ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგის პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს:
• ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობას
• დანაშაულის გაშუქების გაუმჯობესებას
• გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას
• ჟურნალისტებისთვის შესაძლებლობათა სპექტრის გაზრდასა და დახვეწას.
პროექტის ძირითადი მიზანია საზოგადოების ცნობიერება ამაღლდეს ისე, რომ ბოლომდე აღმოიფხვრას ისეთი შემთხვევები, როცა თვითმხილველები ქალთა წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს სათანადო უწყებებს არ ატყობინებენ და მსგავსი პრაქტიკის გაქრობით დაიცვას ქალთა მარგინალური თუ დაუცველი ჯგუფები. პროექტის მნიშვნელობა პროექტის ფარგლებში იქმნება მონაცემთა ბაზა, რომელშიც ზედმიწევნით ზუსტად არის აღწერილი დანაშაულის ტენდენციები. ბაზა გამჭვირვალეა და ადვილად ხელმისაწვდომი. ვიზუალიზაციის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით კი მონაცემთა აღქმა გაცილებით უფრო მარტივი და გასაგები ხდება, რაც თავისთავად ზრდის საზოგადოების ინტერესს აღნიშნული საკითხისადმი. გარდა ამისა, სპეციალურად გადამზადებული ჟურნალისტები ქვეყნის მასშტაბით ჩადენილი დანაშაულებების შესახებ ამზადებენ სტატიებს და სხვადასხვა კუთხით აშუქებენ პრობლემის არსს. პროექტის ვებ-გვერდი საშუალებას აძლევს მოქალაქეებს, ღიად ან ანონიმურად დატოვონ შეტყობინება დანაშაულის შესახებ. შედეგად, პროექტი ერთი მიზნის გარშემო აერთიანებს ჟურნალისტებს, სამოქალაქო საზოგადოებას, სამართალდამცველ ორგანოებს და რიგით მოქალაქეებს. მიზანი კი ქალთა მიმართ ძალადობის შემცირებაა. გვჯერა, რომ ქვეყნის პროგრესი ინფორმირებული მოსახლეობის გადაწყვეტილებებს ეფუძნება.
პროექტის ეთიკური საკითხები:
ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგის პროექტი გულისხმობს ძალადობის კონკრეტული ფაქტების გამოვლენას და ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით მათ გავრცელებას, რაც, თავის მხრივ, მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებას მსგავსი დანაშაულებების შესახებ.
ქალთა მიმართ ძალადობის დანაშაულთან ბრძოლის ყველაზე ეფექტიანი გზა მასზე ხმამაღალი საუბარია.
მიგვაჩნია, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში, ინფორმირებულ ადამიანს უკეთ შეუძლია ებრძოლოს მსგავს პრობლემას. პრობლემაზე ღიად საუბრისას, ყოველთვის დგება ერთი დელიკატური დილემა - მსხვერპლის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება ხშირად რისკის შემცველია - მეტი ზიანი არ მოიტანოს, ვიდრე სიკეთე.
მსგავსი ისტორიების გამოქვეყნებით შესაძლებელია კვლავ ტკივილი მიადგეს მსხვერპლს, მის ოჯახს, სხვა პირებს, თუმცა მსგავსი ინფორმაციის დამალვა და მათი გასაჯაროებისგან თავის შეკავება ერთგვარად დანაშაულის დაფარვაა და საზოგადოების არაინფორმირებულობამ შესაძლოა მეტი ზიანი მოიტანოს.
საკითხის ამ დელიკატური თავისებურებიდან გამომდინარე, მნიშნველოვანია ბალანსის დაცვა საზოგადოების ინფორმირების ინტერესსა და კერძო პირების პირადი ცხოვრების დაცულობის ინტერესს შორის.
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ინფორმირების მიზნით მონაცემთა დამუშავებაზე ანუ ჟურნალისტურ საქმიანობაზე არ ვრცელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, მსგავს ვითარებაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს/ეთმობა ჟურნალისტური ეთიკის პრინციპების დაცვას.
ჟურნალისტურ საქმიანობაზე კანონის გაუვრცელებლობა არ გულისხმობს ამ საქმიანობის პროცესში მონაცემთა დაცვის და პირადი ცხოვრების პატივისცემის პრინციპების სრულ უგულებელყოფას. შესაბამისად, თითოეულ საქმეზე მუშაობისას და მასალის საიტზე გამოსაქვეყნებლად მომზადებისას დეტალურად ხდება აღნიშნული ორი ინტერესის შეპირისპირება, დეტალურად ფასდება თითოეული მონაცემის გამოქვეყნების საჭიროება.
ჩვენი მთავარი პრინციპია - არ ავნო! და სწორედ ამ პრინციპის დაცვით ვაფასებთ გამოსაქვეყნებელ მასალას და იმას, თუ რომელი ინტერესი გადაწონის - საზოგადოების ინფორმირებისა და ამ მხრივ დანაშაულთან ბრძოლა თუ კერძო პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, მისი პერსონალური მონაცემების დაცვა.
https://personaldata.ge/manage/res/GDPR.pdf
http://www.mediacrimevictimguide.com/journalistguide.pdf
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კანონის მოქმედება არ ვრცელდება მედიასაშუალების მიერ საზოგადოების ინფორმირების მიზნით მონაცემთა დამუშავებაზე.
საიტზე ისტორიების გამოქვეყნება და შესაბამისი მონაცემთა ბაზის წარმოება წარმოადგენს ჟურნალისტურ საქმიანობას, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებას.
შესაბამისად, მასზე არ ვრცელდება საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“. ამასთან, კანონის მოთხოვნისა და ჟურნალისტური/მედია ეთიკის პრინციპებიდან გამომდინარე, მონაცემთა ამ ფორმით დამუშავებისას მიღებულია შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები, ისევე, როგორც მონაცემთა გასაჯაროებისას ხდება მისი შეფასება ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების მიხედვით და მათი გასაჯაროების გადაწყვეტილების მხოლოდ ამის საფუძველზე მიღება.