გულარ აბბასოვა
17:03 -- ტელეფონის ზარს ველოდები. მაშფოთებს იმაზე ფიქრი, რომ ბოლო წუთს შეიძლება გადაიფიქროს ჩემთან ლაპარაკი.
ბოლოს და ბოლოს, ზარის ხმაც ისმის.
- გამარჯობა, მაია, შეგიძლიათ ლაპარაკი?
- სალამი... დიახ, შემიძლია.
- შენ უკვე იცი, რაზეც ვისაუბრებთ და თავს როგორ გრძნობ, კომფორტულად ხარ?
წამით ყოვნდება და მერე მპასუხობს:
- დიახ, ვისაუბროთ.
ძალიან გამიჭირდა, დავკავშირებოდი ქალებს, რომელსაც აბორტის გაკეთებას აძალებდნენ, რადგან ყველა იმ შემთხვევაში გოგონებზე იყო ორსულად. ასეთი ქალი, რომელიც საუბარს მოინდომებდა ამ თემაზე, უბრალოდ ვერ ვიპოვნე.
მერე ძებნა ფეისბუკზე განვაგრძე. იქ უამრავი დახურული ჯგუფია, საკმაოდ აქტიური, სადაც ქალები და ძირითადად დიასახლისები ერთმანეთს ოჯახის პრობლემებზე და ურთიერთობებზე წერენ და ჯგუფის წევრების რჩევებსა და აზრებს ისმენენ.
სწორედ ამ ჯგუფში დავსვი კითხვა - იყო თუ არა მათ შორის ქალი, რომელიც ჩემთვის საინტერესო თემაზე გამესაუბრებოდა.
მიუხედვად იმისა, რომ ეს პრობლემა ბევრ ქალს აწუხებს, მხოლოდ ერთი გამოხმაურა ჩემს პოსტს: „მე მქონდა ასეთი პრობლემა, მაგრამ ადმინ, გთხოვ, რომ წაიკითხავ, ეს კომენტარი წაშალე."
მივწერე ჯგუფის ადმინს და მან მითხრა, რომ ქალი რამდენიმე დღეში შემხვდებოდა, როცა მისი ქმარი სამსახურში იქნებოდა წასული. კომენტარის წაშლა კი ითხოვა იმიტომ, რომ მეუღლე ხშირად მის მესიჯებს ამოწმებს.
ეს ქალი იყო მაია.
25 წლის მაია კულიევა ბაქოში ცხოვრობს. 22 წლისამ იქორწინა და ერთი წლის შემდეგ გოგო გააჩინა. მეორე ორსულობის შეწყვეტა კი დააძალეს, რადგან მეორეც გოგონა იყო.
„როცა პირველი გოგო გავაჩინე, ნათესავები მეუბნებოდნენ: „ახლა ამას არა უშავს, მაგრამ მერე უკვე ბიჭსაც გააჩენ“. ცხრა თვეში მივხვდი, რომ კიდევ ორსულად ვიყავი, ქმარმა მითხრა, რომ ფინანსურად ვერ გასწვდებოდა მეორე ბავშვის რჩენასაც ბიჭიც რომ ყოფილიყო. მე კი წინააღმდეგი ვიყავი აბორტისა და ვეუბნებოდი, რომ აბორტს არ გავიკეთებდი. თუმცა, შემდეგ გადავწყვიტეთ, მაინც ასე გვექნა. ორსულობის მეოთხე კვირაში ვიყავი“, - ამბობს მაია.
მისი მეუღლე, კაზიმ კულიევი, 34 წლის მუსიკოსია. აკორდეონზე უკრავს და საქორწილო ცერემონიალებში მუსიკოსობით თვეში 1000 მანათს (დაახლოებით 590 აშშ დოლარს) გამოიმუშავებს.
ცოლისა და შვილის გარდა, ის ფინანსურად ასევე ეხმარება დედას, მამას, განქორწინებულ დას და მის ვაჟს, რომლებიც იმავე, ნაქირავებ სახლში ცხოვრობენ.
როცა მაიას დედამთილმა გაიგო, რომ მაია ორსულად იყო, ულტრასონოგრაფიულ გამოკვლევაზე წაიყვანა, მაგრამ ნაყოფის სქესი არ გაურკვევიათ. იმავე კვლევაზე მეორედ რომ მივიდნენ, მაია უკვე 12 კვირის ორსული იყო.
