პუბლიკაციები

საქართველოს სახალხო დამცველი

ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტის - სახალხო დამცველის (ომბუდსმენი) მიერ ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტსადმი წარდგენილი წერილობითი მოსაზრება

საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს ორგანული კანონით მინიჭებული მანდატით, ზედამხედველობას უწევს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს ქვეყანაში, მათ შორის ქალთა უფლებებს, რეაგირებს ადამიანის უფლებების დარღვევებზე განცხადებების/საჩივრების საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით და ახორციელებს ღონისძიებებს სამოქალაქო განათლებისა და ცნობიერების ამაღლების კუთხით.

გენდერული თანასწორობის შესახებ საქართველოს კანონის მე-14 (1) მუხლის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველი უზრუნველყოფს გენდერული თანასწორობის დაცვას, ახორციელებს მონიტორინგს აღნიშნულ სფეროში და რეაგირებს გენდერული თანასწორობის დარღვევებზე კომპეტენციის ფარგლებში.

კომიტეტმა საქართველოს მეოთხე და მეხუთე კომბინირებული პერიოდული ანგარიში (CEDAW/C/GEO/4-5) 2014 წლის 8 ივლისს, 1227-ე და 1228-ე შეხვედრებზე განიხილა. კომიტეტმა მოუწოდა სახელმწიფოს ორი წლის განმავლობაში წარმოედგინა წერილობითი ინფორმაცია 21-ე და 25-ე პუნქტებში წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულების მიზნით გადადგმული ნაბიჯების შესახებ.

ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა

21. ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ მე-19 ზოგადი რეკომენდაციის საფუძველზე, კომიტეტი მოუწოდებს სახელმწიფოს, რომ:

(ა) მიიღოს ზომები ქმრებისა და პარტნიორების მიერ ქალების მკვლელობის მზარდი რაოდენობის და ძალადობის სხვა ფორმების პრევენციის მიზნით

ქალთა უფლებების დაცვა და გენდერული თანასწორობა საქართველოში გამოწვევად რჩება. მიუხედავად სახელმწიფოს მიერ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯებისა, რიგ სფეროებში არსებული ვითარება განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. არსებობს პრობლემა სამართლებრივი რეგულაციების და ეროვნული სამოქმედო გეგმების ეფექტურად განხორციელების კუთხით. საქართველოს სახალხო დამცველმა არაერთხელ აღნიშნა საქართველოს მიერ „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“ ევროპის საბჭოს 2011 წლის კონვენციის ხელმოწერა (2014 წლის ივნისში) როგორც პოზიტიური ნაბიჯი. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ კონვენციის რატიფიცირება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გზებს და შეშფოთებული ვართ იმ ფაქტით, რომ კონვენციის რატიფიცირება ჯერაც არ მომხდარა, მიუხედავად იმისა, რომ მაღალი დონის ოფიციალური პირებმა 2016 წლის პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე არაერთხელ გააკეთეს განცხადება რატიფიცირების შესახებ. ჩვენ ასევე შეწუხებულები ვართ იმით, რომ პარლამენტში ჯერაც არ მომხდარა იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების კანონპროექტის ინიცირება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს კანონმდებლობის ევროპის საბჭოს სტამბულის კონვენციასთან ჰარმონიზაციას.

საქართველოს მთავარი პროკურატურის მონაცემების მიხედვით, 2015 წელს გამოძიება დაიწყო ქალთა მკვლელობის ან მკვლელობის მცდელობის 26 სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. მათგან 14 ჩადენილ იქნა ოჯახში ძალადობის პირობებში, ხოლო 12 დანაშაულს ჰქონდა სხვა მოტივი. ოჯახის წევრების ჯანმრთელობის დაზიანების 2 ინციდენტი დასრულდა მსხვერპლთა გარდაცვალებით. შესაბამისად, 2015 წელს ქალთა მკვლელობის ან მკვლელობის მცდელობის 28 შემთხვევა დაფიქსირდა1. 2016 წელს2 გამოძიება დაიწყო ქალთა მკვლელობის ან მკვლელობის მცდელობის 20 სისხლის სამართლის საქმეზე. მათგან 10 (მკვლელობა - 7, მკვლელობის მცდელობა - 3) იყო ოჯახში ძალადობის შედეგი, ხოლო 10 დანაშაულს ჰქონდა სხვა მოტივი; ოჯახის წევრების ჯანმრთელობის დაზიანების 1 შემთხვევა დასრულდა მსხვერპლის გარდაცვალებით. სახალხო დამცველის აპარატის დაკვირვებამ ასევე აჩვენა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში პოლიციის წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს დანაშაულის პრევენცია. ამის ნათელი მაგალითია ზარები, რომლებიც განხორციელდა მსხვერპლთა მიერ დანაშაულის მოხდენამდე.

სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი საქმეებიდან განსაკუთრებით შემაშფოთებელია კ.ლ.ს განზრახ მკვლელობა, რომლის საფრთხის შესახებ პოლიციის წარმომადგენლებმა შეტყობინება მიიღეს მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, თუმცა მათ მაინც ვერ მოახერხეს დანაშაულის პრევენცია. გარდა ამისა, აღსანიშნავია ვ.შ.-ს ჯანმრთელობის დაზიანება, რომლის მოხდენამდეც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო 12 შეტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახში ადგილი ჰქონდა ძალადობას. შეტყობინებების საფუძველზე, პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ ოჯახში, თუმცა ფაქტი ვერ დაადასტურეს. გარდა ამისა, გამოძიება დაიწყო მ.პ.-ს ყოფილი ქმრის მიმართ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით. ამ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შევიდა 7 შეტყობინება შესაძლო ძალადობის შესახებ. მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, რადგანაც შეტყობინებები არ შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რეაგირება არ განხორციელდა სამართალდამცავი ორგანოების მიერ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველის აპარატი მიიჩნევს, რომ საჭიროა რისკების შეფასებისა და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირების მონიტორინგის მექანიზმის შექმნა.

სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილ საქმეებში ასევე გამოავლინდა შემთხვევები, როდესაც სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა ყურადღების გარეშე დატოვეს ოჯახში ძალადობისთვის დამახასიათებელი ნიშნები - რეგულარულობა და უწყვეტობა. ხშირად მსხვერპლის მიერ სამართალდამცავი ორგანოებისადმი მიმართვიანობის ისტორია მოიცავს რამდენიმე წელს, მაგრამ თითოეული შეტყობინება სამართალდამცავი ორგანოების მიერ განიხილებოდა როგორც ცალკეული შემთხვევა. შეტყობინება ცალკეული შემთხვევის შესახებ, შესაძლოა, ნაკლებად მნიშვნელოვანი ჩანდეს, მაგრამ ერთიანობაში, თუ ძალადობა გრძელდება რამდენიმე წლის განმავლობაში, დაზარალებულს არ აქვს საშუალება იცხოვროს მშვიდად, რის შედეგადაც შესაძლოა განვითარდეს მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა.

სახალხო დამცველი სრულად უჭერს მხარს ქალთა მიმართ ძალადობის, მისი გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებლის დუბრავკა სიმონოვიჩის მიერ 2015 წლის 23 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც მან მოუწოდა სახელმწიფოებს უზრუნველყონ „ფემიციდის ზედამხედველობის სისტემა“, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ გენდერული ნიშნით ჩადენილი მკვლელობების პრევენციას და უზრუნველყონ ფემიციდის შესახებ მონაცემების გამოქვეყნება ყოველი წლის 25 ნოემბერს. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ ქალების თვითმკვლელობებს, რომლებიც, გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო ოჯახში სისტემატური ძალადობით.

ზემოაღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ, სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტს არ მიუღია არცერთი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც გააუმჯობესებდა ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის მდგომარეობას ქვეყანაში. პარლამენტმა არ გაითვალისწინა უმრავლესობის ფრაქციის დეპუტატების წინადადება კანონმდებლობაში ფემიციდის განსაზღვრების შეტანის შესახებ. ფემიციდის შემთხვევების დროს შესაძლებელია სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლების გამოყენება3: 108-ე მუხლი (განზრახ მკვლელობა), 109-ე მუხლი (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში), 111-ე მუხლი (აფექტის მდგომარეობაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა), 117-ე მუხლის მე -2 ნაწილი (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებით გამოწვეული გარდაცვალება) და 115-ე მუხლი (თვითმკვლელობამდე მიყვანა).

