ფემიციდი

ოჯახის ღირსება სიცოცხლეზე უპირატესია

ავტორი: ნურანა რაჰიმოვა

ხანუმ ჯეირანოვას მშობლების სახლიხანუმ ჯეირანოვა აზერბაიჯანული ეროვნების საქართველოს მოქალაქე იყო. ის საქართველოში დაიბადა და მთელი ცხოვრება აქ გაატარა, კახეთის ერთ-ერთ რაიონში. 2014 წლის 18 სექტემბერს, ხანუმმა თავი მოიკლა, ის ჩამომხრჩვალი იპოვეს. ხანუმი 30 წლის იყო. ის ოჯახის ღირსების აღდგენას ემსხვერპლა.

 ხანუმი ერთ-ერთ ძველ სოფელში ცხოვრობდა, იქ, სადაც უმრავლესობა ქართულად ვერ ლაპარაკობს. სოფელში ჩასვლისთანავე ცხადი გახდა, რომ ადგილობრივები ჩაკეტილი საზოგადოების წევრები არიან - მათი დიდი ნაწილი საკუთარი სოფლის გარეთ არასდროს არ გასულა. ისინი იმ ტრადიციებსა და ცხოვრების წესს მისდევენ, რაც ოდითგანვე დამკვიდრებულია. ტრადიციების შენარჩუნება და დაცვა მათთვის პატივია, თუნდაც ეს თანასოფლელების მსხვერპლად შეწირვას მოითხოვდეს. ხანუმის სიკვდილიც ამავეს მოწმობს - ზოგჯერ ტრადიცია ადამიანის სიცოცხლეზე ძვირფასი ხდება. აქ, ამ სოფელში სიკვდილი ღირსების დაბრუნების წილ, სრულიად მისაღები ნორმაა.

საპატიო სიკვდილი ჰომიციდია - მსხვერპლს თავისივე ოჯახის წევრები სრულიად გააზრებულად კლავენ, რადგან სჯერათ, რომ სამართალს აღასრულებენ - ოჯახის ღირსების ფეხქვეშ გათელვისთვის, სანათესაოს შეურაცხყოფისთვის, საზოგადოების მიერ დაწესებული ნორმების დარღვევისთვის, ანდა რელიგური დოგმების ღალატისთვის სჯიან დამნაშავეს. ასეთ საზოგადოებაში დამნაშავეა გოგონა თუკი გარიგებით ქორწინებაზე იტყვის უარს, საქმეს დაიჭერს ისეთ ყმაწვილთან, რომელიც ოჯახს არ მოსწონს, ქორწინების გარეშე გაიჩენს შეყვარებულს და დაამყარებს მასთან სქესობრივ კავშირს, ჩაიცმევს გამომწვევად, გახდება გაუპატიურების მსხვერპლი, ანდა ჰომოსექსუალურ ურთიერთობას გააბამს. [1; 2; 3; 4; 5]

ბევრ კულტურაში, რომლისთვისაც ოჯახის პატივი ცენტრალური ღირებულებაა, ხშირად მამაკაცები ატარებენ ამ სიტყვის მთავარ სიმბოლიკას, ქალებს კი განიხილავენ როგორც მხოლოდ პატივის აყრის, ღირსების შელახვის საშუალებას [6] როგორც კი ოჯახის ღირსებას ქალი შეეხება და ჩირქს მოსცხებს მას, საჭირო ხდება მყისიერი შურისძიება, რათა ღირსება კვლავ აღდგეს, საზოგადოების წინაშე ოჯახმა სახელი დაიბრუნოს. An Amnesty International-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ: „ღირსების აღდგენის სისტემა შეუწყნარებელია: ქალებს, რომელთაც ეჭვის თვალით დაუწყებენ ცქერას და აითვალწუნებენ, აღარ უტოვებენ მცირედ შანსსაც კი, საკუთარი თავის დასაცავად. ოჯახის წევრებს ჰგონიათ, რომ ერთადერთი რამ შეუძლიათ გააკეთონ - ლაფში ამოსვრილი ოჯახური ღირსების დასაბრუნებლად ქალს შეუტიონ, მასზე იძიონ შური - ეს იქნება ყველასგან მოწონებული გამოსავალი, მიღებული სოციალური ნორმა“. [7]

