ტრანსგენდერ ქალთა მკვლელობები საქართველოში
ავტორი: თიკო ზურაბიშვილი
საბი ბერიანი, ზიზი შეყილაძე, ბიანკა შიგუროვა - ეს იმ ტრანსგენდერ ქალთა სახელებია, რომელთა ცხოვრებაც ტრაგიკულად დასრულდა. მათ ხშირად იხსენებენ როგორც ლგბტ თემის წარმომადგენლები, ასევე - ადამიანის უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბერიანის ცხედარი პეკინის ქუჩაზე, მის მიერვე ნაქირავებ ბინაში იპოვეს 2014 წლის 11 ნოემბერს. მას სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. პოლიციამ 2 დღის შემდეგ დააკავა ბრალდებული ლევან კოჭლაშვილი, რომელმაც დანაშაულის ადგილის დატოვებამდე, კვალის დაფარვის მიზნით, ბინაში ხანძარი გააჩინა. პირველი ორი ინსტანციის სასამართლომ კოჭლაშვილი მკვლელობის ნაწილში გაამართლა, უზენაესმა სასამართლომ კი ის დამნაშავედ ცნო და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
შეყილაძეს 2016 წლის 14 ოქტომბერს, ორთაჭალაში დაესხნენ თავს. იგი საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში თვეზე მეტხანს იმყოფებოდა, რის შემდეგაც გარდაიცვალა. მას მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული ბლაგვი საგნითა და დანით. შეყილაძეზე სასიკვდილო თავდასხმისთვის გიორგი მურჯიკნელი დააკავეს. მურჯიკნელს თბილისის საქალაქო სასამართლომ 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, წინარე დანაშაულისთვის კი 3 წელი დაუმატა.
შიგუროვას სიკვდილის მიზეზად უბედური შემთხვევა დასახელდა. ოფიციალური ცნობის თანახმად, იგი გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ 2014 წელს, ბერიანის მკვლელობამდე, ბრალდებულმა შიგუროვას მოკვლაც სცადა.
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) აქტიურად იცავს ტრანსგენდერ ქალთა უფლებებს საქართველოში. ორგანიზაციის იურისტი ციალა რატიანი სასამართლო პროცესებზე გარდაცვლილი ბერიანისა და შეყილაძის ინტერესებს წარმოადგენდა.
რატიანის თქმით, ბერიანის მკვლელი ტრანსგენდერი ქალების აქტიური კლიენტი იყო: „ის არა მარტო საბის იცნობდა, არამედ სხვა ტრანსგენდერ ქალებსაც, რომლებიც მოგვიანებით დაიკითხნენ“.
იურისტმა ასევე გაიხსენა ცნობები შიგუროვაზე თავდასხმის შესახებ: „იმ დღეს, სანამ საბისთან მივიდოდა, მკვლელი მისული იყო ბიანკასთან და ცდილობდა დაეხრჩო. უბრალოდ, გაუმართლა ბიანკას, რომ ის მარტო არ იმყოფებოდა - მისი მეგობარი ბიჭიც იქ იყო და მეზობლებიც შეცვივდნენ“.
„ბიანკამ სასამართლოზე გააჟღერა ძალიან საინტერესო ფრაზა. მისი თქმით, ბრალდებულმა უთხრა, რომ ის ბოლო არ იყო და შემდეგ ლუსისთან აპირებდა წასვლას. საბის ზედმეტსახელი იყო ლუსი. სხვადასხვა ნიკებს იყენებდა სოციალურ ქსელში“.
რატიანისთვის ბუნდოვანია ბერიანის მკვლელობის მოტივი: „ჩვენ ამას, ალბათ, სამწუხაროდ, ვერასოდეს გავიგებთ. საბი გარდაცვლილია, მკვლელი კი ირწმუნება, რომ თავს იცავდა“.
ადვოკატის განმარტებით, ბრალდებულის თავდაპირველმა გამართლებამ ტრანსგენდერ ქალებს სამართალდამცველების მიმართ ნდობა დააკარგვინა: „პოლიციაში აღარ მომყვებოდნენ. მეუბნებოდნენ: მკვლელი გაამართლეს და ჩვენ თავში ჩაგვარტყამენ, ფულს მოგვპარავენ თუ ტყეში დაგვაგდებენ - ვის აინტერესებსო“.
რაც შეეხება შეყილაძის საქმეს, რატიანის თქმით, მსხვერპლი და ბრალდებული ერთმანეთს ქსნის კოლონიიდან იცნობდნენ. „რა ურთიერთობა ჰქონდათ ნამდვილად არ ვიცი. თუმცა, მოგეხსენებათ, რომ ტრანსგენდერები ჩვეულებრივი პატიმრებისგან განსხვავებული სტატუსით სარგებლობენ“.
„ბრალდებულის მეგობარი ქალბატონი 8 თვის ფეხმძიმე იყო და ამავდროულად ეწეოდა სექსუალურ მომსახურებას. ზიზი ამის გამო აღშფოთებული იყო, ეუბნებოდა - ბავშვს მიხედეო და არ უშვებდა სამუშაოდ“.
„როდესაც ეს ბრალდებულმა გაიგო, მივიდა ზიზისთან საქმის გასარჩევად. იქ მოხდა შელაპარაკება... ზიზი კომაში იყო სანამ გარდაიცვლებოდა“.
