ფემიციდი

სვეტლანა (დოდე) ამოევას მკვლელობა

2018 წლის 27 ნოემბერს თბილისში, ვაჟა ფშაველას 13 ნომერში მდებარე საცხოვრებელ სახლში, 45 წლის სვეტლანა ამოევა მოკლეს.

ახალგაზრდა ქალი ყელის არეში ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.

ბინაში, რომელშიც მკვლელობა მოხდა, სვეტლანა მის მდგმურებთან --  დედა–შვილ გია და ნინო ხანდოშვილებთან ერთად ცხოვრობდა. სწორედ, ნინო ხანგოშვილმა აღმოაჩინა სვეტლანა ამოევას გვამი.

სვეტლანა ამოევა

‘’სახლში რომ მივედი, კარს არავინ მიღებდა. არადა, ვიცოდი, რომ ბინაში ჩემი შვილი და „ხაზეიკა“ უნდა ყოფილიყვნენ. ძალიან შემეშინდა, ვიფიქრე, ბუნებრივმა აირმა ხომ არ გაჟონა და ხომ არ გარდაიცვალნენ–მეთქი. გამოვიძახე მაშველები. სახლში შესვლისას საზარელი სურათი დამხვდა. სვეტლანა ამოევას ყელი ჰქონდა გამოჭრილი, ჩემი შვილი კი იძახდა, ცუდად ვარო! მერე ფანჯრიდან ხტებოდა და 15 წუთი დაკიდებული მეჭირა ხელში, თუმცა, გამივარდა და ძირს დაეცა.“ – განაცხადა ნინო ხანდოშვილმა.

სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. პოლიციამ გია ხანდოშვილი მკვლელობის ადგილზე დააკავა.

სხეულზე მას მძიმე დაზიანებები ემჩნეოდა. ამიტომ იზოლატორის მაგივრად, მისი საავადმყოფოში გადაიყვანა გახდა საჭირო.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მედპერსონალმა მისთვის სასწრაფო ქირურგიული ოპერაციის გაკეთება მიიჩნია საჭიროდ.

ამ ვითარებაში გია ხანდოშვილისთვის ჩვენების ჩამორთმევა ვერ მოხერხდა.

მოგვიანებით გიორგი ხანდოშვილის ერთ–ერთმა ადვოკატმა გოგა ბოგვერაძემ პრესას განუცხადა, რომ მოკლულსა და ბრალდებულს შორის, შესაძლოა, სქესობრივი კავშირის დამყარების მცდელობას ჰქონდა ადგილი და არ იყო გამორიცხული, რომ მკვლელობა აუცილებელი მოგერიების მიზნით მოხდა.

ბოგვერაძის განცხადებით – „გიორგი ხანდოშვილმა სვეტლანა ამოევას მკერდზე უკბინა, გაბრაზებულმა ქალმა კი ხელი საკვერხცე ჯირკვალზე მოუჭირა და არ უშვებდა. ტკივილის გამო გიორგი ხანდოშვილმა ან აუცილებელი მოგერიების მიზნით დაარტყა დანა, ან ტკივილისგან უმძიმეს აფექტურ მდგომარეობაში იყო.“

 ქირურგის ინფორმაციით, საავადმყოფოში მიყვანისას გიორგი ხანდოშვილს სათესლე ჯირკვალზე ჭრილობა ჰქონდა, თავად ჯირკვალი კი არ ესინჯებოდა. „მოსვლისას, პაციენტს ჯირკვალი არ მოჰყოლია, ჩვენს პრაქტიკაში არ გვქონია შემთხვევა, რომ მსგავსი დაზიანება ადამინს დააბრალონ“ -- განაცხადა ქირურგმა.

სვეტლანა ამოევას მკვლელობაზე ოპერატიულ სამძებრო გამოძიებას თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და ვაკე საბურთალოს სამმართველოების თანამშრომლები ატარებდნენ.

ცოტა ხანში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სვეტლანა ამოევას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, ოფიციალური განცხადება გაავრცელა:

„გამოძიების შედეგად, 1993 წელს დაბადებული გ.ხ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში, ცხელ კვალზე დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 7–დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ვაჟა–ფშაველას გამზირზე, დროებით საცხოვრებელ სახლში, ამავე მისამართზე მცხოვრებ ბინის მფლობელს – 1973 წელს დაბადებულ ს.ა.–ს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. პოლიციამ გ.ხ შემთხვევის ადგილზე დააკავა. დანაშაულის ჩადენის მოტივის და სხვა ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. სამათალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ–ს 108–ე მუხლით მიმდინარეობს.“

წაყენებული მუხლი ბრალედბულის მეორე ადვოკატმა გელა ნიკოლეიშვილმა გააპროტესტა.

