ავტორი: ეკა მაღალდაძე
2012 წლის 29 ივლისს მოსკოვის პროსპექტზე მდებარე პარკში გამვლელმა ქალმა ტელეფონის ზარის ხმა გაიგონა. მობილურს დიდხანს არავინ პასუხობდა. დაეჭვებულმა ქალმა პარკის სიღრმეში გარდაცვლილი ქალის სხეული იპოვა. ჟუჟუნა ინაშვილი 28 წლის იყო, როდესაც ის საკუთარმა ყოფილმა ქმარმა, 33 წლის ლაშა მიფჩუანმა მოკლა.
მკვლელობამდე მან ყოფილ ცოლს სცემა და შემდეგ ქვის დარტყმით მოკლა. დილით სახლში დაბრუნებული შვილის შარვალზე დედამ სისხლის ლაქები შენიშნა, კითხვაზე მიფჩუანმა უპასუხა, რომ წინა ღამით ყოფილი ცოლი მოკლა. მამის პასუხი ამ დროს სახლში მყოფმა ორმა მცირეწლოვანმა გოგონამაც გაიგონა.
მიფჩუანი და ინაშვილი მკვლელობამდე 5 თვით ადრე დაშორდნენ, მაგრამ ყოფილი ქმარი ქალის ნახვას ხშირად ცდილობდა. იანა ინაშვილი, მოკლულის და იხსენებს, რომ ჟუჟუნას ქმრის მუქარის არ ეშინოდა, მიუხედავად იმისა, რომ თანაცხოვრებისას ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლიც არაერთხელ გამხდარა. ჟუჟუნა ფიქრობდა, რომ ქმარი ვეღარაფერს დაუშავებდა.
„რას იზამს, ხომ არ მომკლავს?! - იხსენებს იანა დის სიტყვებს.
„მიყვარდა და იმიტომ მოვკალი“ - უთხრა მიფჩუანმა სასამართლოს. ჟუჟუნა ინაშვილის მკვლელობის შესახებ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ნომერი შემდეგია: N010021112001.
მსხვერპლის დედა, თამარ ინაშვილი ამბობს, რომ ჩხუბი, ყვირილი და ცემა მისი შვილის ოჯახში იშვიათი არ იყო. ზოგჯერ ჟუჟუნას მთვრალ ქმართან გამკლავებაში მეზობლებიც კი ეხმარებოდნენ. 10-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, საბოლოოდ, ჟუჟუნამ განქორწინება გადაწყვიტა. მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო იძულებული გახდა ორი მცირეწლოვანი ქალიშვილი დედამთილთან დაეტოვებინა.
საქართველოს მთავარი პროკურატურის მონაცემების მიხედვით, 2014 წლის 11 თვის განმავლობაში, ოჯახში ძალადობის ნიადაგზე 19 მკვლელობა მოხდა. თუმცა როგორც ირკვევა, სტრუქტურა გენდერული ნიშნით განცალკევებულ სტატისტიკას არ აწარმოებს. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული მონაცემების თანახმად, 2014 წლის პირველი ათი თვის განმავლობაში 68 განზრახ მკვლელობიდან (სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლი) 66 ბრალდებული მამაკაცი იყო, 18 ქალი კი - მსხვერპლი. 6 ქალი ქმრის მიერ იყო მოკლული, სამი - ვაჟის მიერ. რაც შეეხება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობებს, 11 ასეთი დანაშაული დაფიქსირდა, მათგან 11 ბრალდებული მამაკაცი იყო, 1 - ქალი და ერთიც - დაუდგენელი. 16 მსხვერპლიდან კი 8 ქალი იყო. ორი მათგანი ქმარმა მოკლა, ერთი - მამამთილმა, სამი კი - პარტნიორმა.
ქალთა მიმართ ძალადობისა და გენდერული ნიშნით ჩადენილი მკვლელობების წინააღმდეგ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში არაერთი დისკუსია თუ საპროტესტო აქცია გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი და ფემინისტთა ჯგუფები ამ ტიპის დანაშაულების რაოდენობის გაზრდაში მთავრობას ადანაშაულებენ. ბრალდებების პასუხად, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა რამდენჯერმე განაცხადეს, რომ ამ საკითხებზე პოლიციელებს დაატრენინგებენ.
