ფემიციდი

რიტუალური მკვლელობა ლაბირინთში

ავტორი: ჯავიდ რამაზანოვი

საქართველოს ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე სასტიკი დანაშაული გაურკვეველ ვითარებაში მოხდა.

სახლის სადარბაზო

ლუბა ყოჩიაშვილი

2016 წლის 19 ოქტომბერს, თბილისში ახალგაზრდების ჯგუფმა რიტუალური მკვლელობა ჩაიდინა. მათ სიცოცხლეს გამოასალმეს 76წლის ლუბა ყოჩიაშვილი.

დაკავებულთაგან ერთ–ერთია გარდაცვლილის 18 წლის ნაშვილები ქალიშვილი. დანარჩენები კი მისი შეყვარებული და სამი მეგობარი არიან.

დაჯგუფების ყველა წევრი 2016 წლის ნოემბერში დააკავეს.

გამოძიების დროს, გოგონას შეყვარებულმა თქვა, რომ მოკლული ქალის შინაგანი ორგანოების ნაწილი შეჭამა. ეს რიტუალური მკვლელობა და კანიბალიზმის ამსახველი აქტი ბოლო წლების ყველაზე სკანდალური კრიმინალური შემთხვევაა საქართველოში.

თბილისის ამ გარეუბნის, სამგორის მეტრო–სადგურის მიმდებარე ტერიტორიას თვალწარმტაცი ნამდვილად არ ეთქმის. აქ ღია ცის ქვეშ მოწყობილია სასოფლო პროდუქტების ბაზარი, უამრავი ხალხი ყიდის და ყიდულობს ხილ–ბოსტნეულს.

თავდაპირველად აუცილებლად დაგაეჭვებთ ჰიგიენისა და სისუფთავის ნორმები, მაგრამ ხალხი აქ ასე ცხოვრობს და მიჩვეულია. სამგორის მეტრო–სადგურიდან იმ ადგილამდე, სადაც ეს სასტიკი დანაშაული მოხდა, სულ რამდენიმე კილომეტრია. ფეხითაც შესაძლებელია წასვლა, თუმცა ტაქსი უფრო მალე მიგიყვანთ.

ვიდრე ტაქსიში ჩავჯდებოდი, მძღოლს ვკითხე, იცოდა თუ არა, სად მდებარეობდა ბოგდან ხმელნიცკის 5 ნომერი, მიპასუხა, რომ მისამართი იცოდა, მაგრამ მგზავრობიდან ოცი წუთის შემდეგ, მივხვდი, რომ მომატყუა – მისამართი ტაქსის მძღოლმა არ იცოდა, ნაცნობებს ურეკავდა, ეკითხებოდა, თუმცა, ვერავინ დაეხმარა.

ბოლოს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩის #5 სახლთან გაჩერდა და მითხრა, რომ სწორედ ეს იყო მისამართი, რომელსაც ვეძებდი.

მატყუებდა.

ავუხსენი, სადაც მივდიოდი, ვუამბე რიტუალური მკვლელობისა და კანიბალიზმის შემთხვევის შესახებ, რომელიც ამ უბანში მოხდა, ვიფიქრე, რომ საქართველოში ყველამ იცოდა ამ შემთხვევის შესახებ, მაგრამ, ჩემდა გასაოცრად, ტაქსის მძღოლმა არაფერი იცოდა.

ბოლოს, უეცრად, ის ერთ–ერთ სახლთან გაჩერდა და მითხრა, რომ მეტით ვერაფრით დამეხმარებოდა, უნდა გადავსულიყავი მანქანიდან და მისამართი ჩემით მომეძებნა. გზას ფეხით გავუყევი და 30–წუთიანი ძებნის შემდეგ, ვიპოვნე კიდეც.

უბანი, სადაც მკვლელობა მოხდა

ეს რაიონი საბჭოთა პერიოდში გაშენდა. შენობების უმეტესობა აქ ერთმანეთს ჰგავს. ქუჩებიც, მოსახვევებიცა და ჩიხებიც კი ერთმანეთის მსგავსია.

უცებ, გონებაში გამიელვა კიდეც, რომ ლაბირინთში მოვხვდი. საბედნიეროდ, ამ უცნაურ ადგილზე ხალხი ტრიალებდა. სწორედ მათ ვკითხე იმ ადგილის შესახებ, სადაც კრიმინალი მოხდა.

