ნანი სისვაძე
2017 წლის 4 იანვარს, თბილისში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მცხოვრებ ოჯახს თავზარდამცემი დილა გაუთენდა. მეუღლემ საკუთარი ცოლი მოკლა. „ეს იყო ყველაზე რთული დღე ჩემს ცხოვრებაში, მორჩა, იმ დღეს დამთავრდა ჩემი სიცოცხლე“, – ამბობს გარდაცვლილის დედა.
49 წლის ზიზი ურუშაძე და 50 წლის ვახტანგ სამხარაძე 2000 წელს დაქორწინდნენ. მსხვერპლის ნათესავ–მეგობრები იხსენებენ, რომ ცოლ–ქმარს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ და ერთმანეთი უყვარდათ. მათი გადმოცემით, ცოლი მუდამ ყოველთვის ზრუნავდა ქმარზე და არჩენდა კიდეც მას, რადგან ქმარი უმუშევარი გახლდათ.
გარდაცვლილის დედის, ცირა მათითაშვილის თქმით, ზიზი ურუშაძე შინაგანად ძლიერი ქალი იყო, მას მეცნიერება და პოეზია უყვარდა, ფლობდა უნივერსიტეტის დიპლომს სამედიცინო დარგში, მაგრამ ექიმი ვერასდროს გახდა.
„ქორწინების დღეს ზიზიმ მითხრა, რომ ძალიან ბედნიერი იყო, – იხსენებს დედა, – მახსოვს, როგორ უბრწყინავდა თვალები. ოჯახი მისთვის ყველაფერს ნიშნავდა“. თუმცა, მათ ურთიერთობაში ხშირად შეიმჩნეოდა დაძაბულობა.
როცა ქმრისგან მოშორებით იყო, ვთქვათ, როცა მეგობრებთან ერთად მიდიოდა სადმე, გარშემომყოფებს ეჩვენებოდათ, რომ ზიზის გონება სადღაც დაქრის. მხიარული ჩანდა, მაგრამ თან ეტყობოდა დარდიც.
როგორც მისი მეგობარი, მაია კუბლაშვილი იხსენებს, ქმარი ხშირად ურეკავდა ხოლმე, აინტერესებდა სად და ვისთან ერთად იყო ზიზი. გარდაცვლილი სახლთან ახლოს მაღაზია „პოლარისში“ მენეჯერად მუშაობდა. ხშირად მისი შემოსავალი 2 ათასიდან 5 ათას ლარამდე მერყეობდა (835–2100 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში).
ზიზის თანამშრომლები როგორც იხსენებენ, ქმარი მას ხშირად სთხოვდა ფულს. მეტიც, მათი და ასევე ზიზის მეგობრების აზრით, მისი მოკვლის მიზეზიც ფული გახდა.
ერთ–ერთი მეგობარი ამბობს, რომ ზიზის მეუღლეს ძმა ციხეში ჰყავდა და მის გასათავისუფლებლად ფული სჭირდებოდა. „თავიდან, როცა ჯერ კიდევ არ ვიცოდი, ვინ იყო ზიზის ქმარი, თითქმის ყოველ დღე მაღაზიის ფანჯარასთან დგებოდა ვიღაც კაცი. ერთხელ ისიც დავინახე, რომ უცნობი ფოტოებს იღებდა. ზიზის ვუთხარი კიდეც: „შეხედე ერთი, რამდენი გიჟია ამ ქვეყანაში?“ მერე გაირკვა, რომ კაცი, თურმე, მისი ქმარი იყო“, – იხსენებს მაღაზიის თანამშრომელი ნინო გვილავა.
„მაღაზიიდან ხშირად გვეკარგებოდა ფული და ნივთები. წინათ არავინ არაფერს ეჭვობდა, მაგრამ ახლა უკვე აღარ ვარ დარწმუნებული – იქნებ, ზიზის ქმარი იყო?“ – ამბობს მაღაზიის კიდევ ერთი თანამშრომელი.
გარდაცვლილის დედის თქმით, როცა პოლიციამ გვამი აღმოაჩინა, კრიმინალისტებმა სახლში მთელ დღეს იმუშავეს, ვიდრე ზიზის დედის სახლში გადაასვენებდნენ პანაშვიდებისთვის. მისივე გადმოცემით, ზიზი თოკით ქმარს თოკით გაეგუდა, ცხვირიც გატეხილი ჰქონდა და ეტყობოდა სხვა ჭრილობებიც თვალების, შუბლის, ნიკაპის არეებში და თითებზე.
ზიზის და ვახტანგს შვილები არ ჰყავდათ და გარდაცვლილის დედასთან ახლოს ნაქირავებ სახლში ცხოვრობდნენ. დედა ამტკიცებს, რომ იმ დილას გულმა უგრძნო, შვილი რომ მოუკლეს, რადგან ზიზი ყოველ დილას ურეკავდა, იმ დილას კი არ დარეკა. ზიზის ძმისშვილი სავარჯიშო დარბაზიდან შინ რომ დაბრუნდა, ვახტანგმა დაურეკა და ზიზის მამის სახელზე გაფორმებული მანქანა აჩუქა.
ბიჭი ამ საუბრის მერე ძალიან აღელვებული იყო. გარდაცვლილის დედამ თვითონ დაურეკა ქალიშვილს, მაგრამ ტელეფონი გამორთული დახვდა, ამიტომ ზიზისთან სახლში ბიჭი გაგზავნა, გვამი სწორედ მან იპოვა.
