2017 წლის 18 ოქტომბერს, ყვარელის რაიონის სოფელ შილდაში 24 წლის ქალი გამოესალმა სიცოცხლეს - ის საკუთარ სახლში იპოვეს ჩამომხრჩვალი. ქალი შიშველი ეკიდა თოკზე. პროკურორმა საქმის წარმოება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მოითხოვა. გარდაცვალების შესახებ ზუსტი გარემოებები უცნობია. გამოძიება კვლავაც მიმდინარეობს.
ეკას ცხედარზე სხეულზე დაზიანებები აღმოუჩინეს, რის გამოც ეჭვი გაჩნდა, რომ ქალი ჯერ მოკლეს და მერე ჩამოკიდეს.
როგორც მეზობლები ამბობენ, ის თავს არ მოიკლავდა. ისინი ამტკიცებენ, რომ ოჯახში ხშირი იყო კონფლიქტური სიტუაციები, ცემის შემთხვევები, პოლიციის გამოძახებაც. „რამდენიმე დღის წინ დავინახეთ, ხელი შეხვეული ჰქონდა. ასე გვითხრა, შემთხვევით გავიჭერი და ჭრილობა სერიოზული არ არისო. ეტყობოდა, რომ ამ თემაზე საუბარს გაურბოდა“, - ამბობს მეზობელი, ია გულიაშვილი.
„არ მოიკლავდა თავს, არ ჰგავდა თვითმკვლელობის ჩამდენ ადამიანს, ბავშვური და კეთილი გოგონა იყო. შიშველი იყო, როცა ნახეს, სხეულზე იარები ჰქონდა - ვინ იკლავს თავს ასე“, - ამბობს მეორე მეზობელი.
ეკას დაკრძალვის დღეს, მისი მეუღლის, რამინ გურასპიშვილის ძმამ თავის მოკვლა სცადა - ეკას მსგავსად, ჩამოხრჩობის გზით აპირებდა ამას, მაგრამ მეზობელმა იპოვა და გადაარჩინა:
„ეკას დაკრძალვაზე მივდიოდი, ხეზე დავინახე და გადავარჩინე“, - ამბობს მეზობელი თამაზ ახალბედაშვილი კაცზე, რომელმაც რამდენიმე დღე ფსიქიატრიულ კლინიკაში გაატარა, შემდეგ კი გაათავისუფლეს. ექიმებმა მენტალური პრობლემების ნიშნები ვერ აღმოაჩინეს, მამაკაცმა აღნიშნა, რომ მას უბრალოდ ეკას გარდაცვალებით მიყენებული ტკივილის გადატანა არ შეეძლო.
თუმცა ამ ფაქტის შემდეგ, სოფელში მითქმა- მოთქმა დაიწყო, რომ ეკა გააუპატიურებასა და მკვლელობასთან გარკვეულწოლად მისი მაზლიც იყო დაკავშირებული.
ეკას ოჯახში ხშირად ხდებოდა ძალადობის ფაქტები - ცემა, ჩხუბი, პოლიციის გამოძახება, ერთხელ ოჯახური ძალადობის მუხლით საქმის აღძვრამდეც მივიდა საქმე, მაგრამ სიტუაცია არ იცვლებოდა. ეკასთვის დღეები სულ ერთნაირად გადიოდა: ჭრილობებში, ხელების შეხვევასა და სევდაში.
„ეს ოჯახი ძალადობითაა სავსე, განსაკუთრებით დედამთილი. დედამთილმა დაუნგრია ცხოვრება, მაგრამ ახლა ვერავის დავადანაშაულებ, რადგან გამოძიება კვლავაც მიმდინარეობს“, - ამბობს გურჯაანის ადამიანის უფლებათა ცენტრის კორდინატორი ლია ხუროშვილი - ეს ორგანიზაცია, ეკას საქმეს ზედამხედველობს და თვალს ადევნებს საგამოძიებო პროცესს.
ეკას არც განათლება მიუღია, არც პროფესია ჰქონდა. მისი სამუშაო დღე რიჟრაჟზე - 4 საათზე იწყებოდა. შუადღემდე მუშაობდა ვენახში პირველ ბრიგადასთან ერთად, რომელიც 1-2 საათზე იცვლება. ამის შემდეგ ეკა მეორე ჯგუფშიც რჩებოდა და 8 საათამდე მუშაობდა. სურდა ოდნავ მეტი ფული გამოემუშავებინა. ჯამში 40 ლარს იღებდა.
ეკას სტრესსა და მძიმე შრომას დედამთილი სულ სხვა პერსპექტივით უყურებდა. ეჭვიანობა გახდა მთავარი მიზეზი, რის გამოც სახლში კონფლიქტები და გაუგებრობები დაიწყო. დედამთილი, რომელსაც არ მოსწონდა ეკას სამუშაო განრიგი და შრომა, უყვიროდა და სცემდა მას.
„იყო შემთხვევები, როცა დედამთილი სამუშაო ადგილზეც მივარდნია, თავს დასხმია, ყველას წინაშე თმით გამოუთრევია, უყვირია და შეურაცხყოფა მიუყენებია, ვითომდა ეკა ქმარს ღალატობდა და მთელ დღეებს საყვარლებში ატარებდა“, - ამბობს ეკა ვარსიმაშვილი, მასწავლებელი, რომელიც გურასპიშვილის სახლის მოპირდაპირე მხარეს მდებარე სკოლაში მუშაობს.
