პუბლიკაციები

ფოეტიციდი, ფემიციდი და ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში

თიკო ცომაია

ფოეტიციდი, ფემიციდი და ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში


ფოეტიციდი, ანუ, სელექტიური აბორტი, როცა მდედრობითი სქესის ნაყოფის მოშორება ხდება, ფემიციდის ერთ-ერთ ფორმაა. ფოეტიციდი, ამ შემთხვევაში, ისევე როგორც ფემიციდის სხვა ფორმები, ქალთა წინააღმდეგ განგრძობითი ტერორის გამოვლინებაა ( Radford,Rassel, 1992).

სექს- სელექციური აბორტების შედეგად სქესთა შორის თანაფარდობა ირღვევა, რაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში აზიის ზოგიერთ სახელმწიფოში, მაგ. ინდოეთისა, ვიეტნამსა და ჩინეთში დაფიქსირდა და გოგონების გაუჩინარების ფენომენადად არის ცნობილი. სხვადასხვა მონაცემით, მსოფლიოში 60-დან 107 მილიონამდე გოგოა გამქრალი. მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ინდოეთსა და ჩინეთს აქვთ. აღნიშნული პრობლემის მოსალოდნელი უარყოფითი შედეგები ქვეყნების დემოგრაფიულ და სოციალური განვითარებაზე დიდი ხანია აქტიური მსჯელობის საგანია არა მხოლოდ მსოფლიოს სამეცნიერო წრეებში, არამედ პოლიტიკურ წრეებშიც. მიმდინარეობს ამ პრობლემის მიმართ გლობალური პოლიტიკის შემუშავება. ბოლო წლებში ზემოთ აღნიშნული პრობლემის წინაშე საქართველოც დადგა სომხეთთან და აზერბაიჯანთან ერთად. ახალშობილებთა სქესის სელექციის გავრცელებული მავნე პრაქტიკის შესახებ ჩვენს რეგიონში და ალბანეთის რესპუბლიკაში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 2011 წლის 3 ოქტომბერს სპეციალური რეზოლუცია მიიღო, სადაც ქვეყნების მთავრობებს მოუწოდებდა ამ ახალი გამოწვევისათვის, როგორც საზოგადოებაში გენდერული ძალადობის უკიდურესი გამოვლენისათვის მიექციათ ყურადღება. ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ სამი სამხრეთ კავკასიის ქვეყნიდან მხოლოდ საქართველომ უგულველყო ევროსაბჭოს მიმართვა, მაშინ როდესაც სომხეთის და აზერბაიჯანის მთავრობები შეშფოთებას გამოთქვამდნენ შექმნილი ვითარების გამო და უკვე 2011 წლიდან დაიწყეს სპეციალური კვლევების ჩაატარება სელექციური აბორტების არსებობის და მასშტაბების დასაფიქსირებლად.

როგორც ავღნიშნეთ, სქესთა თანაფარდობის დარღვევით საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთია თერთმეტ ქვეყანას შორის. ქვეყნის ოფიციალური სტატისტიკა 1994 წლიდან აფიქსირებდა ცოცხლადშობილებში სქესთა შეფარდების ნორმალურზე (რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 105-106-ს ბიჭს ყოველ 100 გოგონაზე) უფრო მაღალ კოეფიციენტებს.

სელექტიური აბორტების ფენომენის არსებობისათვის აუცილებელია სამი ფაქტორის თანხვედრა: ბიჭის ყოლის სურვილი; შობადობის შემცირება და ტექნოლოგიების განვითარების გამო აბორტის ხელმისაწვდომობა;(Christophe Guilmoto, 2013)

ამ ფენომენის შესწავლა-კვლევა საქართველოში მხოლოდ ერთეულ მკვლევართა ინტერესის სფეროა (ბადურაშვილი, სულაბერიძე, წულაძე Sophie A Hohmann, Cécile A Lefèvre, Michel L Garenne,Christope Guilmoto), რომელთა

შეხედულებები განსხვავდება: მეცნიერთა ნაწილი სადავოს ხდის თავად ფენომენის არსებობას, მეორენი ფენომენს პატრიარქალურ სისტემას უკავშირებენ, მესამენი კი განსაკუთრებულ მნიშვნელობას აბორტს ანიჭებენ. წინააღმდეგობრივია ასევე სახელმწიფოს დამოკიდებულება ფენომენის მიმართ.

