თბილისის საქალაქო სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე განსახილველ სისხლის სამართლის საქმეთა განრიგში კოდექსის მუხლები აღარ იძებნება.
საინფორმაციო სივრციდან მუხლების გაქრობის გამო დაინტერესებულ პირებს, ვისაც შესაბამისი მუხლის საქმის განხილვაზე დასწრება ადრე ადვილად შეეძლოთ, ამის გაკეთება ახლა უკვე გაუჭირდებათ.
ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ასევე, სასამართლო დარბაზის საინფორმაციო მონიტორზე, წაიშალა კოდექსის ყველა მუხლი, რომლის ქვეშაც სისხლის სამათლის საქმეების განხილვა მიმდინარეობს.
საქმის განხილვები საჯარო პროცესია და ნებისმერ მოქალაქეს შეუძლია მასზე დასწრება. თუმცა, მუხლების გაქრობამ საქმე გაართულა და დაინტერესებული პირები საქმეებს და სასამართლო სხდომებს ვერ მიაკვლევენ, შესაბამისად კი განხილვებს ვეღარ დაესწრებიან. მართალია, ცნობილია საქმეში მონაწილე მხარეების ვინაობა და დარბაზის ნომერი, თუმცა ეს ინფორმაცია სასარგებლო მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ პროცესზე დასწრების მსურველებმა საქმეში მონაწილეთა ვინაობა წინასწარ იციან. ეს კი იშვიათ შემთხვევაში ხდება.
საქალაქო სასამართლოში დღის განმავლობაში დაახლოებით 50 სისხლის სამართლის საქმე განიხილება. თუ მოქალაქეებს საქმის განხილვა კონკერეტული მუხლის მიხედვით აინტერესებთ, მათ მოუწევთ ყველა სასამართლო პროცესის განხილვაზე დასწრება იმ იმედით, რომ მათთვის სასურველი საქმეს გადააწყდნენ, რაც მთელ სამუშაო დღეს მოითხოვს, რაც არარეალურია.
საჯარო საინფორმაციო სივრციდან მუხლების გაქრობამ განსაკუთრებით გაურთულა საქმე მედიის იმ წარმომადგენლებს, ვინც კონკრეტული მუხლებით მიმდინარე საქმეებზე მუშაობენ.
სასამართლოდან აღნიშნულ საკითხზე მივიღეთ პასუხი, რომ განსახილველ საქმეთა განრიგის ორივე ვერსიიდან მუხლების წაშლა მხოლოდდამხოლოდ ტექნიკური ხარვეზია.
წერილის მიღებიდან თვეზე მეტი გავიდა, თუმცა ე.წ. ტექნიკური ხარვეზი არ გამოსწორებულა.
ამავდროულად, ვებგვერდიდან წაიშალა წინა წლებში განხილულ საქმეთა განრიგიც.