თუმცა ფილოსოფოსი ლელა გაფრინდაშვილი ფიქრობს, რომ რამდენიმედღიანი ტრენინგები და სემინარები არაფერს შეცვლის.
„აუცილებელია, რომ პოლიციაში დასაქმებულმა ადამიანებმაც კრიტიკულად შეაფასონ საკუთარი ღირებულებები, კულტურული თუ ტრადიციული შეხედულებები და მიდგომები იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რასაც ამ სემინარებზე მიიღებენ, ტრენინგები უნდა იყოს სისტემატური, შედეგები კი - გაზომვადი“, - ამბობს გაფრინდაშვილი.
ადამიანები, რომლებიც ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებს აპროტესტებენ, ფიქრობენ, რომ ხელისუფლებამ გენდერულად მგრძნობიარე კანონმდებლობის შემუშავებასა და მისი ეფექტური აღსრულების მექანიზმების შემუშავებაზე უნდა იზრუნოს; გაატაროს პრევენციული ღონისძიებები და ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები; იყოს გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების სათანადო გამოძიებისა და მკაცრი სასჯელის გარანტი.
ბაია პატარაია, ადვოკატი და „ფემინისტთა დამოუკიდებელი ჯგუფის“ წევრი, ფიქრობს, რომ ოჯახში ძალადობისა და გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების გამომძიებაც ხშირად შეუსაბამოდ ხდება, რადგან თავად პოლიციელები არ რეაგირებენ სათანადოდ ოჯახში კონფლიქტების შემთხვევებზე. პატარაიას ამის დასტურად ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე პოლიციის მიერ გამოწერილი შემაკავებელი ორდერების რიხვი მოჰყავს. მაგალითად, 2012 წელს სულ 307 შემაკავებელი ორდერი გამოიწერა, 2013 წელს მათი რიცხვი 204-მდე შემცირდა. ეს მაშინ, როდესაც შსს-ის მონაცემებით, მხოლოდ 2013 წელს ოჯახში კონფლიქტის 1578 შემთხვევა დაფიქსირდა - რაც თითქმის 7-ჯერ აღემატება გამოწერილი შემეკავებელი ორდერების რაოდენობას.
პატარაიას თქმით, ქართული საზოგადოება დიდი სოციალური ცვლილებების წინაშე დგას. ქალები სწორედ ახლა იწყებენ საკუთარი უფლებებისთვის - დამოუკიდებლობისა და არჩევანის თავისუფლებისთვის ბრძოლას, ახლა იწყებენ საკუთარი ცხოვრების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებას.
„მაგრამ ისინი კვლავ ეჯახებიან პრობლემებს საკუთარი ქმრებისგან, ძმებისა თუ მამებისგან, უპირისპირდებიან აგრესიასა და ძალადობას, რომელიც ზოგჯერ სიკვდილითაც კი სრულდება“, - ამბობს პატარაია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობა ყველა სოციალურ-ეკონომიკურ კლასში გვხვდება, მაგრამ სიღარიბეში მცხოვრები ქალები ძალადობის მსხვერპლნი უფრო ხშირად ხდებიან. ამასთან, სხვადასხვა თეორიის თანახმად, რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცები (მაგ. უმუშევრობა, დაბალი სოციო-ეკონომიკური სტატუსი, განათლებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობის ნაკლებობა ) უიმედობისა და ფრუსტრაციის გამო მეტად სჩადიან ძალადობრივ ქმედებებს.
„აშკარაა, რომ სიღარიბე და მასთან ასოცირებული სტრესორები ზრდის ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევს, მაგრამ უფრო მეტი კვლევაა საჭირო იმისათვის, რომ სრულად გავიგოთ კავშირები მათ შორის. ამავე დროს აღსანიშნავია, რომ ღარიბ ქალებს, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი არიან, ნაკლები რესურსი აქვთ ოჯახში ძალადობისგან თავის დასაღწევად“, - ასე აღწერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ძალადობის ციკლს სიღარიბეში მცხოვრები ქალებისთვის.
