პუბლიკაციები

ყირგიზი ქალების გზა თავისუფლებისკენ

ეკატერინე ხარბედია

13-15 ნოემბერს თბილისს სამი ყირგიზი ფემინისტი აქტივისტი ეწვია.  19 წლის ალინა ანისიმოვამ, აიდაი ერკებაევამ და ზერე ასილბეკიმ უკვე ბევრს მიაღწიეს.  

აიდაი ერკებაევა ჟურნალისტია და გამოცემა kloop.kg-ში მუშაობს. როგორც თავად ამბობს, მუშაობა 17 წლის ასაკში სკოლის დამთავრების შემდეგ დაიწყო.  

ჟურნალიზმის და საკუთარი ქვეყნის პოლიტიკის შესახებ ბევრი არაფერი იცოდა, მაგრამ  2017 წელს kloop-ის ერთ ერთი გახმაურებული ჟურნალისტური გამოძიების ავტორი გახდა. გამოძიება ყურგიზეთში არჩევნების გაყალბებას  ეხებოდა.

“ძირითადად სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ამბებზე ვწერ. ერთ მომენტში გავაანალიზე, რომ ჩემი ჟურნალისტური სქმიანობით აქტივიზმს ვეწევი. ფემინისტი ვარ, და ქალთა უფლებებზეც ძალიან ბევრს ვმუშაობ. “ - ამბობს ერკებაევა.

მართალია, ერთ დროს ყირგიზეთის,  პრეზიდენტი ქალი იყო, მაგრამ, ერკებაევას თქმით, ამას  ფასადური მნიშვნელობა ჰქონდა. “ხშირად მიწევს პარლამენტში სიარული,  პარლამენტარ ქალთა უმეტესობა სოციალური, ბავშვების და კულტურის თემებით არიან დაკავებულნი.  ენერგეტიკის, ოქროს მოპოვების სფეროში, იქ სადაც ფული და ძალაუფლებაა,- ქალებს არ უშვებენ ”.

ალინა ანისიმოვა,  გამოცემა kloop-ში პროგრამისტი და ამ მედიის მიერ შექმნილი კოსმოსური  თანამგზავრის აშენების სასწავლო კურსების ტრენერია. “ერთი შეხედვით, თითქოს არ ვართ შეზღუდულები, მაგრამ  სინამდვილეში, მეგობრები ან ოჯახის წევრები გვკარნახობენ რა ჩავიცათ და როგორ ვიმოქმედოთ. ელექტროობა და  პოლიტიკა არ ითვლება ქალის საქმედ “, - ამბობს ანისიმოვა.

თავად  პროფესიის არჩევისას, ოჯახი მხარში დაუდგა.  მე-9-ე კლასის მერე სკოლაში სიარულს თავი დაანება.   ჯერჯერობით არც კოლეჯი დაუმთავრებია, ამიტომ საშუალო განათლებაც არ აქვს,  მაგრამ გოგონებს პროგრამირებას, მიკროსქემებთან მუშაობას ასწავლის და ექსპერიმენტებს ატარებს.  “ეს ისტორიული მისიაა, არა მხოლოდ იმიტომ რომ ყირგიზეთში პირველ თანამგზავრს, კოსმოსში გავუშვებთ, არამედ, იმიტომ, რომ  გოგოებს შთავაგონებთ, რომ შეუძლიათ აკეთონ რაღაც გიჟური, რაც ვითომ გოგონებს არ ახასიათებთ”, - ამბობს ანისიმოვა.

“ჩვენ ენაში ასეთი გამოთქმაა - გოგოს ჭკუა 40 სახლში მაინც უნდა ასწავლონ”, - ამბობს მომღერალი ზერე ასილბეკი. ამ წელს მან სიმღერა  და კლიპი Кыз (გოგო) გამოუშვა, რასაც არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. კლიპში ზერეს იისფერი ლიფი უჩანს, ამის გამო მან უამრავი მუქარის შემცვლელი კომენტარი მიიღო, მოკვლის მუქარებიც კი. მაგრამ ის  უკან დახევას არ აპირებს.

“უნივერსიტეტში სწავლა რომ მივატოვე, სხვა და სხვა სოციალურ პროექტებში მოხალისედ დავიწყე მუშაობა. გადავწყვიტე ჩემი ცხოვრება ხელოვნებისთვის დამეკავშირებინა”,  - ამბობს ასილბეკი.

მისი თქმით, რაიმე მნიშვნელოვანი უნდა გაეკეთებინა, პრობლემები ბევრი იყო, განსაკუთრებით, გენდერული დისკრიმინაციის მხრივ. ზერეს დაკვირვებით, გოგოები ძალიან დიდ დროს ხარჯავენ იმაზე, რომ სხვებს თავი მოაწონონ და შეაყვარონ, ეს ყველაფერი კონკურსს ჰგავს, სადაც გამარჯვებული ისაა, ვინც მამაკაცებისგან უფრო მეტ მოწონებას დაიმსახურებს.