 ბევრ აზერბაიჯანელს შორის ეს ყოველივე დაუწერელი კანონია. ღალატი ქალისგან ისეთი საქციელია, რომ სხვების სიბრალულს არც ერთ შემთხვევაში არ იმსახურებს. ამიტომ ქალს საკუთარი ოჯახის წევრები უსწორდებიან. თუ მოქმედება ქალაქში, ან ზოგადად დიდ ურბანულ სივრცეში ხდება, სასჯელი შეიძლება იყოს გაყრა და ოჯახის წევრების სამუდამოდ დაკარგვა, სოფლებში კი, სასჯელი, როგორც წესი, გაცილებით სასტიკია. სიტყვიერი შეურაცხყოფა, დამცირება, ცემა, თვითმკვლელობამდე მიყვანა, მოკვდინებაც კი - შურისძიებას შეიძლება სულ სხვადასხვა ფორმა ჰქონდეს.

ხანუმ ჯეირანოვა ხანუმ ჯეირანოვას ბრალი ღალატში ედებოდა. ერთ დღეს ყველანი ერთად შეიკრიბნენ და ხანუმს განკითხვა მოუწყვეს. მეუღლის ნათესავები პირში აგინებდნენ და ცემდნენ კიდეც ქალს. ეს მოხდა სოფელ ლამბალოს ცენტრში. ტრადიციის მიხედვით, იმ დღის შემდეგ, აღარავინ უნდა დალაპარაკებოდა მას. ხანუმს ჩამოერთვა უფლება, წასულიყო ბაზარში, დასწრებოდა მშობელთა კრებას სკოლაში, ვინმეს ქორწილს, სულ უბრალოდ - გასულიყო სასაფლაოზე. ანუ ტრადიციის მიხედვითვე, ხანუმის ცხოვრება ამ განკითხვის რიტუალის შემდეგ, იქვე დამთავრდა - სოფლის ცენტრში.

ხანუმის მეზობლებს ახლა აღარ სურთ, ისაუბრონ მომხდარზე. მამამისის სახლის კარის მეზობელმაც კი თქვა, რომ ხანუმის სიკვდილის შესახებ არაფერი სმენია. ყველამ იუარა, რომ იცოდნენ ხანუმის დასჯის, ცემისა და შეურაცხყოფის ამბავი.

საზოგადოება სიკვდილის შემდეგაც კი განაგრძობს ხანუმის იგნორირებას. მას ერთადერთი შანსი ჰქონდა საკუთარი ღირსების აღსადგენად და ეს იყო თვითმკვლელობა. სოფლის მაცხოვრებლებს სჯერათ, რომ თუ ადამიანი ამ დროს თავს მოიკლავს, ესე იგი, საკუთარ შეცდომებს ხედავს და სინანულსაც გრძნობს. სოფლის დაუწერელი კანონების თანახმად, თუ ხანუმის მსგავს მდგომარეობაში ჩავარდნილი ქალი არ მოიკლავს თავს, ესე იგი, ამით ამბობს, რომ არც არაფერს ნანობს და პირიქით, ამაყობს კიდეც იმით, რაც ჩაიდინა. შესაბამისად, ტრადიციის თანახმად, თუ ქალი თვითმკვლელობის გადაწყვეტილებას არ მიიღებს, მისი დასჯა უკვე მეუღლის, ძმის, მამის, ანდა შვილის მოვალეობა ხდება.

სწორედ ამიტომ ირწმუნა ხანუმმა, რომ გადარჩენის შანსი აღარ ჰქონდა. და მან თავი მოიკლა.

