ავტორები: თათია შაიშმელაშვილი, ეკატერინე ხარბედია 14.10.2018
“ოჯახის წევრებმა რომ გაიგონ, თურქეთში სექს-მუშაკად ვმუშაობ, შუბლში ან ტყვია მომხვდება ან ნაჯახი”,- ამბობს ნატა, 31 წლის, რომელიც მოძალადე ქმრისგან თავის დაღწევის შემდეგ ორი შვილით ქუჩაში დარჩენილი პროსტიტუციით ირჩენს თავს.
ნატა ამბობს, რომ პროსტიტუციაში მას შემდეგ ჩაერთო, როცა ქმართან დაშორების შემდეგ მისმა ოჯახმა უარყო და არ მიიღო.
“პირველი ქორწინება ოჯახის გამო დავანგრიე, რადგან ჩემი მეუღლე სიღარიბის გამო არ მოსწონდათ. მეორე ქორწინებაში სამი თვის ორსული ვიყავი, რომ ქმარმა იძალადა, თავში ფეხები მირტყა, მოვხვდი საავადმყოფოში. ოჯახის წევრები და ნათესავები მეჩხუბებოდნენ, ბავშვი მომეშორებინა. ჩემს სოფელში ეს დიდი სირცხვილი იყო, რომ ყოფილი მეუღლისგან შვილი მყოლოდა. ორსულობა შევინარჩუნე. ოჯახის წევრებს ამ ბავშვის გაყიდვა უნდოდათ და რადგან ამას არ დავთანხმდი, ქუჩაში დავრჩი. თავშესაფარს ვეძებდი და ბავშვთან ერთად წელიწადნახევარი მონასტერში ვიცხოვრე. ოჯახმა რომ გაიგო, ცუდი გზა არ ავირჩე მომაკითხეს და დამაბრუნეს. დღესდღეობით მარტოხელა დედა ვარ და ორ შვილს დამოუკიდებლად ვზრდი”,- ამბობს ნატა.
როგორც ნატა ჰყვება, საქართველოში ნორმალური სამუშაო რომ ვერ ნახა, თურქეთში წავიდა, სადაც მოგვიანებით პროსტიტუციაში ჩაერთო. მისი თქმით, პროსტიტუციაში ჩართვას მოჰყვა ნარკოტიკული საშუალებების მიღებაც.
“თურქეთში ვმუშაობ უკვე მეოთხე წელია და ჩემს შვილებს მშობლებთან ვტოვებ. მე ვარჩენ შვილებსაც და ასევე, ჩემს მშობლებსა და დედ-მამიშვილებმაც, რომლებმაც ყველაზე რთულ პერიოდში მაქციეს ზურგი. თავიდან ფაბრიკაში სამუშად წავედი, იქ ქართველი ქალების გარემოცვაში მოვხვდი, რომლებიც სექს-ბიზნესში იყვნენ ჩართული. მატერიალურად კარგად იყვნენ და მეუღლეებს ინახავდნენ. კაცები არც კი კითხულობდნენ, მათი ცოლები როგორ შოულობდნენ ფულს. მეც სექს-მუშაკად დავიწყე მუშაობა, ნარკოტიკის მოხმარება ჩვეულებრივი ამბავია ამ დროს. სექს-მუშაკი ისე ვერ გახდება ქალი, თუ კაიფში არ არის. ქალი ვინმეს დაუწვება ფხიზელი? ცოტა რაღაცის ზემოქმედების ქვეშ უნდა იყო, ეს რომ გააკეთო. ვიცი, რომ სხვა გზა არაა ჩემი შვილების შესანახად. მე რომ საქართველოში დავრჩე, რა ხელფასი უნდა მომცენ იმდენი, რომ საკმარისი იყოს. მე ჩემს ორ შვილს მინდა ყველაფერი გავუკეთო, რაც მე ოჯახმა დამაკლლო. ჩემი შვილები კი ვერასდროს გაიგებენ, მე ფულს როგორ ვშოულობ. ოჯახის წევრებმა კი რომ გაიგონ რაზე ვმუშაობ, შუბლში ან ნაჯახი მომხვდება და ან ტყვია”.