ფემიციდის შემთხვევებთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ ქალების თვითმკვლელობებს, რომლებიც, გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო ოჯახში სისტემატური ძალადობით. მაგალითად, უკვე ორი წელია მიმდინარეობს გამოძიება ხ.ჯ.-ს თვითმკვლელობამდე შესაძლო მიყვანის თაობაზე და საქმის გამოძიების სტატუსი ჯერ კიდევ უცნობია.

სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი შემთხვევებიდან ჩანს, რომ სამართალდამცავი ორგანოების მიერ ხშირად ვერ ხდება საქმის კვალიფიცირება როგორც თვითმკვლელობამდე მიყვანა, რადგან მათ არ აქვთ ინფორმაცია გარდაცვალებამდე ძალადობის ფაქტების შესახებ. ზემოხსენებული თვითმკვლელობების, ასევე სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი მსგავსი შემთხვევების საფუძველზე, ჩნდება მოსაზრება, რომ თვითმკვლელობამდე მიყვანა არის ქალთა მიმართ ძალადობის კიდევ ერთი უმძიმესი შედეგი, ხოლო დამნაშავეთა დასჯასთან დაკავშირებული სირთულეები არის ძალიან შემაშფოთებელი.

პრობლემა არსებობს ასევე ოჯახში ძალადობაზე რეაგირების პასუხისმგებელ ორგანოებს შორის კოორდინაციისა და ინფორმაციის გაცვლის თვალსაზრისით. საქმეების შესწავლამ გამოავლინა ხარვეზები სამართალდამცავი ორგანოების და სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შეფასების თვალსაზრისით. რიგ შემთხვევებში, უწყებების მიერ მოწოდებული ინფორმაცია იყო ურთიერთსაწინააღმდეგო და შესაბამისად, სახალხო დამცველის აპარატისთვის რთული იყო სიმართლის დადგენა.

(ბ) გაამხნევონ ქალები, რომ მათ განაცხადონ სექსუალური ძალადობის და ოჯახში ძალადობის შესახებ, ამგვარი დანაშაულების კრიმინალური ხასიათის შესახებ ცნობიერების ამაღლების გზით, რათა მოხდეს ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევების ეფექტური გამოძიება უზრუნველყოფა, დამნაშავეთა გასამართლება და დასჯა დანაშაულის სიმძიმის შესაბამისი სანქციებით და მსხვერპლთა ზიანის ადეკვატური კომპენსაცია;

საზოგადოების ინფორმირების მიზნით გამართული არაერთი კამპანიის, საკანონმდებლო და ინსტიტუციური გარანტიების და ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაციის მიუხედავად, ხალხი ჯერ კიდევ სტერეოტიპების სამყაროში ცხოვრობს, სადაც ხშირ შემთხვევაში ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობა გამართლებულია. ჯერ კიდევ არსებობს მოსაზრება, რომ ოჯახში ძალადობის დროს არ უნდა მოხდეს გარე პირების ჩარევა და რომ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს დახურულ სოციალურ წრეში - ოჯახში.