ხანუმ ჯეირანოვას მზითვიხანუმის ღალატის დამადასტურებელი საბუთი არ არსებობს, ამის შესახებ მხოლოდ ნათესავები ლაპარაკობენ. მამამ და ორმა შვილმა იმ ადამიანების სახელები გვითხრეს, რომელთაც ხანუმი ცემისა და შეურაცხყოფისთვის გაიმეტეს, მაგრამ კანონის ძალით, რა თქმა უნდა, არც ერთი მათგანი არ დასჯილა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლში ჩაწერილია ფრაზა: თვითმკვლელობამდე მიყვანა. კანონის ამ ნაწილში წერია:თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქარით ან სასტიკი მოპყრობით, ანდა მისი პატივის, ან ღირსების სისტემატური დამცირებით, -ისჯება თავისუფლების შეზღუდვით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ხუთ წლამდე. [8]

 2002 გაეროს სპეციალური მომხსენებლის ანგარიშში, რომელიც ქალების მიმართ ძალადობისკენ მიდრეკილი ოჯახების კულტურულ წეს-ჩვეულებებს ეხება (E/CN.4/2002/83), აღნიშნული იყო, რომ ღირსების აღდგენის მიზნით ჩადენილი მკვლელობები ფიქსირდება ეგვიპტეში, იორდანიაში, ლიბანში, მაროკოში, პაკისტანში, სირიაში, თურქეთში, იემენში, ასევე სხვა ხმელთაშუა ზღვისპირეთის და სპარსეთის ყურის ქვეყნებში. ეს ტრადიცია ემიგრანტებს თან მიაქვთ და ავრცელებენ ისეთ სახელმწიფოებში, როგორებიცაა საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი [9;10].

 გარდა ამისა, გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიაში შეგროვებულია სხვადასხვა ქვეყნების მონაცემებიც. მხოლოდ იმ სახელმწიფოების მონაცემებზე დაყრდნობით, რომელთაც გაეროს საკუთარი ანგარიშები წარუდგინეს, აღმოჩნდა, რომ ღირსების აღდგენის სარჩულით მკვლელობები ხდება ბანგლადეშში, დიდ ბრიტანეთში, ბრაზილიაში, ეკვადორში, ეგვიპტეში, ინდოეთში, ისრაელში, იტალიაში, იორდანიაში, პაკისტანში, მაროკოში, შვედეთში, თურქეთსა და უგანდაში [11;12].

 როგორც Human Rights Watch-ის ადვოკატირების მიმართულების დირექტორი უიდნი ბრაუნი აღნიშნავს, მსგავსი პრაქტიკა „სცდება კულტურებისა და რელიგიების საზღვრებს“ და ყველა კულტურას მოიცავს [13].

ბავშვები -- დედის ცემის და სიკვდილის მოწმეები

ავტორი: ალიმ ელბრუსი

ხანუმ ჯეირანოვას ბავშვები სკოლის ნაცვლად ნახირს მწყემსავენ
ისეთი უბედური შემთხვევები, როგორიც თვითმკვლელობაა, უამრავ ადამიანს წარუშლელ კვალს უტოვებს. თუმცა, სავარაუდოდ, ყველაზე მეტად ვინც ამ დროს ბავშვები იტანჯებიან. როცა სოფელ ლამბალოში, 2014 წლის სექტემბერში, 30 წლის ხანუმ ჯეირანოვას თვითმკვლელობის შემდეგ, სკოლის ასაკის ორი შვილი დატოვა - ილკნური და იოლჩუ.

 მათ რამდენიმე დღით ადრე ისიც დაინახეს, როგორ სცემდა დედას რამდენიმე მამაკაცი ყველას დასანახად, სოფლის გზაზე.

 როცა ამ ყველაფრის შემდეგ ბავშვებს გავესაუბრეთ, შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ დიდებივით ლაპარაკობენ, თითქოს, მომხდარმა ისინი ნაადრევად დააღვინა. იმის გამო, რომ სოფლის არც ერთი მცხოვრები არ ადასტურებს საჯარო ცემის ფაქტს, ხანუმის მამას სურს, მოწმეებად შვილიშვილები გამოიყვანოს.

