ავტორი: ია შალამბერიძე
2015 წლის 21 იანვარს, 8 წლის ბავშვის მკვლელობის შემდეგ, ირანში, გომიშანის ოლქში, 17 წლის მარიამ კოჩალიძის მკვლელობაში ბრალდებული მოჰამად ამინ რუინთანი დააკავეს.
მარიამ კოჩალიძის ცხედარი პოლიციამ და ახლობლებმა მისი გაუჩინარებიდან რამდენიმე საათის შემდეგ ბულვარის მიტოვებულ ნაწილში იპოვნეს. სხეულზე ძალადობის კვალი აღინიშნებოდა, გოგონას ყელი ბასრი საგნით ჰქონდა გამოჭრილი და ზურგზე დიდი ლოდი ედო. ადგილზე არ აღმოჩნდა მისი ველოსიპედი, სამკაული და მობილური ტელეფონი.
„ მარიამი თითქმის ყოველ საღამოს სეირნობდა იმ ადგილებში ველოსიპედით. დღიურიც ჰქონდა, სადაც ინტერვიუებს და შთაბეჭდილებებს იწერდა ახალი ნაცნობების შესახებ,“ - ამბობს კოჩალიძის ნათლია, ნატალია კვინტრაძე.
სანაპიროს ის ნაწილი, სადაც კოჩალიძე იპოვნეს, შედარებით უკაცრიელი იყო. „იქ მხოლოდ უსახლკაროები იყრიდნენ თავს და მარიამიც კარგად იცნობდა მათ. საჭმელიც ბევრჯერ მიუტანია. იმასაც ამბობენ, რომ მკვლელს იცნობდა, მაგრამ მის დღიურში ამის შესახებ არაფერი წერია,“ – აცხადებს კვინტრაძე.
გოჩა მსხილაძე, კინოლოგი, რომელიც ერთ–ერთი იყო მათ შორის, ვინც ცხედარი აღმოაჩინა, აცხადებს: „იმ საღამოს ის უცხოელი დავინახე, ვკითხე, საიდან გაქვს–მეთქი ეს ველოსიპედი, ვიქირავეო, მიპასუხა. მარიამის გვამი რომ ვიპოვნეთ, პირველი, რაც თავში მომივიდა, ის იყო, რომ მაგის ჩადენილი იქნებოდა ეს არაადამიანური დანაშაული.“
2013 წელს საქართველოში ირანის მოქალაქეების შემოსვლის მნიშვნელოვნად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. მათი რიცხვი განსაკუთრებით ზაფხულში, ტურისტულ სეზონზე გაიზარდა.
2013 წლის ივნისში საქართველოს 9 893 ირანელი ესტუმრა. მათ შორის იყო მოჰამად ამინ რუინთანი ბათუმში 2013 წლის, დანაშაულის ჩადენამდე ერთი თვით ადრე, ტურისტად ჩამოვიდა. მას ხშირად ხედავდნენ სანაპიროზე, შავი ზურგჩანთით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ ჩადენილ დანაშაულთა რიცხვი, უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაიზარდა, განსაკუთრებით კი აჭარაში, რომლის შემადგენლობაშიც შედის ბათუმი. სიაში პირველ ადგილს თურქეთის მოქალაქეები იკავებენ, ირანის მოქალაქეებს კი მეხუთე პოზიცია უკავიათ. ყველაზე გავრცელებული დანაშაულებრივი ქმედებებია: საბუთების გაყალბება, თაღლითობა, საზღვრის უკანონო გადაკვეთა, ყაჩაღობა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არალეგალურად შესვლა. მძიმე დანაშაული, როგორიცაა მკვლელობა ან ტრეფიკინგი, შედარებით დაბალი რიცხობრივი მაჩვენებლით ხასიათდება და წელიწადში არ აღემატება ათ შემთხვევას, უცხო ქვეყნის მოქალაქის მხრიდან.