ერთი ახალგაზრდა, სახელად შალვა, რომელიც დახმარებას შემპირდა, თურმე, მოკლული ქალბატონის შვილს პირადად იცნობდა.

შალვამ გოგონას შესახებ ასე მიამბო: „ამ უბანში ვცხოვრობ. ამიტომ ვხედავდი კიდეც ამ გოგოს, განსაკუთრებით, საღამოობით. სულ ჩუმი ტიპი იყო, მისი ხმაც არასდროს გამიგია.

აშკარად ეტყობოდა, რომ ძალიან გულჩათხრობილი ადამიანია, საკმაოდ უცნაური ჩანდა. ყურში სულ ყურსასმენი ჰქონდა გარჭობილი და წიგნი ეჭირა.

არ ვიცი, რა ტიპის წიგნებს კითხულობდა, ხალხი ახლა ამბობს, რომ სატანისტური სექტის წევრი იყო, და დედაც ამიტომ მოკლაო, თუმცა, მე არ ვიცი, წიგნები, რომელსაც მის ხელში ხშირად ვხედავდი, სატანისტური იყო თუ არა, სათაურები არასდროს დამინახავს... თუმცა, თუ სიმართლე გინდათ, ძალიან მშვიდი, უბოროტო გარეგნობა ჰქონდა, სუსტი და მორჩილი ჩანდა.

წარმოდგენაც არ შემეძლო, თუ მსგავსი სისასტიკის ჩადენა შეეძლო“... ბოლოს მივადექი კიდეც იმ შენობას, სადაც რიტუალური მკვლელობა მოხდა.

შალვა წავიდა, მითხრა, რომ ეჩქარებოდა. აქ მცხოვრები გოგონას და აქვე ჩადენილი მკვლელობის შესახებ ახლო–მახლო კორპუსებში მცხოვრებ ადამიანებს დავუწყე კითხვების დასმა.

თუმცა, სათქმელი ბევრი არაფერი ჰქონდათ. იმავეს იმეორებდნენ, რაც შალვამ მითხრა:

რომ გოგონა გულჩათხრობილი ჩანდა;

რომ არასდროს დაუნახავთ ვინმესთან ერთად;

რომ ყოველთვის უსმენდა მუსიკას;

სუსტი და დაუცველი გარეგნობა ჰქონდა და რომ დაიზაფრნენ, როცა ამ რიტუალური მკვლელობისა და კანიბალიზმის შესახებ გაიგეს.

მეზობლებმა გოგონას და დედამისის ბინის ნომერიც მითხრეს, მაგრამ ამიხსნეს, რომ სახლი გაყიდული იყო და რომ იქ ახლა არავინ ცხოვრობდა. შენობაში შევედი.

მთელ ქვეყანაში საბჭოთა პერიოდში აშენებული ასეთი სახლი, ალბათ, ათასობით დგას. შევხვდი ორ მეზობელს, რომლებიც იმავე სართულზე ცხოვრობენ, სადაც ინციდენტი მოხდა.

ერთმა მათგანმა სხვების ნათქვამი გაიმეორა, მეორემ, თამაზმა კი მეტი ინფორმაცია მომცა: „აქ, მეუღლესთან ერთად, 2011 წლიდან ვცხოვრობ. ბევრი არაფრის თქმა არ შემიძლია გოგონას და მისი ოჯახის შესახებ. შეიძლება უცნაურადაც ჟღერდეს, მაგრამ ის სულ რამდენჯერმე მყავს ნანახი. მე და ჩემი ცოლი დაკავებული ხალხი ვართ. დილაობით სამსახურში მივდივართ და შინ გვიან ვბრუნდებით. ხომ გესმით, ამ სახლში ყველა კარჩაკეტილად ცხოვრობს, ურთიერთობა ერთმანეთთან დიდად არ გვაქვს. ხვდები მეზობელს და მხოლოდ მისალმებით შემოიფარგლები, სულ ესაა. ამ გოგონასთანაც ასე ვიყავი. სულ რამდენჯერმე მენახა. ერთხელ ლიფტითაც ვიმგზავრეთ ერთად, მაგრამ წესიერად არც კი შემითვალიერებია. არაფერი გამიგია იმ მომენტში, როცა კრიმინალი მოხდა. შემთხვევის შესახებ მხოლოდ მაშინ გავიგე, როცა პოლიცია და სხვა ოფიციალური პირები მოვიდნენ“

