პუბლიკაციები

სექსუალური შევიწროვების შესახებ კანონის მიღება მწვავე პრობლემა და საზოგადოების დაკვეთაა - ინტერვიუ თათია სამხარაძესთან 

ეკატერინე ხარბედია

3 იანვარს 2018 წელს თათია სამხარაძემ შოუმენ შალვა რამიშვილს სასამართლო მოუგო. სასამართლომ რამიშვილს სექსუალური დანაშაულისათვის სამხარაძისთვის 2000 ლარის გადახდა მორალური ზიანისთვის დააკისრა. საქართველოში ეს პირველი და ჯერ ჯერობით ერთადერთი შემთხვევა, როდესაც სექსუალური შევიწროვების მსხვერპლმა სასამართლო დავა მოიგო.

თათია სამხარაძე

- რამდენად რთული იყო სამართლებრივი ბრძოლისთვის გადაწყვეტილების მიღება?

- სამართლებრივი ბრძოლის გადაწყვეტილება არ იყო მარტივი, თუმცა იყო ერთადერთი სწორი და ჯანსაღი გზა დამეცვა საკუთარი უფლებები და ამავდროულად, მომეხდინა პრობლემის საყოველთაო დეკლალირება. ამ გადაწყვეტილების შედეგად, დღეს, ქართულ იურისპოდენციაში უკვე არსებობს პრეცედენტი და ევროპული სტანდარტი სექსუალური შევიწროვების წინააღმდეგ სასამართლოში საბრძოლველად.

- ოჯახის და მეგობრების რეაქცია როგორი იყო? როგორ მიიღეს ეს გადაწყვეტილება და შემდგომი საზოგადოების გამოხმაურება?

- ოჯახის წევრებისთვის, ისევე როგორც ჩემთვის, ეგ გზა იყო სტრესული, ემოციური და რთული. თუმცა, შედეგი ბრძოლად ღირდა და დღეს მეც, და, დადარწმუნებული ვარ, ჩემი ოჯახიც, ამაყობს ჩემი გამბედაობით და პრინციპული ბრძოლისუნარიანობით.

- რათქმაუნდა, ამ შემთხვევას ბულინგი და კიბერბულინგი მოჰყვა ქალებისგან. ძირითადად რა რეაგირება მოჰყვა? ქალთა სოლიდარობის ასპექტი მაინტერესებს ამ შემთხვევაში.

- ვფიქრობ, საკითხის ასე დაყენება, რომ ძირითადად ქალებისგან მოყვა ბულინგი ჩემს მიმართ, არ იქნება ობიექტური და აძლიერებს იმ სტერეოტიპს, რომელიც საზოგადოებაში არსებობს-თითქოს ქალები არასოლიდარულები ვართ. მე არ მიწარმოებია სტატისტიკა ქალებისგან უფრო მოჰყვა ნეგატიური დამოკიდებულება ჩემს განცხადებას თუ კაცებისგან, ამიტომ მტკიცებით ფორმაში ლაპარაკისგან თავს შევიკავებ. თუმცა, შემიძლია გავიხსენო ბევრი სრულიად უცნობი ქალი, რომელმაც მხარდაჭერა გამომიცხადა და ემოციურად ძალიან დამეხმარა პროცესებთან გამკლავების სამართლებრივ გზაზე.

- გახმაურების შემდეგ თუ მიგიღიათ ღია მუქარები რამიშვილისგან ან თუნდაც სხვა რომელიმე ადამიანისგან? ინტერნეტის მიღმა, რეალურ ცხოვრებაში.

- ამ ამბის გახმაურების შემდეგ, ღია და პირდაპირი მუქარები ჩემი მისამართით არ მიმიღია.

- გიზიარებდნენ ქალები თუ არა თავის პირად გამოცდილებას, განსაკუთრებით იმას, რაც სამუშაო გარემოში სექსუალურ შევიწროებას უკავშირდებოდა?

- ბევრი წერილი მივიღე სოციალურ ქსელში ქალებისგან, რომლებიც საკუთარი სექსუალური შევიწროვების გამოცდილებას მიზიარებდნენ. რითიც კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სექსუალური შევიწროვების პრობლემა ჩვენს საზოგადოებაში ძალიან მწვავედ დგას. ამას ადასტურებს გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევაც, რომელიც ამბობს, რომ ყოველი მეხუთე ქალი საქართველოში, ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამხდარა სხვადასხვა ფორმის სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი.

- თქვენი აზრით, საზოგადოებაში სექსუალური შევიწროვების შესახებ ცნობადობის დონე და ამ ფენომენის პრობლემად აღქმის კუთხით თუ შეიცვალა რამე ამ ორი წლის განმავლობაში?

- ვფიქრობ, გლობალური #მეც კამპანიის შემდეგ, რომელიც ჰოლივუდში დაიწყო ცნობადობა სექსუალური შევიწროვების ფენომენის შესახებ, როგორც გლობალურად, ასევე ლოკალურად, საგრძნობლად შეიცვალა. ამის დასტურია, ნაციონალური დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევა, რომელიც საქართველოში ჩატარდა და გამოავლინა, რომ ჩვენი მოსახლეობის ოთხმოცი პროცენტი მხარს უჭერს სექსუალური შევიწროვების კანონით აკრძალვას.

- რა გასწავლათ ამ გზამ, რომელიც თქვენ გაიარეთ შევიწროების ფაქტების გასაჯაროვებიდან სასამართლოში გამარჯვებამდე?