ნატას თქმით, ექვსი თვის წინ შუამავალმა ის თურქ კაცს გაურიგა, რაშიც 3 ათასი დოლარი აიღო. "კაცი მდიდარია და მეც მაწყობდა მისი ცოლობა. მაგრამ ის ჩემზე მუდმივად ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა. სამი თვის წინ საქართველოში დავბრუნდი, გადავწყვიტე, იმ კაცთან აღარ დავბრუნდე. ამის გამო მემუქრება, მოგკლავო” - ჰყვება ნატა.
როგორც ნატა ამბობს, ძალადობა, დამცირება და გარიყულობა პროსტიტუციაში ჩართული ქალებისთვის ყოველდღიურობას წარმოადგენს, ამ ქალებს არავინ იცავს.
ძალადობაზე საუბრობს კარინა ჟორჟიკაშვილიც (შემდგომში ჟორჟიკა), რომელიც ოჯახისგან გარიყული ათი წლის ასაკში აღმოჩნდა ქუჩაში და ამის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში თავს პროსტიტუციით ირჩენდა.
ჟორჟიკას თქმით, მის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ჯგუფურ ძალადობას, ყაჩაღობას, ამის გამო კი რამდენიმე ნასამართლეობას.
“მშობლების დაშორების გამო მუდმივი პროტესტი მქონდა და მამინაცვალს არ ვემორჩილებოდი, ამიტომ ჩემზე ძალადობდა. მამინაცვალი ხშირად სვამდა და არაადეკვატური იყო. მას შესაძლოა ეჩხუბა ერთი ნაჭერი პურის ანდა შუქის ანთების გამო. იყო შემთხვევა, როცა მან მე და ჩემი ძმა შიშვლები თოვლში გაგვაგდო, დედა ჩვენს დაცვას ცდილობდა, მაგრამ მამინაცვალი ფიზიკურად მასზეც ძალადობდა. მოგვიანებით ბავშვთა სახლში ჩამაბარეს, საიდანაც გავიპარე და ამგვარად აღმოვჩნდი ქუჩაში. მოვხვდი ისეთ გარემოში, სადაც არავის აკონტროლებდნენ და თავისუფლება ვნახე. 11 წლისამ დავიწყე წებოს ყნოსვა, 13 წლიდან სმა და 15 წლიდან ნარკოტიკზე გადავედი. ამ პერიოდში დაწყებული მქონდა უკვე ყაჩაღობაც, რითიც თავს ვირჩენდი. ქუჩაში სექს-მუშაკ გოგოებთან და ნარკომან ბიჭებთან ერთად ვმეგობრობდი, მაგრამ არავინ იცოდა რომ გოგო ვიყავი, ყველა მიცნობდა, როგორც გიორგის. 17 წლის ასაკში გაიგეს რომ გოგო ვარ და ჩემზე ჯგუფურად იძალადეს. მახსოვს, რომ 11-მა კაცმა გამაუპატიურა, რის შემდეგაც გონება დავკარგე. მას მერე რამდენი მოვიდა არ ვიცი. გონზე შუაღამეს მოვედი, ტანზე შემოხეული ტანსაცმელი და სისხლი მქონდა, ნაცემი ვიყავი. ახლობელმა მნახა და თავისთან წამიყვანა, ერთი კვირის მერე კი რომ გამოვედი,მოვიპარე და დამაპატიმრეს.”
როგორც თავად ჟორჟიკა ჰყვება, 9 ნასამართლეობა აქვს და პატიმრობაში 19 წელი გაატარა. ხოლო, პროსტიტუციაში თურქეთში წასვლის შემდეგ ჩაერთო, რასაც თან ძალადობა და დამცირება ახლდა ყოველდღიურად .
