რა არის ოჯახში ძალადობა
ოჯახში ძალადობა არა მხოლოდ ცოლსა და ქმარს შორის არსებული კონფლიქტია, არამედ ოჯახში ძალადობად ითვლება ოჯახის ნებისმიერი წევრის მიმართ განხორცილებული ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობა, იძულება, მშობლის მიერ შვილის ძირითადი უფლებების უგულებელყოფა.
ფიზიკური ძალადობა - შესაძლოა გამოიხატოს სილის გაწნაში, ჯანჯღარში, ნივთების სროლაში, ცემაში, წამებაში, ჭრილობის მიყენებაში, მოხრჩობაში და ა.შ.
ფსიქოლოგიური ძალადობა - ყვირილი, მუქარა, დამცირება, შანტაჟი, დაცინვა, ქცევის კონტროლი და ა.შ., რაც მეორდება ხშირად და არ უჩანს ბოლო.
ეკონომიკური ძალადობა - შემოსავლების და ხარჯების კონტროლი, საერთო საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობის აკრძალვა(ბინა, ავტომანქანა, მაგიდა, სკამი, ტელევიზორი და ა.შ.), საკვებით და მედიკამენტებით უზრუნველყოფის შეზღუდვა.
სექსუალური ძალადობა - ამ დროს ხდება სექსუალური კავშირის დამყარება ძალადობით, იძულებით, მუქარით, ფსიქოლოგიური ზეწოლის სხვადასხვა ფორმებით.
იძულება - ნებისმიერი სახის დაძალება რისი გაკეთებაც არ უნდა ნებით ადამიანს.
მშობლის მიერ შვილის ძირითადი უფლებების უგულებელყოფა - 18 წლამდე ბავშვის განვითარებისათვის და სასიცოცხლოდ საჭირო მინიმალური მოთხოვნების შეუსრულებლობა, იმ ფონზე როდესაც ამის საშუალება აქვს მშობელს.
ვინ არის ოჯახში ძალადობის მსხვერპლი
ოჯახში ძალადობის მსხვერპლი არის პირი, რომელსაც ოჯახის წევრ(ებ)ი უყვირის, ემუქრება, ამცირებს, აშანტაჟებს, დაცინის, აკონტროლებს, საკუთარ ხელფასს ართმევს, უთვალთვალებს, ეჭვიანობის ნიადაგზე უჩხრეკს ტელეფონს, ართმევს სოციალური ქსელის პაროლს, ყოველ საათში ურეკავს და ეკითხება ადგილსამყოფელს, სცემს, აჯანჯღარებს, ახრჩობს, აწამებს, ასახიჩრებს, აიძულებს სექსუალურ კავშირს, არ აძლევს ბავშვის ნორმალურად აღზრდის საშუალებას, აიძულებს იმის კეთებას, რაც არ სურს ან რისი კეთებაც ეზიზღება.
ვინ არის ოჯახის წევრი
ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები და მათი ოჯახის წევრები, მეურვე, მზრუნველი.
ვის უნდა მიმართოს სავარაუდო მსხვერპლმა გადაუდებელ შემთხვევაში დახმარებისათვის
ოჯახში ძალადობის შემთხვევის დროს მსხვერპლმა უნდა დარეკოს ნომერზე 112, დაწვრილებით მიაწოდოს ინფორმაცია არსებული სიტუაციის შესახებ, რის შემდეგაც მასთან მისამართზე დაუყოვნებლივ მივლენ პოლიციის თანამშრომლები. პოლიციის მუშაკები გამოკითხავენ სავარაუდო მსხვერპლს, მოძალადეს, ფაქტის შემსწრე სხვა ყველა პირს, ჩაატარებენ მოკვლევას, რის შემდეგაც მიიღებენ გადაწყვეტილებას სავარაუდო მოძალადისათვის შემაკავებელი ორდერის გამოცემის/არ გამოცემის, ან/და გამოძიების დაწყების შესახებ. შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით და მისი მოქმედების ვადაში მოძალადეს ეკრძალება გარკვეული მოქმედებების შესრულება მსხვერპლთან მიმართებით, მაგალითად: მსხვერპლთან მიახლოვება, საერთო ქონებით სარგებლობა, იარაღის ტარება, სხვა. შემაკავებელი ორდერის გამოცემისთანავე პოლიციის მუშაკებს მსხვერპლი და მასზე დამოკიდებული პირები (18 წლამდე შვილები, ასეთის არსებობის შემთხევაში) შემთხევის ადგილიდან გადაყავს დროებითი განთავსების ცენტრში (თავშესაფარი). შემაკავებელი ორდერის გამოცემისას სავარაუდო მსხვერპლს ენიჭება მსხვერპლის სტატუსი, რაც ესაჭიროება მას და მის 18 წლამდე შვილებს შემდგომი სერვისების მიღებისათვის.
რა სერვისით შეიძლება ისარგებლოს სავარაუდო მსხვერპლმა მსხვერპლის სტატუსის მინიჭებამდე
მსხვერპლის სტატუსის მინიჭებამდე, სავარაუდო მსხვერპლს და ასევე, სტატუსის მინიჭების შემდეგაც პირს, რომელიც უარს იტყვის თავშესაფრის მომსახურებაზე, შეუძლიათ ისარგებლონ კრიზისული ცენტრის მომსახურებით.