2013 წელს, კოჩალიძის საქმე ირანის მოქალაქის მიერ ჩადენილი ერთადერთი მკვლელობა და შესაბამისად, ყველაზე მძიმე დანაშაული აღმოჩნდა. იმავე წელს, მოგვიანებით, ირანელმა ქალმა საქართველოს ორი მოქალაქე დაჭრა. თუმცა, მკვლელობის არც ერთი სხვა შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
პოლიციის განცხადებით, კოჩალიძის მკვლელობის შემდეგ, რუინთანმა მსხვერპლს ზურგზე დიდი ლოდი დაადო და მისივე ველოსიპედით დატოვა მკვლელობის ადგილი. მალე მან ტაქსი გააჩერა და 12 კილომეტრით დაშორებული სარფის საბაჟო პუნქტისკენ გაემგზავრა, საქართველო – თურქეთის საზღვარზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, 2013 წელს საზღვარზე 80 ეჭვმიტანილი დააკავეს, მაგრამ რუინთანი მათ შორის არ აღმოჩნდა.
მან მშვიდობიანად დატოვა სარფის საბაჟო და უკან მხოლოდ ვიდეო ჩანაწერი მოიტოვა, რომელიც გამომძიებლებს საქმის წარმართვაში უნდა დახმარებოდა. რუინთანი თურქეთში 19:22 წთ–ზე გადავიდა.
მოგვიანებით, ტაქსიში დატოვებულ სისხლის კვალში, კოჩალიძის დნმ აღმოაჩინეს. გამოძიებამ რუინთანი მკვლელობაში დამნაშავედ სცნო და მას დაუსწრებლად სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.
ინტერპოლი, რომელიც საქმეში ჩაერთო, მსოფლიოში უდიდესი საერთაშორისო პოლიციის ორგანიზაციაა. მასში 190 ქვეყანაა გაერთიანებული. ინტერპოლის მისიაა, ეფექტური საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით მსოფლიოში დანაშაულებრივი ქმედებების აღმოფხვრა. მისი მთავარი იურიდიული დოკუმენტი კონსტიტუციაა, რომელიც ორგანიზაციის როლს, სტრუქტურას, ბიუჯეტსა და სხვა ორგანიზაციებთან კავშირს განსაზღვრავს. მასში ხაზგასმით წერია, რომ წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა რეგულირდება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის საფუძველზე. ინტერპოლის წევრი ყველა ქვეყანა ერთმანეთთან დაკავშირებულია საკომუნიკაციო სისტემით, ე.წ. I – 24/7, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაზებში შენახული ინფორმაცია დანაშაულის ან დამნაშავის შესახებ, დღე–ღამეში 24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომია.
წევრი ქვეყნებიდან მიღებული შეტყობინებების საფუძველზე, ინტერპოლი აქვევყნებს ძებნილი დამნაშავეების სიას. არსებობს რვა სხვადასხვა ცირკულარი, რომლებიც ერთმანეთისგან დანიშნულებით განსხვავდება. ე.წ. „წითელი ცირკულარით“ ძებნა ცხადდება დამნაშავის დასაკავებლად მისი ექსტრადირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ქმედების განხორციელების მიზნით.
2013 წლის 24 ოქტომბერს, საქართველოში ინტერპოლის ეროვნულმა ბიურომ რუინთანის „წითელი ცირკულარით“ ძებნა გამოაცხადა, რაც მისი ადგილსამყოფელის დადგენასა და დაპატიმრებას ითვალისწინებდა. პროცესი ერთ წელზე მეტხანს გაგრძელდა. თუმცა ინტერპოლის მონაცემებში რუინთანის სამშობლოში დაბრუნების შესახებ ცნობები არ მოიპოვებოდა, მისი დაკავების შესახებ სწორედ ირანის ინტერპოლმა გაავრცელა.
2015 წლის 21 იანვარს საქართველოს ინტერპოლის ეროვნული ბიუროს უფროსმა, გიორგი მეზვრიშვილმა, სპეციალური განცხადებით დაადასტურა ინფორმაცია რუინთანის დაპატიმრების შესახებ. ირანის საინფორმაციო სააგენტო „ჰამშაჰრის“ ცნობით, რუინთანი 8 წლის ბავშვის მკვლელობის გამო დააკავეს. ირანის პოლიციის განცხადების საფუძველზე ირკვევა, რომ დამნაშავის მოტივი ორივე მკვლელობის შემთხვევაში იყო შურისძიება ყოფილი ქართველი მეგობარი გოგონას გამო, რომელმაც ის მიატოვა. მისივე თქმით, მხვერპლის სისხლის ყურება მას შვებას ჰგვირდა.