... აი, ახლა უკვე იმ ბინის კართან ვდგავარ, სადაც კრიმინალი მოხდა. რაღაც უცნაური აურა ტრიალებს აქ, რომლის სიტყვებით გადმოცემაც რთულია. ჩუმი რაიონია, ჩუმი და უხმაური ქუჩა, ასეთივე კარი... და მაინც, სწორედ ამ კარის მიღმა, ცოტა ხნის წინ, ახალგაზრდებმა აწამეს, აკუწეს და წამებით მოკლეს დაუცველი მოხუცი ქალი. რაღა თქმა უნდა, რომ უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს აქ დგომა...

ოფიციალური უწყებების მტკიცებით, კრიმინალები მკვლელობის აქტს მობილური ტელეფონის კამერით იღებდნენ. გარდაცვლილი ქალის ნაშვილებმა გოგონამ აღიარა, რომ ის სექტის წევრი გახლდათ, დედასთან კი მუდამ კონფლიქტი ჰქონდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადების მიხედვით, სამი ახალგაზრდა, რომელთა ასაკიც 17–დან 23 წლამდეა, ამ რიტუალურ მკვლელობაში უშუალოდ მონაწილეობდა.

„სამმა დაკავებულმა მოხუცი ქალი ელექტრო –შოკის გამომწვევი მოწყობილობით გათიშეს და შემდეგ დანით აკუწეს. მათ ლუბა ყოჩიაშვილის გვამი დიდ პარკში მოათავსეს და ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს. ამ ბინის დროებითი მფლობელი ბექა შენგელია (ერთ–ერთი სავარაუდო დამნაშავე) გახლდათ. გვამი დამნაშავეებმა სწორედ იქ დაანაწევრეს“, – წერია ოფიციალურ განცხადებაში.

„იმავე საღამოს, დაკავებულებმა გვამი გლდანში, მერვე პენიტენციურ დაწესებულებასთან მდებარე დახურულ ნაგავსაყრელზე გადაიტანეს, წინასწარ შეძენილი საწვავი გადაასხეს და დაწვეს, გვამის დანარჩენი ნაწილები თხრილში ჩაყარეს დანაშაულის დასაფარად“.

რიტუალურ მკვლელობას ღრმა ფესვები აქვს და ადამიანის მსხვერპლად შეწირვის აქტს უკავშირდება. ისტორიკოსების მიხედვით, ადამიანის მსხვერპლად შეწირვა გავრცელებულ პრაქტიკად ბრინჯაოს ხანაში იქცა. თუმცა, კაცობრიობის განვითარებასთან, კულტურის დახვეწასთან და ცივილიზაციის პროგრესთან ერთად, ადამიანებმა მსხვერპლშეწირვა ნელ–ნელა შეწყვიტეს.

თანამედროვე საზოგადოებებმა კი ის ბარბაროსულ, პრეისტორიულ აქტად შერაცხეს. მეტიც, თანამედროვე სამყაროში, ცხოველების მსხვერპლშეწირვის პრაქტიკაც კი ყველა მთავარი რელიგიიდან ნელ–ნელა ქრება.

BBC–ის საკმაოდ ხშირად წაკითხულ სტატიაში, სათაურით, „ბიჭები, რომელთაც მსხვერპლშეწირვისთვის იყენებდნენ“, წერია, რომ ადამიანთა მსხვერპლშეწირვა უკიდურესად იშვიათ მოვლენად იქცა: „რელიგიების უმრავლესობა მსგავს პრაქტიკას გმობს, თანამედროვე, სეკულარული კანონმდებლობა კი ამ პრაქტიკას მკვლელობად მოიხსენიებს. შესაბამისად, იმ საზოგადოებებში, რომლებშიც დაგმობილია ადამიანის მსხვერპლად შეწირვის აქტი, მის აღსაწერად გამოიყენებენ ტერმინს რიტუალური მკვლელობა“.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვარაუდობენ, რომ საქმე გვაქვს სატანისტურ რიტუალურ ძალადობასთან Satanic Ritual Abuse – SRA), რადგან გარდაცვლილის შვილმა აღიარა, რომ სექტის წევრი თავად გახლდათ. ეს დაჯგუფება, აბრევიატურით SRA პირველად აშშ–ში, 1980–იან წლებში აღწერეს, თუმცა შემდეგ უკვე მთელ მსოფლიოში გავრცელდა.