 საკლასო ოთახი, სადაც ხანუმ ჯეირანოვას შვილები მეცადინეობდნენმომხდარის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია თითქმის არ არსებობს, რადგან გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. როცა ამ ყველაფრის შემდეგ ბავშვებს გავესაუბრეთ, შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ დიდებივით ლაპარაკობენ, თითქოს, მომხდარმა ისინი ნაადრევად დააღვინა. იმის გამო, რომ სოფლის არც ერთი მცხოვრები არ ადასტურებს საჯარო ცემის ფაქტს, ხანუმის მამას სურს, მოწმეებად შვილიშვილები გამოიყვანოს.

 ილკნური დედის ცემის ფაქტს ასე იხსენებს: „სკოლიდან სახლში მივდიოდი. ვნახე როგორ ურტყამდნენ დედას. რამდენიმე იყვნენ - ელჩინი, ავრანი, ნოვრუზი, იევაზი, ტელმანი და კიდევ ერთი, რომლის სახელსაც ვერ ვიხსენებ. ისინი სცემდნენ დედას. მას კაბა შემოხეული ჰქონდა. კისერში ურტყამდნენ. ეს ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე. მერე სახლში მოიყვანეს. მეც მივედი სახლში. დედას წყალი დავალევინე. სკოლიდან ჩემი ძმაც უკვე დაბრუნებული იყო. როცა მოვინდომე, გარეთ გავსულიყავი და ვინმესთვის საშველად მეხმო, ელჩინმა (ოჯახის ერთ-ერთი წევრი) ჩემზეც გამოიწია, მაგრამ მერე აღარ მცემა. სახლიდან გასვლა აგვიკრძალეს. მთელი დღე შინ ვისხედით“.

 იოლჩუმაც დაადასტურა, რომ დედა თავისი დის მიერ დასახელებულმა მამაკაცებმა სცემეს. „ერთმა კაცმა მითხრა, დედაშენს სცემენო. სახლისკენ გავიქეეცი. კაბა დახეული ჰქონდა. უღონოდ იყო“.

 ბავშვების მამა დაკავებულია, რადგან მან იარაღი ესროლა ერთ-ერთ მამაკაცს, რომელმაც მისი ცოლი სცემა.

 ბავშვებმა არ იციან, რომ მამა ციხეშია. ბაბუამ მათ უთხრა, რომ მამა საქმეზე წავიდა თურქეთში და უკან მხოლოდ მას მერე დაბრუნდება, როცა ყველაფერს მოაგვარებს.

სკოლა, სადაც ხანუმ ჯეირანოვას შვილები სწავლობდნენ

 ბავშვებს არ მიუღიათ ფსიქოლოგიური დახმარება. როგორც ბაბუა ამბობს, არ იცის, რა გზებით უნდა მოიპოვოს მსგავსი მომსახურება. მისი თქმით, სახელმწიფომ ფინანსური დახმარების სახით 100 ლარი გადასცა ოჯახს. „რაში მჭირდება ეგ ფული, ერთადერთი, რასაც ვითხოვ, ჩემი ქალიშვილის სიკვდილის სამართლიანი გამოძიებაა“.

 ილკნურმა წელს საშუალო სკოლის მესამე კლასი დაამთავრა, იოლჩუ კი სექტემბერში მეექვსე კლასში იქნება. დედის სიკვდილამდე ორივე კარგად სწავლობდა, როგორც ილკნური ამბობს, სულ ათ და ცხრა ქულებს იღებდა, იალჩუ კი - რვა და ცხრა ქულებს.

ილკნურის მასწავლებელი, ჟორა ხეირხაბაროვა, რომელიც 15 წელია სოფელ ლამბალოს სკოლაში ასწავლის, ამბობს, რომ დედის სიკვდილის შემდეგ ბავშვები ტრავმირებულები არიან.

