ავტორი: ნანი სისვაძე
მალხაზ კობაურს ბრალად შეერაცხა ლორა ჯოი სმიტის გაუპატიურება და დამამძიმებელ გარემოებებში მისი მკვლელობა. ლორა სმიტის მკლვლეობა არის მკვლელობა გენდერის ნიშნით ანუ ფემიციდი. ქალთა უფლებების დამცველის, ბაია პატარაიას თქმით, ფემიციდის შემთხვევაში მნიშვნელოვანია რა გახდა მკლველობის მოტივი. “თუ დანაშაული ჩადენილი იყო იმ მოტივით, რომ გაუპატიურების დანაშაული დაეფარა მკვლელს, ცხადია, ეს არის ფემიციდი”- გვითხრა ბაია პატარაიამ. ქალთა უფლებების დამცველმა ეს ინტერვიუ მანამდე მოგვცა, სანამ მალხაზ კობაურს ლორა სმიტის გაუპატიურებასა და მკვლელობაზე ბრალი შეერაცხებოდა.
მარნეულში მცხოვრები ცოლ-ქმარი ლორა და რაიან სმიტი შვილთან, ოთხი წლის ქაილებათან ერთად დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადას ხეობაში გარდაცვლილები იპოვეს.
სმიტების ოჯახის გაუჩიანრებასთან დაკავშირებით მედიაში ინფორმაცია 2018 წლის 7 ივლისს, საღამოს საათებში გავრცელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხადას ხეობაში, სოფელ წკერეში დაკარგულების სამძებრო სამუშაოები “112”-ში შესული ზარის საფუძველზე დაიწყო. შეტყობინების ავტორი სმიტებთან დაკავშირებას ვერ ახერხებდა. 6 ივლისს, ოჯახის ავტომანქანა და პირადი ნივთები შინაგან საქმეთ სამინისტროს, მცხეთა-თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ერთობლივი სამძებრო სამუშაოების შედეგად აღმოაჩინეს. ავტომანქანიდან 3 კილომეტრის დაშორებით, ჩანჩქერის ძირში ლორა სმიტის ცხედარი იპოვეს. მეორე დღეს, 7 ივლისს კი რაიან სმიტიც ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს. 9 ივლისს, 4 წლის ქაილებ სმიტის ცხედარს ნაზვავებში მიაგნეს.
8 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური წერილიც გამოაქვეყნა, სადაც ამტკიცებდა, რომ გარდაცვლილებს პირველადი დათვალიერებით ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდათ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობდა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაც.
ამავე დღეს, ადგილობრივი მოსახელობის მონათხრზე დაყრდნობით მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სმიტები შესაძლოა ვინმეს მოეკლა. 9 ივლისს, კვალის დაფარვის მიზნით ნაზვავებში დამარხული ბავშვის ცხედარიც იპოვეს. ადგილობრივები აცხადებდნენ , რომ ცხედრის ადგილსამყოფელი პოლიციას მკლელობაში ბრალდებულმა მწყემსმა მიუთითა. 20 წლის მალხაზ კობაური დააკავეს, მან დანაშაული აღიარა.
შინაგან საქმეთა სამინსიტრომ ოფიციალური განცხადება 9 ივლისს, დღის მეორე ნახევარში გაავრცელა. სამინისტროს ინფორმაციით, ხადას ხეობაში მდებარე ერთ-ერთი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რაიან სმიტს და მის 4 წლის შვილს, ხოლო ლორა სმიტი შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა. პოლიციელებს მალხაზ კობაურმა თავად აჩვენა ის ადგილი, სადაც 2014 წელს დაბადებული ქაილებ სმიტი დამარხა.
ექსპერტიზის პირველადი მონაცემებით საქმე განზრაზ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა.
“გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულის შერაცხადობის საკითხის გასარკვევად კი ჩატარდება ფსიქიატრიული ექსპერტიზა“- წერია გაცხადებდაში.
