ჩინარა ნურმამადოვა
„მამაჩემმა გვითხრა, თუ სახლიდან წახვალთ, ყველაფერს ცეცხლს მივცემო, მაგრამ მისი სიტყვებისთვის ყურადღება არ მიგვიქცევია, ბიძია მაისის სახლში მაინც წავედით. მხოლოდ 150–200 მეტრი თუ გვქონდა გავლილი, როცა დავინახეთ, რომ დედას ოთახი იწვოდა. უკან დავბრუნდით სირბილით და მამას ვუყვირეთ, ეს რატომ გააკეთეო. მთვრალი იყო და ორივენი დაგვჭრა. მაგრამ ეს არც პირველი იყო, არც უკანასკნელი“... უკანასკნელი ასეთი შემთხვევა ერთი წლის წინ მოხდა, როცა მამამ დედა მოკლა.
ხანძრის ინციდენტი 2016 წლის 8 მარტს, აზერბაიჯანში, აგდაშში მოხდა (დასახლებაში, რომელიც ბაქოდან 204 კმ მანძილზე მდებარეობს).
1974 წელს დაბადებული აკბარ გულიიევი და 1975 წელს დაბადებული ფირუზა გულიიევა 1992 წელს დაქორწინდნენ. მათ ორი შვილი გაუჩნდათ – თალეჰ გულიიევი და აიტაჯ მამადოვა.
23 წლის თალეჰ გულიიევი ამბობს, რომ დედა და მამა მამის ეჭვიანობის გამო ხშირად ჩხუბობდნენ. ამის შესახებ პოლიციამაც იცოდა, მაგრამ აკბარ გულიიევმა პირობა დადო, რომ ალკოჰოლზე აუცილებლად იტყოდა უარს.
ამის შემდეგ მშობლები შერიგდნენ და მამაც, ჯარიმის სახით 67 მანეთის (დაახლოებით 40 დოლარის) გადახდის შემდეგ, გაათავისუფლეს.
თალეჰის თქმით, ხანძრის ინციდენტამდე ერთი თვით ადრე მამამ დედა კვლავ სცემა, მაგრამ დედას ამის შესახებ არც პოლიციისთვის შეუტყობინებია და არც სხვა ნაბიჯი გადაუდგამს.
„მამაჩემი ხშირად სვამდა და როცა სვამდა, სულ დედაჩემს ეჩხუბებოდა. უმუშევარი იყო, დედა კი აგდაშში კანფეტების მაღაზიაში მუშაობდა. სახლიდან გამთენიას, 5 საათზე გადიოდა და 3–4 საათზე ბრუნდებოდა. ერთხელ სამსახურში ერთმა ასაკოვანმა კაცმა წაიყვანა მანქანით, მამამ კი ეს დაინახა. სხვათა შორის, ის ასაკოვანი კაცი ტაქსის მძღოლი იყო, მაგრამ მამა ამტკიცებდა, რომ დედამ იმ კაცთან უღალატა. იმ დღეს, ჩვენს სახლში დიდი ჩხუბი მოხდა“.
თალეჰი ამბობს, რომ მამამ დედას სცემა და დედას საავადმყოფოში დაწვენა გახდა საჭირო. ქალაქ აგდაშის ცენტრალურ საავადმყოფოში მან ოცი დღე დაჰყო, სანამ სახლში გამოწერდნენ.
თთალეჰმა, რომელიც ამ ინციდენტიდან ორ კვირაში დაქორწინდა და მუშად მუშაობდა, დედას შესთავაზა, ჩემს ცოლთან და ჩემთან ერთად ბაქოში წამოდი და სამსახურიც იქ იშოვეო. მაგრამ ბაქოში, განლიგოლის დასახლებაში გადასვლამ მას მაინც არ უშველა. 2017 წლის 5 თებერვალს წავიდა და პატარა კაფეში ჭურჭლის მრეცხავად დაიწყო მუშაობა. ქმარი კი, რომელიც იმ დროს კვლავაც უმუშევარი იყო, ხშირად ურეკავდა ცოლს მისი ძმის ტელეფონით და ფულს სთხოვდა.
თალეჰმა მამასაც ურჩია ბაქოში გადასვლა და იქ სამსახურის პოვნა.
ერთი თვის თავზე კი მოვლენები ასე განვითარდა: „ერთ დღეს მითხრა, შენ სახლში დარჩი და დაისვენე, სახლში დედაშენს მე მივიყვანო. ცოტა ხანში დედას ჩემმა დამ დაურეკა, ტელეფონს კი არავინ უპასუხა. დედაჩემის სამსახურში წავედი და პოლიცია დავინახე. რომ მივუახლოვდი, დედა უკვე გარდაცვლილი იყო - სისხლისგან დაცლილიყო“.
თალეჰი ამტკიცებდა, მამას ამ დანაშაულის ჩასადენად მიზეზი არ ჰქონდაო, მაგრამ სასამართლოში აკბარის მიცემული ჩვენების მიხედვით, მას ცოლმა უღალატა, ღალატი კი ვერ აიტანა და ცოლი მოკლა.
„წინათ ამის დამტკიცებას ვერ ვახერხებდი, მაგრამ ბოლოს ორი პრეზერვატივი და სექსუალური ხასიათის სხვა ნივთები აღმოვუჩინე, რაც მის სქესობრივ კავშირზე მეტყველებდა სხვასთან, – განაცხადა აკბარმა სასამართლოზე, – როცა ვაჩვენე, ჯერ დაიბნა, პასუხი ვერ გამცა, მერე კი მითხრა, რომ ეს ყველაფერი თალეჰის ცოლისა იყო. ვეღარ ავიტანე ჩვენს რძალს რომ მოსცხო ჩირქი“.