მისმა მეუღლემ დანაშაული აღიარა და პოლიციას ჩაბარდა. სასამართლოს პირველი მოსმენა საქალაქო სასამართლოს შენობაში 6 აპრილს გაიმართა – იმ დღეს, რომელიც ზიზის ქორწინების ათი წლის იუბილე უნდა ყოფილიყო.
სასამართლო სამი საათის დაგვიანებით დაიწყო. ოჯახის წევრები და მეგობრები თვალცრემლიანები ელოდნენ დასაწყისს. ბრალდებულის მხრიდან სხდომაზე მხოლოდ მისი და, ნინო გამოცხადდა. თუმცა გარდაცვლილის ოჯახის წევრებს არ გამოლაპარაკებია. მან თქვა, რომ სასამართლოში მხოლოდ მოვალეობის გამო მოვიდა, ისე კი, იცოდა, რომ მისი ძმა უნდა დაისაჯოს, რადგან მკვლელობა ჩაიდინა.
სასამართლო დღის 3 საათზე დაიწყო. სხდომას ესწრებოდნენ მოსამართლე ნატო ხუჯაძე, პროკურორი მიხეილ ჩხეიძე, ბრალდებულის ადვოკატი მამუკა ბასილაშვილი და თავად ბრალდებული. ამ მიზეზით, სასამართლო სხდომის დარბაზში ზიზის ნათესავების ნაწილი არ შევიდა.
მოსამართლემ დამსწრეებს უფლებებები და მოვალეობები გააცნო, შემდეგ კი ბრალდებულს კითხვით მიმართა:
-- „რა არის თქვენი სოციალური სტატუსი?“
-- „არ ვიცი, ჩემი ცოლი მოვკალი და, ალბათ, ქვრივი ვარ“, – უპასუხა მან.
ორივე მხარემ წარმოადგინა საქმის თანმხლები მასალები. პროკურორმა ისაუბრა მოწმეებსა და შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ მტკიცებულებებზე. გამომძიებლების თანახმად, 2014 წელს სამხარაძე წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა, გირაოს გადახდის შემდეგ, 2016 წელს ბრალი მოუხსნეს.
პროკურორის მიერ წარმოდგენილ მასალას სრულად დაეთანხმნენ ბრალდებულიცა და მისი ადვოკატიც. სხდომა ერთ საათში დასრულდა. ვიდრე ბრალდებულს სასამართლო დარბაზიდან გაიყვანდნენ, მან თავის დას შვილების ამბავი ჰკითხა.
გაირკვა, რომ სამხარაძეს ორი შვილი ჰყავდა, ორი წინა ქორწინებიდან. ამ ამბის გაგებაზე გარდაცვლილის მეგობრები და ოჯახის წევრები აყვირდნენ, ისინი გაიძახოდნენ, რომ ზიზის მკვლელი ნამდვილი სატანაა.
შემდეგი მოსმენა 19 აპრილს, დილის 11 საათზე გაიმართა.
სხდომის დარბაზი დამსწრეებით გაივსო. დათქმულ დროს ეჭვმიტანილი დარბაზში ბორკილებით შემოიყვანეს.
ახალმა მოსამართლემ, ბესიკ ბეგიანაშვილმა პროკურორს განუცხადა, რომ წარმოდგენილი ნივთმტკიცებების საფუძველზე ქმარს ბრალი უნდა წაუყენონ. ამ გადაწყვეტილებაზე საწინააღმდეგო აზრი არც ეჭვმიტანილის ადვოკატს ჰქონია. მოსამართლემ ქმარს უფლება მისცა, საბოლოო სიტყვა ეთქვა:
„არაფერი ხდება უმიზეზოდ. და მიზეზი მეც მქონდა, თუმცა, ახლა, აქ, ამაზე საუბარი არ მინდა... როცა გავიაზრე, რაც ჩავიდინე, პოლიციაში საკუთარი ფეხით მივედი. ჩემი საკუთარი რწმენისა და ღმერთის წინაშე ვალი მქონდა მოსახდელი“.
სისხლის სამართლის კოდექსის 108–ე მუხლის თანახმად, მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.
„ფემიციდი გახლავთ მკვლელობა, რომელიც ხდება იმიტომ, რომ მსხვერპლი ქალია. ამ მომენტისთვის ეს გარემოება ქართულ კანონმდებლობაში ხაზგასმული არაა. თუმცა, ცალკე გამოყოფილი და აღნიშნულია ბევრი სხვა ქვეყნის კანონმდებლობაში“, – ამბობს იურისტი ბაია პატარაია, რომელიც ქალთა საკითხებს სწავლობს.
„ჩვენი კანონების უმრავლესობა ნეიტრალურია და დაწერილია ყველასთვის, აქედან გამომდინარე, ის ვერ მოიცავს და ვერ ცნობს პრობლემებს, რომლებიც მოსახლეობის მხოლოდ ერთ სეგმენტს – ამ შემთხვევაში, ქალებს შეიძლება აწუხებდეს. ქალთა უფლებების გათვალისწინებით შემუშავებული უამრავი საკანონმდებლო ინიციატივა ჩავარდა პარლამენტში. ამის ერთ–ერთი მიზეზი ისიცაა, რომ პარლამენტართა უმრავლესობა – 84 პროცენტი – მამაკაცია, ისინი კი არ ინტერესდებიან ქალთა პრობლემებით საქართველოში“. მსგავსი საკითხები პარლამენტში უნდა წყდებოდეს, თუმცა, ზიზი ურუშაძისთვის და დანარჩენი მოკლული ქალებისთვის, მსჯელობა მსგავს თემებზე, ბევრს აღარაფერს ცვლის.