პუბლიკაციები

მსხვერპლების დასაქმება და მათი ეკონომიკური მხარდაჭერა პრობლემად რჩება

ეკატერინე ხარბედია

თინიკო ღვდელაძე 36 წლისაა და ორი შვილი ჰყავს. ახლა მუშაობს და შვილებთან და დაქალთან ერთად  ბინას ქირაობს. მანამდე, როგორც ძალადობის მსხვერპლი, თავშესაფარში ცხოვრობდა.

“ჩვეულებრივი ურთიერთობები მქონდა ქმართან , მაგრამ მისმა ნათესავებმა ეს  ვერ აიტანეს. მათ ოჯახში მიღებული იყო ცემა-ბეგვა და ცოლის ლანძღვა და ამის გამო, ჩემ ქმარს ცოლის მონას ეძახდნენ. მერე დალევა დაიწყო, ვალები დაიდო და  გალოთდა. ამ ყველაფერს კი მოყვა პრობლემები და ცემა.” - ამბობს ღვდელაძე.

ღვდელაძე იხსენებს რომ თავშესაფრის და სხვა დამხმარე სერვისების შესახებ დედისგან გაიგო, რის შემდეგაც ომბუდსმენს მიმართა. “ დავრეკე სახალხო დამცველთან, რომელმაც   ფსიქოლოგთან გადამამისამართა. ფსიქოლოგმა საქმე განსახილველად მოამზადა, მაგრამ თავშესაფრის სერვისის მიღებაზე უარი მითხრეს. ვფიქრობთ, არ გჭირდებაო. ალბათ იმიტომ,  რომ არ ვტიროდი და თავს არ ვიკლავდი. ვუპასუხე: თუ მომკლა და ბაშვებსაც დაუშავა რამე, რათ მინდა თავშესაფარი? დამასაფლავებენ პირდაპირ. ”

როგორც თინიკო ამბობს,    თავშესაფარში მოსახვედრად აუცილებელი იყო   ძალადობის შემთხვევის პატრულში დაფიქსირება. მას  იმედი ჰქონდა, რომ სოციალურ დახმარებას მიიღებდა და  ბინას იქირავებდა. ეს გეგმა “ჩაიშალა”: “სოციალურის მიღება არ მაცადა ჩემმა ქმარმა, შარზე იყო და სულ ჩხუბობდა. ერთხელაც ბავშვს ხელი გაარტყა, ამის შემდეგ პატრული გამოვიძახე და  თავშეფარი მოვითხოვე.”

ომბუდსმენის ანგარიშში აღნიშნულია, რომ   პრობლემად რჩება თავშესაფრის დატოვების შემდგომ მსხვერპლების საცხოვრებლით უზრუნველყოფა და ფინანსური მხარდაჭერა. მწირია პროგრამები ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასაქმებისა და კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით.   75% შემთხვევაში თავშესაფრები ვერ პოულობენ ბენეფიციარებისთვის სამსახურს, და ქალები იძულებულები არიან მოძალადესთან დაბრუნდნენ.

სახელმწიფო ფონდის ყოფილი დირეტორის, იურისტ  მარი მესხის განმრატებით, მძიმე სოციალურ ფონზე, მსხვერპლების დასაქმების შესაძლებლობები  შეზღუდულია.

მისი თქმით,    ქალის სოციუმში ინტეგრაცია უნდა მოხდეს, რადგან  ის დიდი ხნით თავშესაფარში ვერ იცხოვრებს. სასურველია, სარეაბილიტაციო პროგრამების გააქტიურება და გაძლიერება, რომ ქალმა ხელობა ისწავლოს, და დასაქმდეს.   

აღსანიშნავია, რომ თუ ქალი წარსულში სოციალური დახმარებით სარგებლობდა,  თავშესაფარში დახმარება ავტომატურად უწყდება, თავშესაფრის დატოვების შემდეგ  ქალს მისი აღდგენა თავიდან უწევს, რასაც რამდენიმე თვე სჭირდება ასეთ დროს, ქალი იძულებულია თავშესაფრიდან მოძალადესთან დაბრუნდეს.

მესხის თქმით, ამ პრობლემასთან დაკავშირებით   ომბუდსმენმა რამდენიმე რეკომენდაცია შეიმუშავა.  

კანონის მიხედვით, სახელმწიფო თავშესაფარში მსხვერპლს სამ თვემდე ვადით შეუძლია ცხოვრება. მართალია, ინდივიდუალურ შემთხვევებში ვადის გადაწევა შესაძლებელია,  ეს დრო არ არის საკმარისი არც გადამზადება-დასაქმებისთვის და არც ტრავმისგან რეაბილიტაციისთვის.

როგორც ფსიქოტრავმატოლოგი ანა ჭიღვარია განმარტავს, უცნობია თუ როგორ იღებს ფსიქოლოგიურ დახმარებას მსხვერპლი თავშესაფრის დატოვების შემდეგ, რადგან ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას მეტი დრო სჭირდება.    “ხშირად როტაციის პრინციპით ქალი ერთი მოძალადიდან მეორე მოძალადესთან აგრძელებს ურთიერთობას, არ აქვს დამოუკიდებლად ცხოვრების და მუშაობის პერსპექტივა. ”

ჭიღვარიას თქმით, ქალს  ერთადერთი რაც დარჩენია - ისევ დაოჯახებაა.    მსხვერპლი, რომელიც ბოლომდე არ არის რეაბილიტირებული,  ისევ ძალადობრივი მახასიათებლების მქონე მამაკაცს ირჩევს.  ჭიღვარია ამბობს, რომ , რამდენიმე მოძალადე პარტნიორის გამოცდილების მქონე  ქალებთან ხშირად უმუშავია.

ქალთა კრიზისული ცენტრის დირექტორი ინდირა რობაქიძე ამბობს, რომ  ცენტრს სხვადასხვა ორგანიზაციებთან მემორანდუმები აქვთ გაფორმებული,  რომლებიც ქალთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას- პროფესიულ გადამზადებას ითვალისწინებს.   

ქალთა კრიზისული ცენტრის ინფორმაციით, სერვისის მოთხოვნით 57 ქალი მიმართა, თუმცა უმეტეს შემთხვევებში  ცენტრმა ვერ შეძლო მათი დაკმაყოფილება. ქალთა კრიზისული ცენტრის დირექტორის, ინდირა რობაქიძის თქმით, 2017 წელს ცენტრი სამსახურის პოვნაში 3 ბენეფიციარს დაეხმარა.

ღვდელაძე იმ მცირერიცხოვან ქალთა შორისაა,   ვინც დასაქმება და რეაბილიტაცია თავშესაფრის დატოვების შემდეგ შეძლო.  მსხვერლების მხარდაჭერა თავშესაფრის დატოვების შემდეგ ღია პრობლემად რჩება.

სამართლებრივი ჩარჩო

კონსულტაციისთვის
დაგვიკავშირდით

ძალადობის სტატისტიკა

ძალადობის სტატისტიკა