„ძალადობის მთავარი მიზეზი მის მიმართ მიმღებლობის არსებობაა. სოციალური პრობლემები: სიღარიბე თუ ალკოჰოლი არის წამქეზებელი, დამატებითი ფაქტორები, მაგრამ არა - მიზეზები. ქალები მეტად მოწყვლადები არიან სიღარიბის მიმართ, მაგრამ რატომ სჩადიან ისინი ნაკლებ მკვლელობას? და რატომ გვევლინებიან მეტწილად მსხვერპლებად? ჩვენი კულტურა სავსეა მიდგომებით, რომლებიც არ ეფუძნება თანასწორობის პრინციპებს, და ძალადობა ქალთა მიმართ არის ჩვენი ყოველდღიური ურთიერთობების ნაწილი“, - ამბობს ლელა გაფრინდაშვილი.
„ოჯახში ძალადობის კვლევა საქართველოში“ (ჩიტაშვილი და სხვები, 2010) აჩვენებს, რომ საზოგადოების შეხედულებით, ქალები უნდა იყვნენ ქმრების მორჩილნი, უნდა მოითმინონ ოჯახში ძალადობა ქმრისა თუ პარტნიორის მხრიდან და განქორწინება აღიქმება როგორც ტრაგედია. გამოკითხულ ქალთა 78%-ს მიაჩნია, რომ ოჯახური პრობლემები „ოჯახში უნდა დარჩეს“, 52 % ფიქრობს, რომ თუ კი მამაკაცი ქალს ცუდად ექცევა, ოჯახის სხვა წევრები არ უნდა ჩაერიონ, 30.7 % ფიქრობს, რომ ოჯახში ძალადობა ძალიან პირადულია და კანონი ამას არ უნდა არეგულირებდეს. გამოკითხულთა 34 %-ს კი მიაჩნია, რომ ცოლის ცემა ზოგიერთ შემთხვევაში გამართლებულია.
როგორც ფემინისტები მიიჩნევენ, ქალების მიმართ ძალადობა ინსტიტუციონალიზებულია ოჯახებში, სოციალურ და ეკონომიკურ კონტექსტში, კულტურული და რელიგიური ტრადიციებით. შედეგად, ბევრი ადამიანი არ მიიჩნევს ქალზე ძალადობას დანაშაულად, რასაც ხშირად დაუსჯელობამდე მივყავართ. ეს პრობლემა მხოლოდ საქართველლოსთვის არ არის უნიკალური.
ევროკავშირის Daphne Programme (Community Action Programme to Fight Violence Against Women and Children) -ის ერთ-ერთი კვლევა უჩვენებს, რომ ყოველწლიურად ევროპაში დაახლოებით 3500 მკვლელობა ხდება, რომელიც პარტნიორის მხრიდან ძალადობას უკავშირდება. პარტნიორის ან ოჯახის წევრის მიერ ჩადენილი ჰომიციდების შემთხვევებში მსხვერპლთა 77 % ქალია. 35-44 წლის ასაკის ქალებში რისკი შესამჩნევად მაღალია.
ფილოსოფოსი ლელა გაფრინდაშვილი მთელი საზოგადოების - მედიის, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის პასუხისმგებლობას უსვამს ხაზს.
„ჩვენ ყველამ უნდა ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა იმ მკვლელობებზე, რომლებიც ჩვენს კულტურაში ქალზე ძალადობის მიმართ მიმღებლური დამოკიდებულების ბრალია. მაგრამ ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა, რადგან სწორედ მხოლოდ მას აქვს ყველაზე მეტი რესურსი მოახდინოს ამ შემთხვევების პრევენცია“, - ამბობს გაფრინდაშვილი.
ქალთა უფლებების დამცველების აზრით, მკაცრი საკანონმდებლო ნორმების შემუშავება და იმპლემენტაცია, ასევე გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის გატარება, ცნობიერების ამაღლების კამპანიები ყველაზე დონეზე, ძალადობის მსხვერპლი ოჯახებისა და ქალების მხარდაჭერა, მათი სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური უფლებების რეალიზაცია და ქალებისა და მამაკაცების განათლება - ის აუცილებელი ნაბიჯებია, რომლებიც ხელისუფლებამ უნდა გადადგას.