პროკურატურა თავდაპირველ ვერსიას ცხედრებზე ძალადობის კვალის არ არსებობასთან დაკავშირებით “რუსთავი 2"- ის ეთერში ხსნის. მამუკა ჭელიძემ 10 ივლისს განმარტა, რომ მდინარის შლამმა რაიან სმიტის სხეული დააბინძურა , რამაც პოლიცილებს იმ მომენტში ცეცხლსასროლი იარაღის კვალის დადგენის შესაძლებლობა არ მისცა.
“რეალურად, 6 რიცხვში ნანახი იქნა ქალბატონის გვამი, რომელსაც არ აღენიშნებოდა არანაირი ცეცხლსასროლი ჭრილობა, შვიდ რიცხვში, მეორე დღეს აღმოჩენილ იქნა უკვე მამაკაცის გვამი, შედარებით დაშორებით, ცხედარი საკმაოდ დასვრილ მდგომარეობაში იყო, ის იყო მდინარეში, ეს იყო რამოდენიმე დღით ადრე ჩადენილი მკვლელობა. ვიზუალურად იყო საკმაოდ მძიმე სურათი ადგილზე, რაც არ იძლეოდა იმის თქმის საშუალებას, ვიზუალური დათვალიერებით, რომ აქ გვქონდა საქმე ცეცხლსასროლ ჭრილობებთან, სანამ არ მოხდა მისი დეტალური შესწავლა, ერთგვარი საექსპერტო შესაბამისი კვლევებით. ზედაპირული დათვალიერებით, რა თქმა უნდა, ამის თქმა ადგილზე შეუძლებელი იყო. სანამ არ მოხდა დეტალური დათვალიერება ვიზუალურად ჩანდა , რომ ეს იყო უბედური შემთხვევა, როგორც ქალბატონის შემთხვევაში, როგორც მოგახსენთ რთული რელიეფიდან გამომდინარე ეს ვერსია არსებობდა.” - განაცხადა მამუკა ჭელიძემ
პროკურატურის ინფორმაციით, რომელიც მალხაზ კობაურის ჩვენებას ეყრდნობოდა, დადგინდა, რომ 4 ივლისს, დაახლოებით 11:30 საათზე, დუშეთის რაიონში მდებარე ხადას ხეობაში, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი მალხაზ კობაური შეხვდა ტურისტებს: რაიან სმიტს, მის მეუღლესა და 4 წლის შვილს, რომლებმაც სთხოვეს ეჩვენებინა მათთვის ხეობაში მდებარე ჩანჩქერი, რაზეც მალხაზ კობაური დათანხმდა. გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მალხაზ კობაურმა სანადირო თოფიდან, 4 წლის შვილისა და მეუღლის თანდასწრებით რაიან სმიტი ორჯერ გასროლით მოკლა.
ამის შემდეგ, ბრალდების მხარის განცხადებით, ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით, მან ლორა სმიტის და მისი შვილის მკვლელობა გადაწყვიტა. თავის გადასარჩენად ქალი ხევის მიმართულებით გაიქცა, რა დროსაც სიმაღლიდან გადავარდა და გარდაიცვალა. ამის შემდეგ, მალხაზ კობაურმა 4 წლის ბავშვი ასევე თოფიდან გასროლით მოკლა, გვამი და გასროლილი მასრები მდინარეში გადააგდო, ხოლო ბავშვის ცხედარი, მათ კუთვნილ ნივთებთან ერთად შემთხვევის ადგილის მიმდებარედ არსებულ თოვლის ზვავის ქვეშ გადამალა და შემთხვევის ადგილი დატოვა.
11 ივლისს, მცხეთის სასამართლომ მალხაზ კობაურის აღკვეთი ღონისძიების შეფართებაზე იმსჯელა. პროცესზე ბრალდებულმა შსს მიერ გავრცელებული ვერსია უარყო და განაცხადა, რომ მას რაიან და ქაილებ სმიტები არ დაუხოცავს.
„ისინი მე არ დამიხოცავს, ორი უცხოელი მამაკაცი იყო, მათ დახოცეს და დამემუქრნენ, დედმამიშვილებს დაგიხოცავთო“, - აცხადებდა ბრალდებული.
მალხაზ კობაურს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
სასამართლომდე მალხაზ კობაურის ადვოკატი აცხადებდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებდა დანაშაულს.
სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა განაცხადა, რომ საქმეში დღეს არსებული მასალებით, ხადას ხეობაში ამერიკელების მკვლელობაში, მწყემსის, მალხაზ კობაურის გარდა, სხვა არავინ იკვეთებოდა.პროკურორის თქმით, მალხაზ კობაურის საუბარი, სადაც ის დანაშაულს აღიარებს, სამართალდამცავებს ჩაწერილი აქვთ.
13 ივლისს მალხაზ კობაურის ადვოკატმა, დავით გირგვლიანმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არა დანაშაულის ჩამდენი, არამედ მოწმეა.
„კობაური ახსენებს ორ უცნობ ადამიანს, საქმეში ჩნდება შავი ფერის ავტომობილი, რომლითაც ორი უცნობი პიროვნება მივიდა ხადას ხეობაში, რომლებმაც მოკლეს სმიტების ოჯახი.კობაური იხსენებს, რომ შავი ავტომობილი სმიტების ავტომობილის გვერდით გაჩერდა და მათი დანახვის შემდეგ სმიტი აღელდა. კობაური აცხადებს, რომ შესაძლებელია, სმიტების ოჯახის წევრები ამ მამაკაცებს იცნობდნენ. საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, ყველა დეტალზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა ვიტყვი, რომ მისი ჩვენება იყო თანმიმდევრული და ლოგიკური. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის განმარტებით, ერთ-ერთმა მათგანმა მას თოფი წაართვა, მეორე პიროვნებას კი პისტოლეტი ჰქონდა შავი ფერის და შავი ფერის ხელთათმანი ეკეთა ხელზე. ვისი იარაღიდან მოხდა გასროლა, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, ამაზე ჯერ ვერ ვისაუბრებ, – აცხადებდა დავით გვირგვლიანი. მისივე თქმით, როდესაც კობაურმა ეს ყველაფერი გამომძიებლებს მოუყვა, არავინ დაუჯერა და მოსთხოვეს, დანაშული ეღიარებინა.
21 ივლისს, მედიაში გავრცელდა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც მალხაზ კობაურს დაღუპულ ლორა სმიტთან სექსუალური კონტაქტი ჰქონდა.
ექსპერტიზის დასკვნაში ვკითხულობთ : “ლორა ჯოი სმიტის გვამიდან აღებული … ნაცხები პირის ღრუდან, უკანა ტანიდან, საშოდან.. ობ. N9-ის (კონტეინერი, წარწერით “ლორა ჯოი სმიტი უაკანა ტანიდან...”) გენეტიკური პროფილი შერეულია, სადაც ერთი წილი ეკუთვნის მალხაზი კობაურს(ობ. N14), მეორე წილი ეკუთვნის ლორა ჯოის სმიტს (ობ. N13)”.
ამავე დღეს, ადვოკატმა დავით გირგვლიანმა მალხაზ კობაურის დაცვაზე უარი თქვა.
სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის სამართლებრივი დაცვა გირგვლიოანის შემდეგ ადვოკატმა ალუდა ბუჩუკურმა გადაწყვიტა. მან 24 ივლისს კობაური გლდანის მერვე დაწესებულებაში მოინახულა და განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი საქმის არც ერთ ნაწილში დანაშაულს არ აღიარებდა.
რაიან და ლორა სმიტი მარნეულში საცხოვრებლად შვიდი წლის ამერიკიდან ჩამოვიდნენ. რაინ სმიტის შესახებ ცნობები თავისივე ბიზნესის ვებ-გვერდზე ინახება. “reWoven” რაიან სმიტმა კომერცული მიზნებისთვის შექმნა, თუმცა ვიზიტორებს მის შესახებ ბიოგრაფიული დეტალების გაგებაც შეუძლიათ. როგორც ირკევვა, ხალიჩების ბიზნესით მისი გატაცება აზერბაიჯანში დაიწყო. ამ დროს აზერბაიჯანული ენაც შეისწავლა, მაგრამ ვერ შეძლო ბიზნესის აწყობა და 2005 წელს იძულებული გახდა ამერიკაში დაბრუნებულიყო. აქ შეხვდა ლორა სმიტს, იმუშავა და დაასრულა საგანმანათლებლო საფეხური.
