ავტორი: დავით მსახურაძე
საერთაშორისო ტრეფიკინგის მსხვერპლნი საქართველოში ძირითადად ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან არიან (ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი)
2013 წლის 23 მაისს, ბეშუმში, 29 წლის უზბეკი ქალის ბარგიზბეგიმ რახმანოვას მიერ დაქირავებულმა ორმა მამაკაცმა უზბეკი გოგონა მოკლეს. რახმანოვა ხუთ უზბეკ ქალს დაჰპირდა, რომ თურქეთში მაღალანაზღაურებად სამსახურში წაიყვანდა, მაგრამ ჩავიდნენ თუ არა ქალები შავი ზღვისპირეთში, ქალაქ ბათუმში, რახმანოვამ ისინი ხიმშიაშვილის ქუჩის #11–ში მდებარე, #39–ე ბინაში მიიყვანა, პასპორტები ჩამოართვა, გარეთ გასვლა აუკრძალა და სხვადასხვა ტიპის კლიენტებთან, ფულის სანაცვლოდ, ნაძალადევ სექსუალურ ურთიერთობებში ჩართო.
თუ ქალებს გაჯიუტებას შეატყობდა, რახმანოვა მათ მუქარებით ავსებდა – ეუბნებოდა, რომ ბათუმში მცხოვრებ უზბეკ მამაკაცებს აცემინებდა მათ თავს; რომ გოგონების პროსტიტუციის ამბავს თვითონვე შეატყობინებდა ბათუმის პოლიციას და დააჭერინებდა; რომ „ყველაფერს“ გააგებინებდა მათ ნათესავებსაც.
გოგონებს 3 ათასი დოლარი უნდა გამოემუშავებინათ და რახმანოვასთვის მიეცათ – ეს იქნებოდა მათი „სამგზავრო ხარჯის“ ანაზღაურება. გოგონებმა მოგვიანებით ჩვენება მისცეს, რომ რახმანოვა მათ თითქმის მთელ ფულს ართმევდა და საკვებზე საკმარის თანხასაც კი ძლივს უტოვებდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, პირველი გოგონა ბათუმში 2012 წლის 24 ივნისს ჩავიდა, ბოლო კი – 2013 წლის 19 მაისს. მესამე გოგონამ, 25 წლის რაიხონ კ.–მ ბათუმამდე 2013 წლის 5 აპრილს ჩააღწია.
ერთი თვის შემდეგ ის უკვე უპირისპირდებოდა რახმანოვას, ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელი ჩანდა და დახმარებას საჭიროებდა. ერთ–ერთი გოგონა, დილობარ რ. იხსენებს, რომ ის საკუთარი თვალით ხედავდა, როგორ სცემდა რახმანოვა რაიხონ კ.–ს, რადგან ის დისკო–კლუბში წასვლაზე და იქ მეძავად მუშაობაზე უარს აცხადებდა.
რაიხონ კ. აფრთხილებდა რახმანოვას, რომ ისევ უზბეკეთში დაბრუნდებოდა და მისი არალეგალური და ძალადობრივი ქმედებების შესახებ პოლიციას შეატყობინებდა.
რახმანოვა დაუკავშირდა საქართველოს მოქალაქეს კახა დიასამიძეს და უზბეკეთის მოქალაქეს, ხაიოტ რ.–ს, რომლებიც ბათუმში იმყოფებოდნენ და ჯამში 2 ათასი დოლარი შესთავაზა ორივეს რაიხონ კ.–ს მოსაკლავად. რაიხონის თავიდან მოცილება რახმანოვას ძალიან სჭირდებოდა, რადგან ეს გოგონა მის ბიზნესს საფრთხის ქვეშ აგდებდა.
ორივე კაცი დათანხმდა შემოთავაზებას და დასახელებული თანხის სანაცვლოდ რაიხონის მოკვლა განიზრახა. 2013 წლის 22 მაისს კაცებმა რაიხონ კ.–ს თბილისის აეროპორტამდე ჩაყვანა შესთავაზეს – იქიდან უზბეკეთში გაფრენა უკვე იოლი იყო. თუმცა, ხაშურამდე როგორც კი ჩავიდნენ, რაც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს შორის თუ მგზავრობთ, ერთგვარი შუა მონაკვეთია, კაცებმა მძღოლს და მანქანის პატრონს, ანზორ დიასამიძეს სამხრეთით, ახალციხისკენ გადახვევა სთხოვეს.
ანზორ დიასამიძემ იმ მომენტში ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ მკვლელობა იგეგმებოდა. კახა დიასამიძემ და ხაიოტ რ.–მ რაიხონ კ. თავში ქვის ჩარტყმით მოკლეს. მკვლელობა მოხდა ბეშუმის მახლობლად, დაუსახლებელ ტერიტორიაზე, რომელსაც შქერნალს ეძახიან. გარდაცვლილი ქალის გვამი იქვე, შორიახლოს, დამალეს, მისი პირადი ნივთები კი დაწვეს. დანარჩენ გოგონებს რახმანოვამ გამოუცხადა, რომ რაიხონ კ. უზბეკეთში გააბრუნეს.