“სექს-მუშაკობა თურქეთში დავიწყე წამლის გამო. კაცებს თვალის წვეთებით ვაძინებდი და შემდეგ ვძარცვავდი. ხშირად იყო ფიზიკური ძალადობა. როცა სექს-მუშაკად მუშაობს ქალი, ძალადობა გარდაუვალია.”
პროსტიტუციაში ჩართული ქალები ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობის მსხვერპლები რომ არიან, ამაზე თამუნა გახოკიძეს ლაპარაკობს.
თამუნა 36 წლისაა, სამი შვილის დედა. ის წლების განმავლობაში ოჯახში ძალადობის მსხვერპლი იყო და ერთ-ერთი შემთხვევის დროს თავის დაცვის მიზნით მეუღლე მოკლა. 21 წლის ასაკში განზრახ მკვლელობის მუხლით გაასამართლეს. როგორც თავად ყვება, ნარკოტიკების მიღება ციხეში დაიწყო, ხოლო პატიმრობიდან გამოსვლის შემდეგ თავს დროებით პროსტიტუციით ირჩენდა.
“16 წლის ასაკში მომიტაცეს, მშობლებს მუხლებზე დამხობილი ვეხვეწებოდი წავეყვანე უკან, მაგრამ ფეხი გადამაბიჯეს და მითხრეს, ხალხი რას იტყვისო. მე ვუთხარი, თუკი ცხოვრებაში რაიმე ცუდს გავაკეთებდი, მათი ბრალი იქნებოდა. ქმარი ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა. მეორე ბავშვზე სამი თვის ორსული ვიყავი, ნაცემი და დალურჯებული ოჯახში რომ დავბრუნდი და მიმიღეს. მეორედ გავთხოვდი ჩემს მეზობელზე, რომელიც თავიდანვე მუდმივად ძალადობდა. ერთხელაც როცა ჩემზე იძალადა, თავის დაცვის მიზნით ბლაგვი საგანი დავარტყი და ადგილზე გარდაიცვალა. ისე გამასამართლეს, ექსპერტიზა არ ჩატარებულა, რომ დაედასტურებინათ ვიყავი თუ არა აფექტის მდგომარეობაში. არც დაკვირვების ქვეშ ვიყავი გაეგოთ, მქონდა თუ არა მსხვერპლი ქალის სინდრომი. მიუხედავად იმისა, რომ ძალადობის გამო თავში ჰემატომა მქონდა და სახეზე სილურჯეები, ექსპერტიზამ დაწერა, რომ დაზიანებას არ ჰქონდა ადგილი და განზრახ მკვლელობის მუხლით გამასამართლეს. მომისაჯეს 6 წელი. ციხეში მოხდა ჩემი აივ-ით დაინფიცირება, რის გამოც მთავარ ექიმს ვეჩხუბე. ექიმმა დასამშვიდებლად ორი ფსიქოტროპული აბი მომცა. დროთა განმავლობაში დოზა გამიზარდეს და ამგვარად დავიწყე ნარკოტიკების მიღება.”
თამუნა პროსტიტუციაში პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ჩაერთო. ამბობს, რომ დიდი ხანი არ იყო ამ საქმით დაკავებული, თუმცა ძალადობას მის შემთხვევაშიც ჰქონდა ადგილი.
სამივე შემთხვევაში რესპონდენტი აღნიშნავს, რომ მათ ძალადობისგან არავინ იცავს, მეტიც, მოძალადეებად ხშირად თავად სამართალდამცველები არიან.
საქართველოში პროსტიტუციაში ჩართული ქალების მდგომარეობაზე ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის - “მოწყვლადი ქალების გაძლიერება დისკრიმინაციის დასაძლევად” ფარგლებში ორგანიზაცია “თანადგომამ” კვლევა ჩაატარა, რის შედეგად აღმოჩნდა, რომ ძალადობა ყველაზე მოწყვლად ქალებზე განსაკუთრებული სისასტიკით ვლინდება. ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელ და სექს-ბიზნესში ჩართული ქალები ორმაგი დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან. კვლევამ აჩვენა, რომ ამ ჯგუფის ქალებზე ძირითადად ძალადობენ პარტნიორები, ქმრები, ოჯახის წევრები და ასევე, სამართალდამცველები.
