საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ჯანდაცვის მუშაკების ჩართულობით ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ახალი პროექტს ბრძანების მიღებიდან ცხრა თვის შემდეგ იწყებს.
პროექტი პილოტურია და „გენდერული ნიშნით ქალთა მიმართ ძალადობის ან /სექსუალური ძალადობის დოკუმენტირების“ ახალი ფორმის შემოღებას გულისხმობს, რომლის მეშვეობითაც ექიმთან მისულ ყველა ქალს გამოჰკითხავენ ძალადობის შესაძლო ისტორიას.
პილოტი ეხება როგორც ამბულატორიულ, ასევე, სტაციონარულ დაწესებულებებს. შესაბამისად, დოკუმენტირების ფორმები, შესაბამისი სპეციფიკაციის გათვალისწინებით, ორივე პროფილის სამედიცინო დაწესებულებისათვის შეიქმნა.
ამბულატორიული დაწესებულებებთან მიმართებაში აღნიშნული მუხლი ჯანდაცვის მინისტრმა „ამბულატორიული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში განხორციელებული ცვლილების შედეგად 2018 წლის 9 იანვარს შეიტანა, თავად “ამბულატორიული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ კანონი კი 2015 წლის 15 აგვისტოს მიიღეს. სტაციონარულ დაწესებულებებთან მიმართებაში აღნიშნული ბრძანება “სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ” კანონში მიღებული ცვლილების შედეგად დამტკიცდა.
პროექტის მიხედვით, ექიმი უფლებამოსილია, გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლი პაციენტის შეფასებისა და შესაბამისი დოკუმენტირების შევსების მიზნით, ამბულატორიულ დაწესებულებებში პაციენტის გასინჯვის ფურცელთან ( ფორმა №IV-200–5/ა) ერთად შეავსოს „გენდერული ნიშნით ქალთა მიმართ ძალადობის ან სექსუალური ძალადობის დოკუმენტირების“ ფორმაც (№IV-200- 5/ბ).
სტაციონარული განყოფილების მქონე დაწესებულებაში „გენდერული ნიშნით ქალთა მიმართ ძალადობის ან სექსუალური ძალადობის დოკუმენტირების“ ფორმა (№IV-300/ბ). სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათთან ერთად ივსება.
აღნიშნული ფორმა სხვადასხვა პრინციპის გათვალისწინებით ივსება.
ექიმი ვალდებულია სამედიცინო შემოწმების შემდეგ შეიტანოს ინფორმაცია ძალადობასთან ასოცირებული კლინიკური სიმპტომებისა და ნიშნების შესახებ. ~
ასევე, ის აფასებს ძალადობის რისკს. მაღალი რისკის შემთხვევაში, ექიმი ვალდებულია ძალადობის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს აცნობოს. ძალადობის საშუალო და დაბალი რისკის შემთხვევაში კი პაციენტს აწვდის ინფორმაციას ძალადობისაგან დაცვის საკონსულტაციო ცხელი ხაზის (116 006) შესახებ ან ამისამართებს შესაბამისი მომსახურების მისაღებად.
პროექტის - „ჯანდაცვის რეაგირება (პასუხი) ოჯახში ძალადობაზე/გენდერულ ძალადობაზე“ კოორდინატორი თამარ ბორცვაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე პროგრამის განმახორციელებლები არიან „ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკა“ თელავში და კლინიკა „კურაციო“ თბილისში.
მისი თქმით, ამჟამად ინტენსიური მოსამზადებელი ეტაპი მიმდინარეობს, პილოტის შუალედური შედეგები კი წლის ბოლოსათვის იქნება ცნობილი.
“პროექტის დაგეგმვის საწყის ეტაპზე ფოკუსი გაკეთდა თბილისსა და კახეთის რეგიონზე.
საპილოტე პროექტში ჩართულ მხარეებთან ამ დრომდე მიმდინარეობს ინტენსიური ტრენინგები და სამუშაო შეხვედრები დადგენილების იმპლემენტაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
პილოტის პრაქტიკული დაწყება ზემოაღნიშნულ დაწესებულებებში მიმდინარე წლის სექტემბრიდან იგეგმება.
კახეთის მასშტაბით პილოტში ჩართულია ყველა სოფლის ექიმი და ამბულატორია, პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 200 სოფლის ექიმი უკვე გადავამზადეთ”,- აცხადებს თამარ ბორცვაძე.
მისი თქმით, ჯანდაცვის მუშაკების ჩართულობა ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის კუთხით მნიშვნელოვან შედეგს გამოიღებს.
სამედიცინო სფერო ერთ-ერთი პირველია, რასთანაც ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს შეხება უწევს.
ექიმებს, განსაკუთრებით კი მეან-გინეკოლოგებსა და ოჯახის ექიმებს შეუძლიათ ითამაშონ მნიშვნელოვანი როლი ამ პროცესში და უზრუნველყონ ძალადობის უფრო სერიოზული ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სოციალური შედეგების პრევენცია.
გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლის მიერ დახმარების ძიება ოჯახის ფარგლებს გარეთ ხშირ შემთხვევაში სწორედ სამედიცინო დაწესებულებით იწყება ამიტომ, ჯანდაცვის მუშაკების მიერ ქალის მიმართ ძალადობის ფაქტის უყურადღებოდ დატოვება, შეიძლება, აღმოჩნდეს, არა მხოლოდ დაკარგული შესაძლებლობა, ადეკვატური რეაგირება განხორციელდეს ასეთ მნიშვნელოვან საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემაზე, არამედ მოხდეს ქალის უფრო მეტად სარისკო სიტუაციაში ჩაყენება”- განაცხადა პროექტის კოორდინატორმა.
კლინიკა „კურაციოს” თერაპიული სამსახურის უფროსის, ნინო კიკნაძის ინფორმაციით, კლინიკის თითქმის ყველა ოჯახის ექმიმმა და გინეკოლოგმა გაიარა ორდღიანი ტრენინგი “ქალთა მიმართ ძალადობა/გენდერულ ძალადობაზე”, სადაც დოკუმენტირების ფორმას და მისი წარმოების წესებს გაეცნენ.
“ექიმები ტრენინგის ფარგლებში ახალი დოკუმენტირების ფორმას გაეცნენ. ამ ფორმის წარმოება ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ ტრენინგებიდან მიღებულ ცოდნას პაციენტებთან კონსულტაციის დროს ვიყენებთ. როგორც კი ბროშურებს და საჭირო მასალებს დაგვირიგებენ, ახალი ფორმის წარმოებაც დაიწყება”- აცხადებს კიკნაძე.
მისივე თქმთ, ამ დრომდე მსგავსი სახის ფორმა არ არსებობდა და ახალი დოკუმენტირების წარმოება ხელს შეუწყობს ქალთა მიმართ ძალადობის მონაცემების შეგროვებას, რომ შემდგომში ძალადობის პრევენცია მოხდეს.
“კონკრეტული ფორმა, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობას ეხება, ახლახანს შემუშავდა. ეს არის ფორმა, რომელიც, მარტო თვითმომართვიანობას არ ითვალსიწინებს. აქ არის ჩართული სკრინინგი. ეს კი გულისხმობს იმას, რომ პაციენტს ვეკითხებით იმ კლინიკური სიმპტომებისა და ნიშნების შესახებ, რაც ძალადობას უკავშირდება”- განაცხადა ნინო კიკნაძემ. რაც შეეხება ძალადობის მაღალი რისკის შემთხვევაში ექიმის ვალდებულებას, შეატყობინოს სამსართალდამცავ ორგანოებს, კიკნაძე ამბობს, რომ, მიუხედავად პაციენტის სურვილისა, ექიმი ვალდებულია შეტყობინება გადაცეს სამართალდამცავ ორგანოს, თუ პაციენტს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება.
“ თუ პაციენტს ძალადობის შედეგად ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება, ექიმი ვალდებულია, ამის შესახებ სამართალდამცავ ორგანოს შეატყობინოს. ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა, პაციენტს სურს თუ არა ამის გაკეთება. ხოლო, თუ ძალადობა ფიქსირდება, მაგრამ პაციენტს არ აღენიშნება ფიზიკური დაზიანება, ამის ცნობა სამართალდამცავ ორგანოსთვის პაციენტის სურვილის შესაბამისად ხდება”- განაცხადა ნინო კიკნაძემ.
“ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის” იურისტის მანანა ფურცხვანიძის განცხადებით, ქალთა მიმართ ძალადობა ბრძოლა ახლა უკვე ექიმის ვალდებულებაც გახდება, ეს კი არამარტო მათ შეხედულებებს შეცვლის, არამედ, ქალების უფლებების დაცვაზეც იზრუნებენ.
“კარგია, რომ ქალთა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში ჯანდაცვის მუშაკები ჩაერთვებიან. ჯანდაცვის მუშაკების ჩართულობა, გარდა იმისა რომ ძალადობის პრევენციას უზრუნველყოფს, თავად მათი შეხედულებაც შეიცვლება ამ საკითხის მიმართ. მხოლოდ ეს პროქტი ვერ გამოიღებს შედეგს, მაგრამ ეს იქნება ერთ-ერთი გზა ქალთა ძალადობასთან ბრძოლაში. ასე ნელ-ნელა მივიწევთ წინ, ყველაფერი უცებ ვერ მოხდება.”- განაცხადა მანანა ფურცხვანიძემ. პილოტი ქვეყნის მასშტაბით ყველა სამედიცინო დაწესებულებას მოიცავს და ის პილოტური პროექტის განმახორციელებელი ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებებისთვის სექტემბრის თვიდან, ხოლო პილოტური პროექტის განმახორციელებელი ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებებისთვის 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.