ფემიციდი

ლექტორს სტუდენტების თვალწინ კლავენ

ავტორი: ნინო დევიძე

2014 წლის 17 ოქტომბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სამჯერ გაისროლეს. ყოფილმა ქმარმა 33 წლის ლექტორს სტუდენტების თვალწინ ორჯერ ესროლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

დაჭრილი მაკა წივწივაძე ექიმებმა ვერ გადაარჩინეს. რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციული სამსახურის უფროსი, ნიკოლოზ კვაჭაძე ამბობს, რომ გარდაცვალების მიზეზი თავის ტვინის სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები იყო.

მაკა წივწივაძე

სტუდენტი ქეთევან ფხალაძე ხედავდა როგორ ეძებდა მაკა წივწივაძეს ყოფილი მეუღლე ნახევარი საათი. “აუდიტორიის კარი თითქმის შემოამტვრია, მაგრამ სხვა ლექტორი რომ დაინახა უკან გაბრუნდა. სხვა აუდიტორიებიც შეუმოწმებია. გვიან გავიგეთ ვინ იყო და რა უნდოდა“.

ლაშა მაღრაძე ნარკოდანაშაულისთვის იყო ნასამართლევი. 2013 წელს ციხიდან ამინისტიის შედეგად ვადაზე ადრე გამოვიდა. მაკა წივწივაძის მეგობარი ხათუნა გამისონია ამბობს, რომ მაღრაძე ყოფილ ცოლს მუქარის წერილებს უგზავნიდა.

„ყველაფერი განქორწინებიდან ერთი თვის შემდეგ დაიწყო. მაკა მალავდა თავის მდგომარეობას და თავს ისე გვაჩვენებდა თითქოს ბედნიერი იყო. მაგრამ, როდესაც ყოველ დილით ცემა დაუწყო, უაზროდ ეჭვიანობდა და ყველგან წასვლას უშლიდა, საბოლოოდ ყველაფერი გაირკვა. პოლიციას ხშირად მიმართავდა დახმარებისათვის. როგორც მე ვიცი უნივერსიტეტშიც გამოიძახა. სად იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაცვა, როდესაც შეიარაღებულმა კაცმა მთელი აუდიტორიები შემოიარა სანამ მაკას იპოვნიდა?“

უნივერსიტეტის დაცვა ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს.

მაკა წივწივაძეთავად მაკა წივწივაძის ოჯახი კი პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებს. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი აცხადებს, რომ მაკა წივწივაძემ ორჯერ მიმართა პოლიციას და პოლიციამ ორივე შემთხვევაზე მოახდინა რეაგირება. "მაკა წივწივაძემ რუსთავის პოლიციას 22 სექტემბერს მიმართა და განაცხადა, რომ ქმარი მასზე ფიზიკურად ძალადობდა. ქმარმა მაშინ ბოდიში მოიხადა და პირობა დადო, რომ მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდებოდა. ოთხი დღის შემდეგ მაკა წივწივაძემ კვლავ მიმართა პოლიციას, ამჯერად დიდუბე-ჩუღურეთის განყოფილებას, მიზეზი კი მუქარის წერილები იყო, რომელსაც მეუღლე უგზავნიდა. 29 სექტემბერს პოლიციაში დაიბარეს ლაშა მაღრაძე, გააფრთხილეს რომ მის მიმართ გატარდებოდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები“.

ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი ამბობს, რომ ქალთა მკვლელობები, ქალთა დისკრიმინაციის, ჯაჭვის ბოლო რგოლია. “იმისათვის, რომ ოჯახში ძალადობა აღმოიფხვრას, საჭიროა ძლიერი სამართლებრივი შეზღუდვები გააქტიურდეს“.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით (მუხლი 105 2(გ)) სისხლის სამართლებრივი დევნა არ მიმდინარეობს თუ ბრალდებული გარდაიცვალა.