„ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგის“ პროექტის ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით და დაფინანსებით ხორციელდება, სვანეთში, მესტიაში, 2018 წლის 20 აგვისტოს, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის წარმომადგენლებმა პროექტის ვებ-პორტალის პრეზენტაცია და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა-დისკუსია გამართეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც ადგილობრივი თვიმმართველობის, ისე პოლიციის, მედიის, სამედიცინო სფეროსა და სოციალური სამსახურის წარმომადგენლები.
პრეზენტაცია გაიმართა მესტიის მუნიციპალიტეტის მერის, კახა ჟორჟოლიანისა და მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ხელშეწყობით.
ადგილობრივ მოსახლეობასთან დისკუსიის შემდეგ პროექტის წარმომადგენლები მესტიის მერს შეხვდნენ. ჟორჟოლიანმა სვანური ტრადიციების თავისებურებებზე ისაუბრა, აღნიშნა ქალის მნიშვნელოვანი როლი, როგორც ტრადიციულ სვანურ ოჯახში, ისე თანამედროვე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მერის თქმით, მის უწყებაში, გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობებზე გენდერული გადანაწილების თვალსაზრისით, ქალები უმრავლესობაში არიან.
ღონისძიება დასრულდა ფურშეტით.