 „მათ სწავლა-განათლებაზე დედა ზრუნავდა, დედა აკონტროლებდა მათი მოსწრების ხარისხს, - ამბობს ხეირხაბაროვა, - თვითონ არ ჰქონდა განათლება მიღებული, მაგრამ სურდა, ბავშვებს კარგად ესწავლათ. თუმცა, გარდაიცვალა დედა და ილკნურმაც სწავლას უკლო. ბავშვებიც და პედაგოგებიც კარგად ექცევიან, მაგრამ ორივეს ეტყობა, რომ დეპრესიაშია“.

 წლევანდელი სასწავლო წელი არც ერთს არ დაუმთავრებია. რადგანაც ბაბუის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან, აპრილის ბოლოს მასთან ერთად ცხვარში წავიდნენ და ზამთრის ბანაკში ცხოვრობენ. ახლა რადგანაც ბაბუასთან ერთად ცხოველების ფარას უვლიან, სოფელში მუდმივად ვეღარ იცხოვრებენ. ზაფხულს მთებში, ბანაკებში ატარებენ.

 ბავშვებთან ინტერვიუ მათი მთაში გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე შედგა. ორივე ამბობს, რომ სურს სკოლას დაუბრუნდეს. ბაბუა კი აცხადებს, რომ ახლა ცდილობს გადაწყვიტოს, სკოლაში რუსთავში გაგზავნოს, თუ თბილისში.

 ილკნური დედას თბილად იხსენებს. ამბობს, რომ დედა მეცადინეობაში ყოველთვის ეხმარებოდა ორივე შვილს. დასძენს იმასაც, რომ დედა სულ, გამუდმებით ენატრება.

 ბავშვების მომავალი კვლავაც გაურკვეველია. არავის შეუძლია წინასწარ განსაზღვროს, თუ როგორ წარიმართება მათი ცხოვრება. ერთადერთი, რაც დღესავით ნათელია, გახლავთ ის, რომ ორივე ბავშვი საშინლად მტკივნეული ფსიქოლოგიური დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა.

მსხვერპლის მამა: დასჯა ჩემი საქმე იყო

ავტორი: ლეილა მუსტაფაიევა

2014 წლის 18 სექტემბერს, 30 წლის ხანუმ ჯეირანოვა, საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში, საკუთარი მამის სახლში, ჩამომხრჩვალი იპოვეს. ორი დღით ადრე, ქალს ქმრის ნათესავებმა ბრალი ღალატში დასდეს და აიძულეს, სოფელი ფეხშიშველს შემოევლო. ამ სამარცხვინო პროცესიის დროს ხანუმს ახალგაზრდა მამაკაცები თან ფიზიკურად და სიტყვიერად შეურაცხყოფდნენ.

 ხანუმ ჯეირანოვა 16 წლის იყო, მომავალმა მეუღლემ ჰაჯი ჰასანოვმა რომ მოიტაცა. მათ იქორწინეს და ორი შვილი გაუჩნდათ - ილკნური და იოლჩუ. ოჯახის შემოსავლის ერთადერთი წყარო მეცხოველეობა იყო. ამიტომ ქმარი ძირითადად მთებში, საგაზაფულო საძოვრებზე ატარებდა დროს, ზამთრის თვეებს კი ზამთრის ბანაკებში. შიგადაშიგ ჰაჯი სოფელშიც ჩადიოდა, მეუღლისა და შვილების მოსანახულებლად - ოჯახი იქ ცხოვრობდა, რათა ბავშვებს სკოლაში ევლოთ. მათი ცხოვრების ჩვეული რიტმი და ცოლ-ქმრობა 14 წლის შემდეგ, ტრაგედიით დასრულდა.

2014 წლის 15 სექტემბერს ჰაჯის ნათესავებმა ხანუმი სოფელ ყაზლარის მცხოვრები აზალხან ისმაილოვის მანქანაში შენიშნეს. ამ მიზეზით მეუღლის ნათესავმა კაცებმა ქალი სოფლის ორღობეში სასტიკად სცემეს.

