ავტორი: ულკარ გურბანოვა
- გაჩუმდი, დამაძინე.
- როცა კი ვხმაურობ, შენ გინდა, რომ დამარტყა.
- ნუ ხმაურობ, მოკეტე!
მეზობლების მტკიცებით, ეს და-ძმა ჩობანოვებს შორის გამართული ბოლო საუბრის ნაწყვეტებია.
22 წლის ემინ ჩობანოვმა თავისი 30 წლის და რუბაბა ჩობანოვა თავიანთ ბინაში მოკლა.
მკვლელობა ბაქოში მოხდა. ჩობანოვები ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდნენ - ამ კორპუსის სახლები აზერბაიჯანის მთავრობამ მხედველობის პრობლემის მქონე მობინადრეებისთვის ააშენა.
ორივე მშობელს - ემინ და ბასტი ჩობანოვებს მხედველობის მწვავე პრობლემა აქვთ.
ამ საშინელ ტრაგედიამდე ოჯახის ხუთივე წევრი, უმცროსი დის ნიგარ ჩობანოვას ჩათვლით, ერთად ცხოვრობდა.
უბედური შემთხვევა 2016 წლის 26 მაისს, დილის 9 საათზე მოხდა.
მეზობლები ამტკიცებენ და იგივე ინფორმაციაა შესული სასამართლო დოკუმენტებშიც, და-ძმას ურთიერთობის პრობლემები ჰქონდათ და ხშირად ჩხუბობდნენ.
სასამართლოს დოკუმენტების თანახად, რუბაბას ძმა იმიტომ ეჩხუბებოდა, რომ ამუნათებდა, მშობლებს ცუდად უვლიო. არ მოსწონდა, როცა გოგონა სახლში გვიან ბრუნდებოდა და საერთოდაც ცხოვრების თავისუფალი სტილი ჰქონდა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ის „ხშირად ამცირებდა, ცუდ მდგომარეობაში აყენებდა მშობლებს და მათ ადანაშაულებდა იმაშიც, რომ, თუ მისი ხელის სათხოვნელად არავინ მოდიოდა, ეს მშობლების უსინათლობის გამო ხდებოდა.
რუბაბა მაღაზიაში გამყიდველის ასისტენტად მუშაობდა.
ემინი უმუშევარი იყო.
მკვლელობის დღეს, მაშინ, როცა რუბაბა სამსახურში წასასვლელად ემზადებოდა, მორიგი ჩხუბი ატყდა. თუმცა, ამჯერად ჩხუბი ყველა სხვა წინა ჩხუბისგან გამოირჩეოდა.
რუბაბა დედას ეჩხუბებოდა, როცა საქმეში ემინი ჩაერია.
რუბაბამ ფეხსაცმელი გაიხადა და ემინს ესროლა.
მათ ერთმანეთის მიმართულებით ნივთების სროლა დაიწყეს.
რუბაბამ სამზარეულოს დანას დაავლო ხელი და ძმას თავს დაესხა.
ემინმა დანა წაართვა და მკერდის არეში ხუთჯერ ჩაარტყა.
ეს ყველაფერი მშობლების თანდასწრებით მოხდა.
ბაქოს სასამართლომ, სადაც მძიმე დანაშაულებების განხილვა ხდება, სისხლის სამართლის კოდექსის 120.2.4 მუხლზე დაყრდნობით, ემინი განსაკუთრებული სისასტიკით დის მკვლელობაში დაადანაშაულა და 2016 წლის 28 ნოემბერს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ემინმა სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა.
მისი ადვოკატის, ვაჰიდ ალიევის მტკიცებით, სასჯელი ძალიან ხანგრძლივი იყო ემინისთვის, რადგან სასამართლოს აზრით, ემინმა საშინელი ემოციური ზეწოლა მოახდინა მშობლებზე, როცა საკუთარი და დედ-მამის წინ მოკლა.
მისი მტკიცებით, ემინმა და პირადი კონფლიქტის გამო მოკლა და მშობლებისთვის ტკივილის მიყენებას საერთოდ არ აპირებდა.
ალიევმა სასამართლოს ემინის განაჩენის შემსუბუქება სთხოვა სისხლის სამართლის კოდექსის 120.1 მუხლის შესაბამისად.
ემილის უმცროსმა დამ ნიგარ ჩობანოვამაც, რომელიც მსხვერპლის ერთადერთი კანონიერი მემკვიდრეა, მიმართა სასამართლოს თხოვნით, მის ძმას სასჯელი შემცირებოდა.
სასამართლო საქმის დოკუმენტაციის კვლევის და სააპელაციო საჩივრის დეტალების განხილვის შემდეგ, კოლეგიალურმა სასამართლომ დაადგინა, რომ მიიღოს აპელაცია და შეცვალოს ბაქოს მძიმე დანაშაულებათა სასამართლოს განჩინება.
სასამართლო აცხადებს, რომ მსხვერპლმა თვითონ წამოიწყო კამათი.
დის მოკვლის შემდეგ, მკვლელმა სასწრაფო დახმარებას გამოუძახა, დაელოდა პოლიციის ოფიცრებს და დანაშაულის ჩადენის ფაქტი აღიარა.
იქვე მან თავისი სურვილით იარაღი შესაბამის უფლებამოსილ უწყებას ჩააბარა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ცოლ-ქმარს ჩობანოვებს ერთმანეთზე ზრუნვის ძალა არ აქვთ და დახმარებას სხვებისგან საჭიროებენ.
სასამართლოზე ასევე აღინიშნა, რომ ემინ ჩობანოვს დანაშაული მანამდე არ ჩაუდენია.
სასამართლოს ფსიქიატრიული ანალიზის შემდეგ, დადგინდა, რომ ემინ ჩობანოვი მენტალური პრობლემების მქონე ადამიანია, თუმცა, საკუთარი საქციელი კარგად ჰქონდა გააზრებული.
სასმართლომ ემინ ჩობანოვს თავისუფლების აღკვეთა 10 წლამდე მიუსაჯა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ფემიციდის ორი ისეთი შემთხვევა, როცა ძმამ მოკლა და, დაფიქსირებულია 2008 წლიდან 2014 წლამდე.
თუმცა, ამასობაში რვა ქალი მოკლეს ოჯახის მამაკაცმა წევრებმა, მაგალითად, ვაჟმა, მამამ, ძმამ, ძმისწულმა, შვილიშვილმა ინგლისში, უელსსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში 2016 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე - წერია Femicide Census-ში.
სოლიდური კვლევა ჩატარდა აზერბაიჯანშიც Gender Port-ისა და Women Association for Rational Development-ის მიერ.
2010-2016 წლებში, 230 ქალი მოკლეს ან თავიანთმა მამებმა, ან ძმებმა, ვაჟებმა ანდა ახლო ნათესავებმა.
ეს რიცხვი ძალიან მაღალი იყო 2014 წელს, როცა 48 ქალი მოკლეს ოჯახის წევრმა მამაკაცებმა ერთ წელიწადში. ასეთი შედეგები ძალიან მნიშვნელოვანია გეოგრაფიული და დემოგრაფიული თვალსაზრისით ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც აზერბაიჯანია.