მთავრობის მიერ სელექციური აბორტების პრობლემის უგულველყოფა 2012 წლამდე ეფუძნებოდა საქართველოში ბოლო პერიოდამდე არსებული ახალშობილთა არასრული რეგისტრაციის პრობლემას, რასაც ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებდა (წულაძე), თუმცა შობადობის არასრული აღრიცხვა ორივე სქესის ბავშვებს უნდა შეხებოდა, და ამრიგად, სქესთა თანაფარდობის მაჩვენებელზე გავლენას ვერ მოახდენდა.(ბადურაშვილი) 2002 წლის აღწერის მონაცემებით ერთ წლამდე ასაკის მოსახლეობაში ყოველ 100 გოგონაზე მოდიოდა 110 ბიჭი, რაც აგრეთვე უდავოდ მიუთითებდა ახალშობილებში სქესის სელექციის პრაქტიკაზე. ამასთან დაკავშირებით ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში, როცა საქართველოში დაბადებულთა რეგისტრაცია გამოსწორდა და ეჭვი უკვე აღარავის ეპარებოდა, სქესთა თანაფარდობის მაჩვენებელი კვლავ 105-106-ის მაგივრად 109-ზე მეტს შეადგენდა, ხოლო მეორე და მესამე შვილის ყოლისას ის 120-ზე მეტი იყო. მეცნიერები ასეთ მონაცემს სქესობრივი დისკრიმინაციის ინდიკატორად განიხილავენ და სელექტიურ აბორტებთან და ინფანტიციდთან, ანუ ახალშობილთა მკვლელობებთან, აკავშირებენ. (Guilmoto,2011)

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ადვილი გახდა ნაყოფის სქესის გამოვლენა, რამაც შესაძლებელი გახადა სელექტიური აბორტების პრაქტიკის გავრცელება Duthe et all 2012; Mesle et all, 2007). სქესებს შორის თანაფარდობის დარღვევა ორსულობის ადრეულ დიაგნოსტიკას და აბორტების ხელმისაწვდომობას უკავშირდება. ულტრაბგერითი გამოკვლევა ნაყოფის სქესის დადგენისა და არასასურველი სქესის ნაყოფის მოშორების საშუალებას იძლევა.

თანაფარდობა სქესს შორის საქართველოში 1994 წლიდან ირღვევა, როდესაც ულტრასონოსკოპიის გამოყენება დაიწყო.

საყურადღებოა ინფორმაცია თავად აბორტების ხელმისაწვდომობისა და სტატისტიკის შესახებ. ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში წლის განმავლობაში 25-დან 35 ათასამდე აბორტი კეთდება. სტატისტისკის თანახმად, 2012 წელს 1151 გოგოთი ნაკლები დაიბადა. სელექციური, ანუ სქესით განპირობებული, აბორტების რიცხვი, სხვა და სხვა გამოთვლებით, აბორტების საერთო რაოდენობის 30%-ს შეადგენს.

საქართველოში ჩატარებული ქალთა რეპროდუქციული კვლევის GEO RHS-2010 შედეგებმა გამოავლინა, რომ აბორტი შობადობის კონტროლის ძირითად მექანიზმად მიიჩნევა და რომ ბიჭი შვილი უფრო ფასეულია. (ირინა ბადურაშვილი: ოჯახური ურთიერთობები და თაობათა ურთიერთდამოკიდებულება საქართველოში)

საქართველოს კანონი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ ადგენს, რომ ორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა ნებადართულია, თუ ორსულობის ხანგრძლივობა არ აღემატება თორმეტ კვირას; 12 კვირის შემდეგ აბორტი ნებადართულია მხოლოდ სამედიცინო და სოციალური ჩვენებების მიხედვით. შესაბამისად მათ, ვისაც ბიჭის გაჩენა სურთ, სქესის დადგენა 12 კვირამდე ეჩქარებათ.

ქართული კანონმდებლობა კრძალავს ხელოვნური ჩასახვის მეთოდების გამოყენებას სქესის შერჩევის მიზნით, თუმცა არ მოითხოვს ამავე მიზნით აბორტების აკრძალვას. 2014 წელს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში აქტიურად მიმდინარეობდა კანონმდებლობაზე მუშაობა. ჯანდაცვის კომიტეტის თავჯდომარემ საჯაროდ განაცხადა, რომ მხარს უჭერს სქესის შერჩევის მიზნით აბორტის აკრძალვას.

ბოლო წლებში, საზოგადოებრივ დისკურსში ქალთა მიმართ ძალადობის თემის აქტუალიზაციასთან ერთად, სქესთან შეჭიდული აბორტების მიმართ სენსიტიურობა გაიზარდა, თუმცა საზოგადოება ჯერ კიდევ ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს ფემიციდის ამ ფორმას.

