ფემიციდი

ნატალია ბეჟანიშვილის მკვლელობა

თამარ კვაჭანტირაძე

2014 წლის 2 ოქტომბერს, ოზურგეთის რაიონის სოფელ დვაბზუში, 40 წლის თემურ რამიშვილმა თავისი მეუღლე, 29 წლის ნატალია ბეჟანიშვილი ეჭვიანობის ნიადაგზე ნაჯახით მოკლა.

ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა. მკვლელობის შემდეგ თემურმა სახლი ცეცხლს მისცა, შემდეგ იქვე ჩამოჯდა და პოლიციის მისვლას დაუცადა.

მეზობელმა სოფო რუსიეშვილმა „გურია ტივის“ განუცხადა, რომ როცა თემურს ჰკითხა, ეს რა ჩაიდინეო, თემურმა უპასუხა: „დავჭერი ნატალია. ცეცხლი წავუკიდე და აგერ ვკლავ. იწვება. არ გავახარებ მაგას”.

2015 წლის 26 თებერვალს სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო, დაადასტურა, რომ მკვლელობის მოტივი შურისძიება იყო, რაც ცოლ–ქმარს შორის გაჩენილი კონფლიქტის ნიადაგზე წარმოიშვა.

ნატალია ბეჟანიშვილი

რამიშვილმა დანაშაული აღიარა. განაჩენის მიხედვით, დანაშაულის ჩადენის დროს დამნაშავეს რაიმე სახის ფსიქოლოგიური პრობლემები არ ჰქონია და ნათლად ჰქონდა გააზრებული, რასაც აკეთებდა – ასეთია სასამართლოს მიერ დანიშნული ფსიქიატრებისა და ფსიქოლოგიის ექსპერტთა დასკვნა. თუმცა, დაკავების შემდეგ მას გაუჩნდა ფსიქიკური პრობლემები რის შედეგადაც ხონში, ქუტირის ფსიქიატრიულ ცენტრში სამკურნალოდ გადაიყვანეს.

ნატალია ბეჟანიშვილს ორი შვილი დარჩა – 7 და 4 წლის.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მკვლელობა ბავშვების თვალწინ მოხდა. დამნაშავის დედის, მერი რუსიეშვილის თქმით, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება: „ბავშვები ჩემთან ერთად იყვნენ და როცა შინ მივიყვანე, უკვე ყველაფერი მომხდარი იყო“.

„გურია ტივის“ ინფორმაციით, მეზობელი სოფო რუსიეშვილი ამბობს, რომ შემთხვევის მომენტში მან ბავშვების ტირილი გაიგონა და როცა მათ ტირილის მიზეზი ჰკითხა, ბავშვებმა უპასუხეს, რომ მამამ დედა მოკლა და სახლი გადაწვა.

მსხვერპლის ძმამ, ნიკოლოზ ბეჟანიშვილმა ამ თემაზე ჩვენთან საუბარი არ ისურვა. მისი თქმით, მის ოჯახს მომხდარზე საუბარი არ სურს და რომ „არ არის საჭირო, ამ ტრაგედიის შესახებ, რომელიც რამდენიმე წლის წინ მოხდა, ოჯახს კვლავ შევახსენოთ“. მან ის მაინც თქვა, რომ დანაშაული ბავშვების თვალწინ მოხდა და დამნაშავე აბსოლუტურად გააზრებულად მოქმედებდა.

დაკავებულის დედის თქმით, ცოლ–ქმარს ერთმანეთი უყვარდა და ერთად ცხოვრების შვიდი წლის განმავლობაში არც კი უჩხუბიათ.

„ჩემი შვილი მეუბნება, რომ ნატალიამ რაღაც დადო ინტერნეტში, რაც ჩემმა შვილმა ვერ გაიგო, რას ნიშნავდა და ამით ნატალიამ ქმარი გაანადგურა, ეს დანაშაულიც ამიტომ მოხდა – ეჭვიანობის გამო“.

მეზობლებმა, რომლებმაც საკუთარი ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავეს, აღნიშნეს, რომ დამნაშავე მართლა კარგი მამა და მეუღლე იყო და საკუთარი შვილებისთვის ყველაფერს აკეთებდა.

„სახლის ღობეც კი გაყიდა იმისთვის, რომ ბავშვებისთვის ტანსაცმელი ეყიდა“, – ამბობს ერთი მეზობელი.

სახლი, სადაც მკვლელობა მოხდა

მეორეს თქმით, წყვილი ყველგან ერთად დადიოდა: „თუ ნატალიას შევხდებოდით ეკლესიაში, ბაზარში, ან კიდევ სადმე, მისი ქმარიც იქვე, შორიახლო ტრიალებდა. კონფლიქტი არაფერზე ჰქონიათ“.

სხვა მეზობლის თქმით: „ცოლ–ქმარი ძალიან კარჩაკეტილად ცხოვრობდა და სამეზობლოში ბევრთან ურთიერთობა არ ჰქონიათ“.

მერი რუსიეშვილი, გარდაცვლილის დედამთილიმეზობელი ქეთევან ხიდიშელი ამბობს: „ამ ოჯახში ძალადობის შესახებ არაფერი მსმენია. ნატალიას სიტყვაც კი არასდროს გადაუკრავს მსგავს რამეზე. მსუბუქადაც რომ ეთქვა, ჩემი ქმარი მოძალადე, უხეშიაო, ეს არ მოხდებოდა. სხვა მეზობლებსაც ძალიან უკვირთ“.

 შემთხვევიდან მეორე დღეს მეზობელმა ამირან რუსიეშვილმა „გურია ტივის“ განუცხადა, რომ წყვილს სულ პრობლემები ჰქონდა და მათთან პოლიციაც ბევრჯერ მისულა.

ერთმა მეზობელმა, რომელმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა, თქვა, რომ ნატალიას ხაშურში, სოფელ გომში დედამისთან გადასვლა სურდა, მაგრამ მისი ძმა ცოლგაყრილი იყო, თავის ორ შვილთან ერთად ისიც დედასთან ცხოვრობდა და ამიტომ იქ ნატალიას ადგილი აღარ იყო.

ახლა მისი ორივე შვილი გომში ცხოვრობს. ბებია, მაიკო ტაბატაძე წელიწადში რამდენჯერმე მიდის თურქეთში ოჯახის სარჩენი ფულის საშოვნელად.