2010 წელს რაიან და ლორა სმიტები საქართველოში ჩამოვიდნენ და მარნეულში დასახლდნენ.როგორც რაიან სმიტი ვებ-გვერდზე წერს, მან საქართელოში იპოვა რეგიონი, სადაც ეთნიკურად აზერბაიჯანელები ცხოვრობდნენ. რაიანმა მოიარა სოფლები, ოპოვა რამდენიმე ადგილობრივი ქალი, ვინც ხალიჩის ქსოვა იცოდა და ბიზნესი დაიწყო.
ლორა სმიტმა კი პედაგოგიური საქმიანობა დაიწყო და რამდენიმე წელი მარნეულის მესამე საჯაროში სკოლაში ინგლისურის მასწავლებლად იმუშავა.
როგორც ოჯახის მეგობრები ყვებიან, ისინი ექვსი წლის განმავლობაში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ. ყოველთვის უნდოდათ შვილი, პირველი გარდაეცვალათ და მეორე, ქაილები 2014 წელს გაუჩნდათ. 2016 წელს მარნეულის ცენტრში ოჯახმა სახლი აიშენა და საცხოვრებლად იქ გადავიდა.
თეთრიწყაროში, სოფელ ქოსალარში რაინს 12 ადგილობრივი ქალი ჰყავდა დასაქმებული. თვითონ ქმნიდა და არიგებდა ხალიჩების ესკიზებს, სხვადასხვა ფერის ძაფს, ყველა საჭირო მასალას, რომ სამუშაო პროცესი რთული და დამღლელი არ ყოფილიყო. ქალები ამბობენ, რომ თითო ხალიჩის მოქსოვისთვის ორ თვემდე დრო სჭირდებოდათ. სამუშაოს კარგად შესრულების შემდეგ კი გასამრჯელოსთან ერთად რაიანი მათ დამატებით ანაზღაურებასაც აძლევდა. რაიანმა ე.წ სოფლის “რიტუალების დარბაზისთვის” ჭურჭელიც შეიძინა და მის დაწყობაშიც თვითონ იღებდა მონაწილეობას. სმიტები სოფელს ხშირად სტუმრობდნენ, ერთხელ რაიანი ქოსალარში მშობლებთან ერთადაც კი ჩავიდა. როგორც ხალხი გვიყვება, რაიანს ტყუპისცალი ძმაც ჰყავდა, თუმცა მას პირადად არასდროს შეხვედრილან. ყოველ ჩასვლაზე კი ტკბილეულის და საჩუქრების გარეშე სმიტები მათთან არ მიდიოდნენ. ხადაში გამგზავრების წინა დღესაც, 3 ივლისს, ქოსალარში სამძიმარზე იყვნენ. ლორა სმიტი ქალებს ქელეხის სუფრის გაწყობაშიც კი დახმარებია.
ქოსალარში სმიტები ყველას უყვარს და მათ გარდაცვალებას ვერ იჯერებენ.
“სახეზე მუდად ღიმილი ჰქონდათ, გვიხაროდა მათი მოსვლა, ხელცარიელი არასდროს მოვიდოდნენ, ბაირამობაზე პროდუქტებიც კი დაგვირიგეს. ლორა არაჩვეულებირივ დედა იყო, შვილს ხმამაღალი ტონით შენიშვნას არასდროს მისცემდა ,პირიქით, მშვიდად უხსნიდა თუ რაში იყო პრობლემა. ქაილები ჩვენს ბავშვებთან მეგობრობდა, განსაკუთრებით სილის გროვებში თამაში უყავარდა. ძალიან კარგად იცოდნენ აზერბაიჯანული ენა და მათთან კომუნიკაცია არასდროს გაგვჭირვებია, ასე, ნელ-ნელა გავხდით მეგობრები, ამერიკაში ხშირად არ მიდიოდნენ, ბოლოს იმის გამო რომ კიდევ ერთი ბავშვის ყოლა უნდოდათ, სამკურნალოდ იქ სამი თვით დარჩნენ და რომ ჩამოვიდნენ ყველას საჩუქრები ჩამოგვიტანეს”.