რუინთანის დაკავების შემდეგ, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, სპეციალური განცხადება გაავრცელა. „რადგან რუინთანი ბავშვის მკვლელობაზეა დაკავებული, ჩვენ ვალდებული ვიქნებით იქაურ განაჩენს დაველოდოთ, რათა შემდგომ გადაწყდეს ეს ადამიანი ორივე დანაშაულისთვის ირანში მოიხდის სასჯელს თუ საქართველოში,“ – განაცხადა წულუკიანმა.
განაჩენის ირანში გამოტანის შემთხვევაში, რუინთანი, შესაძლოა, სიკვდილით დაისაჯოს. თუმცა, ირანული კანონის თანახმად, მას ასევე აქვს შესაძლებლობა სასჯელისგან განთავისუფლდეს. ირანში, მკვლელობა ისჯება „ქესასის“ ქვეთავის 204–268 მუხლებით. ირანის საკანონმდებლო სისტემა მკვლელობას განიხილავს, როგორც ორ კერძო მხარეს შორის მომხდარ ფაქტს და ამიტომ სასიკვდილო განაჩენის გამოტანას არ იღებს საკუთარ თავზე. თეორიულად, მსხვერპლის ნათესავები ან ე.წ. „სისხლის მემკვიდრეები“ წყვეტენ დამნაშავის ბედს.
პრაქტიკაში კი, მსხვერპლის ოჯახის წევრების მოთხოვნის საფუძველზე, სახელმწიფო დამნაშავეს სიკვდილით სჯის, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ფულადი კომპენსაციის სანაცვლოდ, ოჯახი დამნაშავეს სასჯელისგან ათავისუფლებს.
უმეტეს შემთხვევაში, დამნაშავე ისჯება – ჩამოხრჩობით ან ჩაქოლვით. ჩვეულებრივ, სასიკვდილო განაჩენის აღსრულება საჯაროდ ხდება და სიკვდილმისჯილის ტანჯვის გასახანგრძლივებლად, 15–20 წუთს გრძელდება. ხშირად პროცესში დამნაშავის ოჯახის წევრები იღებენ მონაწილეობას.
ირანის ადამიანთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის თანახმად, ირანში ყოველწლიურად 500–ზე მეტი ადამიანი ისჯება სიკვდილით. მთავრობა ცდილობს ზუსტი ციფრების დაფარვას. ორგანიზაციის 2014 წლის ანგარიშის მიხედვით, მთავრობამ 721 შემთხვევიდან მხოლოდ 268 გაასაჯაროვა, რაც ნიშნავს, რომ ის სიკვდილით დასჯის ფაქტების 62,83%–ის საზოგადოებისგან დამალვას ცდილობდა. ამავე ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო ათი წლის განმავლობაში, სივდილით დასჯის შემთხვევები 83% ით გაიზარდა. 2015 წელს აღსრულებულ პატიმართა სიაში რუინთანის გვარი არ ფიგურირებს.
ირანის საელჩოში აცხადებენ, რომ რუინთანთან დაკავშირებით, მოვლენათა შემდგომი განვითარების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ, თუმცა ადასტურებენ, რომ განაჩენის აღსრულებას, შესაძლოა, დიდი დრო დასჭირდეს.
ირანის ადამიანთა უფლებათა დამცველი ორგანიზაციის დამფუძნებლის, მაჰმუდ–ამირი მოგჰადდამის თქმით, „პროცესმა შეიძლება რამდენიმე დღიდან ათწლეულებამდე გასტანოს. ყველაზე მცირე პერიოდი, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა, 40 დღე იყო, ყველაზე ხანგრძლივი კი – 20 წელიწადი. ეს ყველაფერი ორ ძირითად ფაქტორზეა დამოკიდებული: პირველი, თუკი მსხვერპლის ოჯახი დაჟინებით ითხოვს განაჩენის აღსრულებას და მეორე, თუკი ხელისუფლებას საკუთარი სიმკაცრისა და სისწრაფის დემონსტრირება სურს“. მოგჰადდამის ცნობით, არც ერთ ფაქტორს არ ჰქონია ადგილი რუინთანის შემთხვევაში და ის ჯერ კიდევ ციხეშია, საკუთარი განაჩენის მოლოდინში.