საქართველოში პროსტიტუციაში ჩართული ქალების რაოდენობა დაახლოებით 6875-ია. თუმცა, ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, ვინაიდან საქართველოში პროსტიტუცია ლეგალიზებული და კრიმინალიზებული არაა. ხოლო, ჰერა XXI კვლევის თანახმად, მსოფლიოს მასშტაბით დღეისთვის 40 მილიონზე მეტი ადამიანია პროსტიტუციაში ჩართული. ზოგიერთ ქვეყანაში პროსტიტუცია კრიმინალიზებულია, ხოლო 20-ზე მეტ ქვეყანაში სექს-მუშაობა ლეგალური საქმიანობაა.
დღესდღეობით კანონმდებლობით საქართველოში პროსტიტუცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ითვლება და ჯარიმით ისჯება. ხოლო, პროსტიტუციაში არასრულწლოვანის ჩართვა ანდა პროსტიტუციაში ჩართვა ძალადობის, შანტაჟით, მოტყუებით ან ქონების განადგურების მუქარით დასჯადი ქმედებაა. ასევე, კანონით ისჯება პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემა. (მუხლი 254, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი). ამ შემთხვევაში სასჯელი ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთაა ორიდან ოთხ წლამდე ვადით.
პროსტიტუციაში ჩართული ქალების საკითხზე კვლევა მოამზადა ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციამ ”ჰერა XXI”. კვლევის თანახმად, სექს-მუშაკთა ქალების უმრავლესობა (60%-მდე) განქორწინებულია, ყოველი მეხუთე კი ქვრივი. ბენეფიციარების თითქმის 70% დაქორწინდა ან პარტნიორი გაიჩინა 17-20 წლის ასაკში, ხოლო 27%-მა ოჯახი 17 წლამდე შექმნა. ქალების 41%-ს პირველი შვილი 17-20 წლის ასაკში გაუჩნდა. სექს-მუშაკების უმრავლესობას (63%) საშუალო განათლება აქვს მიღებული. მათი 95 % ამბობს, რომ ოჯახში მთავარი შემომტანები არიან. ადრეული ქორწინება, განათლებისა და უნარების არქონა, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა ერთ-რთი მთავარი მიზეზებია, რომლებიც მათ ამ საქმიანობისკენ უბიძგებენ. თუმცა, მიზეზი ინდივიდუალურიც შეიძლება იყოს.
ორივე კვლევამ აჩვენა, რომ სექს-მუშაკი და ნარკოტიკების მომხმარებელი ქალების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება ოჯახის წევრებისა და ახლობლების გარდა, სასულიერო პირებსა და მედიცინის მუშაკებსაც აქვთ. მოწყვლადი ქალები ასევე, გარიყული არიან დამსაქმებლების მხრიდანაც.
,თანადგომის” ხელმძღვანელის, ხათუნა ხაჟიმიას განცხადებით, საზოგადოებაში არსებული სტიგმის გამო სექს-ბიზნესში ჩართულ ქალებს ჯანდაცვაზე და სამართალზე წვდომა არ აქვთ.
ხაჟომია ამბობს, რომ როგორც კი ქალი მის საქმიანობას ამხელს, სამედიცინო პერსონალის დამოკიდებულება იცვლება.
