ავტორები: ლიზა ხაჯიშვილი, გულიკო კახნიაშვილი
ფემიციდის შედეგად დაობლებული ბავშვების თემაზე თუ გიმუშავიათ?
ამ თემასთან შეხება მქონია და მიმუშავია, მაგრამ კონკრეტულად ფემიციდის შედეგად დაობლებულ ბავშვეთან არა. რაც მახსენდება, ჩემს მიერ დაწერილ ისტორიებში ყველა გარდაცვლილი ქალი, დედა იყო. ხშირად საზარელი მკვლელობები შვილების თვალწინ ხდებოდა. მაგალითად, შემიძლია გავიხსენო სოფო ზურაბიანის შემთხვევა, რომელსაც ერთი შვილი დარჩა. ასევე სოფელ ხონჭიორში, რუსუდან ბერიძე მოკლა ქმარმა, რომელსაც რვა შვილი დარჩა.
რა სირთულეების წინაშე დადექით ამ თემის გაშუქებისას და როგორ ფიქრობთ რამ წარმოშვა ეს პრობლემები?
სოფელ ხონჭიორში გარდაცვლილი ქალის 8 შვილი, სხვადასხვა ოჯახებში გადაანაწილეს. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების ბებია ითხოვდა მათ გაზრდას, სახელმწიფომ მას ეს პასუხისმგებლობა არ დააკისრა და ეს ახსნა იმით, რომ მას არ ქონდა საშუალება შვილიშვილების აღზრდის. ძალიან მინდოდა გამეშუქებინა ამ ბავშვების ცხოვრება, მაგრამ იმ ოჯახში სადაც ისინი იზრდებოდნენ, კარიც კი არ გაგვიღეს და საშინელი აგრესიით გამოგვისტუმრეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ბავშვებთან სისტემატურად მუშაობდნენ ფსიქოლოგები. სახელმწიფოსგან უნდა იგრძნონ, რომ მათზე ზრუნავენ, რადგან აქ საუბარია არასრულწლოვნებზე, რომლებსაც დედა მოუკლეს. ძირითად შემთხვევაში ჩვენ ვაშუქებთ ხოლმე ფაქტებს, ცხელ კვალზე მომხდარ ისტორიებს და იმას, თუ რა ხდება ტრაგედიის შემდეგ, ამას ნაკლები ყურადღება ექცევა. ფემიციდი არ არის რაღაც კრიმინალური შემთხვევა, ეს არის ქალებზე ძალადობის მიზანმიმართული უკიდურესი გამოვლინება, რაც გაშუქებისას უნდა გამოჩნდეს.
თემის გაშუქებას თუ მოყვა ის შედეგი, რაც გსურდათ?
ძალიან რთულია გაზომო ერთი რეპორტაჟის შედეგი. მე მინდოდა ბევრ ადამიანს გაეგო ამის შესახებ. არა მხოლოდ კონკრეტული შემთხვევის, არამედ გამომწვევი მიზეზების შესახებ. რა შეიტყო მაყურებელმა ამის გაზომვა რთულია. ამ თემაზე უნდა იმუშაოს ბევრმა ჟურნალისტმა და ამან უნდა მიიღოს სისტემური სახე, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება გაზომო შედეგი. უშუალოდ ჩემი მიზანი იყო, როგორც ჟურნალისტს ინფორმაცია მიმეწოდებინა ჩემი მაყურებლისთვის და დამემსხვრია ამ საკითხის ირგვლივ გაჩენილი სტერეოტიპები.
ეს რაც შეეხება ფემიციდს, მაგრამ რას გვეტყვით იმ ბავშვებზე, რომლებიც დაობლდნენ ამ პრობლემის გამო?
ცალკე რეპორტაჟი არასდროს არ გამიკეთებია ფემიციდის შედეგად დაობლებულ ბავშვებზე, მაგრამ სხვადასხვა სიუჟეტებში ეს თემა ყოფილა აქტუალური ჩემთვის. ამ ბავშვების უმეტესობა ყოველთვის დახურულ სივრცეში იმყოფებოდა და ჟურნალიტებს ნაკლებად მიგვიწვდებოდა ხელი, თუმცა იყო რამდენიმე ბავშვი, ვისთანაც შეხება მქონდა. იყო ერთი შემთხვევა გლდანში 2014 წელს, 2 გოგონა დარჩა მოკლულ ქალს, რომლებსაც ბებია ზრდიდა. ყველა შემთხვევაში, უნდა გავიმეორო, რომ ეს ბავშვები საჭიროებენ ძალიან დიდ ყურადღებას.
როგორ ფიქრობთ, უნდა დატრენინგდნენ თუ არა ჟურნალისტები რომლებიც მსგავსად სენსიტიურ თემებს აშუქებენ? რამდენად გამოცდილი ჟურნალისტები გვყავს ამ საკითხში?
რა თქმა უნდა, უნდა ჩაუტარდეს კვალიფიციური მომზადება ისეთ ჟურნალისტებს, რომლებიც მუშაობენ ასეთ სენსიტიურ თემებზე. ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ სენსიტიური რეპორტინგის ყველა ნიუანსი და დეტალი. ჩვენ ვაშუქებთ ფემიციდს, ადამიანის უფლებებს და ა.შ, ზოგჯერ ჩვენივე უცოდინარობით ბევრ შეცდომას ვუშვებთ და სტერეოტიპების დამსხვრევის ნაცვლად, ზოგჯერ პირიქით ვაღვივებთ მათ. სწორედ ამიტომ, საჭიროა, ტრენინეგი, რადგან ვიცოდეთ ყველაფერი და არ დავუშვათ შეცდომები.