ფემიციდი

მისი სიკვდილი საზოგადოების გულგრილობამ გამოიწვია

“იმ წუთებშიც კი, როცა უკვე კვდებოდა, გვთხოვდა, არ გამოგვეძახა პოლიცია. ბოლომდე საკუთარი ქმრის დაცვას ცდილობდა”. “ვუცქერდი მის ტანჯვით სავსე თვალებს სიკვდილის წინ. გაუჩერებლად მთხოვდა, ხელი ხელზე მომეკიდა. ვუცქერდი, როგორ მეცლებოდა ხელიდან და ვერაფრით ვშველოდი“.

მკვლელობის ადგილი

საქართველოში ფემიციდი ჯერაც მწვავე პრობლემად დგას. ომბუდსმენის ოფისის წარმომადგენლების მიხედვით, 2016 წელს ოჯახში ძალადობის გამო საქართველოში 13 ქალია გარდაცვლილი.

რესპუბლიკურმა პარტიამ დაამუშავა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ფემიციდი საქართველოში კრიმინალიზებული გახდებოდა, მაგრამ საინფორმაციო ვებგვერდ netgazeti.ge–ს მიხედვით, პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა საკანონმდებლო ინიციატივა უარყო.

რესპუბლიკური პარტიის წევრი, თამარ კორძაია, რომელიც კანონპროექტზე მუშაობდა, ამბობს, რომ საზოგადოება ფემიციდის არსს ვერ ხვდება: „როცა კანონპროექტი მოვამზადეთ – და ეს ორჯერ გავაკეთეთ და უარყვეს – რეალურად ვერავინ მიხვდა, რატომ ვითხოვდით ფემიციდისთვის ცალკე მუხლს, რატომ შეიძლებოდა, რომ დამამძიმებელ გარემოებად მიჩნეულიყო კაცის მიერ ქალის მოკვლა. არავინ აღიარა, რომ უთანასწორობაა ფემიციდის მიზეზი.

კანონპროექტი პარლამენტმა ძალზე არაკომპეტენტური მიზეზების გამო უარყო, მათ შორის, გაჟღერდა ასეთი შეფასებებიც: „ესაა მკვლელობა უთანასწორობის ნიშნების გარეშე და როგორ უნდა მოხერხდეს ამ ფონზე უთანასწორობის გამოვლენა?“ თუ ასეა, რატომაა ეს მოტივი ევროპაში აღიარებული მკაფიო ფაქტად? იურიდიული კომიტეტის წევრებმა ამ გარემოების სრული იგნორირება მოახდინეს. მათ საკითხი ასე დასვეს: თუ მკვლელობის მოტივი ეჭვიანობაა, შეიძლება თუ არა ეს ჩაითვალოს უთანასწორობად? რა თქმა უნდა, უნდა ჩაითვალოს! რთულია, მსგავსი კანონის მიღება, როცა ასეთი ელემენტარული საკითხების ახსნა გიწევს. სწორედ ესაა უთანასწორობა – როცა კაცს შეუძლია მოკლას ქალი მხოლოდ იმიტომ, რომ ეჭვიანობს. არც ერთი ქალი, უიშვიათესი გამონაკლისების გარდა, არ მოკლავს კაცს ეჭვიანობის ნიადაგზე. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ამ კანონს მივიღებთ, ეს იქნება საზოგადოების ცნობიერების განვითარებაში მიღწეული უდიდესი პროგრესი“.

ეჭვიანობა სწორედაც რომ არის უთანასწორობისა და ჩაგვრის ნიშანი, ქალთა უფლებების დამცველი აქტივისტებიც ასე ფიქრობენ.

„თუ კაცი ფიქრობს, რომ მისი ცოლი შინაური ცხოველია, რომლის მოკვლის უფლებაც მას აქვს, სწორედ ესაა დისკრიმინაცია, სიძულვილი და ჩაგვრა“, – ამბობს იურისტი ბაია პატარაია, რომელიც ქალთა საკითხებს სწავლობს.

მეორე პრობლემაა რეციდივიზმი. საქართველოს დანაშაულის პრევენციის ცენტრის მიხედვით, 2013–2014 წლებში ისინი 2.400 მსჯავრდებულს დაეხმარნენ, 1342 ადამიანმა კი სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართვა ითხოვა. თუმცა, ეს ღონისძიებები არასაკმარისია. 2012 წელს განხორციელებული ამნისტიის დიდი ტალღის შემდეგ, როცა 8 ათასზე მეტი მსჯავრდებული გამოუშვეს და 2 ათასზე მეტი შეიწყალეს პრეზიდენტის თხოვნით, კრიმინალის მაჩვენებელმა იმატა, წერდა ვებგვერდი netgazeti.ge, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით.