სოფელ ქოსალარშიც და მარნეულშიც სმიტებმა შვიდწლიანი ცხოვრების შემდეგ ბევრი მეგობარი შეიძინეს. საბინა თალიბოვა ლორას ახლო მეგობარი იყო და იხსნებს, რომ სმიტები მაღალი სამოქალაქო თვითშეგნებით და კომუნიკაციის კარგი უნარებით გამოირჩეოდნენ. მეგობრები იმასაც ამბობენ, რომ რაიან სმიტს ყოველთვის სურდა მარნეულს დახმარებოდა. მის გეგმებში ცენტრალურ ქუჩაზე საბავშვო მოედნის საკუთარი თანხებით მოწყობა შედიოდა. ამ მიზნით, რაიანმა ორი წლის წინ ადგილობრივ თვითმმართველობას ადგილის გამოყოფასთან დაკავშირებით მიმართა, მაგრამ პასუხი არ მიუღია.
მარნეულის მერიაში ამბობენ, რომ იქ სადაც რაიან სმიტს მოედნის მოწყობა სურდა ბაშვებისთვის ეკოლოგიურად სუფთა არ იყო და ამიტომ ალტერნატიული ფართის მოძებნას შეუდგენენ.
რაიან სმიტს თავდაპირველად მოედნისთვის “იესოს” დარქმევა უნდოდა, მაგრამ შემდეგ იესოს სიტყვებით “მოუშვით ბავშვები ჩემთან” შეცვალა. როგორც საბინა თალიბოვა გვიყვება, შესაძლოა მერიას პასუხი სწორედ სახელწოდების გამო გაეჭიანურებინა.
საბინა ასევე ყვება, რომ ოჯახს ხადას ხეობაში წასვლა წინასწარ დაგეგმილი არ ჰქონია, მათ ეს გადაწყვეტილება მოულოდნენლად მიიღეს.
“ინგლისურის გაკვეთილი გვქონდა დაგეგმილი და ლორამ მომწერა, რომ ქაილები მარნეულის სიცხემ შეაწუხა და რამდენიმე დღით მთაში დასასვენელად წასვლა გადაწყვიტეს. რამდენიმე დღეში დაბრუნებას აპირებდნენ, ბოდიშებით მწერა, რომ გაკვეთილის გაცდენა უხდებოდა, ყველაფერს ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა” - საბინა თალიბოვა.
ოჯახი განსაკუთრებული რელიგიურობით გამოირჩეოდა, ისინი პროტესტანტი ქრისტიანები იყვნენ. მარნეულში ორი სახლია, სადაც პროტესნტანტი ქრისტიენბი იკრიბებიან. აქ სმიტები 30-მდე ადამიანათან ერთად ყოველ შაბათსა და კვირას მსახურებას აღავლენდნენ. მრევლს არა მხოლოდ მარნეულის რეგიონისთვის განსხვავებული რელიგიური მიმდინარეობა გამოარჩევს, არამედ ეროვნული მრავალფეროვნება. ადგილობრივ აზერბაიჯანელებთან ერთად ქრისტეს სახელით კორეელები, გერმანელები, და ამერიკელები ლოცულობენ.
სმიტების ტრაგედიის შემდეგ ეკლესიის მრევლს მედიასთან საუბარი არ სურს. ჩვენთან არ საუბრობენ არც ოჯახის წევრები.