“ეკონომიკურ მიზეზების გარდა, სოცუალური მიზეზიც არის, თუ რატომ არ დადიან სექს-ბიზნესში ჩართული ქალები ექიმთან. ვინაობის გამჟაღვნების შემდეგ, ექიმებიმათ უხეშად ეპყრობიან, შესაბამისად ამ ჯგუფის ქალები საჭიროების შემთცხვევაშიც კი არ მიმართავენ მედპერსონალს”,-ამბობს ხაჟომია.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ სამედიცინო სერვისის მიმწოდებლებს არ აქვთ საკმარისი ცოდნა და მომხმარებების მიმართ ავლენენ უარყოფით დამოკიდებულებას. კვლევის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ სამედიცინო დაწესებულებებში მისვლას არიდებენ თავს, რადგან იდენტიფიცირების შემთვხვევაში ქალები გულგრილ დამოკიდებულებასა და კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟაღვნებას აწყდებიან.
კვლევაში აღნიშნულია, რომ მოწყვლადი ქალები ძალადობის თითქმის ყველა ფორმას განიცდიან. ისინი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, შანტაჟსა და ღირსების შემლახველ მოპყრობას კლიენტებისგან, სამართალდაცველებისგან ან უბრალოდ გამვლელებისგან სამუშაო საატების დროს აწყდებიან.
ხაჟომიას განცხადებით, პროსტიტუციაში ჩართული ქალები ყოველ დღე საზოგადოების წნეხისა და მუდმივი სტრესის ქვეშ არიან და ზოგი მათგანი იმდენად მიჩვეული იყო სიტყვიერ შეურაცხყოფას, რომ ამას ძალადობის ფორმად არც კი აღიქვამდნენ.
“როცა ამ ქალებთან მუშაობა დავიწყეთ, მათ ეგონათ, რომ ძალადობა მხოლოდ ფიზიკურია. საინიციატივო ჯგუფებთან ტრენინგების ჩატარებას რომ დავიწყეთ, მიმართვიანობაც გაიზარდა ფსიქოლოგიური ძალადობის, შანტაჟის შესახებ” - ამბობს ხაჟომია.
მისივე თქმით, როცა საქმე ქმრებს ან პარტნიორებს ეხება, ქალებს ძალიან უჭირთ პრობლემა სამართლებრივი გზით მოაგვარონ.
კვლევის მონაწილეები აცხადებენ, რომ სამართალდამცავის დახმარების იმედი არ აქვთ, ვინაიდან ქალებზე სექსუალურად და ფიზიკურად თავად ძალადობენ. თუმცა, ძალადობის მსხვერპლები თითქმის არასდროს მიმართავენ სამართალდამცავ სტრუქტურებს, რადგან ეშინიათ რომ ამით უფრო მეტი პრობლემები შეექმნებათ როგორც სამართალდამცველებთან, ასევე, მათ გარემოცვაშიც.
თუმცა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა.
როგორც დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მაკა ფერაძე აღნიშნავს, ძალადობის მსხვერპლი ქალების მიმართვიანობა გაიზარდა და მათი ნდობა ნელ-ნელა იზრდება.
თუმცა ფერაძე არ უარყოფს, რომ ზოგ შემთხვევაში სამართალდამცველები ამ ქალების, როგორც დაზარელებულების მიმართ, გულგრილები არიან.
სექს-ბიზნესში ჩართული ქალების უმრავლესობა პროსტიტუციის ლეგალიზების წინააღმდეგია, საქმიანობის გამჟღავნებით არ უნდათ დამატებით პრობლემების შეექმნათ. თუმცა, მოითხოვენ, რომ ძალადობისგან დაიცვან და არც ჯარიმის გადახდა სურთ.
“ამ ქალებს მხარდაჭერა სჭირდებათ იმისთვის, რომ იბრძოლონ საკუთარი უფლებებისთვის. ჭირდებათ ვინმე, ვინც კონკრეტილ ქეისზე მათ ბოლომდე გაყვება. ამ ეტაპზე არსებული უნარებით, ცოდნით და რესურსებით, ვერაფერს შეცვლიან”,- ამბობს “თანადგომის” ერთ-ერთი მკვლევარი ლელა კურდღელაშვილი.