„ბრალდებულს ისეთი ფიზიკური დაზიანება აქვს მიღებული, რომლის გაძლებაც შეუძლებელი იყო. წაყენებული მუხლი არ შეესაბამება რეალობას და ამის მთავარი არგუმენტი ისაა, რომ ქალმა დააინვალიდა“ – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

მოგვიანებით, საზოგადოებისთვის მკვლელობაში ბრალდებულის ჩვენება გახდა ცნობილი. ჩვენების თანახმად, გია ხანდოშვილი ნასვამ მდგომარეობაში იყო, როდესაც სვეტლანა ამოევა მის ოთახში შევიდა, საწოლზე ჩამოჯდა და ახალგაზრდა მამაკცს სქესობრივი კავშირი შეთავაზა. ხანდოშვილი დათანხმდა, მოულოდნელად, სვეტლანა აგრესიული გახდა. „მარცხენა სათესლე ჯირკვალზე ხელი მომიჭირა. ვუთხარი, გამივიშვი –მეთქი, მაგრამ არ გამიშვა. ცემა დავუწყე სახეში და თავში. ჩხუბის დროს გადავვარდით ორივე ძირს და დავინახე თეთრტარიანი დანა, რომლითაც სვეტა თუთიყუშებს ხილს უჭრიდა. ასევე დავინახე, სვეტას მარჯვენა ხელში ეჭირა ჩემი სათესლე ჯირკვალი გამოგლეჯილი და მეორეს გამოგლეჯაც უნდოდა. ინსტიქტურად ჩავარტყი სვეტას ყელში ეს დანა. ვერ ვსაზღვრავდი ჩემ მოქმედებას. მისი ამ საქციელის მიზეზი, ალბათ, ის იყო, რომ სიმთვრალის გამო, ერექცია არ მქონდა. დანის დარტყმის მერე მას გაეშვა ხელი და გადავარდა ზურგზე. ამის მერე ოთახში, სიმწრისგან, სირბილი დავიწყე. ვეჯახებოდი ნივთებს, მერე აბაზანაში ხელები დავიბანე. სვეტას შევხედე და ეგდო სისხლში. მივხვდი, რომ მკვდარი იყო.“

გია ხანდოშვილის მიერ მიცემული ეს ჩვენება, პროკურატურაში ინახება. პროკურატურა იცავს გარდაცვლილი სვეტლანა ამოევას მხარის ინტერესებსაც.

დოდე – ასე ეძახდნენ სვეტლანას მისი ძმები, რომლებსაც საკუთარი და რამდენიმე წელი არ ჰყავდათ ნანახი. სვეტა მის ძმებს და ახლობლებს მოსკოვში ეგონათ.

„ჩვენ პირიქით გვეუბნებოდა, რომ მისი ძმები ცხოვრობდნენ მოსკოვში და საკუთარი ბიზნესი ჰქონდათ. “ – აცხადებს ირაკლი ვაჩიბერაძე, რომელიც სვეტლანასთან, გია და ნინო ხანგოშვილებთან ერთად, რამდენიმე თვის განმავლობაში, ერთ ბინაში ცხოვრობდა.

ირაკლი ვაჩიბერაძემ სვეტლანა მკვლელობამდე 11 თვით ადრე გაიცნო, როდესაც მისგან ბინა იგირავა. გირაოს პირობა ის იყო, რომ მასთან ერთად დიასახლისსაც უნდა ეცხოვრა.

„ვიფიქრე, რა პრობლემაა, დამლაპარაკებელი მეყოლება-მეთქი. ფული გადავუხადე, მაგრამ ნოტარიუსში წასასვლელად ხან მე არ მეცალა ხან – იმას. მერე ვიფიქრე, უკვე გავიცანი, სანდოა, ზედ მყვება, კერძებს მახვედრებს და რაღად მინდა ნოტარიუსი–თქო. რამდენიმე თვეში მითხრა, ყაზბეგზე ერთი ბინა იყიდება და ჩემ ძმას უნდა, რომ მიყიდოს. ჩვენ იქ გადავიდეთ, ვაჟა–ფშაველას ბინას კი გავაქირავებო. მართლაც, საცხოვრებლად ორივე ყაზბეგზე გადავედით. ქუთაისში რომ ვბრუნდებოდი, ჩემს დიასახლისს დაველაპარაკე, რომ მივდივარ და ფული მჭირდება–თქო. მითხრა, წადი და ფულს ქუთაისში მალევე დაგიბრუნებო. ცოტა ხანში კი მისი მკვლელობის ამბავი ტელევიზორით გავიგე. მერე აღმოჩნდა, რომ ბინები ვაჟაზე და ყაზბეგზე თავად ნაქირავები ჰქონია და რამდენიმეჯერ ჰქონდა სხვებზე გაგირავებული. მკვლელობა მესამე ბინაში მოხდა. ისიც ქირით ჰქონდა აღებული. ბრალდებულს ვიცნობდი, რამდენიმე ხნის განმავლობაში ერთ სახლში, გვერდიგვერდ ოთახებში ვცხოვრობდით. ნორმალური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. სვეტლანას რაც შეეხება, თანაცხოვრებისას მისგან მხოლოდ სიკეთე მახსოვს. არაფერი ცუდი ამ ქალისთვის არ შემიმჩნევია, ჩემს მიმართ დედაშვილური დამოკიდებულება ჰქონდა.“

სვეტლანა – დოდე ამოევას 8 დედმამიშვილი ჰყავს. მისმა ძმებმა, რომლებიც თბილისში ცხოვრობენ, გამოძიებას განუცხადეს, რომ დოდე მათ თვეში ერთხელ ურეკავდა და ეუბნებოდა, რომ მოსკოვში ცხოვრობს და მუშაობს. დოდეს ძმები მეგირავნეებისთვის სვეტლანას მიერ გამორთმეული ფულის გადახდაზე უარს აცხადებენ. წლების უნახავი და დაკრძალეს და ახლა გამოძიებასთან თანამშრომლობენ. სვეტლანა ამოევას მკვლელობის საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა უნდა განიხილონ. მსაჯულების შერჩევის პროცესი კი დღემდე მიმდინარეობს. ბრალდებულის ადვოკატის გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, შერჩევა, სავარაუდოდ, ივლისის ბოლოს დასრულდება და სასამართლო პროცესიც დაიწყება.