ექიმმა თქვა, რომ ნაყოფი მდრედრობითი იყო.
დედამთილმა განმეორებითი კვლევა მოითხოვა.
მაია ჰყვება: „მარტო მინდოდა წასვლა, ვფიქრობდი, თუ კვლავ მდედრობით სქესს მიჩვენებდა, მოვიტყუებოდი და ვიტყოდი, რომ ბიჭია. მაგრამ დედამთილმა ამის საშუალება არ მომცა. ქმარიც წამომყვა და მაშინ უკვე ორივემ გაიგო, რომ გოგონა მეყოლებოდა“.
ამას რომ მიყვებოდა, მაია ისეთი ჩუმი, ისეთი აკანკალებული ხმით ლაპარაკობდა, რომ სიტყვების გარჩევა მიჭირდა. მოულოდნელად გაჩუმდა და მერე თქვა: „მაპატიეთ. კარი უნდა შევამოწმო. მგონი ვიღაც შემოდის ოთახში“.
გავიგე ქალის ხმა, რომელმაც თქვა: „შემოდი და კარი დახურე“.
რამდენიმე წამში მაია დაბრუნდა და ფრთხილად განაგრძო ჩემთან ლაპარაკი: „ჩემს დედამთილთან კამათი მომივიდა. ბრალი დამდო, რატომ ბიჭზე არ ხარ ორსულადო. მაგრამ კამათი მარტო მასთან კი არა, ქმართანაც მომივიდა. დედამისმა ძალა დაატანა, რომ აბორტზე წავეყვანე. გავჯიუტდი და ცოტა ხნით მაინც დავარწმუნე ქმარი, რომ ბავშვი დაგვეტოვებინა. მორწმუნე კაცია და როგორღაც მართლა დამთანხმდა. ამ დროს უკვე ჩამთავრებული მქონდა სამი თვე და პლუს კიდევ თვენახევრის ვიყავი“.
მაიას მშობლები ცხოვრობენ ისმაიილიში, რომელიც დედაქალაქიდან 180 კილომეტრზე მდებარეობს.
მაიას და-ძმა არ ჰყავს, დედამისი დიასახლისია, მამამისი - პენსიონერი.
მაია ამბობს, რომ მშობლებმა თავიდან აბორტზე არაფერი იცოდნენ: „ეს ჩემი პირადი, ოჯახური პრობლემა იყო. არ მინდოდა მშობლები ამით შემეწუხებინა. აბორტის შემდეგ სათქმელიც აღარაფერი იყო. უბრალოდ თქვეს: „მოითმინე, ყველაფერი იქნება კარგად“.
აზერბაიჯანში ძველი შეხედულებების მქონე ადამიანები ხშირად დასცინიან და ამცირებენ კაცს, თუ მას ვაჟი არ ჰყავს.
მაიას შემთხვევაში, დედამთილი და სხვა ნათესავებიც გამუდმებით უმეორებდნენ მის ქმარს: „კაცი ხომ ხარ, ჰოდა, ნამდვილ კაცს ბიჭი უნდა ჰყავდეს, ორი გოგო კი არა“. „ჩემი ქმარიც გამწარდა, - იხსენებს მაია, - დედამისთან ერთად სულ მე მეჩხუბებოდა. ყოველდღე ვჩხუბობდით სახლში. ძალიან აგრესიულად მექცეოდნენ. არ მინდოდა აბორტის გაკეთება. ვტიროდი, მაგრამ ვერაფერს... მოკლედ, ოპერაციაზე ძალით წამიყვანეს“.
მაია ამბობს, რომ ოთხნახევარი თვის ორსული იყო, როცა სამშობიარო სახლ #7-ში წაიყვანეს გარაგარაიევში - ბაქოს ცენტრიდან რვა კმ-ში მდებარე კლინიკაში.
მაიას ეგონა, ექიმები უარს განაცხადებდნენ, ორსულობის ამ ასაკზე გაეკეთებინათ აბორტი, მაგრამ საავადმყოფოში მიიღეს და აბორტიც გაუკეთეს.