მან თითოეულ მათგანს ტელეფონის ნომრის შეცვლაც აიძულა. 2013 წლის 1 ივნისს რახმანოვა უზბეკეთში გაემგზავრა. ბათუმში კი გოგონების პასპორტები დატოვა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ რახმანოვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143–ე (ცოცხალი ადამიანებით ვაჭრობა) და 109–ე მუხლების (დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ჩადენა) მიხედვით, დამნაშავედ სცნო. მას სამუდამო პატიმრობა შეეფარდა. თუმცა ის კვლავაც თავისუფალია და არავითარი ინფორმაცია მისი ახლანდელი ადგილ–მდებარეობის შესახებ ცნობილი არ არის.
კახა დიასამიძეს 17–წლიანი პატიმრობა შეუფარდეს, ხაიოტ რ.–ს – 18 წლიანი. მძღოლს, ანზორ დიასამიძეს კი მიუსაჯეს ორი წელი მკვლელობის შესახებ ინფორმაციის დამალვისთვის. მისი თქმით, კახა დიასამიძე მისი ნათესავია და რადგანაც კახა თავის მეგობართან ერთად დაემუქრა, იძულებული გახდა, მკვლელობის შესახებ ინფორმაცია დაემალა. კახა დიასამიძეს ბრალი არ უღიარებია. ხაიოტ რ.–მ საკუთარ თავზე აიღო დამამძიმებელი გარემოებები.
მან თქვა, რომ მკვლელობის მოტივი იყო რაიხონ კ.–ს წინააღმდეგ მიმართული შურისძიება მისი 4 წლის შვილის გატაცების გამო. Atipfund Georgia სამთავრობო ფონდია, რომელიც ტრეფიკინგის მსხვერპლს იცავს. ისინი დაზარალებულებს სამი თვის განმავლობაში თავშესაფარს, ფსიქოლოგიურ და სოციალურ რეაბილიტაციას, სამედიცინო მომსახურებას, იურიდიულ დახმარებას, ერთჯერად კომპენსაციას და, თუ საჭიროა, თარჯიმნის სერვისსაც სთავაზობენ.
Atipfund Georgia–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ქეთი ბეროშვილის თქმით, მათთან ტრეფიკინგის მსხვერპლს საქართველოს შს სამინისტრო, არასამთავრობო ორგანიზაცია, სამედიცინო ინსტიტუციები და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები ამისამართებენ. მოქმედებს ცხელი ხაზიც (116 006) გადაუდებელი დახმარების საჭიროების შემთხვევაში. ბერიშვილის თქმით, მითითებულ ნომერზე ნებისმიერს შეუძლია დარეკვა, ვინც ფიქრობს, რომ თვითონაა ტრეფიკინგის მსხვერპლი.
ზარს დაუყოვნებლივ მოჰყვება რეაგირება – დაზარალებულს უმალ აღმოუჩენენ შესაბამის დახმარებას. საკონსულტაციო ცხელი ხაზი ტრეფიკინგთან დაკავშრებული საკითხების შესახებ. ინფორმაცია ზარების შესახებ 2014–2016 წლებში.
Atipfund–ის მიხედვით, 2014 წელს მათ 121 ზარს უპასუხეს, 2015 წელს – 189 ზარი მიიღეს, 2016 წელს კი – 123. 2014 წელს თავშესაფარი სულ 5 მსხვერპლმა მოითხოვა, 2015 წელს – ექვსმა, 2016 წელს კი – ოთხმა. 2014 წელს, გარდა ამისა, გაიცა 9 ერთჯერადი კომპენსაცია ტრეფიკინგის მსხვერპლებზე, 2015 წელს გასცეს 18 ასეთი საკომპენსაციო თანხა, 2016 წელს კი – სულ ორი.
ერთჯერადი კომპენსაცია, რომელსაც ტრეფიკინგის მსხვერპლი იღებს.
Atipfund–ს საქართველოში ორი თავშესაფარი აქვს, ბათუმში (რომელიც 2006 წელს გაიხსნა) და თბილისში (2007). თუმცა, მსხვერპლს თავშესაფარში დარჩენა მხოლოდ 3 თვიდან ერთ წლამდე შეუძლია. თავშესაფრიდან გასვლის შემდეგ კი Atipfund–ის სოციალური მუშაკი მსხვერპლთან დაკავშირებას ყოველ სამ თვეში ერთხელ ცდილობს. ბერიშვილის მიხედვით, ფონდის უცხოელ ბენეფიციარებს შორის ძირითადად არიან ტაჯიკეთის, უზბეკეთის და ყირგიზეთის მოქალაქენი.
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 80 ადამიანი ოფიციალურად აღიარეს ტრეფიკინგის მსხვერპლად. მათი უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეები არიან.