ანგარიშების მიხედვით, ამ დაჯგუფების წევრები მსხვერპლს ფიზიკურად და სექსუალურად შეურაცხყოფენ, კონტექსტი კი ოკულტისტური, ან სატანისტური რიტუალებია. როგორც თბილისში მომხდარი ინციდენტის შემთხვევაში, ამ ძველი ამერიკული სექტის წევრებიც აწამებდნენ თავიანთ მსხვერპლს, სერავდნენ დანით, ანაწევრებდნენ ნაწილებად და წვავდნენ სხეულს.

თუმცა SRA–ს მიერ განხორციელებული მსგავსი შემთხვევები იმდენად იშვიათი იყო, რომ მკვლევართა დიდ ნაწილს არც კი სჯეროდა, რომ ეს სექტა არსებობდა. მიუხედავად ამისა, ფაქტია, რომ თბილისის შემთხვევაში სწორედ SRA–სთან ძალიან მიმსგავსებული დანაშაული მოხდა.

 გამოძიების დროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ერთ–ერთმა ეჭვმიტანილმა კანიბალიზმიც აღიარა. თანამედროვე საზოგადოებებში კანიბალიზმიც უკიდურესად დაგმობილია და თანამედროვე სამყაროშიც ძალზე იშვიათად გვხვდება.

საინტერესოა, რომ ადამიანის ხორცის ჭამა არაა ჩამოთვლილი მენტალური დარღვევების სიაში, რომელიც ამერიკაში შედგენილ, მენტალური დარღვევების დიაგნოსტიკისა და სტატისტიკის სახელმძღვანელოს ახლავს.

მთელი ეს ფაქტები, დეტალები და ინტერვიუები ბუნდოვანებით მოცულ მკვლელობის ისტორიას ჰგავს. ჩუმი, გულჩათხრობილი და უბოროტო გოგონა ერთ დღესაც ყველაზე სასტიკ და შემზარავ დანაშაულს სჩადის მეგობრებთან ერთად.

კითხვა, თუ რატომ გააკეთა ასე, კვლავაც რჩება. იყო თუ არა ეს შურისძიება? სიგიჟე? აქვს თუ არა მენტალური დარღვევები? მის მეგობრებს რა სჭირდათ? არსებობს თუ არა სექტა, რომელიც SRA–ს ჰგავს? ამ ეტაპზე მსგავს კითხვებზე პასუხის გაცემა რთულია. სასამართლო პროცესი კვლავაც გრძელდება...

როცა შენობიდან გამოვედი, გადავწყვიტე, იქვე, უბანში ცოტა ხნით კიდევ გამესეირნა. მართლა ძალიან მჭიდროდ დასახლებული რაიონია, მაგრამ კიდევ ერთხელ შევნიშნე, რომ ადამიანებს შორის მჭიდრო, ახლო ურთიერთობები აქ არ არსებობს.

აქ ადამიანები ერთმანეთისგან გარიყულად, კარჩაკეტილად ცხოვრობენ. კარი ყველას საგულდაგულოდ აქვს ჩაკეტილი და არ ინტერესდება, თუ რა ხდება სხვის კარს მიღმა. ასეთი შენობები და ქუჩები ამ უბანში კიდევ მრავლად შემხვდა – ობობას ქსელივით მოსდებიან იქაურობას.

პირველი შთაბეჭდილებაც ამ რაიონის შესახებ ზედგამოჭრილი აღმოჩნდა: ეს დასახლება ლაბირინთს მართლა ჰგავს. ვინ იცის, ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობა შეიძლება ამ ლაბირინთში გზას მშვენივრად აგნებს, თუმცა, უნდა ვივარაუდოთ, რომ აქ მცხოვრებ ერთ გოგონას, ჩახლართულ მოსახვევებში გზა აერია.