კრიზისული ცენტრი არის სავარაუდო მსხვერპლთა და მსხვერპლთა დროებითი განთავსების ადგილი, სადაც უზრუნველყოფილია: უსაფრთხო გარემო, დღის განმავლობაში ოთხჯერადი კვება, ფსიქოლოგიურ-სოციალური რეაბილიტაცია, პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება და იურიდიული დახმარება.
ვის შეიძლება მიმართოს სავარაუდო მსხვერპლმა სტატუსის მოსაპოვებლად
თუ პირი თვლის, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლია, პირველ რიგში მას ესაჭიროება მოიპოვოს მსხვერპლის სტატუსი, რომ ისარგებლოს ყველა იმ სერვისით, რაც სახელმწიფო ორგანოების და არასამთავრობო სექტორის მიერაა ხელმისაწვდომი.
მსხვერპლის სტატუსის მოპოვების სამი გზა არსებობს:
- პოლიციას განცხადებით მიმართოს მოძალადისათვის შემაკავებელი ორდერის გაცემის მოთხოვნით; შემაკავებელი ორდერი გაიცემა 1 თვემდე ვადით – მსხვერპლის სტატუსიც მოქმედებს შემაკავებელი ორდერის მოქმედების განმავლობაში;
- სასამართლოს განცხადებით მიმართოს მოძალადისათვის დამცავი ორდერის გაცემის მოთხოვნით; დამცავი ორდერი გაიცემა 6 თვემდე ვადით – მსხვერპლის სტატუსიც მოქმედებს დამცავი ორდერის მოქმედების განმავლობაში;
- ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელ ჯგუფს მიმართოს მსხვერპლის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით; ჯგუფის მიერ მინიჭებული მსხვერპლის სტატუსი მოქმედებს 18 თვის ვადით.
მსხვერპლის თავშესაფარში ცხოვრებისას მსხვერპლის სტატუსის ვადა დამოკიდებულია მისი თავშესაფარში ყოფნის პერიოდზე.
სავარაუდო მსხვერპლი თვითონ ირჩევს რომელ ორგანოს მიმართოს სტატუსის მისაღებად, მაგრამ არ იზღუდება სამივე აღნიშნულორგანოს მიმართოს ერთდროულადაც. აქვე აღსანიშნავია, რომ შემაკავებელი და დამცავი ორდერები ერთგვარი გარანტიაა, მოძალადემ არ გაიმეოროს მსხვერპლის მიმართ ძალადობრივი ქმედება.
რა დროა საჭირო მსხვერპლის სტატუსის მოსაპოვებლად
შემაკავებელი ორდერი გაიცემა პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ, დამცავი ორდერი გაიცემა სასამართლოს მიერ 10 დღის ვადაში, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის მიერ მსხვერპლის სტატუსის მინიჭება ხორციელდება 3 სამუშაო დღის ვადაში.
სად შეიძლება უფასო სატელეფონო კონსულტაციის მიღება 24 საათის განმავლობაში?
სავარაუდო მსხვერპლთა/მსხვერპლთა დახმარების და შესაბამის საკითხებზე კონსულტაციის გაწევის უზრუნველსაყოფად მოქმედებს უფასო, 24-საათიანი საგანგებო მომსახურების სატელეფონო ნომერი - 116 006, რომელიც ხელმისაწვდომია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.
რა სერვისებით სარგებლობა შეუძლია მსხვერპლს?
მსხვერპლს და მასზე დამოკიდებულ პირს/პირებს შეუძლიათ ისარგებლონ სახელმწიფო ან/და არასამთავრობო ორგანიზაციების მფლობელობაში არსებული მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებლის (თავშესაფარი) მომსახურებით. თავშესაფარში მსხვერპლის მოთავსება ხდება 3 თვემდე ვადით. საჭიროების შემთხვევაში, ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით მსხვერპლის თავშესაფარში ცხოვრების ვადა ექვემდებარება გაგრძელდებას.
თავშესაფარში მსხვერპლი უზრუნველყოფილია ყოველდღიური ცხოვრებისათვის შესაფერისი გარემოთი და პირობებით, საჭიროების შემთხვევაში უფასო ფსიქოლოგიური დახმარებით, პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებით და სამართლებრივი კონსულტაციით. თავშესაფარში ყოფნის პერიოდში მსხვერპლი უფლებამოსილია, ისარგებლოს შრომითი ურთიერთობის შეჩერების უფლებით წელიწადში არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა.
სად და რა ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილებები შემაკავებელ და დამცავ ორდერებთან დაკავშირებით
შემაკავებელი ორდერის გაუქმების თობაზე სარჩელი შეიძლება შეტანილ იქნას პირველი ინსტანციის სასამართლოში მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სასამართლო სარჩელს 3 დღის ვადაში განიხილავს და გამოიტანს გადაწყვეტილებას.
პირველი ინსტანციის დასაბუთებული გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრება შესაძლებელია მისი მხარეებისთვის ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში. ეს უკანასკნელი 7 დღის ვადაში გამოიტანს საბოლოო გადაწყვეტილებას, რომელიც საბოლოოა და გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დამცავი ორდერის გამოცემაზე უარის შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრება შესაძლებელია მისი მხარეებისთვის ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლო 7 დღის ვადაში განიხილავს და გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომელიც საბოლოოა და გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება.