საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) აცხადებს კონკურსს საუკეთესო ტრანსმედია პროექტის გამოსავლენად, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის თემას შეეხება.
კონკურსი გამოცხადდა ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში. პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით და დაფინანსებით ხორციელდება.
საკონკურსო ნაშრომი გამოქვეყნებული უნდა იყოს 2017 წლის 1 ნოემბრიდან 2018 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდში. საუკეთესო პროექტს გამოავლენს ჟიური, რომელშიც წარმოდგენილნი იქნებიან, როგორც მედია საშუალებების ისე აკადემიური სფეროს წარმომადგენლები. გამარჯვებულს ჯილდოს საზეიმოდ გადასცემენ 21 იანვარს.
საპრიზო ფონდი შეადგენს 500 ევროს.
შინაარსის მხრივ, შეფასებისას, გათვალისწინებული იქნება შემდეგი კრიტერიუმები:
ტრანსმედია პროექტი მიზნად ისახავს მოქალაქეებზე გავლენის მოხდენას, რომ ისინი უფრო ინფორმირებული გახადონ, შედეგად კი, მათ მეტად გაცნობიერებული გადაწყვეტილებები მიიღონ ძალადობრივ დანაშაულთან დაკავშირებით. ინფორმაცია უნდა აკმაყოფილებდეს ძალადობრივი დანაშაულის და მთლიანად საზოგადოების დაზარალებულთა გარშემო არსებულ საჭიროებებს. ქალთა მიმართ ძალადობის გაშუქება არ უნდა იყოს გაზვიადებული და სენსაციური, რაც გაზრდის შიშს და გაამყარებს გენდერულ სტერეოტიპებს.
ამბავმა უნდა შეაფასოს ინციდენტი სიფრთხილით, მგრძნობელობითა და ტაქტით. აუცილებელია საკითხის ხარისხიანი და სიღრმისეული გაშუქება. მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის ძალადობის შესახებ გამაფრთხილებელ ნიშნებზე ინფორმაციის მიწოდება. გარდა ამისა, ნამუშევარმა უნდა გამოავლინოს დანაშაულის შესახებ მნიშვნელოვანი ცოდნა სამართლებრივი თვალსაზრისით.
ანგარიში უნდა ითვალისწინებდეს საზოგადოების კულტურულ სპეციფიკას: განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ყველაზე დაუცველ და ნაკლებად დაცულ ჯგუფებს (ეთნიკური უმცირესობები, დევნილები, მიგრანტები).
გთხოვთ, შეავსოთ ონლაინ განაცხადის ფორმა ან წარმოადგინოთ საბუთები და საკონკურსო მასალა GIPA-ს ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიურ სკოლაში 2018 წლის 25 ნოემბრამდე.
პროექტის შესახებ
ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგის პროექტის მიზანია ადამიანის უფლებების დაცვა, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა, საზოგადოების ინფორმირების გზით ცნობიერების ამაღლება ქალთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის შესახებ.
პროექტის ფარგლებში შექმნილი მონაცემთა ბაზა და ისტორიები დანაშაულის ტენდენციებს აღწერს. ბაზა გამჭვირვალეა, ადვილად აღქმადი და ხელმისაწვდომი. ვიზუალიზაციის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით ამბების თხრობა საკითხს უფრო გასაგებს ხდის. პროექტის ვებ-გვერდი www.femicide.ge საშუალებას აძლევს მოქალაქეებს, ღიად ან ანონიმურად დატოვონ შეტყობინება დანაშაულის შესახებ. პროექტი ქალთა მიმართ ძალადობის შემცირების მიზნის გარშემო ჟურნალისტებს, სამოქალაქო საზოგადოებას, სახელმწიფო ორგანოებს და რიგით მოქალაქეებს აერთიანებს.
მისამართი: მარი ბროსეს #2, მეორე სართული. თბილისი, საქართველო
საკონტაქტო პირები:
თიკო ცომაია
599 50-24-46
t.tsomaia@gipa.ge
ია შალამბერიძე
ia.shalamberidze@gipa.ge
577 13-99-82
გადმოიწერეთ განაცხადის ფორმა