მამის, ზაჰიდ ჯეირანოვის თანახმად, ხანუმის საჯარო ცემასა და შეურაცხყოფაში მონაწილეობდნენ: ტელმან ჰასანოვი, აივაზ ჰასანოვი, ნოვრუზ ჰასანოვი, ელჩინ დეიხანოვი და ავღან ჰუსეინოვი. მისი თქმით, ამ მომენტისთვის არც თვითონაც და არც ხანუმის მეუღლე სოფელში არ იმყოფებოდნენ - ორივე ზამთრის ბანაკში იყო. „ტელმან ჰასანოვმა მოაწყო ეს ყოველივე, - ამბობს ხანუმის მამა, - მან სხვებიც შეკრიბა და მერე ყველამ ერთად შეუტიეს ხანუმს. გამოძიება არც ერთ მათგანს არ ეხება. ყველანი გადამალულები არიან“.

ზაჰიდ ჯეირანოვი გამოძიების მიმდინარეობით კმაყოფილი არ არის. მან ამაოდ სცადა მთავარ პროკურატორაში და საქართველოს პარლამენტში საკითხის აღძვრა. შედეგი მის მცდელობას არ მოჰყოლია.

ხანუმის მამა უკმაყოფილოა იმით, რომ ქმრის ნათესავებს - ზემოთ ჩამოთვლილ პიროვნებებს - არ ჰქონდათ მისი ქალიშვილის დასჯის უფლება. „დასჯა ხანუმის მამის და მისი მეუღლის მოვალეობაა, - ამბობს ზაჰიდი და დასძენს, რომ თუ ამ პიროვნებებს კანონის ძალით არ დასჯიან, ის მათ საკუთარი წესებით გაუსწორდება.

ლამბალოს პოლიციის განყოფილების წარმომადგენლები საქმის დეტალების გაცემისგან თავს იკავებენ. მათი თქმით, გამოძიება გრძელდება და მეტს ვერაფერს იტყვიან.

ხანუმის დედის, იეტარ ახმედოვას გადმოცემით, მისი ქალიშვილი ხანუმი, ადგილობრივი სააღმსრულებლო ორგანოს თავმჯდომარემ, მაჰმუდ ალიევმა, ცემის შემდეგ, შინ წაიყვანა, რათა მეუღლის ნათესავების აგრესიისგან მერე მაინც დაეცვა. ახმედოვა ამბობს, რომ ხანუმი შინ მეორე დღეს წამოიყვანა. სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე ის ქალიშვილს მომხდარზე გაესაუბრა. „ვკითხე, ასეთი რამ რატომ ჩაიდინე-მეთქი. მიპასუხა, რომ თავს ძალიან ცუდად გრძნობს და მიზეზი არ იცის. ჩაი დავუსხი, მაგრამ არ დალია. წყაროზე წავედი წყლის მოსატანად, როცა უკან მოვბრუნდი, უკვე მკვდარი იყო. ჩაი, მისთვის რომ დავტოვე მაგიდაზე, ძირს იყო დასხმული“, - იხსენებს დედა.

 ახმედოვას თქმით, ხანუმის სიკვდილიდან რამდენიმე დღეში მზითევი უკან მოიტანეს, ბავშვებიც ბებია-ბაბუასთან რჩებიან.

 ჰაჯი ჰასანოვი პატიმრობაშია, მას მერე რაც ავღან დეიხანოვმა უჩივლა. დეიხანოვი მათ შორის იყო, ვინც ჰასანოვის ცოლს პირადად გაუსწორდა. 14 დეკემბერს, ჰასანოვმა იარაღი გაისროლა და დეიხანოვი ფეხში დაჭრა. სროლამდე ისინი ხანუმის საქციელის გამო შეკამათდნენ.

ჰასანოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. სროლიდან ხუთი თვის შემდეგ, დაპირისპირებულები შეთანხმდნენ და დეიხანოვმა საჩივარი სასამართლოდან გამოიტანა. მიუხედავად ამისა, ჰასანოვი კვლავ ციხეში რჩება.