სმიტების გარდაცვალებასთან დაკავშირებით რამდენიე სამოქალაქო პანაშვიდი გაიამართა, მათ შორის მარნეულშიც, სადაც რაიანის დედ-მამის წერილი წაიკითხეს:
„მარნეული რაიანის, ლორას და კაილების ნამდვილი სახლი იყო. ამ ზამთარს რაიანმა, ლორამ და კაილებმა სამი თვე ამერიკაში, მეგობრებთან ერთად გაატარეს, მაგრამ მათ უნდოდათ, რომ მარნეულში აზერბაიჯანელ და ქართველ მეგობრებთან დაბრუნებულიყვნენ. მათ მარნეულში საცხოვრებლად სახლი ააშენეს და უნდოდათ, რომ კაილები, როგორც აზერბაიჯენლი მარნეულში, ისე აღეზარდათ. ჩვენც, თქვენსავით რაიანის, ლორასა და კაილების დაკარგვის გამო ვწუხვართ. ჩვენ მოგვენატრება მათი სიყვარული. ყველა იცნობდეთ იესოს, როგორც რაიანი,ლორა და კალები იცნობდნენ. ახლა ისინი სამოთხეში ალბათ იესოს შეხვდნენ. მე და ბაირონი მომდევნო თვეს, მარნეულში, თქვენთან შეხვედრას ვიმედოვნებთ. ყველას ოჯახს სიყვარულს ვუსურვებთ. რაიანის ამაყი მშობლები და საყვარელი კაილების ბებია-ბაბუა ლინი და ბაირონი.”
რაიან სმიტის ოცნება მარნეულელი ბაშვებისთვის გასართობი მოედნის შესახებ ჯერ კიდევ ოცნებად რჩება. მისმა მეგობრებმა გადაწყვიტეს საქმე ბოლომდე მიიყვანონ, ადგილობრივი თვითმმართველობისგან დახმარების დაპირებაც მიიღეს. ოჯახის ტრაგედიიდან ხუტის თვის თავზეც ამ კუთხით საქმე წინ არ წასულა.
სმიტების ოჯახის მკლველობაში ბრალდებული, მალხაზ კობაური 1998 წელს დაიბადა. მედიაში გავრცელდა მისი ბიოგრაფიოული ცნობებიც. კობაურები ახალგორის რაიონიდან არიან დევნილები და 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მცხეთის რაიონში, სოფელ წილკნის დასახლებაში, საძეგურის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობენ. კობაურებს 6 შვილი ჰყავთ და სოციალურად დაუცველთა სტატუსით სარგებლობენ. ლორა, რაიან სმიტების და მათი 4 წლის შვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური ოჯახის უფროსი შვილია. მას სკოლაში საერთოდ არ უვლია და შესაბამისად, საშუალო განათლებაც არა აქვს.
„საბუთები დაკარგული ჰქონდათ, ყველა საბუთის აღდგენაში დავეხმარეთ. დედა მოვიდა განცხადება დაწერა და შვილები სკოლაში ჩავრიცხეთ. ეგ მალხაზი თვალით არ მინახავს. ჯერ კლასში დარჩა, მერე კიდევ დარჩა და იძულებულები ვიყავით მოსწავლის სტატუსი შეგვეჩერებინა. სკოლაში საერთოდ არ დადიოდა. წარმოდგენაც კი არ მაქვს, როგორია.ძალიან გაჭირვებული ოჯახია“, – აცხადებს წილკნის სკოლის დირექტორი ლეილა ტაველური.
„კვირას“ ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულის მამა წარსულში ნასამართლევია. ბავშვების მამამ დედა დაჭრა და საპატიმროში რამდენიმე წელიწადი გაატარა. ამჟამად, იგი საპატიმროდან გათავისუფლებულია, მაგრამ ოჯახთან ერთად არ ცხოვრობს.
მალხაზ კობაურის დედამ, მარიამ მათიაშვილმა გადაცემაში “იმედის კვირა” ქმრის მიერ მისი დაჭრის ფაქტი დაადასტურა. ასევე, ისიც თქვა, რომ მალხაზ კობაურს რვა კლასის განათლება აქვს მიიღებული.
ბრალდებული მალხაზ კობაურის დედა ამტკიცებს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და სმიტების ოჯახის მკვლელობა დიდი ხნის წინ შეკვეთილი მკვლელობა იყო.
„ეს არის ვიღაცის შეკვეთილი, ეს არის ძალიან დიდი ხნის დროინდელი დაკვეთილი მკვლელობა. ეს ერთი და ორი დღის დაკვეთილი მკვლელობა არ არის. მოძებნონ და გაარკვიონ, ვისი მოგზავნილი აგენტები იყვნენ თვითონ ის სმიტების ოჯახი. ჩემი შვილი არის მსხვერპლი, არამცთუ მკვლელი“ - ამბობს მალხაზ კობაურის დედა, მარიამ მარტიაშვილი.