აქედან გამომდინარე, ოჯახში ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროსადმი მიმართვიანობა ჯერ კიდევ არ ასახავს რეალობას. ოჯახში ძალადობის დროს, დაზარალებულები ყოყმანობენ პოლიციისადმი მიმართვასთან დაკავშირებით, რაც გამოწვეულია მათდამი უნდობლობით. არსებობს შემთხვევები, როდესაც დაზარალებულები მიდიან პოლიციაში, მაგრამ ვერ იღებენ მათგან სათანადო მომსახურებას. ამ მხრივ, უნდა აღინიშნოს რ.ვ-ს შემთხვევა, როდესაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ გამოავლინა ფსიქოლოგიური ძალადობის ნიშნები 8 შეტყობინების მიუხედავად. თუმცა, მას შემდეგ, რაც საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა მთავარ პროკურატურას, დამნაშავე მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში. შედეგად, მსხვერპლი განთავისუფლდა 6-წლიანი ფსიქოლოგიური ძალადობისგან. ასევე, სახალხო დამცველის წინადადების შესაბამისად, მთავარმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალის მიმართ ჩადენილი ოჯახში ძალადობის შემთხვევასთან დაკავშირებით. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ც.წ. აღიარებული იქნა, როგორც მსხვერპლი და შესაბამისი ზომები გატარდა მისი ჯანმრთელობის დასაცავად. აღსანიშნავია, რომ წინადადების მომზადებამდე, სახალხო დამცველმა შეტყობინებები გაუგზავნა სოციალური მომსახურების სააგენტოს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ერთეულებს. სოციალური მომსახურების სააგენტომ დაადასტურა ძალადობის შემთხვევა, მათ შორის სავარაუდო ფიზიკური ძალადობა, თუმცა სამართალდამცველებმა ვერ შეძლეს დანაშაულის გამოვლენა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში ნათლად არ ჩანდა, დაიკითხა თუ არა მსხვერპლი. ეს ყველაფერი მიუთითებს სამართალდამცავთა უნარ-ჩვევების ამაღლების საჭიროებაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტის დადგენის კუთხით.

ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური მუშაკების ჩართვა ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებებში. ასევე, მნიშვნელოვანია შეიქმნას მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც საშუალებას მისცემს შესაბამის უწყებებს, მონიტორინგი განახორციელონ იმ ოჯახებზე, სადაც მოხდა ძალადობის ფაქტები და, ამავე დროს, შეიქმნას მონაცემთა ბაზა, რომელიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვისათვის.

(გ) უზრუნველყოს ეფექტური დაცვისა და დახმარების ხელმისაწვდომობა ძალადობის მსხვერპლ ქალთათვის, მათ შორის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული თავშესაფრები, და გააუმჯობესოს თანამშრომლობა შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებთან ამ კუთხით;

ოჯახში ძალადობის პრობლემის მასშტაბებისა და სიმწვავის გათვალისწინებით, მსხვერპლთა მომსახურებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. საქართველოს მთავრობას აქვს 4 სახელმწიფო თავშესაფარი და 1 კრიზისული ცენტრი. ასევე, ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი უწყებათაშორისი საბჭო მუშაობს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სტატუსის განსაზღვრაზე. თუმცა, ეს არ არის საკმარისი.

შემაშფოთებელია, რომ ხშირ შემთხვევაში მსხვერპლი დახმარებასათვის არ მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს დანაშაულის მოხდენამდე. დაცვისა და დახმარების ღონისძიებების არაეფექტური განხორციელება, საზოგადოების გულგრილობასთან ერთად, მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. ხშირად, ძალადობის მსხვერპლთა კანონით გათვალისწინებული დაცვის მექანიზმები იგნორირებულია და არ გამოიყენება სამართალდამცველების მიერ. სწორედ ამიტომ, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები განიცდიან ძალადობას ქმრების ან პარტნიორების მხრიდან და ისინი არ მიმართავენ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, სანამ ვითარება უკიდურესად არ დაიძაბება. პრობლემას წარმოადგენს ასევე ის ფაქტი, რომ დაზარალებულები არა არიან ადეკვატურად ინფორმირებული არსებული მომსახურებების შესახებ.

დღესდღეობით, თავშესაფრებში უზრუნველყოფილია ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარების სერვისი. აღნიშნული რეკომენდაცია გაიცა სახალხო დამცველის მიერ ბენეფიციართა პირობების გაუმჯობესების და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის მიზნით. ჩვენ მივესალმებით ფსიქოლოგის შტატის შექმნას, რადგან იგი ეხმარება ბენეფიციარებს და აჩქარებს მათი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროცესს. რაც შეეხება საცხოვრებელს, ზოგ შემთხვევაში ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ეხმარებიან დაზარალებულებს დროებითი საცხოვრებლის პოვნაში, რომლის ქირის საფასურსაც თავად იხდიან. სამწუხაროდ, ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე ცხელი ხაზის ოპერატორები მომსახურებას მხოლოდ ქართულ ენაზე ახორციელებენ.