2015 წლის 1 მაისს, სიღნაღის საქალაქო სასამართლოში ჩატარებული მოსმენის დროს, მოსამართლემ განაცხადა, რომ საქმე დროებითი შეთანხმების მომზადების მიზნით გადაიდო. 25 მაისს კი ორივე მხარემ მოაწერა ხელი შეთანხმებას.

ჰასანოვის ადვოკატის მზია სიჭინავას თქმით, პროკურორმა ზურაბ ბახეთელიძემ მოსამართლეს თხოვნით მიმართა, ჰასანოვი ხუთი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთით დაესაჯა. „სასამართლო კვლავ გრძელდება“, - აღნიშნავს სიჭინავა.

შარიათის კანონების მიხედვით მოქმედი ისლამური სახელმწიფოებისთვის ქალების ლინჩის წესით დასჯა დამახასიათებელი ნორმაა. საქართველო სეკულარული ქვეყანაა, სადაც სახელმწიფო სტრატეგიის შედგენაში რელიგია არ მონაწილეობს და ქვეყანა კონსტიტუციის მიხედვით იმართება.

სოფლის ერთ-ერთი იმამი, ჯაჰანგირ მირზაიევი ამბობს, რომ ისლამში ქალებს დიდ პატივს სცემენ. „წინასწარმეტყველს აქვს ერთი ჰადისი, რომელშიც აღნიშნულია, რომ სამოთხე ქალის ხელშია. ვიდრე მუჰამედი წინასწარმეტყველი გახდებოდა, ახალშობილ გოგონებს მარხავდნენ. მუჰამედი კი როგორც კი წინასწარმეტყველი გახდა, მსგავსი ქმედებები აკრძალა. ხანუმის სიკვდილმა ის დრო გაგვახსენა, რაც ისლამამდე იყო. ისლამი მსგავს საქციელს არ ამართლებს. ეს ჰარამია (ისლამის მიხედვით იკრძალება)“.

ხანუმ ჯეირანოვა მეუღლესთან, ჰაჯი ჰასანოვთან ერთად2014 წლის 16 ოქტომბერს, „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ჰასანოვმა თავის გარდაცვლილ მეუღლესთან ურთიერთობა გაიხსენა: „ერთად 14 წელი გავატარეთ. ერთმანეთის მხარდამხარ ვშრომობდით. ძალიან მეხმარებოდა. როცა ეს ყველაფერი მოხდა, ცხვარში ვიყავი. ჩემმა ბიძაშვილებმა ვიღაცას მანქანაში მჯდომს წაასწრეს. ეგ ბიჭი ყაზლარიდანაა. ხანუმს ჯერ იქვე სცემეს, მერე მანქანით მიიყვანის სოფლის ცენტრამდე და იქაც ყველას დასანახად სცემეს. აიძულეს შინ ფეხშიშველი დაბრუნებულიყო. ხანუმი პატიოსანი ადამიანი იყო. თვითმკვლელობის ჩადენამდე ბავშვების ნახვა მოინდომა, მაგრამ ჩემს ძმასთან იყვნენ... ახლაც მეკითხებიან, დედა სად არისო. ჩემთვის ცხოვრებას აზრი აღარ აქვს. არც დედა მყავს, არც მამა. ჩემმა ცოლმა კი თავი სირცხვილის გამო ჩამოიხრჩო. გავყიდი საქონელს და აქედან ავიბარგები. ჩემი ცოლი არ იმსახურებდა ყოველივე ამას“.

კითხვაზე, რას იზამდა, რომ გაეგო, ცოლი მართლაც ღალატობდა, ჰაჯიმ ასე უპასუხა: „არ მოვკლავდი, უბრალოდ, ვაიძულებდი, სახლიდან წასულიყო“.

„16 წლის იყო, როცა მოვიტაცე. 14 წლის განმავლობაში ერთად ბედნიერად ვცხოვრობდით, მაგრამ რას ვიზამ, ჩვენი ცხოვრება ასე დამთავრდა“.