმოჩნდა, რომ ნევროზი იყო. „ერთხელ ხიდიდანაც გადახტა მდინარე მტკვარში, – ამბობს ბრალდებულის მამა, – მაგრამ გადაარჩინეს და მოგვიანებით დედამისმა თურქეთში წაიყვანა სამკურნალოდ“.

მამა იმასაც ფიქრობს, რომ, შესაძლოა, ნოვრუზის დაპატიმრება კარგიც იყოს მისთვის და მისი ოჯახისთვის: „იმიტომ, რომ ახლა უკვე ზუსტად ვიცით, რომ წამლებს რეგულარულად დალევს. ახალგაზრდაა და ციხიდან რომ გამოვა, მთელი ცხოვრება მაინც წინ ექნება“, – ამბობს და მძინარე შვილიშვილს, დიანას დაჰყურებს.

ვასიფ ნოვრასოვი ახლა თავისი უფროსი ვაჟის ოჯახში ცხოვრობს. უმეტეს დროს თავისი ვაჟის დაობლებული შვილების მოვლაში ხარჯავს, მაგრამ, როგორც თვითონ ამბობს, მთელი ცხოვრება ბავშვების მოვლა გაუჭირდება. ამიტომ, დარწმუნებულია, რომ როცა შვილი ციხიდან გამოვა, მეორედაც იქორწინებს.

თამარ გურჩიანი, ადამიანის უფლებათა დარგში გამოცდილი იურისტი და ორგანიზაცია East-West Management Institute–ის მენეჯერი, ამბობს, რომ საქართველოს კანონი, რომელიც 18 წლამდე დაქორწინებას კრიმინალის სტატუსს ანიჭებს, ძალაში 2017 წლის 1 იანვრიდან შევიდა, თუმცა, კანონი არ ეხება იმ წყვილებს, რომლებიც კანონის მიღებამდე უკვე ცოლ–ქმრობაში ცხოვრობდნენ.

გურჩიანი დასძენს, რომ თუ მსხვერპლი თავის ამბავს პოლიციას განუცხადებს, გარკვეულ ზომებს, როგორიცაა ერთთვიანი შემაკავებელი ორდერი, აუცილებლად მიიღებენ და შემდეგ ამ ორდერის გახანგრძლივებაც შეიძლება.

რაც შეეხება ამ ოჯახის ბავშვებს, გურჩიანი ამბობს, რომ ორი შესაძლო ვარიანტი შეიძლება არსებობდეს: ბებიამ და ბაბუამ ბავშვების მეურვეებად გამოაცხადონ თავი, ანდა ბავშვები სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ გადავიდნენ: „საქართველოში და დარწმუნებული ვარ, ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანშიც, დიდი ოჯახებია და ხშირად სწორედ ისინი იღებენ ხოლმე პასუხისმგებლობას, იზრუნონ დაობლებულ ბავშვებზე“, – ამბობს გურჩიანი და დასძენს, რომ ეს მიდგომა ხშირად ამართლებს, ბავშვებიც ოჯახურ გარემოში იზრდებიან და გაცილებით უფრო გარანტირებულია მათი მომავალი განათლებისა და დასაქმების თვალსაზრისით.

სახელმწიფო პროკურატურის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ჩანს, რომ 2015 წელს 53 მოკლული ქალიდან 27 ოჯახში ძალადობის შედეგად დაიღუპა. 18 ქალი მათმა პარტნიორებმა მოკლეს, დანარჩენ შემთხვევებში კი ფემიციდის ჩამდენი ოჯახის სხვა წევრები იყვნენ (მაგალითად, სიმამრი, ან ძმა).

იმავე სტატისტიკის მიხედვით, ფემიციდის 27 შემთხვევაში მსხვერპლი ეთნიკურად ქართველი იყო, ერთი – უკრაინელი, სამი – აზერბაიჯანელი, ერთი – სომეხი და ერთი – რუსი. უცხოელებიდან ყველა იძულებით გადაადგილებული პირი გახლდათ.