აზერბაიჯანის კანონის „საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ (კანონი მიღებულია 1997 წ.) 30-ე მუხლის შესაბამისად (ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა):
„თითოეულ ქალს აქვს უფლება დედობის საკითხი დამოუკიდებლად გადაწყვიტოს. ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა ტარდება ორსულობის 12 კვირის განმავლობაში ქალის სურვილის შესაბამისად. აბორტი დასაშვებია 28 კვირამდე ფსიქოლოგიური ანდა ფიზიკური ზიანის შემთხვევაში; ასევე ზიანის შემთხვევაში, რომელიც ნაყოფს ეხება, ანდა სხვა საფუძველზე, რომელსაც ექიმების საბჭო დაადგენს. პროცედურა უნდა ჩაატარონ კვალიფიციურმა ექიმებმა და მხოლოდ ლიცენზირებულ სახელმწიფო და არასახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუციებში“.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1991 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილების მიხედვით, რომელიც ეხება გარკვეულ გარემოებებს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონის“ სისრულეში მოსაყვანად, ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის წესები აზერბაიჯანის სოციალური გაიდლაინების შესაბამისად ასეა განსაზღვრული:
ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა შეიძლება განხორციელდეს, როცა:
1. ქალს ჰყავს პირველი და მეორე ხარისხის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქმარი.
2. თუ ქმარი ცოლის ორსულობის განმავლობაში გარდაიცვლება.
3. სასამართლოს წარმოდგენილი გარემოებებით, რომლებიც მშობლობის უფლების შეზღუდვას ან ჩამორთმევას ეხება.
4. ქალის ან მისი ქმრის უმუშევრად აღიარების შემთხვევაში განსაზღვრული წესების შესაბამისად.
5. ქალის ანდა მისი ქმრის დაპატიმრების შემთხვევაში.
6. საშვილოსნოს გარე ორსულობის შემთხვევაში.
7. ქორწინების შეწყვეტის შემთხვევაში ორსულობის მიმდინარეობისას.
8. გაუპატიურების შედეგად მიღებული ორსულობისას.
9. ბავშვების სიმრავლის შემთხვევაში (იგულისხმება ხუთი ან მეტი ბავშვი).
10. სახლში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვის ყოფნის შემთხვევაში.
11. ლტოლვილის ანდა იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის ქონის შემთხვევაში
12. უსახლ-კარობის, ნაქირავებ სახლში ცხოვრების შემთხვევაში.
„პალატაში მარტო ვიყავი. არ ვიცოდი, მათ რა უთხრეს ექიმს. მეორე ანესთეზიის შემდეგ, ბავშვი მომაშორეს. შემდეგ მქონდა ძლიერი სისხლდენა, რასაც ჰორმონალური დისბალანსი მოჰყვა. ყოველდღე დავყურებდი ჩემი შვილის ულტრაბგერით კვლევაზე გადაღებულ სურათს და ვტიროდი. ჩემი გოგონა იყო, მაგრამ ვერ დავიცავი, ვერ გადავარჩინე. შევცოდე“.
მაია ჩუმდება.
- მაპატიეთ ერთხელაც და დამელოდეთ, თუ შეიძლება
ამბობს და კვლავაც კარს ამოწმებს და მერე დასძენს:
- მართლა მაპატიეთ რა, ხომ იცით, მარტო არ ვარ.
- ბოდიშს ნუ იხდი, მაია, შეგიძლია გააგრძელო საუბარი?
- დიახ.
მაიას ქმარი სამსახურში იყო. სხვების კონტროლი და ჩემთან ლაპარაკი კი მაინც შეეძლო. ხაზგასმით მითხრა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მისთვის არავის მოუყენებია, მაგრამ ფსიქოლოგიურად მაინც ვერ უძლებდა აგრესიას, რომელიც მის ოჯახში იგრძნობოდა.
„ცალკე რომ ვცხოვრობდეთ და თან მარტო, ვფიქრობ, ჩემი ქმარი ამ აბორტის გაკეთებას არაფრით არ დამაძალებდა. უკვე დარწმუნებული, გადაბირებული მყავდა. მაგრამ ჩემი დედამთილისა და სხვების უაზრო სიტყვებმა და ქცევებმა მერე მაინც მოახდინა გავლენა მასზე. ხომ იცით, ასეთი შეხედულება არსებობს ჩვენთან: თაობების გასამრავლებლად, ყოველ კაცს ერთი ვაჟი მაინც უნდა ჰყავდეს. ამიტომაც დათანხმდა ჩემი ქმარი აბორტს“.
- მაია, მადლობა შენი ისტორია რომ გამიზიარე. თუ კითხვა გამიჩნდა, შეიძლება კიდევ დაგირეკო?