ამ ორი გარემობის მსხვერპლი გახდა თბილისის ერთ–ერთი სასტუმროს სამზარეულოში მომუშავე 36 წლის ქალი ეკატერინე ქავთარაძე. 6 ივნისს მას დაურეკა ქმარმა, კრიმინალური წარსულის მქონე, 37 წლის ბესო ოდიშელიძემ და სამსახურთან ახლოს შეხვედრა სთხოვა. ამ შეხვედრის დროს ეკატერინე ქავთარაძე ქმარმა მუცლის არეში ტყვიით დაჭრა. მოგვიანებით ქალი ერთ–ერთ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

„თავიდან მშვენიერი ურთიერთობა ჰქონდათ. ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ის ასე შეიცვლებოდა, – იხსენებს გარდაცვლილი ქალის ბავშვობის მეგობარი, ეკა ეხიზაშვილი, – შემდეგ ციხეში რამდენჯერმე მოხვდა... ეჭვიანობდა კიდეც და მოკვლით ემუქრებოდა, რადგან ცოლს გაყრა სურდა. მას წასასვლელი არსად ჰქონდა. მშობლები დიდი ხნის წინ ჰყავდა გარდაცვლილი, მისი და კი იტალიაში მუშაობს. არც კი ვიცი, ვინმეს უთხრა თუ არა ქმრის მუქარის შესახებ. ძალიან მორცხვი და გულჩათხრობილი გოგო იყო და საკუთარ პრობლემებზე ბევრს არასდროს ლაპარაკობდა“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „კავშირი საფარის“ კვლევის მიხედვით, რომელიც ფემიციდს ეხება, განქორწინება ერთ–ერთი რისკ–ფაქტორია: ფემიციდის შემთხვევების 40.46 პროცენტი ხდება მაშინ, როცა პარტნიორი განქორწინებას გადაწყვეტს, ან უკვე განქორწინების პროცესშია.

ეხიზაშვილი მიიჩნევს, რომ საზოგადოების გულგრილობა მისი მეგობრის სიკვდილის ერთ–ერთი მიზეზია: „ერთად გავიზარდეთ, ერთმანეთის მეზობლად ვცხოვრობდით. ძალიან ნიჭიერი გოგო იყო და შეეძლო, კარგად ესწავლა, მაგრამ, სამწუხაროდ, იმ ადამიანებისთვის, ვის წრეშიც ეკატერინე ტრიალებდა, განათლება ნაკლებ მნიშვნელოვანი იყო. მეც კი, როცა უნივერსიტეტში ჩავაბარე, უცხოსავით დამიწყეს ყურება“, – ამბობს ის და დასძენს: „იმის თქმა მინდა, რომ ეს არაჩვეულებრივი ქალი ახლა მკვდარია და საზოგადოების მხრიდან ამ პრობლემის უგულვებელყოფამ ნაწილობრივ შეუწყო კიდეც ხელი მის მკვლელობას“.

„ეკატერინე ძალიან კარგი, ძალიან თბილი და კეთილი ადამიანი იყო. ძალიან მტკივა გული, რომ ჩვენს გვერდით აღარაა, – ამბობს მისი ერთ–ერთი კოლეგა, რომელიც ანონიმურად დარჩენას ამჯობინებს, – ამ სასტუმროში გახსნის დღიდან (2015 წლიდან) მუშაობდა. რამდენადაც ვიცი, ქმარი მასზე საშინლად ეჭვიანობდა და ეკატერინესთან კონფლიქტი ჰქონდა. პირადად მის ქმარს არასდროს შევხვედრივარ, სამსახურში არასდროს მოსულა“.

ეკატერინეს თანამშრომელი 6 ივნისის უბედურ შემთხვევას ასე იხსენებს: „კი, მეც იქ ვიყავი. ვუცქერდი მის სიკვდილს, მის ტანჯვით სავსე თვალებს. საშინელება იყო. უკვე ბოლო წუთებში, როცა გონს კარგავდა და გაუჩერებლად მთხოვდა, არ გამეშვა ხელი, ვერაფრით ვშველოდი. სიკვდილის წუთებშიც კი მთხოვდა, არ დამერეკა პოლიციაში – ბოლომდე თავის ქმარს იცავდა“.

გარდაცვლილის თანამშრომლის თქმით, „დამნაშავეა სასწრაფო დახმარებაც, რომელიც დროულად არ მოვიდა შემთხვევის ადგილზე. მხოლოდ 30 წუთის შემდეგ გამოჩნდა, არადა, ვინ იცის? იქნებ გადაერჩინათ კიდეც“. გარდაცვლილის ქმარს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11–109, 108 და 236–ე მუხლების მიხედვით ასამართლებენ. საქმე ჯერ არ დასრულებულა, თუმცა ეხიზაშვილის მიხედვით, მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

მისი ოჯახის წევრები ჟურნალისტებთან საუბარს ერიდებიან, მათ ოდიშელიძის და ეკას ერთადერთი შვილის დაცვა სურთ. „ბავშვი მამის ოჯახში გაიზარდა, – ამბობს ეხიზაშვილი, – და ყველაფრის მიუხედავად, უყვარს მამაც და ბებიაც. დედის მხრიდან ბებია კი არც ახსოვს“.

„კავშირი საფარის“ კვლევის მიხედვით, თავდამსხმელის კრიმინალური წარსული და იარაღის ფლობა ორი უმნიშვნელოვანესი რისკ–ფაქტორია, რაც ფემიციდს უძღვის წინ. ამიტომაც ბრალდებულთა რეაბილიტაცია და მეტი სარეაბილიტაციო პროგრამის გახსნაა საჭირო ისევე, როგორც გამოსავალი შეიძლება იყოს ფემიციდის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლობის გაზიარებაში.