(დ) აკრძალოს და ადეკვატური სანქციები დააწესოს ქალწულობის ტესტის ჩატარებაზე, რაც ქალთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევას წარმოადგენს.
(არ არის ხელმისაწვდომი)

ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა

25. კომიტეტი რეკომენდაციას უწევს სახელმწიფოს, რომ მან უზრუნველყოს ქალთა სრული და თანაბარი მონაწილეობა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, განსაკუთრებით მაღალ თანამდებობეზე და გადაწყვეტილების მიღების დონეზე, მათ შორის ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოებში. კერძოდ, იგი ურჩევს სახელმწიფოს, შემოიღოს სავალდებულო კვოტები პოლიტიკური პარტიებისათვის, რათა მნიშვნელოვნად გაზიარდოს ქალთა წარმომადგენლობა სახელმწიფო და ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოებში. გარდა ამისა, კომიტეტი რეკომენდაციას აძლევს სახელმწიფოს, რომ მან უზრუნველყოს ქალთა ჩართვა სამოქმედო გეგმისა და კონფლიქტების მოგვარების ხელშემწყობი პოლიტიკის განხორციელებაში, და ხელი შეუწყოს ქალთა აქტიურ მონაწილეობას შესაბამის მაღალი დონის შეხვედრებში.

ქალთა პოლიტიკაში თანაბარი მონაწილეობის საკითხი რჩება ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის დაცვის სფეროში. 2015 წლის გლობალური გენდერული ანგარიშის მიხედვით4, საქართველომ 145 ქვეყანაში 114-ე ადგილი დაიკავა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის კუთხით და 117-ე - ქალთა პარლამენტში წარმომადგენლობის მიხედვით. საპარლამენტთაშორისო კავშირის მონაცემებით5 კი, 2015 წლის 1 ელი დეკემბრის მდგომარეობით, საქართველო 111-ე პოზიციაზე იყო 150 ქვეყანას შორის.

2015 წელს აღსანიშნავი იყო საპარლამენტო დებატების დაწყება კვოტირების სისტემის შემოღებასთან დაკავშირებით. საქართველოს სახალხო დამცველმა მხარი დაუჭირა ქალთა მოძრაობის ინიციატივას - „50/50“, რომელიც გულისხმობს ქალთა და მამაკაცთა მონაცვლეობას პარტიულ სიებში. სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა კვოტასთან დაკავშირებულ არცერთ ინიციატივას. უფრო მეტიც, საკმაოდ მაღალია იმ პარლამენტის წევრების რაოდენობა, რომლებიც არ იზიარებენ ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის მიერ საქართველოს მე-4 და მე-5 კომბინირებული პერიოდული ანგარიშების განხილვის შედეგად მიღებულ რეკომენდაციას6, რომელიც სახელმწიფოს მოუწოდებს დროებითი სპეციალური ზომების, მათ შორის სავალდებულო კვოტების, მიღებისკენ, კონვენციის მე-4 (1-ელი პუნქტი) და მე -7 მუხლების და კომიტეტის 23-ე და 25- ე ზოგადი რეკომენდაციების შესაბამისად. გარდა ამისა, 2013 წლის 29 ივლისს, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლს დაემატა მე-7 პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს დამატებით 30%-იან დაფინანსებას პარტიებისთვის იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილ საარჩევნო პარტიულ სიაში ყოველი ათი წევრის 30% იქნება საპირისპირო სქესის კანდიდატი. მიუხედავად ამ ცვლილებისა, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გენდერული სტატისტიკა მოწმობს, რომ პარტიების მიერ გენდერული თანასწორობის მისაღწევად გადადგმული ნაბიჯები არ იყო შესამჩნევი.