უფლებადამცველი, ალექსანდრე კობაიძე ამბობს, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ლორა სმიტის სხეულზე ძალადობის კვალი არ აღინიშნება. ჯერ კიდევ ივლისის ბოლოს ადვოკატი ლორა სმიტის გაუპატიურების ფაქტს გამორიცხავდა.
„სამედიცინო ექსპერტიზა ლორა სმიტის სხეულთან მიმართებაში სადაც არ დასტურდება არც ერთი მტკიცებულება, ანუ ძალადობრივი კვალი არ დასტურდება. ეს მიუთითებს იმას, რომ გამორიცხულია გაუპატიურება მომხდარიყო. ეს კითხვის ნიშანი, ჯერ რომ გაუპატიურება არ მომხდარა არ არსებობს ბრალდების მხარისგან. ანუ, ჩვენ არ გვედავებიან ქალის გაუპატიურებას, ჩვენ არ გვედავებიან ქალის მკვლელობას, ჩვენ გვედავებიან ბავშვის და კაცის მკვლელობას,“ - განაცხადა ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ.
საგამოძიებო უწყებაში კი აცხადებდნენ, რომ მალხაზ კობაურს პროკურატურა ამ ეტაპზე მხოლოდ ბავშვის და მამის მკვლელობას ედავება.
„პროკურატურა მალხაზ კობაურს, როგორც თავდაპირველ ეტაპზე, ედავება მხოლოდ ბავშვის და მამის მკვლელობას. რაც შეეხება ლორა ჯუის სმიტის ნაწილში, ამ ნაწილში დღეის მდგომარეობით არ არის დაზუსტებული ბრალდება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ ნაწილში საქმე არის გაუხსნელი. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ლორა ჯუის სმიტის უკანა ტანში აღმოჩნდა მალხაზ კობაურის სპერმა. ეს მტკიცებულება არის საქმეში, თუმცა ჩვენ გვესაჭიროებოდა მტკიცებულებათა ერთობლიობა,“ - განაცხადა პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა. (წყარო: რუსთავი 2 )
9 ნოემბერს, პროკურატურამ ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაში მალხაზ კობაურს ბრალდება დაუმძიმა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, კობაურს ბრალად შეერაცხა ლორა ჯოი სმიტის გაუპატიურება და დამამძიმებელ გარემოებებში მისი მკვლელობა.
„2018 წლის 4 ივლისს, დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში ტურისტული მიზნით მყოფი რაიან მაიკლ სმიტის, ლორა ჯოი სმიტის და მათი 4 წლის შვილის, ქელებ ისმატ სმიტის მკვლელობის საქმეზე, ბრალდებულ მალხაზ კობაურს ბრალდება დაუმძიმდა.
გამოძიების მიერ მიღებული მნიშვნელოვანი ექსპერტიზის დასკვნების შემდეგ, მას ასევე ბრალად შეერაცხა ლორა ჯოი სმიტის გაუპატიურება და დამამძიმებელ გარემოებებში მისი მკვლელობა.
დღემდე, მალხაზ კობაურს ბრალი ედებოდა რაიან მაიკლ სმიტისა და მისი მცირეწლოვანი შვილის ქელებ ისმატ სმიტის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობაში.
შესაბამისად, მალხაზ კობაურს ბრალად ედება სამი პირის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, აგრეთვე ლორა ჯოის სმიტის გაუპატიურება, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
გამოძიებას არანაირი ახალი მტკიცებულება არ გააჩნია, თუმცა, მათ მაინც ჩათვალეს, რომ ბრალი უნდა დაემძიმებინათ, - ამის შესახებ ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატმა ლექსო კობაიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. (წყარო: interpressnews.ge)
13 ნოემბერს მალხაზ კობაურის ადვოკატებმა პროცესში ნაფიცი მსჯულების ჩართვა მოითხოვეს. მცხეთის რაიონულ სასამართლოში კობაურის წინასასამართლო სხდომა 19 ნოემბერს არის ჩანიშნული.