თალეჰ გულიევმა კი მამის მტკიცება უარყო:
„მამაჩემმა იცრუა და დედა ტყუილუბრალოდ დასაჯა. დედის მკვლელობას მას არასდროს ვაპატიებ. მამაჩემი მატყუარაა. ის კაზინოში თამაშობს. მინდა, რომ უმკაცრესად დაისაჯოს. ჩემთვის ის მამა აღარაა“.
27 წლის მუშფიგ იბრაჰიმლი შეესწრო ფაქტს, როცა გულიევი ცოლს დანას ურტყამდა. იბრაჰიმლის თქმით, ქალი სახლისკენ მიდიოდა, როცა გულიიევი წამოეწია და სამზარეულოს დანა ათჯერ ჩაარტყა. „დავინახე, როგორ დაესხა თავს დანით შეიარაღებული კაცი ქალს, რომელიც ძირს დაეცა.
კაცი გაიქცა, ქალის დასახმარებლად მე მივედი, მაგრამ როცა შევათვალიერე უფრო დაკვირვებით, სასწრაფოდ სახლისკენ გავეშურე, დედაჩემთვის რომ საშველად დამეძახა. ჩავთვალე, რომ ორნი ერთად უფრო იოლად შევძლებდით მსხვერპლის შველასა და მკვლელის დაჭერას“.
იბრაჰიმლის დედამ სასწრაფო დახმარება და პოლიცია გამოიძახა, მაგრამ უკვე გვიანი იყო.
ქალი მანამ გარდაიცვალა, სანამ სასწრაფო დახმარება მივიდა.
„ამ საშინელებას ტელევიზორში ვუყურე, იქიდან ვიცოდი, რომ ქალს ფირუზა ერქვა. კაცი კი, რომელმაც ის მოკლა, მისი ქმარი აკბარი იყო, რომელმაც საკუთარი ბრალეულობა პოლიციის წინაშე აღიარა. დანაშაულის ნივთმტკიცებად კი დანა წარადგინა“, – ამბობს იბრაჰიმლი.
მსხვერპლის ძმა, მიხაილ მაისოვი ამბობს, რომ მრავალწლიანი ქორწინების შემდეგ, ცოლ-ქმარმა, როგორც იქნა, მიწის ნაკვეთი იყიდა.
ექვსი წლის შემდეგ სახლის შენებას მორჩნენ.
ამბობს, რომ მისი დის ხელფასი ტკბილეულობის მაღაზიაში 220 მანეთს (დაახლოებით, 130 აშშ დოლარს) შეადგენდა, მაგრამ დედასა და მამას შორის კონფლიქტი რომ მოეგვარებინა, ვაჟმა დედას სამსახურისთვის თავი დაანებებინა.
ქალიშვილმა აიტაჯ მამადოვამ დაადასტურა გარდაცვლილის ძმის შეფასებები - ისიც ამბობს, რომ მამა ხშირად სვამდა და სცემდა კიდეც დედას.
მამადოვა 2013 წელს დაქორწინდა და თავის მშობლებთან ერთად მას მერე აღარ ცხოვრობდა.
გულიიევს თავისუფლების აღკვეთა 10 წლით და 6 თვით მიუსაჯეს.
სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდებულმა დანაშაული განზრახ ჩაიდინა და რომ მენტალური პრობლემები არ გააჩნია, მაგრამ რადგანაც აღიარებითი ჩვენება მისცა და დანაც გადასცა, გულიევი სისხლის სამართლის კოდექსის 120–ე მუხლით გაასამართლეს (განზრახ მკვლელობა, სხვა ადამიანის სიცოცხლის განზრახ ხელყოფა).
არადა, სასამართლომ საქმის განხილვა 120.2.4-ე მუხლით დაიწყო (განსაკუთრებული სისასტიკით ან საზოგადოებისათვის სახიფათო მეთოდით ჩადენილი მკვლელობა).
ამ მუხლის მიხედვით, მას 18–დან 20 წლამდე ან სამუდამო პატიმრობა ემუქრებოდა.
სასამართლოს სხდომის შემდეგ, მოსამართლმე ფეიგ განიევმა განაჩენი წაიკითხა.
განაჩენის მიხედვით, ამ კრიმინალურ შემთხვევაში განსაკუთრებით სასტიკი გარემოებები არ იკვეთებოდა.
მოსამართლემ დაადგინა, რომ ბრალდებულს ცოლის მკვლელობა მხოლოდ პატივისა და სახელისთვის სურდა, ამიტომაც ჩადენილ დანაშაულს პროკურატურამ 120.1 მიუსადაგა (განსაკუთრებული სისასტიკით ან საზოგადოებისათვის სახიფათო მეთოდით ჩადენილი მკვლელობა).
ეს მუხლი 9–დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა სისხლის სამართლის კოდექსის 59.1.–ე და მე-60–ე მუხლების მიხედვით, მკვლელი, რომელიც ბრალს აღიარებს და ბარდება, არ შეიძლება დაისაჯოს სასჯელით, რომელიც სამი-მეოთხედით აღემატება უფრო მკაცრი სასჯელის ზღვარს, როგორც მითითებულია კიდეც ამავე კოდექსის შესაბამის მუხლში.
აკბარ გულიევი მკვლელობის ჩადენიდან ცოტა ხანში პოლიციაში გამოცხადდა და დანაშაული აღიარა.
მან თან მიიტანა დანაშაულში გამოყენებული დანა და პოლიციას გადასცა.
აქედან გამომდინარე, ის არ შეიძლება ციხეში ჩასვან 14 წლის სამ-მეოთხედზე მეტი ხნით, რაც 10 წელიწადსა და 6 თვეს უდრის. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარე ჩადენილ დანაშაულზე 18 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა, განაჩენი არ გაუპროტესტებია.