სახალხო დამცველის აპარატმა ჩაატარა აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის ანალიზი, მათ შორის თანამშრომელთა გენდერული შემადგენლობა ყველა დონეზე და გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირის ან სტრუქტურული ერთეულის არსებობა/ფუნქციონირება. ანალიზმა აჩვენა, რომ ქალები სამინისტროებისა და სახელმწიფო მინისტრების აპარატებში თანამშრომელთა უმრავლესობას წარმოადგენენ, თუმცა მათი წარმომადგენლობა მენეჯერულ დონეზე არ არის ასეთივე მაღალი. ამის მიზეზი არის ე.წ. შუშის ჭერი - ქალთა კარიერულ წინსვლაში ან გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მათი მონაწილეობის თვალსაზრისით არსებული არაღიარებული ბარიერი. კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ არცერთ სამინისტროს არ შეუქმნია გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე სტრუქტურული ერთეული (სამმართველო, ცენტრი); მხოლოდ სამ სამინისტროში დაინიშნენ ამ საკითხებზე პასუხისმგებელი პირები, ხოლო დანარჩენ სამინისტროებში ეს მოვალეობა ეკისრება თანმშრომელს როგორც დამატებითი ფუნქცია, ან ინიშნება პასუხისმგებელი პირი ამგვარი საჭიროების წარმოქმნის შემთხვევაში.

2015 წელს გამართული საინფორმაციო შეხვედრების დროს ადგილობრივმა მოსახლეობამ განაცხადა, რომ ქალები არ მონაწილეობენ სოფლის განვითარების პროგრამით გათვალისწინებული პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების არცერთ ეტაპზე და ამის მიზეზი არის, ერთის მხრივ ის, რომ ქალთა მონაწილეობა ამგვარ პროცესებში ნეგატიურად აღიქმება საზოგადოების მიერ, ხოლო მეორეს მხრივ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები არ იწვევენ ქალებს შეხვედრებზე. საქართველოს სახალხო დამცველმა განახორციელა „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს #1325, 1820, 1888, 1889 და 1960 რეზოლუციების განსახორციელებელი 2012−2015 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის მონიტორინგი, რამაც აჩვენა, რომ ეროვნულ სამოქმედო გეგმას გავლენა არ მოუხდენია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსახლეობაზე ამ კუთხით. ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში და კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრებ ქალთა წინაშე უამრავი პრობლემა დგას, ხოლო დაცვისა და რეაბილიტაციის ღონისძიებების ნაკლებობა აშკარაა.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, 2014 წლიდან ქართველების 70% მიიჩნევს, რომ პარლამენტართა მინიმუმ 30% უნდა იყოს ქალი7. ამავე წყაროს ცნობით, 2016 წელს მაჟორიტარი კანდიდატების მხოლოდ 17% , ხოლო პარტიულ საარჩევნო სიაში 37% იყო ქალი.

ჩვენ გავაგრძელებთ კონსტრუქციულ მუშაობას საქართველოს ხელისუფლებასთან რეკომენდაციების შესრულების პროცესში და იმედი გვაქვს, რომ გვექნება მნიშვნელოვანი გაუმჯობესება გენდერული თანასწორობის ყველა პრობლემურ სფეროში.

სახალხო დამცველის აპარატი საქართველოს მთავრობას ურჩევს განიხილოს შემდეგი საკითხები:

  • რისკების შეფასებისა და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების მონიტორინგის მექანიზმის
  • ქალთა თვითმკვლელობამდე მიყვანის შემთხვევების სტატისტიკური მონაცემების წარმოება და ყველა საჭირო მონაცემის გაანალიზება
  • ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის ცხელი ხაზის მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
  • სოციალური მუშაკების როლისა და ჩართულობის გაძლიერება ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების უზურნველსაყოფად
  • ფსიქიკური პრობლემების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა მიმართ ძალადობის გამოვლენასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრა
  • დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის რეკომენდაციის გათვალისწინება და დროებითი სპეციალური მექანიზმის - კვოტების სისტემის შემოღება;
  • ქალთა მონაწილეობის ხელშეწყობა სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების ყველა ეტაპზე
  • დაგეგმილი პროგრამების გაანალიზება და განსაკუთრებული ყურადღების დათმობა გენდერულ ასპექტებზე პრიორიტეტების განსაზღვრისას.

სამართლებრივი ჩარჩო

კონსულტაციისთვის
დაგვიკავშირდით

ძალადობის სტატისტიკა

ძალადობის სტატისტიკა