ზერეს თქმით, კანონით გოგონები თავისუფლები  არიან, მაგრამ ეს არ აისახება მენტალურ დონეზე. “ ჩვენს ენაში არის ასეთი გამოთქმა -ხალხი რას იტყვის? ბიჭებსაც ეხება ეს”, - განმარტვას ასილბეკი. - “ბიჭები გოგოებში მხოლოდ სექსუალურ ობიექტებს ხედავენ.  გოგოსთვის მიღებულია კოლეჯის ან სკოლის მერე გათხოვება, ბავშვების გაჩენა, დიასახლისობა, ქმრის გაბედნიერება ”.

ზერე ამბობს, რომ  სიმღერა იმაზე დაწერა, რაც  აღელვებდა. უნდოდა, რომ სიმღერას ხალხი თავისუფლებისკენ  ებიძგა, რომ ხალხს გენდერულ უთანასწორობაზე ლაპარაკი დაეწყო. “როცა კლიპი  გამოვიდა, დასთან ერთად კინოში ვიყავი. ჩემი ტელეფონი აფეთქდა, იმდენი კომენტარი, ლაიქი და შეტყობინება მივიღე. შედეგი გიჟური იყო. როდესაც  კლიპი მშობლებს გავუგზავნე, დედაჩემმა საყვედური მითხრა, სხვა რამე რატო არ ჩაიცვიო, მამამ თქვა, რახან კლიპი უკვე დადევი, იყოსო. ნათესავები კლიპის გამოსვლას  დუმილით შეხვდნენ”, იხსენებს ზერე.

ზერე მადლობელია, რომ  ოჯახი მხარში დაუდგა. ბრძოლის გაგრძელებას აპირებს, იმედი აქვს, რომ  რასაც თავად ვერ მაიღწევს, მისი შვილი ან შვილიშვილი მოესწრება.

გენდერული უთანასწორობის  ისეთი ფორმები, როგორიცაა, იძულებით ქორწინება, დაქორწინების მიზნით გოგონების  გატაცება, დიდ პრობლემად რჩება. როგორც აიდაი ერკიბაევა ამბობს, ასეთი ამბები  რეზონანსულია, მაგრამ რეალურად არაფერი იცვლება. ერკიბაევამ გაიხსენა ფემიციდის შემთხვევა, რომელიც   ბურულაი ტურდალის გატაცებას მოყვა. წყვილი პოლიციამ დააკავა როცა პოლიციაში მარტო დარჩნენ, გამტაცებელმა ბურულაის რამდენიმე ჭრილობა იქვე, პოლიციის განყოფილებაში მიაყენა, და მოკლა. ამ გახმაურებული ამბის გამო,   რამდენიმე მილიციის თანამშრომელი გაათავისუფლეს”, ამბობს ერკიბაევა.

ერკიბაევას თქმით,  ქალები სამართალდამცველებს არ ენობიან, რადგან მაგალითად,  თუ ქალი ძალადობის მსხვერპლია, ან ის მოიტაცეს, თუ მილიციას მიმართა, იქიდან რეაგირების ნაცვლად ეტყვიან, რადგან ცოცხალი ხარ, გამოძიება საჭირო არ არისო.  

ყირგიზი ფემინისტების თქმით, მოტაცებული გოგოები დიდი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ არიან.   ყირგიზეთში ასეთი ტრადიცია არსებობს: თუ მოტაცებული გოგო კიდევ უარზეა და არ სურს გათხოვება, მას მამაკაცის ოჯახის ყველაზე უფროს ქალს მიუყვანენ და თუ გოგომ ასეთ სტუმართმოყვარეობასაც ფეხი გადააბიჯა, ის უკვე აღარაა “სიფთა” და მას ოჯახი დაწყევლის. ამის გამო  ბერი გოგო ბედს ეგუება და რჩება.

როგორც ზერე ასილბეკი ამბობს, ყირგიზეთში პატარძლის მოტაცება და პიროვნების  მოტაცება სხვადასხვა რამეა. “პატარძლებს არ თვლიან პიროვნებად, და მათი მოტაცება შესაბამისად, არ არის დანაშაული, რაც უნდა შეიცვალოს”, - ამბობს ასილბეკი.

ყირგიზი აქტივისტები ბრძოლის გაგრძელებას გეგმავენ. “ მინდა აღარავინ გაიკვირვოს ქალის პროგრამისტობა ან ელექტრიკოსობა. მინდა, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავი გახდეს”, - აცხადებს ალინა ანისიმოვა.

სამართლებრივი ჩარჩო

კონსულტაციისთვის
დაგვიკავშირდით

ძალადობის სტატისტიკა

ძალადობის სტატისტიკა