ფემიციდი

შეხვედრა, რომელიც ქალის სიკვდილით დასრულდა

ავტორი: მარიამ უგრეხელიძე

2014 წლის 14 მაისს, თბილისში, ვარკეთილში 27 წლის სოფო ზურებიანი 7 ტყვიით მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. სოფოსა და მისი ყოფილი ქმრის, ალექსანდრე ცოცხალაშვილის ჩხუბს გაჩერებაზე სოფოს ძმა, თემზა ზურებიანი შეესწრო. სწორედ თემზა დაჭრა პირველად ალექსანდრე ცოცხალაშვილმა 4 ტყვიით, შემდეგ კი გაქცეულ სოფოს დაეწია და 7 ტყვია წაქცეულ ქალს ესროლა. სოფო სასწრაფოს მოსვლამდე ადგილზე გარდაიცვალა.

სოფო ზურებიანი

 სოფო ზურებიანი ქმართან განქორწინების შემდეგ, თავის შვილთან, 5 წლის ანდრიასთან ერთად, მშობლებთან გადავიდა საცხოვრებლად. „მამამისს არ მოსწონდა სოფოს უკან დაბრუნდება, ცდილობდა ცოლ-ქმარი შეერიგებინა. ეუბნებოდა უკეთესი გახდება, თუ დაუბრუნდებიო, მაგრამ სოფო უარზე იყო“, ამბობს ციალა ზურებიანი, საზოგადებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის, ვიკა ბუკიას ტელებლოგში „ურჩი ქალები“. ციალა ზურებიანის თქმით, მისი მეუღლე სოფოს განქორწინების წინააღმდეგი ტრადიციების გამო იყო და სურდა ქართული ტრადიციისამებრ მის შვილს ოჯახი არ დაენგრია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ფემიციდის ოთხ ტიპს აღწერს: ქალის ინტიმური პარტნიორის მიერ მოკვლა, ღირსების სახელით მოკვლა, მზითვთან დაკავშირებული მკვლელობა და ქალის არაინტიმური პარტნიორის მიერ მოკვლა. ფემიციდი,რომელიც ჩადენილია ქმრის ან მეგობარი მამაკაცის მიერ განმარტებულია, როგორც ინტიმური პარტნიორის მიერ ჩადენილი მკვლელობა.

ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი ამბობს, რომ პრობლემა საზოგადოებაშია: „ცოტა ხნის წინ გავრცელდა საუდის არაბეთის რელიგიური ლიდერის ასეთი განცხადება, თუ ქმარს მოშივდა, მას შეუძლია შეჭამოს თავისი მეულე....რასაკვირველია ჩვენს კულტურაში ქალი არ არის ამდენად დეჰუმანიზებული, მაგრამ მისი დისკრიმინაცია ნორმალიზებულია. თუ გავიხსენებთ ვოქსპოპ გამოკითხვებს რაც მოყვა გასული წლის შემოდგომაზე მომხდარ ქალების მკვლელობებს, იქ ხშირად გავიგონებთ ფრაზას, თანაც საზოგადოების ყველა დონიდან წარმოთქმულს - რომ თუ ქმარმა მოკლა ცოლი, ცოლმა ამის მიზეზი მას მისცა.... ეს უაღრესად დესტრუქციული, ძალადობის წამახალისებელი დამოკიდებულებაა.“

სოფოს დედა ამბობს, რომ ყოფილი ქმარი სოფოს მკვლელობის დღეს პირველად არ შეხვედრია, ისინი რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს. ციალა ზურებიანის თქმით, ცოცხალაშვილი ყოფილ ცოლს მოკვლით ემუქრებოდა: „ერთხელ თბილისის ზღვაზე აიყვანა სოფო და ეუბნებოდა თუ არ დამიბრუნდები აქ დაგახრჩობო“, ამბობს ციალა ზურებიანი.

სოფოს ძმამ, თემზა საუბარისგან თავს იკავებს. მან კომენტარი მხოლოდ ყოფილ სიძეზე გააკეთა და თქვა, რომ ის საკადრისად დაისჯება.

სოფო ზურებიანის მკვლელობა, საქმე # 004150514001 ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი მკვლელობა იყო. მას შემდეგ საქართველოში არაერთი ქალი მოკლეს ქმრებმა, საყვარლებმა, ყოფილმა ქმრებმა. მკვლელობის მოტივად უმეტესად ეჭვიანობდა სახელდებოდა.

ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არსებობს ფემიციდის ოფიციალური სტატისტიკა. „შემაშფოთებელია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მასშტაბები. განსაკუთრებულ პრობლემას ფემიციდი წარმოადგენს,რასაც კიდევ უფრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ რამდენიმე შემთხვევაში მსხვერპლს რეაგირების თხოვნით ინციდენტამდე ჰქონდა მიმართული სამართალდამცავი ორგანოებისადმი“, ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.

მსოფლოს ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის ინფორმაციით, მსოფლიოში მოკლული ქალების 35%-ზე მეტი სექსუალური პარტნიორის მიერაა მოკლული.