აბორტი


მკვლევართა ნაწილი სექს-სელექტიური აბორტების ფენომენს მხოლოდ პატრიარქალური სოციალური სისტემის, გენდერული დისკრიმინაციითა და ბიჭების გოგონებზე უპირატესობით არ ხსნიან. ისინი განსაკუთრებულ, უპირატეს მნიშვნელობას ანიჭებენ აბორტს, როგორც კავკასიაში გავრცელებულ ფენომენს, სამედიცინო პერსონალისა და საზოგადოების მხრიდან სქესის დადგენის მექანიზმების ხელმისაწვდომობას და იმ სოციალურ და ეკონომიკურ ძვრებს, რომლებიც დაკავშირებულია საბჭოთა კავშირის დაშლასთან რამაც გავლენა იქონია ოჯახში ბავშვის ყოლის სურვილზე;( Sophie A Hohmann, Cécile A Lefèvre, Michel L Garenne,2014), რომ ფერტილობა საქართველოში ერთერთი ყველაზე დაბალი იყო მსოფლიო მასშტაბით და ის 1,5 შეადგენდა. (საქსტატი, 2012 წ)

კავკასიის კვლევისა და რესურსების ცენტრის მონაცემებით, აბორტების მიმართ დამოკიდებულება შემდეგია: ქალთა 49% და კაცების 51 პროცენტის აზრით აბორტის მიზანშეწონილობის გამართლება შესაძლებელია.

საბჭოთა კავშირის დროს აბორტები წარმოადგენდა შობადობის კონტროლის ძირითად საშუალებას და 2000 წლისათვის კავკასიაში აბორტების რიცხვი მსოფლიოში ყველაზე მაღალი იყო. (Sedgh et al)

1920 წლამდე საბჭოთა კავშირში აბორტები ლეგალური იყო, 1936 წელს მოხდა მათი აკრძალვა და შემდეგ 1955 წელს მოხდა მათი რე-ლეგალიზაცია. მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ადამიანების რიცხვმა 27 მილიონს მიაღწია, რამაც გამოიწვია მუშახელის შემცირება და ეკონომიკის დასუსტება. რეაგირების პოლიტიკა იყო პრონატალიზმი- რომლის შედეგები ომამდე და მერეც საქართველოსაც შეეხო. პრონატალიზმის პოლიტიკა 1944 წლის ოჯახის კანონის სახელწოდებითაა ცნობილი და მისი ავტორი ნიკიტა ხრუშჩოვი იყო, იმ დროისათვის უკრაინის ცენტრალური კომიტეტის მდივანი. ამ პოლიტიკის შედეგად წახალისებული იყო ქორწინების გარეშე შობადობა, სხვადასხვა ჯარიმებისა და ჯილდოების საშუალებით. მარტოხელა დედები ასევე წახალისებულები იყვნენ საბავშვო სახლებში დაეტოვებინათ შვილები, შედეგად 1945-1955 წლებში 8,7 მლნ უმამო “ ნაბიჭვარი” ბავშვი დაიბადა. არაფორმალურად ხელშეწყობილი იყო ქორწინების გარე ურთიერთობები. ამ პირობებშიც, ქალები ირჩევდნენ აბორტს, რასაც არალეგალურად იკეთებდნენ, შედეგად გაიზარდა აბორტების შედეგად ქალთა სიკვდილობაც, რასაც მოყვა აბორტის კვლავ ლეგალიზაცია. (Mie Nakachi, 2008)

მედიკამენტოზური აბორტი. ცაიტოტეკის ისტორია


ცაიტოტეკი, იგივე მიზოპროსტოლი წარმოადგენს საშუალებას, რომლის დანიშნულებით გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების სამკურნალოდ. მაგრამ მისი საშვილოსნოს კუნთებზე შეკუმშვის მოქმედების გამო მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში დაშვებულია და მედიკამენტი ორსულობის შეწყვეტის მიზნით გამოიყენება. ერთი ტაბლეტის ფასი საქართველოში 70 თეთრია. საკმარისია 5-6 ტაბლეტის მიღება ორსულობის შესაწყვეტად.

ჩემს მიერ ჩატარებული გამოთვლებით, სამი წლის განმავლობაში ციტოტეკის გაყიდვები 180 ჯერ გაიზარდა და 36000 მიაღწია.

მართალია, ცაიტოტეკის ექსპორტის ზრდა უფრო 12 კვირამდე აბორტების ზრდასთან არის დაკავშირებული, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ ამ მედიკამენტს სქესთან დაკავშირებული აბორტების დროსაც იყენებდნენ:

2012 წელს ეროვნული დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ დაფიქსირებული იყო შემთხვევა, 18 კვირის ორსული ქალის სიკვდილისა, იმ მიზეზით, რომ მან ათი ცაიტოტეკის ტაბლეტი მიიღო.( საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი)

სამართლებრივი ჩარჩო

კონსულტაციისთვის
დაგვიკავშირდით

ძალადობის სტატისტიკა

ძალადობის სტატისტიკა