სოფელში ამბობენ, რომ ეკას პრობლემები და კონფლიქტური სიტუაციები ქმართანაც ჰქონდა. თუმცა, მეუღლე ამას უარყოფს. „ზოგჯერ ამბობდა, თავის მოკვლა მინდაო, მაგრამ ჩვენ პრობლემები და უთანხმოება არაფერზე გვქონია“, - ამბობს რამინ გურასპიშვილი. მას არასდროს უცდია, გაერკვია, რა აწუხებდა ეკას, როგორც მეზობლები ამბობენ. 17 ოქტომბრის ინციდენტამდე რამდენიმე თვით ადრე, რამინი მთელი თვით წავიდა სოფლიდან და თბილისში მუშაობდა. როგორც ლია ხუროშვილი ამბობს, დედამთილთან ამ პერიოდში კიდევ უფრო დაძაბული კონფლიქტის გამო, ეკა ცოტა ხნით თავის ქმართან გადავიდა. 12 ოქტომბერს, უკან დაბრუნებული უფრო იმედიანად და ხალისიანად გამოიყურებოდა - ასე ამბობენ მეზობლები.
„ქმარი მეუბნება, ცოტა ხანს მაცადე და თან წაგიყვანო. რაღაცები მიყიდა და საჭმლის ფულიც მომცაო, - უკეთესი მომავლის იმედს ეკას ეს ყველაფერი უსახავდა. ეს იყო ბოლო, რაც მისგან გავიგეთ“, - ამბობს მეზობელი ეკა ვარსიმაშვილი.
ეჭვები საგამოძიებო პროცესებმა უნდა დაადასტურონ. გურასპიშვილის ოჯახები კვლავაც სოფელ შილდაში ცხოვრობს და აქ იზრდება პატარა ბარბარე გურასპიშვილიც - ეკას მეორე შვილი, 3 წლის გოგონა (ეს ეკას მეორე ქორწინებაა. პირველი ქორწინებიდან მისი პირველი შვილი ქმრის ოჯახში, ამირხანოვების სახლში იზრდება).
„ვთქვი, რომ ბავშვი ამ ოჯახში არ უნდა დარჩეს, აუცილებელია, პატარა იმ არაჯანსაღ გარემოს მოშორდეს, პირველ რიგში კი ბებიას (ეკას დედამთილს), რომელიც მოძალადე, აგრესიული ადამიანია. ბავშვი მათ ხელში არ უნდა დარჩეს. თუმცა, სანამ გამოძიება არ დასრულებულა, რეალური საფუძველი არ გვაქვს, რომ ბავშვი თავშესაფარით უზრუნველვყოთ. ოჯახი ბავშვის მათთან დარჩენას მოითხოვს და ვფიქრობ, ამას სხვა მიზეზიც აქვს - ბარბარე სოციალურ დახმარებას იღებს და ეს დამატებითი შემოსავალი ვფიქრობ მის სახლში დარჩენას დამატებით ხიბლს სძენს“, - ამბობს ლია ხუროშვილი.
„ყოველ დილას ვხედავ, როგორ მიჰყავს ეკას დედამთილს ეს საყვარელი ბავშვი საბავშვო ბაღში, სუფთა და მოვლილი, იყო დრო, ეკას მიჰყავდა ხოლმე. მხოლოდ ის ვიცით გარედან, რომ ბავშვი მოვლილი ჩანს და არც საფრთხე ეტყობა, მეტი არაფერი ვიცი“, - ამბობს ეკა ვარსიმაშვილი.
ეკა კალაურში დაიბადა, გურჯაანის რაიონის ერთ სოფელში. ეკას დედას, ნანას, მეორე ქორწინებაში ეყოლა ეკა და მისი უფროსი ძმა. მამის გარდაცვალების შემდეგ ოჯახი კიდევ უფრო რთულ ეკონომიკურ სიტუაციაში აღმოჩნდა. 18 წლის ეკა სკოლის დამთავრების შემდეგ, შილდაში გათხოვდა და ამირხანოვების რძალი გახდა. პირველი ბავშვი ეყოლა თუ არა, ქმარი მოულოდნელად გარდაეცვალა - უბედური შემთხვევა მოხდა - ხე დაეცა. მეზობლების თქმით, ამირხანოვების ოჯახი პატიოსანი, კეთილი ხალხი იყო, ერთმანეთთანაც წყნარი, ჰარმონიული ურთიერთობა ჰქონდათ. ამ ინფორმაციას ლია ხუროშვილიც ადასტურებს.
ნელი ამირხანოვი, ეკას პირველი დედამთილიც ამბობს, რომ ეკა კარგი რძალი და დედა გახლდათ.
„საწყალი გოგო იყო, მძიმე ცხოვრებით და ამათ მისი ცხოვრება კიდევ უფრო დაამძიმეს, კოშმარად უქციეს. მათ მოკლეს ეკა“, - ამბობს ნელი ამირხანოვი და დასძენს, რომ ცდილობდა თავისი შვილიშვილი ეკას მეორე ოჯახში იშვიათად გაეგზავნა, რადგან იცოდა, რომ გურასპიშვილები აგრესიული ხალხია.
„საყვარელი, პატიოსანი, გულუბრყვილო გოგო იყო, თავაზიანი და თბილი სალამი იცოდა. ყველას უყვარდა. თავისი პრობლემებისა და დარდის მიუხედავად სამუშაოზე სულ მხიარული და ხალისიანი ჩანდა“, - ამბობს ეკა ვარსიმაშვილი.