ავტორი: ჯეიხუნ ნარზალოვი
2018 წლის 15 დეკემბერს მარნეულის სოფელ კიროვკაში მკვლელობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა
66 წლის ქალი -- ბასტი მამედოვა -- საკუთარი საცხოვრებელი სახლის სარდაფში გარდაცვლილი მეზობლებმა ნახეს. მასხუთი დღის განმავლობაში ეძებდნენ.
მკვლელობის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მივიდნენ.
ქალს ოჯახი არ ჰყავდა და მასთან ერთად მხოლოდ მისი ძმისშვილი, ნიჯატ მამედოვი ცხოვრობდა, რომელიც რამდენიმე დღეში სამართალდამცველებმა დააკავეს.
მოკლული ბასტი მამედოვას მეზობლები და ნათესავები ჰყვებიან, რომ ქალი არასდროს ყოფილა დაოჯახებული, არსად მუშაობდა და თავს პენსიით ირჩენდა.
„ბასტი მამედოვა ჩემი ახლო ბიძაშვილი იყო. ის მეზობლებმა სარდაფში აღმოაჩინეს. თავში ჰქონდა ჩარტყმული და, ამბობენ, დანის ჭრილობაც ჰქონდა, ეგ ზუსტად არ ვიცი. სარდაფში ადგილიც იყო ამოთხრილი, რომ გვამი დამარხულიყო. ბასტი მამედოვასთან ერთად მისი ძმისშვილი ცხოვრობდა. ეგ ბიჭი მწყემსობდა, მისი საქმიანობა მხოლოდ ეს იყო. მაგრამ რამდენიმეჯერ ქურდობაშიც იყო შემჩნეული. მახსოვს, ბოლოს მარნეულში ერთ გოგოსთან დადიოდა, მას ტელეფონი მოჰპარა და გაყიდა. ამას დიდი ამბავი მოჰყვა, მერე ბასტი მამედოვა წავიდა ბანკიდან, წინასწარ პენსია გამოიტანა და ათასი ლარი მისცა მას, რომ მოპარული ტელეფონის ნაცვლად ახალი ეყიდა და პატრონისთვის დაებრუნებინა. ის ოჯახს დიდი ხანია გაშორებული იყო და არანორმალურ ცხოვრებას ეწეოდა. ვიცოდი რომ მოკლულთან კონფილქტი ჰქონდა, რომ რაღაც მიწის ნაკვეთი უნდოდა რომ გაეყიდა, მაგრამ ბასტი მამედოვა ამაში არ ეთანხმებოდა. ეგ ბიჭი დაახლობით 34 წლის იყო.“ - საუბრობს ბასტი მამედოვას ერთერთი ნათესავი.
უძრავი ქონების რეეტრში მართლაც ფიქსირდება მიწის ნაკვეთი, რომელსაც ნიჯატ მამედოვი და ბასტი მამედოვა სხვა პირებთან ერთად ფლობდნენ, მაგრამ ნიჯატ მამედოვის ადვოკატის, არჩილ ცაგურიას თქმით, მკვლელობის მოტივად მან ურთიერთშელაპარაკება დაასახელა, მაგრამ მიწის ნაკვეთი არ უხსენებია.
"კონფლიქტი მიწის ნაკვეთის გამო ჩემთვის უცნობია და საქმის მასალებშიც არაფერი არ არის მაგაზე ნათქვამი. არც ბრალდებულს უთქვამს პირადად მიწის თაობაზე არაფერი. პირველად გავიგე ეს თქვენგან."
ადვოკატის თქმით, ნიჯად მამედოვმა დანაშაული თავად აღიარა.
"ბოლო პერიოდში უმუშევარი ვიყავიო და ამის გამო მეჩხუბებოდაო ხშირად. მოუვიდათ შეკალაპარაკება. იმ დღეს, მკვლელობის დღეს, ხელი ჰკრა, მამიდამისი წაიქცა, თავი მიარტყა დივნის ხის სახელურს და გაითიშა. (ნიჯატს ის) გარდაცვლილი ეგონა და ჩაჰყავდა სარდაფში. სარდაფში უკვე გონზე მოვიდა ეს ქლბატონი და მერე ჯოხი რამდენიმეჯერ ჩაარტყა."
ცაგურიასთამ დავაზუსტეთ, რომ სამარხი მამედოვმა არა სარდაფში, არამედ სარდაფის შესასვლელთან გათხარა, მაგრამ მეზობლებმა შენიშნეს და ჰკითხეს, რატომ თხრიდა.
"ამან რაღაც მიზეზი მოიფიქრა მერე უკვე თვითონაც ეჭვი შეეპარა, რომ დაიჯერებდნენ ამას მეზობლები და ამიტომაც გადაიფიქრა. თავიდან იმალებოდა, მაგრამ რამდენიმე დღეში, თვითონ მივიდა პოლიციაში აღიარებით."
დაცვის მხარის განმარტებით, საქმეში დანა არ ფიგურირებს და ბასტი მამედოვა ხის ჯოხით მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა, რაც ექსპერტიზამაც დაადასტურა.
ნიჯატ მამედოვი საშუალო განათლების, განქორწინებული იყო და ოფიციალურად უმუშევრად ითვლებოდა. ის ადრე ნასამართლევიც იყო. "პირობოთი ჰქონდა სასჯელი და გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მოხდა ეს (მკვლელობა)"-- განმარტავს ადვოკატი.
დაცვის მხარეს სადავოდ არაფერი გაუხდია. ადვოკატის თქმით, ნიჯატ მამედოვს მამიდის განზრახ მკვლელობისთვის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და "ერთი წელი პირობითიდან დაუმატეს."
პროკურატურის ვებგვერდის მიხედვით:
საქმის განხილვა რუსთავის საქალაქო სასამართლოში წარიმართა.