ორივე ბრალდებული განზრახ მკვლელობის მუხლით გაასამართლეს. თუმცა, რატიანი არც ტრანსფობიურ მოტივებს გამორიცხავს: „ტრანსფობიური ნიადაგი რატომღაც არ გამოკვეთეს. თუმცა, ასეთი სასტიკი მკვლელობები ალბათ იმიტომაც ხდება, რომ ეს ადამიანები არ მოსწონთ თავიანთი გენდერული იდენტობის გამო“.
რაც შეეხებათ მსხვერპლთა ოჯახის წევრებს, ადვოკატმა დასძინა: „საბის დედა ყოველ სასამართლო პროცესზე ჩამოდიოდა და კინაღამ გულის შეტევა დაემართა, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლომ ბრალდებული მკვლელობის ნაწილში გაამართლა. ბაბუა კი სამართალდამცველებს ეხვეწებოდა - მომეცით დამნაშავე და მე მოვუვლიო“.
„ზიზის დედაც ყოველ კვირას ჩამოდიოდა შვილის საავადმყოფოში სანახავად. ორივე დედა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყვნენ“.
კითხვაზე, დაიმარხნენ თუ არა მსხვერპლები, როგორც მამაკაცები, რატიანმა განმარტა: „ადამიანი იმარხება, როგორც იმარხება. საბისა და ზიზის საფლავებზე წერია მათი საპასპორტო სახელები. ეს ოჯახის გადასაწყვეტია. სამწუხაროდ, გარდაცვლილი ვერ ამბობს, ესე დამმარხეთ ან - ისე დამმარხეთო“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსმა გოგა ხატიაშვილმა ჩვენთან საუბრისას განიხილა ტრანსგენდერ ქალთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებათა კლასიფიკაცია საქართველოს კანონმდებლობით:
„ფემიციდი არის ქალის მკვლელობა. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას არ აქვს სქესის გენდერული აღიარება. შესაბამისად, სამართლებრივად, ადამიანები ითვლებიან თავიანთი ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებად. ტრანსგენდერების მკვლელობა კვალიფიცირდება, როგორც ჩვეულებრივი განზრახ მკვლელობა. თუმცა, თუ ადამიანს მოკლავ მისი გენდერული იდენტობის გამო, ეს იქნება პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება. არ გვაქვს სპეციალური მუხლი, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტულად ტრანსგენდერების მკვლელობის საკითხს. თუმცა, თუ ტრანსგენდერის მკვლელობას საფუძვლად უდევს ჰომოფობიური მოტივები, ზოგადი ნორმები გვეუბნება, რომ ეს ამძიმებს პასუხისმგებლობას“.
„2017 წელთან შედარებით, საქმეებში გვაქვს გაორმაგებული დისკრიმინაციული მოტივების გამოკვეთის შემთხვევები,“ - ამბობს ხატიაშვილი. „სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს, როგორც წესი, ჩვენთან პირდაპირი კომუნიკაცია აქვთ. თუმცა, გვაქვს გარკვეული გამოწვევები დამოკიდებულებების თვალსაზრისით. მაგალითად, თავიდან მოგვმართავენ, შემდეგ კი უარს ამბობენ ჩვენთან თანამშრომლობაზე. როდესაც მსხვერპლი არ გვაძლევს ჩვენებას, შემდგომში ძალიან გვიჭირს დამატებითი ფაქტებისა და გარემოებების მოძიება“.
ფსიქოლოგმა თამარ თანდაშვილმა ისაუბრა სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებათა ჩადენის შესაძლო მიზეზებზე: „ყველა საზოგადოებას ჰყავს თავისი ე.წ. „განტევების ვაცები“. ტრანსგენდერების ჯგუფი ხშირად ყველაზე მოწყვლადია, რადგან ისინი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ისეთ მოცემულობას, როგორიცაა ადამიანის სქესი. საზოგადოების მხრიდან მიუღებლობა კი ზრდის მათზე თავდასხმის ალბათობას“.
„მეორე მიზეზია ფრუსტრაცია,“ - განმარტავს თანდაშვილი. „როდესაც ადამიანი ცხოვრებაში განიცდის ფრუსტრაციას, ის ძალიან ხშირად ირჩევს კონკრეტულ სუბიექტს ან ჯგუფს, რომელზეც შეძლებს თავისი ბოღმა, აგრესია გადმოანთხიოს. როდესაც საზოგადოებაში უკვე არსებობს ჯგუფი, რომელზეც ბოღმის გადმონთხევა დიდს არაფერს წარმოადგენს, მოქმედებაზე ადვილად მიდიან“.
თანდაშვილმა ასევე დასძინა, რომ აღნიშნული დანაშაულები შესაძლოა საკუთარი თავის მიუღებლობითაც იყოს განპირობებული: „არ გამოვრიცხავ ინტერნალიზებული ჰომოფობიის შესაძლებლობას, რაც გამოწვეულია საკუთარი მოუგვარებელი სექსუალური ორიენტაციით. როდესაც ადამიანს აქვს თვით-მიუღებლობა საკუთარი სექსუალური ორიენტაციის გამო, ის ზოგჯერ სხვა ადამიანში ებრძვის ამას. მსგავსი დანაშაული შეიძლება იყოს დამნაშავის მიერ საკუთარი თავის ზიზღის გამოვლენა - იმის ზიზღისა, თუ თავად რას წარმოადგენს, შემდეგ კი ამ ზიზღის ექსტერნალიზაცია სხვა ადამიანზე“.