- დიახ, დამირეკეთ, უბრალოდ უთხარით, რომ შეკვეთაზე რეკავთ და მერე მოვახერხებ დალაპარაკებას.
- რამეზე მუშაობთ?
- დიახ, მუსიკალური განათლება მაქვს. ფორტეპიანოს მასწავლებელი ვარ. მაგრამ ახლა ჯერაც დეკრეტში ვიმყოფები და არ ვმუშაობ, ამიტომ სახლში ვაკეთებ სამკაულებს, პატარა ბიზნესივით მაქვს, ჩემთვის ცოტ-ცოტა ფულს გამოვიმუშავებ.
- კარგია, მადლობა კიდევ ერთხელ.
ოჯახის, ქალთა და ბავშვთა საქმეების აზერბაიჯანის სახელმწიფო კომისიის ინიციატივით, აბორტის საკითხზე ონლაინ სოციალური გამოკითხვა 2016 წლის ოქტომბერ-დეკემბერში ჩატარდა. კვლევის მთავარი მიზანი იყო, შეგროვებულიყო სანდო სოციოლოგიური ხასიათის ინფორმაცია ოჯახური ურთიერთობების, რეპროდუქციული ჯანმრთელობის და აბორტების შესახებ.
მონაცემების ანალიზისას გამოიკვეთა, რომ მდედრობითი ნაყოფის შემთხვევაში აბორტს იკეთებენ არა იმიტომ, რომ ორზე მეტი შვილი არ უნდათ. ახალგაზრდა ოჯახებს სურთ, რომ მეორე ბავშვი ბიჭი იყოს, როცა გოგონა უკვე ჰყავთ.
მეორე მნიშვნელოვანი მიზეზია ის, რომ კონტრაცეფციის ხერხს წყვილები ან არასწორდ მიმართავენ, ანდა საერთოდ არ იყენებენ.
ოჯახის, ქალთა და ბავშვთა საქმეების აზერბაიჯანის სახელმწიფო კომისიის მიხედვით, სელექციური სქესის აბორტების შესახებ ოფიციალური სტატისტიკა აზერბაიჯანში არ გროვდება.
აინურ ვეისალოვა, რომელიც კომისიის ინფორმაციისა და ანალიტიკური კვლევის განყოფილების უფრო მრჩეველია, შედეგებს გვიზიარებს:
„ზოგჯერ, სელექციურ აბორტებს ექიმები არ აღრიცხავენ, ზოგჯერ აბორტები სახლის პირობებში კეთდება. საზოგადოდ, ქვეყანაში აბორტების რიცხვი გაზრდილია. 2014 წელს 27.220 აბორტი დაფიქსირდა, 2016 წელს კი ეს რიცხვი 34.569-მდე გაიზარდა“.
2018 წლის იანვარ-თებერვალში, აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროს რაიონული რეგისტრატურის დეპარტამენტებმა 23.331 ახალშობილი გაატარა რეგისტრაციაში.
ახალშობილებს შორის გოგონების პროცეტი 47.3 პროცენტია.
ყოველ 100 ბიჭზე ახლა 112 გოგონა მოდის (ბიომრავალფეროვნება 105-107-ია).
ვეისალოვამ აღნიშნა, რომ სხვადასხვა საგანმანათლებლო კამპანიები ეწყობა კომისიის მიერ სქესთან დაკავშირებული სელექციური აბორტების საკითხის მოსაგვარებლად. მთავრობის სამწლიან პროექტს, რომლის მიზანიცაა სელექციური აბორტების თავიდან არიდება, გოგონა ბავშვების სიკეთის ჩვენება, გენდერული ნიშნით ძალადობასთან ბრძოლა, მხარს უჭერს გაეროს მოსახლეობის ფონდი, ნიდერლანდების სამეფო და ევროკავშირი.
არაერთი ტრეინინგი ჩატარდა მედიისთვისაც, ახალგაზრდა მამებისთვისაც და სხვა მამაკაცებისთვისაც, რათა მათ სხვაგვარად აღექვათ გოგონა შვილის სიკეთე და, ზოგადად, ქალის როლი ოჯახსა და საზოგადოებაში.
ქვემოთ წარმოდგენილ ცხრილებში ნაჩვენებია ცვლილება მამაკაცებისა და ქალების რაოდენობას და ახალდაბადებულ გოგონებსა და ახალდაბადებულ ბიჭებს შორის წლების მიხედვით.