ფემიციდი

ნინო ყიფშიძის მკვლელობა

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი

ნინო ყიფშიძე, 31 წლის, 2018 წლის 22 დეკემბერს ახალციხეში ნაქირავებ სახლში გარდაცვლილი ნახეს. ქალი შიშველი იყო და სხეულზე მრავალი დაზიანება ჰქონდა. გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. ოჯახი პირველივე დღიდან ამტკიცებდა, რომ ქალი სასტიკად ნაწამები იყო.

ექსპერტიზის ბიუროდან ცხედრის ოჯახში გადასვენების შემდეგ გარდაცვლილის სხეულზე ნინო ყიფშიძის მამამ ჰემატომები და დაზიანებები საკუთარი თვალით ნახა.

ყიფშიძეების ოჯახი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას ორ თვეზე მეტი ელოდა. 

ადვოკატმა ნუგზარ სამარჯიშვილმა გვითხრა, რომ ექსპერტიზის პასუხის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი ღებინების შედეგად გამოწვეული ასფიქსია გახდა, მაგრამ გვამს მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით გამოწვეული დაზიანებებიც აღენიშნება.

არის მეორე საეჭვო გარემოებაც: ადვოკატის თქმით, დაკარგულია ნინო ყიფშიძის მობილური ტელეფონი და დაკითხულია მოწმე, რომელიც ამბობს, რომ ნინო ყიფშიძესთან ერთად ბოლოს მყოფმა პირმა ი.გ.-მ თქვა, რომ მან აიღო ნინოს ტელეფონი და სად წაიღო, აღარ ახსოვდა.

ყიფშიძის ოჯახის ადვოკატმა საქმის გადაკვალიფიცირების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა.

"ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა გამოძიების მიმართ, რომ ის ამ კუთხით უნდ აწარიმართოს. ტელეფონი გააქრო, როგორც ჩანს, მიზანმიმართულად. რა შეიძლებოდა ყოფილიყო ტელეფონში ისეთი, რაც არ აწყობდა?"- სვამს კითხვას ადვოკატი.

ყიფშიძის დედას  საგამოძიებო უწყებამ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა.

ოჯახის ინფორმაციით, სიკვდილის მომენტში ნინო ყიფშიძე სახლში მარტო არ იყო და მასთან ერთად მეგობარი მამაკაცი იმყოფებოდა.

ი. გ. პოლიციამ უკვე გამოკითხა. თუმცა, მას შემდეგ ის ადიგენის მუნიციპალიტეტიდან გაუჩინარდა.

ნინო ყიფშიძე"თვითმკვლელობა ნამდვილად არ ყოფილა, უამრავი დაზიანებები აქვს ხელზე, ფეხზე, მკერდზე, მკლავებზე, კისერზე. სულ დაშავებულია, ნაცემია ასი პროცენტით, სხვა ეჭვი არ არსებობს, მოკლულია. ვინც მაგასთან ერთად იყო, ის გააკეთებდა" - ამბობს გარადაცვლილი ქალის მამა ვახტანგ ყიფშიძე.

"დღის 4 საათზე გავაცილე და ღამის 4 საათზე მამამ გარდაცვლილი მოიყვანა" - ამბობს ნინო ყიშიძის დედა, მაია ყიფშიძე.

"ჩემი შვილი ჯანმრთელი იყო, არაფერი სჭირდა. მე, როგორც დედა, ვეძებ სიმართლეს, იმედია, გამოძიება ყველაფერს დაადგენს".

ნინო ყიფშიძის ყოფილი მეუღლე ამტკიცებს, რომ ქალი დეპრესიული არასოდეს ყოფილა.

"13 წელი ერთად ვცხოვრობდით, არაფერი მცდელობა არ ჰქონია. მითუმეტეს, სამ შვილს ზრდიდა და პარტონობდა. არანაირად არ არის თვითმკვლელობა. არაფერი ჰქონია ისეთი, რომ თავი მოეკლა" --  ამბობს ნოდარ ჭილაძე, ნინო ყიფშიძის ყოფილი მეუღლე.

ნინო ყიფშიძე ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულაჯაროში მცირეწლოვან შვილებთან და დედასთან ერთად ცხოვრობდა.

ის ახალციხის ერთ-ერთ რესტორანში მუშაობდა.

იმის გამო, რომ სოფლიდან სამსახურში მისასვლელად დიდი დრო სჭირდებოდა, პერიოდულად ღამეს ახალციხეში, ნაქირავებ ბინაში ათევდა. რესტორანში თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ ქალი დეპრესიული არასოდეს ყოფილა.

სახლის მესაკუთრე, სადაც ნინო ყიფშიძე ცხოვრობდა, იხსენებს, რომ იმ ღამეს ქალს სტუმარი ჰყავდა.

ი. გ.-მ საშველად სახლის პატრონს დაუძახა. ოთახში შესულებს ახალგაზრდა ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

მეპატრონე ამბობს, რომ ი.გ.-მ, რომელიც ქალის თანასოფლელი და დიდი ხნის ნაცნობი იყო, სასწრაფოს ექიმებს უთხრა, რომ გარდაცვლილს არ იცნობდა.

"აქ რომ შემოვედით, სუფრა ჰქონდათ გაშლილი, ეტყობა სვამდნენ. ქალი საწოლზე იყო, შიშველი" - ამბობს სახლის მეპატრონე.

ოჯახმა საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი ჩართო და, ადვოკატის თქმით, ეგსჰუმაციის მოთხოვნით საგამოძიებო უწყებას მიმართავენ.