ფემიციდი

ფემიციდ-სუიციდის დახურული შემთხვევა

ავტორი:გვანცა აქიაშვილი

“თვითონ სიცოცხლე და ადამიანებთან ურთიერთობა - ეს იყო მისი ჰობი. ის იყო ძალიან ხალისიანი და ენერგიული პიროვნება, ძალიან თბილი“, - იხსენებს ნინო მჭედლიშვილი, 2012 წლის 3 აპრილს თბილისში, რადიანის ქუჩაზე მოკლული 40 წლის მანანა ზუბიაშვილის მეგობარი.

სამართალდამცავები მკვლელობის ადგილზეშემთხვევიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ზუბიაშვილის მკვლელობის საქმე შეწყდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის, 2 პარაგრაფის, გ პუნქის თანახმად. გამოძიებამ დაასკვნა, რომ მანანა საკუთარმა მეუღლემ მოკლა. რომელმაც სიცოცხლე თავად სუიციდით დაასრულა.

„კარი დაკეტილი იყო, არავინ გვპასუხობდა. ასეთ შემთხვევებში ყოველთვის ცუდი ფიქრები მოგდის თავში. ასე რომ, მისმა მეგობრებმა პოლიციაში დარეკეს“, იხსენებს 45 წლის მარიამი, მეზობელი. მანანა სამსახურში არ მივიდა, არ პასუხობდა თანამშრომლების და მეგობრების ზარებს. დაახლოებით 2 საათზე, მანანას შვილი ვატო, რომელიც იმავე ორგანიზაციაში მუშაობდა, დედის საძებნელად სახლში წავიდა. პოლიციამ, ვატომ და თანამშრომლებმა მანანა და მისი მეუღლე იარაღის ტყვიით გარდაცვლილები იპოვნეს.

ჯერაც რთულია ზუსტად საუბარი იმაზე თუ რა გადახდა წყვილს, არც იმის თქმა შეუძლია ვინმეს დანამდვილებით თუ რა მოხდა მათ შორის. ერთადერთი ოფიციალური ვერსიის თანახმად, 52 წლის ნიკოლოზ მახაშვილმა მოკლა მისი მეუღლე და შემდეგ, თავი მოიკლა. პროკურორი ნანა ჯაყელის თქმით, საქმე დახურული იქნა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105 მუხლით, რომელიც გულისხმობს სისხლისსამართლერივი დევნის შეწყვეტას ბრალდებულის გარდაცვალების შემთხვევაში.

მანანა ზუბიაშვილი

მეგობრებსა და ნათესავებს მსგავსი სცენარი წარმოუდგენლად ეჩვენებათ. მანანას მხრიდან ოჯახურ კონფლიქტზე ან მეუღლესთან პრობლემებზე საუბარს ვერც მისი თანამშრომლები რადიო ფორტუნადან ვერ იხსენებენ. თუმცა, მაია მაზანაშვილი, რადიო ფორტუნას მარკეტინგის მენეჯერი იგონებს , რომ იმ დღეს, როდესაც მანანა სამსახურში ბოლოჯერ გამოცხადდა, ის აღელვებული იყო მის მეუღლეზე და ადრე წასვლა ითხოვა.

ვატო სეფიაშვილს, მანანას შვილს მისი პირველი ქორწინებიდან, არ სურს ამ ინციდენტზე საუბარი. ფაქტი მეტად მძიმეა სასაუბროდ ოჯახის სხვა წევრებისთვისაც. „დეტალების გახსენება და ახალი რამეების ძიება ამ შემთხვევაზე ვერაფერ მოგვცემს. ვეღარაფერს შევცვლით. ის აღარ არის ჩვენთან. მიზეზებზე ფიქრი უფრო გვამძიმებს“, - განაცხადა მანანას ახლო ნათესავმა.

მანანა ზუბიაშვილი რადიო ფორტუნასა და რადიო საქართველოში რამდენიმე წლის განმავლობაში მარკეტინგის დეპარტამენტში მუშაობდა. მისი მეგობრები მას აქტიურ, სიცოცხლით სავსე ადამიანად ახასიათებენ. “მას მეგობრების წრეში ყოფნა უყვარდა, შოპინგი, ტბასთან ვარჯიში და... ცხოვრება. ყოველთვის ენერგიით სავსე იყო “, იხსენებს ნინო მჭედლიშვილი, მანანას მეგობარი.

ფსიქოლოგ ირაკლი ქავთარაძის თქმით ოჯახში კაცის მხრიდან ქალზე ძალადობის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მისი მხოლოდ ოჯახის პრობლემის ჭრილში დანახვაა. ქავთარაძე ამბობს, რომ „თანამედროვე ღირებულებები ანგრევს შეხედულებებს ქალის აქამდე მკაცრად განსაზღვრულ როლზე, რომელიც კრძალავდა ქალის აქტიურ ცხოვრებას. ეს ცვლილებები კაცებში აგრესიას იწვევს”.

მომატებული ფემიციდის შემთხვევების პრობლემას სახელისუფლებო სტრუქტურებიც აღიარებენ. იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თავის ოფიციალურ განცხადებაში თქვა, რომ მთავრობა ახორციელებს შესაბამის პოლიტიკას ქალთა გახშირებული მკვლელობების ფაქტების აღმოსაფხვრელად. შინაგან საქმეთა სამინისტროს მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას განცხადებით, პოლიციის 1000 ოფიცერმა უკვე გაიარა სპეციალური გადამზადების კურსი პოლიციის აკადემიაში. ამ პროცესში ჩართულები არიან საერთაშორისო ორგანიზაციები და სახალხო დამცველის აპარატიც. პროგრამა ითვალისწინებდა ყურადღების გამახვილებას ქვეყნის წინაშე მდგარ ახალ გამოწვევებზე.

სახალხო დამცველი ამბობს, რომ ბევრი შემთხვევა ფიქსირდება, როდესაც ქალი მიმართავს პოლიციას. მაგრამ, მსგავსი ინციდენტების ასაცილებლად შესაბამისი რეაგირება ან საერთოდ არ ხდება ან არასაკმარისია ხოლმე. მისი განცხადებით ეს არის პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 33 წლის მაკა წივწივაძის მისი ყოფილი მეუღლის მერე მოკვლის ფაქტის შემდეგ, სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, სახელმწიფოს არაეფექტურ პრევენციულ პოლიტიკაზე ისაუბრა; „საქმე ისაა, რომ შემთხვევას წინ უძღოდა მუქარა, რომლის შესახებ ქალმა პოლიციაშიც განაცხადა, თუმცა სამართალდამცავები გაფრთხილებებით შემოიფარგლენ... სახალხო დამცველის აპარატმა არა ერთხელ მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ხელწერილი არ არის მტკიცე კანონიერი საფუძველი, რომელსაც შეუძლია უზრუნველჰყოს განმეორებითი ძალადობის აღმოფხვრა“.