- ეს გზა ძალიან დამეხმარა როგორც ქალს გამეცნობიერებინა საკუთარი პრივილეგიები და გავმხდარიყავი უფრო მეტად ემპათიური სხვა ადამიანების პრობლემების მიმართ.

- ნახსენები გქონდათ, რომ ფსიქოლოგთან რეაბილიტაციას გადიოდით. ტრავმაზე, გამოცდილ გრძნობებზე თუ შეძლებთ უფრო დაწვრილებით საუბარს?

- სექსუალური ძალადობა და მათ შორის, სექსუალური შევიწროვებაც არის ქალის მიმართ ჩადენილი დანაშაული, რომელიც მის ფსიქიკურ ჯანმრთელობას დიდ ზიანს აყენებს. გამონაკლისი ამ მხრივ არც მე ვყოფილვარ. თუმცა, ვარ ბედნიერი, რომ ამ შემთხვევაში მე მქონდა შესაძლებლობა მიმეღო პროფესიონალური და დროული ფსიქოლოგიური დახმარება, რომელიც ტრავმის შედეგად მიღებული სტრესის დაძლევაში და გამკლავებაში დამეხმარა.

- ასევე, გქონდათ ნათქვამი, რომ სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ ახლის პოვნისას პრობლემები შეგექმნათ. უფრო დაწვრილებით ხომ არ ისაუბრებდით ამაზე?

- სასამართლოს მოგებამდე, რამდენიმე გასაუბრებაზე მოხდა ჩემი ღია დისკრედიტაცია და იქ მისულს არ დამისვეს არც ერთი შეკითხვა პროფესიულ უნარ-ჩვევებზე, არამედ ძირითადად დაინტერესდნენ საქმის წარმოების მსვლელობით სასამართლოში და სხვა დეტალებით, რომელიც ამ გამოცდილების გარშემო გამაჩნდა.

- მსგავს სიტუაციაში აღმოჩენილ ქალს რას ურჩევდით?

- რჩევების გაცემა არ არის ჩემთვის დამახასიათებელი და ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რომლის აღებაც მიჭირს. მე ვფიქრობ, რომ ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია და საკუთარი არჩევანი ყველამ დამოუკიდებლად უნდა გააკეთოს. თუმცა, მათთვის ვისაც ასეთი პრობლემა აქვს შემიძლია დაზუსტებით ვთქვა, რომ დღეს საქართველოში მკვეთრად განსხვავებული დამოკიდებულებაა სექსუალური შევიწროვების მიმართ და მათ ნაკლებად რთული გზის გავლა მოუწევთ ჩემთან შედარებით, თუ გადაწვეტენ საკუთარი უფლებების დასაცავად სასამართლოში იბრძოლონ.

- ამ მთლიანმა სიტუაციამ ახალი კუთხით თუ დაგანახათ საზოგადოება? აქამდე თუ დაფიქრებულხართ ქალთა პრობლემებზე, როგორც მაგალითად, შევიწროვება,ძალადობა, ფემიციდი?

- პირადმა გამოცდილებამ და ჩართულობამ “ქალთა მოძრაობის” აქტივობებში რაღა თქმა უნდა უფრო მეტად და ფართოდ დამანახა ყველა ის გენდერული პრობლემა რომელიც ჩვენს საზოგადოებას ასე მწავევედ უდგას. ახლა, მაქვს და მუდმივ რეჟიმში ვეცნობი სხვადასხვა სტატისტიკას, კვლევებს თუ პუბლიკაციებს, რომელიც მეხმარება გავაგრძელო ბრძოლა გენდერული ძალადობის, უსამართლობის და პრობლემების წინააღმდეგ.

- სექსუალური ძალადობა, შევიწროვება და სხვა ამასთან დაკავშირებულ თემებს სტიგმა ადევს, და საზოგადოების ცნობიერება ძალიან დაბალ დონეზეა, განსაკუთრებით ახალგაზრდა გოგოებში. თქვენი აზრით, რა შეიძლება გაკეთდეს განათლების კუთხით? საჭიროა ამაზე საუბარი სკოლებში/უნივერსიტეტებში და ა.შ.

- ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ სექსუალური ძალადობის და შევიწროვების გარშემო არსებული სტიგმის წინააღმდეგ ბრძოლა საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან და სკოლის ასაკიდან უნდა დავიწყოთ. განათლება და ინფორმაცია არის ის გამკლავების ბერკეტი, რომელიც უნდა მივცეთ გოგონებს და ამით დავიცვათ ისინი მომავალში შესაძლო მსხვერპლობისგან. კონკრეტულად რა უნდა გაკეთდეს და როგორ უნდა მოხდეს სექსუალური განათლების ინტეგრაცია სასწავლო პროგრამებში, ამაზე ალბათ ჯობს ჩემზე კომპეტენტურმა პროფესიონალებმა იმსჯელონ. ჩემი მხრიდან რისი თქმაც გადაჭრით შემიძლია, არის ის რომ სანამ ცნობიერება გაიზრდება, მანამდე უაღრესად მნიშვნელოვანია სახელმწიფომ აიღოს პასუხისმგებლობა და მიიღოს კანონი სექსუალური შევიწროვების წინააღმდეგ, რომელიც ისევ ზემოთ მოყვანილი კვლევების მიხედვით არსებული მწვავე პრობლემა და საზოგადოებრივი დაკვეთაა.

სამართლებრივი ჩარჩო

კონსულტაციისთვის
დაგვიკავშირდით

ძალადობის სტატისტიკა

ძალადობის სტატისტიკა